29
Nov
2019

როგორ ვესაუბროთ კატეგორიული მოსაზრების მქონე ადამიანს?

29 Nov 2019

ოჯახურ სადილზე, ხშირად ხვდებიან სრულიად საპირისპირო მოსაზრების ადამიანები. რა უნდა ვქნათ, როდესაც რომელიმე მათგანი რაღაც თემაზე კარდინალურად საპირისპირო მოსაზრებებს აფრქვევს? როგორ ვესაუბროთ ადამიანს, რომლის შეხედულებებსაც ვერ ეგუებით?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ალბათ, ყველა სუფრასთან შეხვდებით ერთ ადამიანს მაინც, რომელსაც ძალიან უყვარს პოლიტიკაზე საუბარი, არადა, თქვენ მისგან მხოლოდ სოუსის გადმოწოდება გჭირდებათ. მაგრამ, არა! მათ აქვთ დაუძლეველი წყურვილი, გამოთქვან საკუთარი ექსპერტული მოსაზრება, სრულიად არასანდო წყაროზე დაყრდნობით. მოსწონთ, როცა თქვენს სფეროზე უფრო მეტი ცოდნის გამოვლენას ცდილობენ, ვიდრე თქვენ შეიძლება იცოდეთ, თქვენი სადოქტორო ხარისხითა და წლების გამოცდილებით. ან ისე როგორ ხდება, რომ ასეთი ადამიანები ოთახში ყველაზე ხმამაღლა საუბრობენ? როგორ გვინდა ხოლმე, ავუკრძალოთ ჩვენი მოთმინებით ბოროტად სარგებლობა… თან ისიც მშვენივრად ვიცით, რომ დაპირისპირება მხოლოდ გაზრდის ჩვენს თავისტკივილს – პოლიტიკური ფონი შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, ჩვენ კი არ გვინდა, იგივე დაემართოს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას და მერე რა, რომ ვერ ვიტანთ აზროვნების მათეულ სტილს?

მაშინაც კი, თუკი ასეთ ქცევასა და მოსაზრებებს ვერ იტანთ, მნიშვნელოვანია, იფიქროთ საერთო ენის გამონახვაზე. ასეთ დროს, ამინდზე საუბარსაც არაუშავს, ან საყვარელ ხილზე, მუსიკაზე… ასეთი თემები ზედაპირულია, მაგრამ საუბრის დაწყების საშუალებას იძლევა. კარგი, დავუშვათ, არც ამან გაჭრა – საუბარი ამინდზე, ტელეშოუებზე, სპორტზე, შვილებზე, ყოველ ჯერზე პოლიტიკით შეცვალა. რა მოვიმოქმედოთ, სანამ მართლა გავგიჟდებით?

იხელმძღვანელეთ ღირებულებებით

ეს ნიშნავს იმას, რომ საუბრის მიმართულების შეცვლა ყოველგვარი კამათის გარეშე მოახერხოთ. დაპირისპირების ნაცვლად, უბრალოდ, თქვით, როგორ ექცევიან ბავშვებს საზღვარზე, დასვით კითხვა, როგორ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ვექცეოდეთ ერთმანეთს და ფრთხილად განავითარეთ თემა. შესაძლოა, გსურდეთ, თავიდანვე მიახალოთ თქვენი არგუმენტები ოპონენტს, მაგრამ ეს ნაკლებად გამოგადგებათ. ჩვენ მიდრეკილნი ვართ, გადაწყვეტილებები მივიღოთ არა ფაქტებზე, არამედ ამბებზე დაყრდნობით. სწორედ ამიტომ, ფაქტების მოყოლას, სჯობს, შთამაგონებლად უამბოთ რამე.

უსმინეთ, როგორც პროფესიონალმა

მოსმენას დიდი ძალა აქვს. აგრძნობინეთ თანამოსაუბრეს, რომ მას უსმენთ და მისი გესმით. ექსპერტები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ეს ხერხი. ადამიანები გრძნობენ მსმენელებს და უჩნდებათ განცდა, რომ მათ აღიარებენ. თანდათან, უკანა პლანზე გადადის თავდასხმები, რეაქციები და თქვენი სიხშირეები ნელ-ნელა ერთმანეთს უახლოვდება.

დაუსვით კარგი კითხვები

შეგიძლიათ, თავი ჟურნალისტად წარმოიდგინოთ. დაუსვით გონივრული კითხვები და ეცადეთ, ნამდვილად გაიგოთ, რის საფუძველზე აზროვნებს ადამიანი ამგვარად. იმედი იქონიეთ, რომ შეძლებთ ამ რთულ სიტუაციაში გარკვევას. ჟურნალისტის პოზიციიდან დანახვა კი დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ, კამათის მოგების დაუძლეველი სურვილისგან.

გახსოვდეთ, რომ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს

შესაძლოა, ძალიან სიღრმისეულადაც გრძნობდეთ პოლიტიკას. ეს ნიშნავს, რომ ზრუნავთ გარშემო სამყაროზე და სინდისი გთხოვთ, ეს მნიშვნელოვანი ღირებულებები არ დაგავიწყდეთ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ბიძია ანზორთან კამათი მას აზრს ნაკლებად თუ შეაცვლევინებს აზრს.

თუკი გსურთ, პოლიტიკურ აქტივიზმში იყოთ ჩაბმული, ვინ გიშლით? მაგრამ თქვენი ბიძაშვილის სასადილო ოთახი სხვადასხვა თაობის ტვინების ომს ნამდვილად არ იმსახურებს. და ამას გირჩევთ იმის მიუხედავად, რამდენად მართალი ბრძანდებით.

ასე რომ, ეს ენერგია უკეთესი საქმისთვის გამოიყენეთ: ჩაერთეთ სამოქალაქო აქტივიზმში, გააპროტესტეთ ან შეაგროვეთ თანხა სასარგებლო ცვლილებებისთვის. გრძელი საუბრები მოსმენას მოითხოვს. მაგრამ მოსმენა არ ნიშნავს იმას, რომ ეთანხმებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ოჯახურ სადილზე კამათსა და სიტყვიერ დაპირისპირებას, სჯობს, თავი აარიდოთ. მეტიც, ეს საუბარი შესაძლოა, შესაძლებლობა იყოს, გაიაზროთ, როგორ აზროვნებს “მოწინააღმდეგე” მხარე და უკეთ გაიგოთ მათთან გამკლავების გზები.

და თუკი მაინც არაფერმა გაჭრა, დაიწყეთ საუბარი წარმატებაზე…

 

წყარო: medium



განხილვა