პასუხი მარტივია: ეშინიათ, რომ არ გადაფაროთ, ამიტომ თქვენს მიღწევებს აკნინებენ და შემდეგ თავს უკეთ გრძნობენ… თუ აქამდე ასეთ ადამიანს შურიანს უწოდებდით, ახლა შეგიძლიათ თქვათ, რომ ე. წ. მაღალი ყაყაჩოს სინდრომის მატარებელია — „ეს ტენდენცია განპირობებულია შიშით, რომ ვიღაც გადაფარავს და შედარებით წარუმატებელი გამოჩნდება“.
„მაღალი ყაყაჩოს სინდრომის“ ფესვები ძველი რომიდან მოდის — მეფე ტარკვინიუს ამაყმა თავის შვილს უბრძანა, გადაესახლებინა ან მოეკლა მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მას. თავისი სურვილების საჩვენებლად კი ტარკვინიუსმა ბაღში ყველაზე მაღალ ყაყაჩოებს თავები მოაჭრა… ამგვარად, მაღალი ყაყაჩო მეტაფორულად სხვებისგან გამორჩეული წარმატებული ინდივიდია.
და სად იჩენს ეს სინდრომი თავს? ძირითადად 4 სივრცეში გვხვდება: სამსახურში, მეგობრებთან ურთიერთობებში, ოჯახურ დინამიკასა და ონლაინ სივრცეებში. მაგალითად სამსახურში ისე აღიქმება, რომ პროდუქტიულ ადამიანებს, სხვებთან შედარებით, გარკვეული უპირატესობა აქვთ, მაღალი თანამდებობის პირებმა კი შეიძლება, უგულებელყონ მათი დაწინაურება, საკუთარი დაუცველობის გამო… სამეგობროში უადგილო კომპლიმენტები შეიძლება მიიღოთ თქვენს მიღწევებზე ან იგრძნოთ, რომ ეს ისე არ უხარიათ, როგორც სხვების მიღწევები.
რაც შეეხება ოჯახს, „მაღალი ყაყაჩოს სინდრომის“ შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ ვიღაც ოჯახში შავი ცხვრის როლს ირგებს, რის გამოც მისგან დისტანციას იჭერენ, ამიტომ არ ამატებენ ჯგუფურ ჩატებში და ფიქრობენ, რომ არც კონკრეტულ აქტივობებში ჩართვა ესიამოვნებათ… ონლაინ სივრცეში კი საქმე მეტად რთულადაა — შესაძლოა, სრულიად უცნობმა ადამიანმა შემოგიტიოთ და მკაცრად გაგაკრიტიკოთ.
რაღა თქმა უნდა, ეს სინდრომი მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, თავისსავე მსხვერპლებს შფოთვისა და იზოლირების მდგომარეობაში აგდებს. ამიტომ, ახლა გეტყვით, როგორ დაიცვათ თავი ამ უარყოფითი ენერგიისგან:
დაელაპარაკეთ საყვარელ ადამიანებს — კონკრეტულ საკითხებთან გამკლავებაში ოჯახთან და მეგობრებთან საუბარი დაგეხმარებათ — კვლევის თანახმად, სოციალური მხარდაჭერა სტრესის დონეებს ამცირებს და პოზიტიურ ემოციებს ზრდის.
ასწავლეთ სხვებს, როგორ მოგექცნენ — ამის უბრალო უფლება კი არ გვაქვს, არამედ ჩვენი ვალდებულებაა, ვასწავლოთ და ვაჩვენოთ სხვებს, როგორ მოპყრობას ველით მათგან.
დაამყარეთ მკაფიო და პროფესიონალური კომუნიკაცია — ასე ყველაფერი ცხადი გახდება და მიმღებლობაც გაიზრდება, შესაბამისად, დაინახავთ, როგორ გაძლიერდებით…
დაფიქრდით თქვენს ქმედებებზე — შესაძლოა, ახლა ყველაფერს ისე ვერ უმკლავდებოდეთ, როგორც საჭიროდ თვლით. თუმცა იმის გაცნობიერება, თუ რისი გაკეთება შეგეძლოთ განსხვავებულად, მსგავსი სცენარებისგან გიხსნით მომავალში.













