in

ქართული AI სტარტაპი Talkpal: „პირველივე წელს ერთ მილიონზე მეტი მომხმარებლის დაინტერესება შევძელით გარე ინვესტიციის გარეშე“

Startauperi
Startauperi

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიმიტრი დეკანოზიშვილმა და დავით გეგეჭკორმა აშშ-ში Talkpal დააფუძნეს და გუნდი სრულად ქართული ტალანტებით დააკომპლექტეს. ქართული სტარტაპის დახმარებით, 57 ენის შესწავლა შეგიძლიათ. Talkpal-ით უკვე სარგებლობენ მომხმარებლები ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. პლატფორმამ პირველივე წელს შეძლო სამიზნე აუდიტორიის მოზიდვა და მილიონზე მეტი მომხმარებელი დააინტერესა.

Talkpal დაფუძნებულია AI ტექნოლოგიაზე და ერთი და იმავე ენის სხვადასხვა მიდგომით ათვისებაში გეხმარებათ. ხელმისაწვდომია როგორც ვებგვერდი, ასევე აპლიკაცია – Android-ისა და iOS-ისთვის. Talkpal-ის AI-მასწავლებელი სასურველი ენის შესწავლისას გრამატიკულ შეცდომებსაც გაგისწორებთ, გამოთქმასაც და ჰიპერრეალისტური ხმის დახმარებით იმასაც დაგავიწყებთ, რომ ხელოვნური ინტელექტია და არა ცოცხალი ადამიანი. ამ ეტაპზე, სტარტაპი მხოლოდ შიდა რესურსების საშუალებით ვითარდება, გარე ინვესტიციების გარეშე. როგორ ჩამოყალიბდა Talkpal და უმოკლეს დროში როგორ იქცა კონკურენტუნარიან პლატფორმად გლობალურ ბაზარზე, დიმიტრი დეკანოზიშვილმა და დავით გეგეჭკორმა გვიამბეს.

M: გლობალურ ბაზარზე უკვე არსებობს ენის შემსწავლელი აპლიკაციები. რით იყო თქვენთვის საინტერესო ენის შესწავლით დაინტერესებული სეგმენტი, რამაც Talkpal-ის შექმნა გადაგაწყვეტინათ?

ენების შესწავლის ინდუსტრია წარმოადგენს ათობით მილიარდიან ბაზარს მსოფლიოში. დღესდღეობით, არსებული ტრადიციული მეთოდები, როგორებიცაა კერძო სკოლები ან პირადი მასწავლებლები, მომხმარებლებისგან საკმაოდ დიდ ფინანსურ და დროით რესურსს მოითხოვს.

ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ, კონკრეტულად კი – დიდი ენის მოდელების (LLMs) ბაზარზე გამოჩენამ, ტრადიციული ინდივიდუალური სწავლების მეთოდები ციფრული სწავლების მეთოდებთან გააერთიანა. მეტიც, მომხმარებელზე მორგებული პერსონალიზაციითა და ულტრარეალისტური ხმით (text-to-speech & speech-to-text) ხელოვნურ ინტელექტს გაცილებით უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია, მოირგოს პირადი მასწავლებლის როლი.

LLM-ების გაძლიერებამდე ბაზარზე არსებული ენის შესწავლის აპლიკაციები მხოლოდ საბაზისო ცოდნის გაზიარებაზე კონცენტრირდებოდნენ. საწყისი დონის დაუფლების შემდეგ კი აღნიშნული აპლიკაციები მომხმარებლებს ენების საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

გარდა ამისა, დამატებითი ტექნოლოგიების მიღმა, საგრძნობლად გაუმჯობესდა AI-ის მიერ დაგენერირებული ხმის ხარისხიც, რამაც საშუალება მოგვცა, მომხმარებლებისთვის დაბალ ფასად შეგვეთავაზებინა AI ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტი, რომელიც ახლოსაა ტრადიციული მეთოდებთან.

ეს ყველაფერი კი გვეხმარება, ავიყვანოთ უცხო ენების ონლაინ სწავლება ახალ დონეზე და შევთავაზოთ მომხმარებლებს აქამდე არარსებული, ენების პერსონალიზირებული შესწავლის ინოვაციური პროდუქტი.

M: როგორია Talkpal-ის ფუნქციონალი, რითაც ის კონკურენტუნარიანია ბაზარზე?

Talkpal-ი თავის მომხმარებლებს 57-ზე მეტი ენის შესწავლას პერსონალური AI მასწავლებლის დახმარებით სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას გააჩნია სწავლების მრავალფეროვანი მოუდი, რომელიც დაფუძნებულია რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებზე.

ამას გარდა, ჩვენს Premium მომხმარებლებს ვთავაზობთ: ულტრარეალისტურ ხმას, გაძლიერებულ AI-ს, გრამატიკული შეცდომების, აქცენტისა და გამოთქმის გასწორების ფუნქციონალს და სხვა უამრავ დამატებით შესაძლებლობას.

M: ენის შესწავლისას რა კომპონენტებს ეუფლება მომხმარებელი?

Talkpal-ში გვჯერა, რომ უცხო ენის შესწავლა იმდენად ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომ მხოლოდ ერთი მეთოდით ენის დაუფლება თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით შევქმენით სხვადასხვა სასწავლო მოუდი, რომელთა დახმარებით მომხმარებელს შეუძლია, გაიუმჯობესოს ლაპარაკის, მოსმენის, წერისა და კითხვის უნარები.

AI მასწავლებელთან საუბრის გარდა, დამატებითი უპირატესობის სახით, Talkpal-ი თავის მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ რეჟიმებს, როგორებიცაა:

(1) Character Mode – სადაც შეგიძლია, ესაუბრო ასზე მეტ ისეთ ისტორიულ თუ გამოგონილ ცნობილ პერსონაჟს, როგორებიცაა: სოკრატე, ჩარლზ დარვინი, დრაკულა, თორი და ა.შ.

(2) Roleplays & Debate Mode – სადაც სხვადასხვა რეალისტური, ცხოვრებისეული სიტუაციის იმიტირებით აუმჯობესებ სასწავლო უცხო ენაზე მსჯელობის უნარებს;

(3) Sentence Mode & Call Mode – სადაც შენი გამოთქმის გაუმჯობესება AI მასწავლებლისგან მიღებული ფიდბექით შეგიძლია.

M: კომპანია აშშ-შია რეგისტრირებული. რა უპირატესობას ქმნის ეს თქვენთვის და ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტად?

კომპანიის აშშ-ში დარეგისტრირება საშუალებას გვაძლევს, მარტივად გავიდეთ გლობალურ ბაზარზე და გამოვიყენოთ პროდუქტი, როგორიცაა Stripe. ასევე შეგვიძლია, მონაწილეობა მივიღოთ ისეთ სტარტაპ პროგრამებში, როგორებიცაა Microsoft for Startups და NVIDIA Inception Program ან მოვიპოვოთ Open AI-ს გრანტი.

რაც შეეხება სამიზნე აუდიტორიას, პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, კონცენტრირებული ვართ მილენიალებსა და Gen Z-ზე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით.

M: როგორც ვიცით, სტარტაპი ქართული ტალანტებით არის დაკომპლექტებული. გვესაუბრეთ, რა გამოცდილება დგას Talkpal-ის მიღმა?

Talkpal-ის მულტიდისციპლინალური გუნდი შედგება 15 წევრისგან, მრავალფეროვანი გამოცდილებით, როგორც დეველოპმენტსა და დიზაინში, ასევე პროდუქტსა და მარკეტინგში. 

ის ფაქტი, რომ Talkpal-ის გუნდმა უმოკლეს დროში შექმნა მაღალი დონის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი აპლიკაცია, რომელმაც შეძლო AI ენის სწავლების ნიშაში ერთ-ერთი წამყვანი როლის დაკავება, ძალიან გვეამაყება.

ორივე თანამდამფუძნებელი გერმანიაში ვცხოვრობთ, თუმცა წარმოშობით ორივე ქართველი ვართ. შესაბამისად, თავიდანვე გადავწყვიტეთ, ევროპულ-ამერიკულ ბაზრებზე შეძენილი ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება ქართულ გუნდთან ერთად გამოგვეყენებინა და შეგვექმნა პროდუქტი მილიონობით მომხმარებლისთვის.

M: Talkpal უკვე ერთი წლისაა. როგორია სტარტაპის შედეგები, ამ დროისათვის?

პირველივე წელს ერთ მილიონზე მეტი მომხმარებლის დაინტერესება შევძელით გარე ინვესტიციის მოზიდვის გარეშე. ცოტა ხნის წინ კი, გავუშვით iPhone-ის, Android-ის და Web-ის სრულიად განახლებული აპლიკაციები, რომლებიც გამოირჩევა გაუმჯობესებული ხელოვნური ინტელექტით, დიზაინითა და გაცილებით მეტი ინოვაციური ფუნქციონალით.

M: როგორია სტარტაპის საინვესტიციო პოტენციალი და თუ არის სიახლე ამ კუთხით?

იქიდან გამომდინარე, რომ Talkpal-ი ძალიან სწრაფად იზრდება, ამ ეტაპზე დამატებითი კაპიტალის მოძიებას არ ვგეგმავთ, თუმცა არ გამოვრიცხავთ ინვესტორებთან სამომავლო თანამშრომლობას.

M: წლების განმავლობაში, Smava-ს გუნდის წევრი იყავი. როგორ გეგმავ საქმიანობის გაგრძელებას, სტარტაპის სწრაფი ტემპებით განვითარების პირობებში?

ჩემთვის Smava-ში ყოფნის 6 წელი ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებასთან ასოცირდება. მთელი ამ დროის განმავლობაში ვისწავლე, როგორ შეიძლება უმოკლეს ვადაში შექმნა და გააუმჯობესო ციფრული პროდუქტები ევროპულ ბაზარზე. გარდა ამისა, სწორედ Smava-ში შევქმენი და გავზარდე იპოთეკური სესხების ახალი ბიზნეს მიმართულება, რამაც კიდევ უფრო მეტი რამ მასწავლა ჰიპერ-ზრდის შესახებ.

Talkpal ახალ გამოწვევებს მოითხოვს და ვგეგმავ, რომ სრულად Talkpal-ის განვითარებაზე ვფოკუსირდე დავითთან ერთად.

M: როგორ გეგმავთ Talkpal-ის გლობალურ ბაზარზე ექსპანსიის გაგრძელებას? მთლიანობაში, გეგმებიც რომ გაგვიზიარო…

ჩვენი პროდუქტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ხელმისაწვდომი, თუმცა შემოსავლის უმეტესობას ევროპის და ჩრდილო ამერიკის ბაზრებიდან ვიღებთ. ასევე, საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს სამხრეთ ამერიკაში, რაც ჩვენთვის ზრდის დიდ პოტენციალს წარმოადგენს.

ვგეგმავთ, გავაგრძელოთ ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ბაზრებზე ფოკუსირება, რადგან Talkpal-ის განვითარების ყველაზე დიდ პერსპექტივას სწორედ ამ ქვეყნებში ვხედავთ.

Talkpal-ში გვჯერა, რომ უცხო ენების სწავლა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, ამიტომ ჩვენს მომხმარებლებს 14-დღიანი საცდელი ვერსიის გარდა, უფასო საბაზისო პაკეტს ვთავაზობთ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ზაქარიას პატარა მანქანა დიდი საქმეებისთვის – მხარდასაჭერ კამპანიას „თეგეტა ჰოლდინგი“ შეუერთდა

„ლიბერთი ბანკი“ პირველ საჯარო ობლიგაციას განათავსებს