in

ცოტა რამ TalTech-ზე! – მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე

ყოველწლიურად, სულ უფრო მეტი აბიტურიენტი ცდილობს უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიიღოს. ისინი, ვისაც საკუთარი სტარტაპების დაფუძნების, ტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების შექმნის ინტერესი აქვთ, აქტიურად ეძებენ ამ პროფილის უნივერსიტეტებს, სადაც შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მიღების გარდა, საკუთარი იდეების რეალობად ქცევას შეძლებენ. ამას გარდა, უნივერსიტეტის შერჩევისას მნიშვნელოვანია მისი გარემო, კომუნა დ სტუდენტური ცხოვრების სტილი. საუკეთესო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთია ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ტალტეკი (TalTech). ესაა ერთადერთი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ესტონეთში. ტალტეკის ისტორია 102 წელს მოითვლის და დაგროვილ ასწლოვან გამოცდილებასთან ერთად, სტუდენტებს თანამედროვე მიდგომებს, გარემოსა და შესაძლებლობებს სთავაზობს.

უნივერსიტეტი 1918 წელს ესტონეთის ინჟინერთა საზოგადოებამ დაარსა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ესტონეთს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად, განსაკუთრებით ესაჭიროებოდა საზღვარგარეთ განათლებამიღებული ინჟინრების ქვეყანაში მობილიზება, რათა წარმატებით გამკლავებოდა ადგილობრივ გამოწვევებს. თავიდან, ტალინში მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული საინჟინრო საგანი ისწავლებოდა. დროთა განმავლობაში, სასწავლებლის მიმართულებებს დაემატა მექანიკური, ელექტრო, სამოქალაქო და ჰიდრავლიკური ინჟინერიის განხრები, ასევე, გემთმშენებლობა და არქიტექტურა. მოგვიანებით, უნივერსიტეტში ასევე გაიხსნა ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფაკულტეტები,” – გვიამბო ტალტეკის მარკეტინგის საერთაშორისო კოორდინატორმა, ალექსანდრე ჩანადირმა.

M: გვიამბეთ, როგორია ტალტეკი დღეს?

ალექსანდრე ჩანადირი

გასული ათწლეულის განმავლობაში, ტალტეკი კიდევ უფრო განვითარდა და საერთაშორისო დონის პროგრამების სწავლება დაიწყო. მას შეუერთდა ესტონეთის საზღვაო აკადემია, ინფორმაციული ტექნოლოგიების კოლეჯი და დაემატა ბიზნესისა და სამართლის სკოლები. საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, დღეს ტალტეკი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2.5%-ს მიეკუთვნება. აქ, ბოლონიის პროცესის შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამა 3 წელს, ხოლო სამაგისტრო პროგრამა 2 წელს გრძელდება. ამჟამად, უნივერსიტეტში 10 300 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის, 1700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტია, 100 სხვადასხვა ქვეყნიდან. მთელი ისტორიის მანძილზე ტალტეკის 70,000-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა უდიდესი როლი ითამაშა ესტონეთის ეკონომიკისა და ინდუსტრიის განვითარებაში. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, უნივერსიტეტი დიდ რესურსს ხარჯავს, რათა წაახალისოს სამეცნიერო კვლევები და ხელი შეუწყოს ინოვაციების დანერგვას, რაც ჯამში დადებითად აისახება საზოგადოების მდგრად განვითარებაზე. 

M: რა ძირითადი მიმართულებებით სპეციალიზდება უნივერსიტეტი? რომელია ძირითადი სასწავლო პროგრამები?

დღეს, უნვერსიტეტს გააჩნია ოთხი მთავარი სკოლა: ბიზნესი და მმართველობა, ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მეცნიერება. შესაბამისად, ამ სკოლების ფარგლებში, ისწავლება 4 ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა და 16 სამაგისტრო პროგრამა, სადაც ქართველი სტუდენტებიც მრავლად სწავლობენ. დღეს, ტალტეკი ბალტიისპირეთში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტია, სადაც ინგლისურ ენაზე ისწავლება სამართალი, ბიზნესი, ელექტრონული მმართველობა, ინდუსტრიული ინჟინერია, კიბერუსართხოება, კომპიუტერული მეცნიერებები, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, მექატრონიკა, გამოყენებითი ფიზიკა და სხვა. ქართველი სტუდენტების მიღება ყველა ამ პროგრამაზე მიმდინარეობს 1 მაისამდე. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ, სასწავლო პროგრამებზე დეტალურად კი ამ ბმულზე წაიკითხავთ.

მე გამიჭირდება რომელიმე მიმართულების გამოყოფა, თუმცა ალბათ, დღეს კიბერუსაფრთხოება, ტექნოლოგიების სამართალი და ელექტრონული მმართველობა ყველაზე აქტუალური თემებია. ტალინში მდებარეობს ნატოს კიბერუსაფრთხოების ცენტრი, საიდანაც უნივერსიტეტს ხშირად სტუმრობენ პროფესიონალები და ატარებენ ლექციებს. ზოგადად, ტალტეკი ცნობილია ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის კუთხით. მათ შორისაა თვითმავალი მანქანები, სატელიტი, რომელიც სტუდენტებმა კოსმოსში შარშან გაუშვეს, ჭკვიანი ლიფტი, რომელიც იმახსოვრებს და ხვდება რომელ სართულზე გსურთ ასვლა, ავტომატური ნავები, რომლებიც ესტონეთის კუნძულებს შორის ნივთების გადასატანად გამოიყენება, ფორმულას ტიპის მანქანები და მობილური რობოტები ლოჯისტიკის სფეროში.

M: დღეს ესტონეთს ხშირად მოიხსენიებენ მსოფლიოს ერთერთ ძლიერ სტარტაპჰაბად. გვიამბეთ, როგორი გარემოა სტარტაპერებისთვის ტალტეკში?

ესტონეთი ნამდვილად გამოირჩევა ამ კუთხით და ევროპაში წამყვან პოზიციაზეა, სტარტაპების რაოდენობის მხრივ, ერთ სულ მოსახლეზე. მთელი წლის განმავლობაში, აქ მრავალი შეჯიბრი, ჰაკათონი თუ კონფერენცია იმართება, სადაც ხდება ხედვების გაცვლა და ახალ იდეებზე მუშაობა. მათ შორისაა Garage48-ის მიერ ორგანიზებული Base Camp, Digital Innovation Days და სხვა სტუდენტური სტარტაპ ბანაკები. ტალტეკი, ამ მხრივ, ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაა. უნივერსიტეტის კამპუსზე მდებარეობს მეცნიერებისა და კვლევების ცენტრი – ტექნოპოლი, სადაც 150 ცნობილ კომპანიას აქვს ოფისები, მათ შორის Microsoft, Starship Technologies, Cybernetica, Ektaco, SMIT და ა.შ.  ასევე, უნივერსიტეტს გააჩნია ქვეყანაში ყველაზე დიდი ბიზნესისა და ინოვაციების ინკუბატორი – Mektory, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Samsung, ABB, Mitsubishi Motors, Ericsson, Google და IBM. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება მსოფლიო დონის პროფესიონალების ჩართულობით სასწავლო კლასიდან სულ რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით. ამრიგად, ტალტეკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული მისიის ნაწილია ბიზნესის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სამართლის ერთ გარემოში სწავლება, რათა მომავალში სტუდენტებს მრავალმხრივი წარმოდგენა ჰქონდეთ მათი ეკონომიკური თუ მეცნიერული საქმიანობის შესახებ.

M: ტალტეკი ესტონეთში ერთადერთი ტექნოლოგიური უნივერსიტეტია. ყველაზე მეტად, რითაა მიმზიდველი სტუდენტებისთვის?

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ტალტეკის კამპუსი და აქ მიმდინარე პროცესებია. სტუდენტების ურმავლესობა, სასწავლო კორპუსებთან ახლოს, მრავალფუნქციურ საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობს. უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური სახლი, სადაც სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს თავისი ოფისი, მათ შორის AIESEC, ESN, BEST და სხვა. აქ მოწყობილია სტუდენტებისთვის განკუთვნილი დასასვენებელი და სამუშაო სივრცეები, კაფე და ტექნიკით აღჭურვილი სააქტო დარბაზი. უნივერსიტეტში, ასევე, მოქმედებს კინოს, ფოტოგრაფიის, კულტურის, რობოტიკის და სხვა თემატური კლუბები. როდესაც ტალტეკზე საუბრობ, ალბათ, პირველ რიგში, მაინც კამპუსზე მოძრავი თვითმავალი ავტომობილები და ინოვაციური ლაბორატორიები გახსენდება. მათ შორისაა, 3D პრინტერის ლაბორატორია და ტექნოლოგიის დემო ცენტრი, სადაც რობოტებთან ურთიერთობის დისტანციური აპარატების გამოცდა ხდება, VR ტექნოლოგიის გამოყენებით.

ტალტეკი, ასევე, მიმზიდველია იმ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ვისაც სწავლის პერიოდში გაცვლითი პროგრამით სარგებლობა სურს. დღეს უნივერსიტეტს გააჩნია 500-მდე ხელშეკრულება მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებთან, მათ შორის სტენფორდის უნივერსიტეტი, დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, აალტოს უნივერსიტეტი, ბერკლი, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი, KTH ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტი და ა.შ.

ამასთან ერთად, ტალტეკის თითქმის ყველა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ სრული სასწავლო გრანტი და ყოველთვიური სტიპენდიები. ამჟამად, უნივრსიტეტში 50-მდე ქართველი სტუდენტი ირიცხება და მათი უმრავლესობა დაფინანსებით სწავლობს.

M: როგორია ქართველი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შედეგები დღევანდელი მდგომარეობით? 

ესტონეთში ქართველი სტუდენტების რიცხვმა განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში მოიმატა. მათ შორის, ტალტეკს უკვე უამრავი ქართველი კურსდამთავრებული ყავს. მათგან ბევრი დაბრუნდა საქართველოში და აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ახლა ქვეყანას ახმარს კერძო თუ საჯარო სექტორში. დღეს, სტუდენტებს, სწავლის დასრულების შემდეგ, შეუძლიათ რამდენიმე თვეს კიდევ დარჩნენ ესტონეთში იმისათვის, რომ, სურვილის შემთხვევაში, მოძებნონ სამსახური და დარჩნენ აქ საცხოვრებლად. ბევრი ქართველი სტუდენტი უკვე სწავლის პერიოდში იწყებს ნახევარ განაკვეთზე მუშაობას და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სრულად უთმობს დროს პროფესიულ კარიერას.

განსაკუთრებით დიდია ესტონეთის პროფესიული ბაზარი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროს კურსდამთავრებულთათვის. უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში ხშირად შეხვდებით ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს და მოკლევადიან სტაჟირებებს. ასევე წელიწადში ერთხელ კამპუსის ტერიტორიაზე ეწყობა მასიური პროფესიული გამოფენა, სადაც კერძო კომპანიები პირდაპირ ესაუბრებიან კანდიდატებს და აცნობენ შესაძლო დასაქმების პირობებს. ზოგი კურსდამთავრებული კარიერას სრულიად სადოქტორო კვლევას უთმობს და სამეცნიერო ცხოვრებაში ერთვება.


M: როგორია ანტიკრიზისული გეგმა კორონავირუსის პერიოდში? რა ფორმით გრძელდება სასწავლო პროცესი ან სტუდენტების მიღება?

კორონოვირუსის პანდემია სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. ჩემი აზრით, ის განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს თითოეული ქვეყნის ეკონომიკასა და განათლების სფეროებს. ესტონეთში საგანგებო მდგომარეობა 1 მაისამდე მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ საბედნიეროდ ტალტეკში ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა, სწავლა დროებით სრულიად ონლაინ რეჟიმზე გადავიდა და უნივერსიტეტის კარი დაიხურა. ამისთვის ჩვენ საკმაოდ მზად აღმოვჩნდით, რადგან სწავლების დიდი ნაწილი აქამდეც ციფრულად მიმდინარეობდა. უნივერსიტეტს გააჩნია თავისი ონლაინ სისტემა, სადაც პროფესორებს და ლექტორებს აქვთ კომუნიკაცია სტუდენტებთან და აწვდიან მათთვის საჭირო ყველა მასალას თუ დავალებას. კომუნიკაციის გასამარტივებლად შეიქმნა ცალკე ვებგვერდი, სადაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აქტიურად აახლებს ინფორმაციას სხვადასხვა ენებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. 

ახალი სტუდენტების მიღება კი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, რადგან ესეც სრულიად ონლაინ პროცესის ნაწილია. ყველა აბიტურიენტმა 1 მაისამდე უნდა შეავსოს ონლაინ განაცხადი, წარადგინოს ენის სერთიფიკატი, ნიშნების ფურცელი, სამოტივაციო წერილი და გაიაროს დისტანციური ინტერვიუ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და სექტემბერში ჩვეულ რეჟიმში დავიწყებთ ახალ სასწავლო წელს.

M: ტალტეკზე ინფორმაციის მოძიებისას, გვერდს ვერ ავუვლიდით იმ ფაქტს, რომ თავად კამპუსი და ბიბლიოთეკა არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენს… ამაზეც გვიამბეთ.

ესტონეთში 6 საჯარო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. მათ შორის, ტალტეკი არის ერთადერთი სასწავლებელი, რომელსაც კამპუსის სტილის წყობა აქვს. აქ ინჟინერიის და ბიზნესის სკოლები და ბიბლიოთეკა ერთმანეთთან საფეხმავლო ხიდებით არის დაკავშირებული. სასწავლო კორპუსებში მოწყობილია კაფეები, მუზეუმები, დროებითი გამოფენები, საინფორმაციო დაფები, სამეცადინო კუთხეები, ლაბორატორიები და სხვადასხვა ზომის აუდიტორიები. რადგან სტუდენტები ხშირად ველოსიპედებით გადაადგილდებიან, კამპუსზე ასევე მრავლადაა მათი საპარკინგე ადგილები. აქ ხშირად ეწყობა გრანდიოზული სტუდენტური დღეები, ფესტივალები და სპორტული შეჯიბრები. უნივერსიტეტს გააჩნია თავისი სპორტული კლუბი, რომელიც მოიცავს რამდენიმე მოედანს და დარბაზს. შესაბამისად, სტუდენტებს შეუძლიათ ჩაერთონ კალათბურთის, ფეხბურთის, ხელბურთის და ფრენბურთის ვარჯიშებში.   

ნამდვილად გამოსარჩევია ტალტეკის თანამედროვე ბიბლიოთეკა, რომელსაც რამდენიმე არქიტექტურული ჯილდო აქვს მოპოვებული. აქ მილიონამდე დაბეჭდილი თუ ონლაინ წიგნი და დოკუმენტი მოიპოვება. სტუდენტებს შეუძლიათ საფასურის გარეშე ითხოვონ მასალები და შემდეგ უკან დააბრუნონ. ამრიგად, ბევრი დასავლური უნივერსიტეტისგან განსხვავებით, ტალტეკის სტუდენტებს სასწავლო წიგნების შეძენა ნაკლებად უხდებათ. ბიბლიოთეკაში მოწყობილია საერთო დარბაზები, ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოსთვის გამოყოფილი ოთახები, კომპიუტერული და დასასვენებელი სივრცეები. მეც ხშირად ვსტუმრობ ხოლმე ბიბლიოთეკის სივრცეს.

ერთი სიტყვით, აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სტუდენტმა მიიღოს ხარისხიანი განათლება, გამოცადოს ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება, ჩაერთოს სპორტულ და კულტურულ აქტივობებში და დასაწყისიდანვე იზრუნოს მომავალ კარიერაზე. 

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

თვითიზოლაციის პერიოდი იდეალურია იმის შესასწავლად, რისთვისაც აქამდე დრო არ გრჩებოდათ

Messenger-ის დეველოპერები ჯანდაცვის ორგანიზაციებს უსასყიდლოდ დაეხმარებიან