Talkpal ქართული სტარტაპია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე, 180-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეს პლატფორმა 10 მილიონზე მეტ ადამიანს ეხმარება 130-ზე მეტი ენის ათვისებაში როგორც ვებგვერდის, ისე მობილური აპლიკაციის დახმარებით, რაც დღევანდელ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ გარემოში საკმაოდ დიდი წარმატებაა.
ამ წარმატების უკან, რა თქმა უნდა, გუნდი დგას – ადამიანები, რომლებიც ქმნიან, ტექნიკურად უზრუნველყოფენ და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო დახვეწილს ხდიან პლატფორმას. ერთ-ერთი მათგანია მიხეილ ანდღულაძე, Senior DevOps Engineer/გუნდის ლიდი, რომელიც სტარტაპს 2023 წლიდან შეუერთდა და დღეისათვის გუნდის სხვა წევრებთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს მთავარ ღირებულებაზე – მომხმარებელს გლობალური მასშტაბით მიაწოდოს ხარისხიანი ციფრული პროდუქტი.
გთავაზობთ მიხეილ ანდღულაძესთან ინტერვიუს, რომელიც უფრო ახლოდან გაგვაცნობს Talkpal-ის ზრდის სტრატეგიასა და საკუთარ მიდგომებს ამ სტარტაპში:
მიხეილ, როგორ ჩამოყალიბდა თქვენში ინტერესი DevOps-ის მიმართ და რა გამოცდილება დააგროვეთ ფრილანსერობისას თუ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობისას?
ჩემი ურთიერთობა ტექნოლოგიებთან 2005 წელს დაიწყო, მაშინ სიტყვა “DevOps” ჯერ არც არსებობდა. ვიყავი ქსელისა და სისტემების ადმინისტრატორი: სერვერები ფიზიკურად იდგა ოთახებში და თუ ღამის სამ საათზე რამე გაითიშებოდა, მანქანაში ჯდებოდი და ადგილზე მიდიოდი. სწორედ იმ წლებმა მასწავლა მთავარი – ტექნოლოგია მხოლოდ მაშინ ღირს რამედ, როცა ის ადამიანებს უწყვეტად ემსახურება.
შემდეგ იყო ეროვნული სკრინინგ ცენტრი, სადაც ხუთი წლის განმავლობაში სამედიცინო სისტემების IT ინფრასტრუქტურას ვმართავდი. როცა იცი, რომ სისტემის შეფერხება პაციენტის დიაგნოზს აყოვნებს, პასუხისმგებლობის სულ სხვა ხარისხს სწავლობ. თიბისი ბანკის ციფრული საბანკო მიმართულების გუნდში AWS ინფრასტრუქტურასა და ISO 27001 სტანდარტზე მუშაობამ უსაფრთხოების დისციპლინის ცოდნა შემძინა, Broccoli Agency-ში CTO-ს პოზიციამ კი ტექნოლოგიები ბიზნესის თვალით დამანახა.
ფრილანსერობა და კონსულტირება ცალკე გამოცდილება იყო ჩემთვის: ნიდერლანდურ ბაზარზე ავაწყვე Basuco.eu-ს, ავტომობილების სავაჭრო პლატფორმის, მიკროსერვისული ინფრასტრუქტურა და mijntechcarriere.nl-ის დასაქმების პლატფორმა, ერთ-ერთ ქართულ პროექტში კი 700 მილიონზე მეტი ჩანაწერის მქონე მონაცემთა ბაზას ვმართავდი. თითოეული პროექტი განსხვავებულ ტექნოლოგიურ გარემოს, სამუშაო კულტურასა და უნიკალურ გამოწვევებს უკავშირდებოდა.
DevOps-ის ფილოსოფია კი ყოველთვის ერთი მქონდა: რაც ორჯერ ხელით გავაკეთე, მესამედ უკვე ავტომატიზებული უნდა იყოს.
როგორ იქცა თქვენთვის საინტერესო გამოწვევად Talkpal-ის ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე DevOps მიმართულების მართვა და როგორია თქვენი როლი?
Talkpal-ს 2023 წელს შევუერთდი და პირველივე დღიდან ვიგრძენი, რომ ეს სრულიად სხვა მასშტაბი იყო. დღეს Talkpal-ს 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან და 130-ზე მეტი ენის შესწავლას სთავაზობს მათ. ამასთან, ეს ქართული გუნდის მიერ შექმნილი პროდუქტია, რომელიც გლობალურ ბაზარზე ინდუსტრიის გიგანტებს უწევს კონკურენციას, ასეთი ისტორიის ნაწილად ყოფნა კი თავისთავად უდიდესი მოტივაციაა.
ჩემი როლი Senior DevOps ინჟინრისა და გუნდის ლიდის პოზიციებს აერთიანებს: ვმართავ CI/CD პროცესებს, AWS ინფრასტრუქტურას, მიკროსერვისებიდან მონაცემთა ბაზებამდე, ვაშენებ მონიტორინგისა და განგაშის სისტემებს, ვგეგმავ Disaster Recovery სტრატეგიებს და ვზრუნავ უსაფრთხოებაზე.
ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პროდუქტის ინფრასტრუქტურა კი განსაკუთრებული გამოწვევაა. როცა მომხმარებელი ხმოვან რეჟიმში ესაუბრება AI-ს, მილიწამები წყვეტს ყველაფერს, დაგვიანებული პასუხი ცოცხალი საუბრის განცდას კლავს. ამას ემატება ის, რომ განახლებები ისე უნდა გავიდეს, რომ საუბრის პროცესში მყოფმა ვერც ერთმა მომხმარებელმა, ვერაფერი შეამჩნიოს.
AI ინფრასტრუქტურის მართვაში მრავალწლიანი გამოცდილება ჯერ არავის აქვს. ეს ინდუსტრია ახლა იქმნება და ჩვენ პირველებს შორის ვართ, ვინც ამ მიმართულებას რეალურ დროში განსაზღვრავს.
რა არის თქვენს საქმიანობაში ის უხილავი, თუმცა უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც ამ საქმეს თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის?
ჩვენი პროფესიის პარადოქსი ის არის, რომ საუკეთესო შედეგი უხილავია: როცა ყველაფერი იდეალურად მუშაობს, ჩვენს საქმეს ვერავინ ამჩნევს. მე ამას თეატრის კულისებს ვადარებ, მაყურებელი სპექტაკლს ხედავს, მაგრამ ვერასდროს ხედავს იმ ადამიანებს, ვინც განათებას, დეკორაციებსა და სცენის მიღმა მექანიზმებს მართავს. სწორედ ეს კულისებია ჩემი სამუშაო ადგილი.
ღამის ოთხ საათზე ტოკიოში ვიღაც ინგლისურს სწავლობს, დილით ბერლინში ვიღაც სამსახურის გასაუბრებისთვის ემზადება ესპანურ ენაზე და არცერთი მათგანი არ ფიქრობს სერვერებზე, მონაცემთა ბაზებზე ან იმ ათეულობით სისტემაზე, რომელიც ამ პროცესების უკან დგას. ეს შედეგი შემთხვევითი არ არის: ამ ყველაფრის უკან დგას მონიტორინგის სისტემები (რომლებიც პრობლემას მომხმარებლის მიერ შემჩნევამდე აფიქსირებს), Disaster Recovery-ს რეგულარული სიმულაციები, მრავალდონიანი უსაფრთხოება და რესურსების (Capacity) ზუსტი დაგეგმვა.
ალბათ, ჰობიც ამიტომ მაქვს შესაბამისი, off-roading მიყვარს. უგზოობაზე მართვისას წინასწარ არასდორს იცი, რა დაგხვდება, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ინფრასტრუქტურაც ზუსტად ამას მოითხოვს: მთავარ გეგმას, საიმედო სათადარიგო ვარიანტს და მუდმივ მზადყოფნას გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.
ყველაზე ლამაზი მომენტი კი ისაა, როცა დიდი ტექნიკური ცვლილება მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად გადის და ის მხოლოდ გაუმჯობესებულ პროდუქტს ხედავს.
როგორ აღწერდით Talkpal-ის ტექნოლოგიურ გუნდს და იმ საერთო ღირებულებებს, რაც რთული საინჟინრო გამოწვევების ერთობლივად გადაჭრაში გეხმარებათ?
Talkpal-ის გუნდი კომპაქტურია იმ მასშტაბთან შედარებით, რომელსაც ვემსახურებით და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მახასიათებელი. აქ ვერავინ იტყვის, „ეს ჩემი საქმე არ არის” –
ყველა ინჟინერი ორიენტირებულია მთლიან პროდუქტზე და არა მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობის ვიწრო არეალზე.
რამდენიმე ღირებულება განსაკუთრებით გვაძლიერებს. პირველი, პირდაპირი კომუნიკაცია: პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი აქ სისუსტე კი არა, პროფესიონალიზმია. ინციდენტის შემდეგ ვეძებთ მიზეზს და არა დამნაშავეს, ასე გუნდი ყოველი შეცდომიდან ძლიერდება. მეორე, პრაგმატიზმი: Talkpal საკუთარი შემოსავლით იზრდება, ამიტომ ყოველი ტექნიკური გადაწყვეტილება რეალურ ღირებულებას უნდა ქმნიდეს, ტექნოლოგია ტექნოლოგიისთვის ჩვენთან არ არსებობს. მესამე, ცნობისმოყვარეობა: AI იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ გუნდში ყველა მუდმივად ახალ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს ტესტავს.
დისკუსიები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა გადაწყვეტილებებს პირადი შეხედულებებით კი არა, მონაცემებით ვიღებთ: ვზომავთ, ვტესტავთ და კონკრეტულ მეტრიკებს ვეყრდნობით.
და კიდევ ერთი რამ, რაც განსაკუთრებით მახარებს: ეს არის ქართული გუნდის შექმნილი გლობალური პროდუქტი. როცა ხედავ, რომ შენი ნამუშევარი მილიონობით ადამიანს ეხმარება ენის დაუფლებაში მსოფლიოს ყველა კუთხეში, სამუშაო დღე სულ სხვა ენერგიით ივსება.
როგორ ახერხებთ მუდმივ თვითგანვითარებას და უახლეს ინსტრუმენტებთან ფეხის აწყობას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში?
ჩემს მიდგომას სამ შრედ ვყოფ. პირველი შრე ფუნდამენტია: ოპერაციული სისტემები, ქსელები და განაწილებული სისტემების პრინციპები, ეს ის ბაზისია, რომელიც უკვე ოცი წელია მადგება და არასდროს ძველდება.
მეორე შრე ინსტრუმენტებია, რომლებიც მუდმივად იცვლება. აქ ერთი მკაცრი წესი მაქვს: ახალ ტექნოლოგიას მხოლოდ თეორიულად არასდროს ვსწავლობ. ყოველთვის ვიღებ რეალურ მინი-ამოცანას და საკუთარი ხელით ვტესტავ, ერთსაათიანი პრაქტიკა ათობით სტატიის წაკითხვაზე ბევრად ეფექტურია.
მესამე და ყველაზე საინტერესო შრე კი ის არის, რომ დღეს AI თავად იქცა ჩემი განვითარების ინსტრუმენტად. ვიყენებ AI-ზე დაფუძნებულ კოდის რევიუს, პრედიქციულ ანალიტიკას pipeline-ებში, ახალი სისტემის შესწავლისას კი AI ჩემი პირველი თანამოსაუბრეა. გამოდის ირონიული წრე: AI მეხმარება, უკეთ ვმართო თავად AI-ის ინფრასტრუქტურა.
ამას ემატება საინჟინრო ბლოგები, Release Note-ები (რომლებსაც დღეს ბევრი უგულებელყოფს, სრულიად ამაოდ) და საერთაშორისო DevOps საზოგადოება, სადაც სხვების შეცდომებზე სწავლა ყველაზე ნაკლებად მტკივნეული და ხელმისაწვდომი განათლებაა.
სიმართლე რომ ითქვას, Talkpal-ის ფილოსოფია ინჟინერიაზეც იდეალურად მუშაობს: ენას ვერ ისწავლი მხოლოდ სახელმძღვანელოთი, ყოველდღიური, ცოცხალი პრაქტიკა გჭირდება. ტექნოლოგიაც ზუსტად ასეა. შეიძლება ითქვას, ჩემი streak 2005 წლიდან არ გამიწყვეტია.
როგორია თქვენი ხედვა სამომავლო განვითარებაზე და რა მიმართულებით გსურთ პროფესიული ზრდის გაგრძელება კომპანიასთან ერთად?
ჩემი ფოკუსი ორ მიმართულებაზეა: პროდუქტსა და პირად ზრდაზე.
პროდუქტის ნაწილში, Talkpal ახალ, გლობალურ მასშტაბზე გადადის. ჩემი მიზანია შევქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც ზრდას წინ უსწრებს. აქცენტს ვაკეთებთ თვითმართვად სისტემებზე, პრედიქციულ სკალირებასა და თვითაღდგენად არქიტექტურაზე, რომელიც პრობლემებს მომხმარებლის მიერ შემჩნევამდე აგვარებს. AIOps მომავლის მთავარი ტრენდია და გვინდა, Talkpal ამ ინოვაციის სათავეში იყოს.
პირადად ჩემთვის, ზრდის მთავარი წერტილი AI-ისა და ინფრასტრუქტურის კვეთაა, ეს დღეს მსოფლიოში უიშვიათესი და ყველაზე მოთხოვნადი პროფილია. სწორედ ამ მიმართულებით მსურს განვავითარო საკუთარი თავი. ამასთანავე, ჩემი მიზანია ისეთი პროფესიონალების ჩამოყალიბება და მენტორობა, რომლებიც ამავე მაღალ საინჟინრო კულტურასა და პასუხისმგებლობას გაიზიარებენ.
და ბოლოს, ერთი უფრო დიდი ამბიციაც მაქვს: მინდა, Talkpal-ის ისტორია ქართველი ინჟინრებისთვის მტკიცებულება იყოს, რომ საქართველოდან მსოფლიო დონის პროდუქტის შექმნა და გლობალურ ლიდერებთან კონკურენცია სავსებით შესაძლებელია.
ენის სწავლის მსგავსად, ინჟინერიაშიც არ არსებობს სრულყოფილების ფინიშის ხაზი და სწორედ ეს მიყვარს ამ საქმეში ყველაზე მეტად.
[R]












