in

Talkpal – ქართული AI სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე სწრაფ ზრდას აგრძელებს!

ენის შემსწავლელი AI-პლატფორმა Talkpal რამდენიმე თვის წინ გაგაცანით. მას შემდეგ ქართულმა სტარტაპმა შთამბეჭდავი ზრდა განიცადა – მაშინ Talkpal-ს რამდენიმე ასეული ათასი მომხმარებელი ჰყავდა, დღეს კი ეს რიცხვი უკვე 3 მილიონს აჭარბებს. ყოველთვიურად, პლატფორმას 400,000 ახალი მომხმარებელი უერთდება.

გაორმაგება ყოველ 6 თვეში – ეს ზრდის ის ტემპია, რომელსაც მხოლოდ ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპები აღწევენ. Talkpal-ი მომხმარებელს 60-მდე ენის შესწავლას სთავაზობს, სადაც მომხმარებელს პერსონალიზებული AI მასწავლებელი ეხმარება. ინდივიდუალური მომხმარებლების მოზიდვის გარდა, ისინი უკვე ბიზნეს და საგანმანათლებლო სექტორის დაინტერესებაზე მუშაობენ, რაც მათი ბაზრის მნიშვნელოვან გაფართოებას ნიშნავს. Talkpal-ის გრძელვადიანი მიზანი ნათელია – გახდეს მსოფლიოში წამყვანი კომპანია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ენის სწავლების სფეროში. სტარტაპის სწრაფ განვითარებაზე სასაუბროდ, Talkpal-ის დამფუძნებლებს, დიმიტრი დეკანოზიშვილსა და დავით გეგეჭკორს მივმართეთ.

M: სამ მილიონზე მეტი მომხმარებელი და ყოველთვიურად 400,000 ახალი მომხმარებელი. რა სტრატეგიებმა განაპირობა ასეთი სწრაფი ზრდა?

დიმიტრი: ამ შედეგის მიღწევაში გადამწყვეტი როლი სტრატეგიულმა ხედვამ შეასრულა. უპირველეს ყოვლისა, ვფოკუსირდით პერფორმანს-მარკეტინგულ არხებზე, მათ შორის Google Ads, Apple Ads და SEO-ზე. პლატფორმების სწორად შერჩევამ და ეფექტურმა მასშტაბირებამ მომხმარებელთა ნაკადის მკვეთრი ზრდა განაპირობა.

პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ლოკალიზაციას. კონტენტი და მარკეტინგული არხები იმგვარად დავგეგმეთ, რომ სხვადასხვა გეოგრაფიულ ბაზარზე ადაპტაცია მოქნილად შეგვძლებოდა. პროდუქტის კონცეფცია თავიდანვე გლობალურ ხედვაზე დავაფუძნეთ, რამაც მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი ზრდა უზრუნველყო.

წარმატების კიდევ ერთი გასაღებია პროდუქტის მუდმივი განვითარება, რეგულარული A/B ტესტირებები და სწრაფი იტერაციები. ამ მიდგომამ საშუალება მოგვცა,  მომხმარებელთა საჭიროებები მოკლე დროში გაგვეანალიზებინა და ბაზრის ცვალებად მოთხოვნებზე მორგებული ფუნქციები დაგვენერგა.

M: დღესდღეობით, რა განასხვავებს Talkpal-ს კონკურენტებისგან?

დავითი: Talkpal-ის უნიკალურობას AI მიდგომა განაპირობებს. ჩვენ ვიყენებთ ტექსტისა და ხმის უახლეს AI მოდელებს, ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის სისტემების ეფექტურ ინტეგრაციაზე, რაც მომხმარებლისთვის გამორჩეულ გამოცდილებას ქმნის.

ჩვენი პლატფორმა 60-მდე ენის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა პერსონალური AI მასწავლებლის მეშვეობით. განსაკუთრებით გამორჩეულია სწავლების მრავალფეროვანი რეჟიმები, რომლებიც რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებზეა დაფუძნებული.

M: როგორ ახერხებთ წარმატებულ ოპერირებას ერთდროულად ოთხ განსხვავებულ რეგიონში და რა კულტურული ადაპტაციები დაგჭირდათ თითოეულ ბაზარზე?

დიმიტრი: საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მთავარი გასაღები სიღრმისეული ლოკალიზაციაა. ეს მოიცავს არა მხოლოდ მრავალენოვან ინტერფეისს, არამედ ადგილობრივი ვალუტების ინტეგრაციას, ქვეყანაში პოპულარული გადახდის მეთოდების დანერგვასა და რეგიონისთვის ოპტიმალური ფასწარმოქმნის სისტემის შემუშავებას როგორც აპლიკაციაში, ასევე ვებ-პლატფორმაზე.

განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით რეკლამებისა და ონბორდინგ პროცესების მორგებას ლოკალურ კულტურულ კონტექსტზე. პროდუქტის ფუნქციონალიც კი ხშირად განსხვავდება რეგიონების მიხედვით.

ჩვენი ვებგვერდი ყოველთვიურად მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს, ხოლო რეკლამებს ას მილიონზე მეტი ადამიანი ხედავს. ამ მასშტაბის სამართავად დავნერგეთ მაღალი დონის ავტომატიზაცია და ეფექტური პროცესები, რომელშიც AI ტექნოლოგიებს წამყვანი როლი აკისრია.

M: რამ შეუწყო ხელი თქვენს საერთაშორისო წარმატებას? Talkpal-ის სხვადასხვა სასწავლო რეჟიმებიდან რომელი აღმოჩნდა ყველაზე პოპულარული სხვადასხვა ბაზარზე?

დავითი: ჩვენი აპლიკაცია მომხმარებელს მისი ენის ცოდნის დონიდან და მიზნებიდან გამომდინარე სთავაზობს სხვადასხვა სწავლის რეჟიმს. დამწყებ მომხარებლებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი რეჟიმები, რომლებიც საბაზისო ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა, მაგალითად დიალოგის ან წინადადებების რეჟიმი.

თავის მხრივ, იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც ლაპარაკის გაუმჯობესება სურთ, ყველაზე ეფექტურია ზარისა და ჩატის რეჟიმები, სადაც შესაძლებელია ხელოვნურ ინტელექტთან თავისუფლად საუბარი და/ან საკუთარი გამოთქმის ანალიზი. ხოლო მომხმარებლებისთვის, რომელთაც მაღალი ენობრივი ცოდნა აქვთ, განკუთვნილია ისეთი რეჟიმები, სადაც მათ აქვთ საშუალება რეალურ ცხოვრებაში არსებული სცენარების იმიტაციაში მიიღონ მონაწილეობა. მათ შეუძლიათ ენობრივი ცოდნა გააუმჯობესონ დიალოგებითა და დისკუსიებით და მიიღონ სწრაფი უკუკავშირი. ამ კუთხით, აღსანიშნავია ისეთი რეჟიმები, როგორიცაა როლური თამაშები (Roleplays) და დებატები (Debates).

M: რა არის ის მთავარი საერთაშორისო გამოწვევები, რომლებსაც ითვალისწინებთ სწრაფი ზრდის პროცესში?

დიმიტრი: ადამიანური რესურსის სწორად შერჩევა. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ძალიან სწრაფად იზრდება და ყოველ 6 თვეში ერთხელ ორმაგდება, აუცილებელია ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც კომპანიას საერთაშორისო დონეზე დაეხმარება მასშტაბირებაში.

ასევე, სხვადასხვა კულტურების ღრმა ცოდნა, მათი თავისებურებების გათვალისწინება და ასე მიღებული გამოცდილების ჩვენს პროდუქციასა და მარკეტინგულ კომუნიკაციაში ინტეგრირება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპანიის ზრდა ინტენსიურად მიმდინარეობს და ყოველდღიურად ათასობით ახალი მომხმარებელი გვიერთდება.

ინტერნაციონალურ კომპანიებთან თანამშრომლობა და საერთაშორისო აღიარებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე პარტნიორების სწორად შერჩევა ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე, მუდმივად ვეძებთ ჭკვიან და მოტივირებულ პროფესიონალებს ჩვენი გუნდისთვის სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა მარკეტინგი, დეველოპმენტი, გაყიდვები, კონტენტი, SEO და დიზაინი.

M: რატომ გადაწყვიტეთ ინდივიდუალური მომხმარებლების გარდა ბიზნეს სეგმენტზეც ორიენტირება და რა ტიპის ფუნქციონალს / შეთავაზებას განავითარებთ ამ მიმართულებით?

დავითი: ინდივიდუალური ენის შემსწავლელების მიღმა, სერიოზული მოთხოვნა შევნიშნეთ ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორში. უკვე არაერთი ორგანიზაცია გვიკავშირდება სურვილით, რომ გამოიყენონ ჩვენი პროდუქტი მათი თანამშრომლებისთვის და სტუდენტებისთვის.

ამ ყველაფერმა გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ორგანიზაციებს საშუალებას მისცემდა არა მხოლოდ საკუთარ სტუდენტებისთვის მიეცა წვდომა ჩვენს პროდუქტზე, არამედ მათ პროგრესზე მიეღოთ ხელოვნური ინტელექტით გაანალიზებული დეტალური უკუკავშირი.

M: როგორ ხედავთ Talkpal AI-ის მომავალს და როგორია სტარტაპის განვითარების გრძელვადიანი ხედვა?

დავითი: ენის შესწავლის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი სფეროა ციფრულ სამყაროში რაოდენობრივი თვალსაზრისით. ამ სფეროს განვითარება ხელოვნურმა ინტელექტმა კიდევ უფრო დააჩქარა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მილიონობით მომხმარებელი გვყავს, ზრდის პოტენციალი საკმაოდ დიდია. ჩვენი მიზანია, გავხდეთ მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ენის სწავლების სფეროში.

[R]

KFC-მ Drive-Thru ვირტუალურ სარბოლო ტრასად გადააქცია

Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში