ქართული სტარტაპი Talkpal, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით 50-ზე მეტი ენის შესწავლის პლატფორმას გვთავაზობს, უკვე 3 მილიონზე მეტი მომხმარებლით და ყოველთვიურად 400,000-მდე ახალი მომხმარებლით გამოირჩევა. გაგაცნობთ ნანა კაიდარაშვილს, Talkpal-ის UX/UI დიზაინერს, რომელიც პროდუქტის ვიზუალურ იდენტობასა და მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნავს. მისი პროფესიული გზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის შესწავლით დაიწყო, თუმცა შემდეგ, დიზაინის სფეროში გადაინაცვლა. მისი პირველი დიზაინერული გამოცდილება კრეატიულ სააგენტო Redberry-ში UX/UI დიზაინერად მუშაობა იყო, შემდეგ კი საბანკო, კრიპტო და სამედიცინო ციფრულ პროდუქტებზე მუშაობდა. Talkpal-ში მოსვლა ნანასთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აღმოჩნდა და ახლა, მსოფლიოს მასშტაბით მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის ქმნის პროდუქტს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის სწავლისას, დაახლოებით 12 წლის წინ, დიზაინის სფერო აღმოვაჩინე. თავდაპირველად მოკლევადიანი კურსი ავიღე, რომელიც ძირითადად ტექნიკურ საფუძვლებს მასწავლიდა. მალევე მივხვდი, რომ გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობა ნამდვილად მიტაცებდა, ამიტომ გადავწყვიტე გრძელვადიან კომპიუტერულ და სამგანზომილებიანი გრაფიკის კურსზე ჩამებარებინა.
უნივერსიტეტის პერიოდში აქტიურად ვმუშაობდი უნარების განვითარებაზე, ძირითადად, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და პატარა პროექტებით, თანდათან ვქმნიდი პორტფოლიოს. ჩემი პირველი სერიოზული სამუშაო გამოცდილება კრეატიულ სააგენტო Redberry-ში UX/UI დიზაინერად მუშაობა იყო. იქ ნიჭიერი პროფესიონალების გარემოცვაში, მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობით, უამრავი ღირებული უნარი შევიძინე. შემდგომში ჩემი კარიერა მოიცავდა საბანკო, კრიპტო და სამედიცინო ციფრულ პროდუქტებზე მუშაობას, ასევე ფრილანსს სხვადასხვა სფეროში.

Talkpal AI-ში მოსვლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რომელიც განაპირობა როგორც პროდუქტის მნიშვნელობამ და სპეციფიკამ, ასევე კომპანიის სწრაფმა განვითარებამ. ახლა, ვმუშაობ პროდუქტზე, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალფეროვანი სამიზნე აუდიტორია ჰყავს – სხვადასხვა ენის, კულტურისა და განათლების მქონე ადამიანები. ჩვენი პლატფორმის მთავარი უპირატესობაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ მრავალფეროვანი სასწავლო რეჟიმები, დატვირთული ტექსტური და ვიზუალური კონტენტით.
ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ ციფრულ პროდუქტს ვიყენებთ და მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი იყოს მარტივი და ინტუიტური. კონკურენტულ გარემოში ადამიანები ირჩევენ იმ პროდუქტს, რომელიც მათ უკეთეს გამოცდილებას სთავაზობს. საუკეთესო AI ენის შესწავლის პლატფორმის შესაქმნელად მუდმივად ვსწავლობთ და ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს.
ჩვენს გუნდში კულტურა განსაკუთრებულია – ყველა წევრი აქტიურად მონაწილეობს ფუნქციონალის გაუმჯობესებაში, მუდმივად ხდება ცოდნისა და იდეების გაზიარება, რაც ხელს უწყობს როგორც პროდუქტის, ისე პიროვნულ განვითარებას. კომუნიკაცია უშუალო და მარტივია, რაც სტარტაპის ტიპის კომპანიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როგორც პროდუქტის დიზაინერის, ჩემი მთავარი მოვალეობაა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება. გუნდთან ერთად ვაკვირდები ტენდენციებს, ვიყენებ საუკეთესო პრაქტიკებს და სხვადასხვა ხელსაწყოებს პროცესის ოპტიმიზაციისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება – ტესტირების ინსტრუმენტები გვეხმარება რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები, ვიკვლევთ მომხმარებლის ქცევას და ვითვალისწინებთ მათ შენიშვნებს.
ენების სწავლების მრავალი პლატფორმის არსებობის პირობებში, კონკურენტული უპირატესობის მოპოვება დიდი გამოწვევაა, რაც ჩემს სამუშაოს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ჩვენი პროდუქტის მთავარი უპირატესობაა, რომ მომხმარებელს შეუძლია ენის სწავლა ნებისმიერი დონიდან, თუნდაც ნულიდან. AI-ს გამოყენებით ვქმნით პერსონალიზებულ გამოცდილებას, მორგებულს თითოეულ მომხმარებელზე.
სამომავლოდ, ვგეგმავთ ფუნქციონალის კიდევ უფრო დახვეწას, მეტად ფოკუსირებას პერსონალიზაციაზე და ლოკალიზაციაზე, ენობრივი თავისებურებებისა და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით. ასევე, ვიწყებთ გეიმიფიკაციის ელემენტების ინტეგრაციას, რათა ენის შესწავლის პროცესი უფრო სახალისო და კომფორტული გავხადოთ.“
[R]











