in

როგორ შეძლო TalTech-მა, პანდემიის დროს, სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვა

“ჰიბრიდული სწავლების მეთოდს სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე ნეგატიური გავლენა, ჯერჯერობით, არ ჰქონია”

პანდემია სასწავლო პროცესზე მნიშვნელოვნად აისახა. თუმცა, იმ ფონზე, როცა სხვა სასწავლებლები, დისტანციური სწავლების პირობებში, ხარისხისა და სტუდენტების ჩართულობის გამოწვევაზე ფიქრობდნენ, ტალინის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა TalTech შეძლო 10 000-ზე მეტი სტუდენტის სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვა. უნივერსიტეტმა შეიმუშავა ვირუსის მართვის მოქნილი მექანიზმი, რამაც საშუალება მისცა შეენარჩუნებინა აუდიტორული სასწავლო მექანიზმი და ამავდროულად, მინიმუმამდე დაეყვანა ინფიცირების მაჩვენებელი. ამგვარად, TalTech-მა კომფორტული სასწავლო გარემო, პანდემიის პირობებშიც კი შეუქმნა სტუდენტებს და უსაფრთხო გარემო მოამზადა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების მსურველებისთვისაც. როგორ ადაპტირდა TalTech პანდემიის პირობებში? რა მიდგომების საშუალებით შეინარჩუნა ფრენის სიმაღლე და რა მდგომარეობაა, ზოგადად ესტონეთში, პანდემიის კუთხით? დეტალებზე ტალტეკის მარკეტინგის საერთაშორისო კოორდინატორი, ალექსანდრე ჩანადირი გვესაუბრა.

M: რა იყო ტალტეკისთვის მთავარი გამოწვევა, როდესაც პანდემიის დაწყებისას, მსოფლიო დისტანციური სასწავლო/სამუშაო რეჟიმის აუცილებლობის წინაშე დადგა?

პანდემიის დასაწყისი საგაზაფხულო სემესტრის მიმდინარეობას დაემთხვა, რაც სწრაფ რეაგირებას საჭიროებდა. იმ დროისთვის არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის მომენტალურად დახურვის ნაცვლად, ჩვენ ეტაპობრივად გადავედით დისტანციურ სწავლაზე და თავიდანვე წერტილოვანი შეზღუდვები დავაწესეთ. თუ რომელიმე სასწავლო პროგრამაზე ერთი სტუდენტი მაინც დაინფიცირდებოდა, მთელი კურსი გადაიოდა დისტანციურ სწავლაზე, სხვები კი აგრძელებდნენ სწავლას საკლასო ოთახებში. ასევე, ხდებოდა საერთო საცხოვრებლების მკაცრი მონიტორინგი და იზოლაციის პირობების დაცვა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში 10,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რასაც ათასობით სამუშაო პერსონალი ემატება. კამპუსზე ექვსი სხვადასხვა სასადილო, ბიბლიოთეკა, სტუდენტური სახლი და მრავალი სხვა თავშეყრის ადგილია. შესაბამისად, გარკვეული შეზღუდვების დაწესება მაინც მოგვიწია.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კამპუსზე მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა გამოვლინდა.

გასულ წელს, ასევე, გართულდა ახალი უცხოელი სტუდენტების მიღების პროცესი, რომლებიც ზაფხულში უნდა ჩამოსულიყვნენ და სექტემბერში დაეწყოთ სწავლა. ისინი ვერ ახერხებდნენ მშობლიურ ქვეყნებში ინგლისური ენის ტესტის ჩაბარებასა და საბუთების მომზადებას. ამას დაემატა სავიზო რეჟიმის კოვიდის გამო გამკაცრება და მოგზაურობის შეზღუდვა. საბოლოოდ, ბევრმა უცხოელმა სტუდენტმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ჩამოსვლა. ეს ნამდვილად რთული პერიოდი იყო. 

ჩვენ, მომავალი წლისთვის ადგილი შევუნარჩუნეთ და საბედნიეროდ, მათი უმრავლესობა კვლავ გეგმავს წელს ესტონეთში ჩამოსვლასა და ტალტეკში სწავლის დაწყებას. იმედი გვაქვს, წელს ყველაფერი კარგად ჩაივლის.

M: როგორი იყო უნივერსიტეტის რეაგირება “ახალ რეალობასთან” ადაპტირებისთვის?

დისტანციურ სწავლასთან ადაპტირება არ გაგვჭირვებია. ჩვენი სტუდენტები მიჩვეული არიან ონლაინ სისტემაში დავალებების მიღებასა და გამოცდების ჩაბარებას. ჩვეულ დროსაც ხშირად ვიყენებთ სწავლების ამ მეთოდს. 

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, საინფორმაციო კამპანია და სტუდენტებთან უწყვეტი კავშირი იყო, რათა დროულად მოგვეხდინა მათი ინფორმირება და მომზადება.

სამწუხაროდ, ყველა დაგეგმილი მასობრივი სტუდენტური ღონისძიება გავაუქმეთ. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც სტუდენტური ცხოვრების გარკვეული ნაწილის გატარება შეზღუდვების პირობებში გიწევს, მაგრამ სხვა გზა არ იყო. 

პანდემიის გავრცელებასთან ერთად, კამპუსის ყველა კუთხეში დამონტაჟდა სადეზინფექციო ხსნარები, საინფორმაციო დაფები და მოინიშნა ადგილები დისტანციის დასაცავად. შეიზღუდა სასადილოების მუშაობა. დღემდე, კამპუსის ტერიტორიაზე რამდენიმე ენაზე პერიოდულად ისმის ხმოვანი შეტყობინება, წესების დაცვის შესახებ. 

ფაქტია, ახლა უკვე მეტი გამოცდილება გვაქვს ვირუსთან ბრძოლის მხრივ და უკეთ ვმართავთ სიტუაციას. 

M: როგორი იყო სახელმწიფო რეგულაციები და ამ ეტაპზე, როგორ შეაფასებდით ქვეყნის მიერ პანდემიის მართვის პროცესს?

გაზაფხულის „ლოკდაუნის“ პირობებში, აიკრძალა საჯარო სივრცეებში ჯგუფებად შეკრება, შემოვიდა 2+2 წესი (მაქსიმუმ 2 ადამიანი, 2 მეტრის დაშორებით), დაიხურა მაღაზიები და რესტორნები, მაგრამ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და საჯარო ტრანსპორტი მუშაობას აგრძელებდა. თავიდან, პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში აუცილებელი არ იყო, რადგან მათი შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დაიხურა საზღვრები და შეწყდა ფრენები. 

ამ პირობებში, ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და ქართული სათვისტომოს ერთობლივი ძალისხმევით, მოხდა პირბადეების და დამცავი საშუალებების მობილიზება და მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ დარიგება. უნივერსიტეტები და საელჩო პირდაპირ კონტაქტზე იყვნენ ქართველ სტუდენტებთან.

დღეს, კოვიდ-რეგულაციები ესტონეთში სიმკაცრით არ გამოირჩევა და ხალხი მარტივად ემორჩილება წესებს, რის შედეგადაც, ქვეყანამ ეკონომიკის ნაწილობრივ გადარჩენა მოახერხა და ჯანდაცვის სექტორიც უმკლავდება გაზრდილ დატვირთვას.  

M: როგორ შეცვალა პანდემიამ საზღვარგარეთ სწავლების მსურველთა მოთხოვნები და რამდენად გაითვალისწინა ეს ფაქტორი ტალტეკმა?

მსოფლიოში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის მიხედვით, უცხოელი სტუდენტების აზრით, პანდემიამ გარკვეული გავლენა იქონია საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მოთხოვნაზე. თუმცა, აღსანიშნავია და სასიხარულოა, რომ ბიტურიენტების უმეტესობა მაინც ფიქრობს ოცნების ასრულებაზე და აპირებს სასურველ უნივერსიტეტში სასწავლებლად გაემგზავროს. Educations.com-ის 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სადაც 2,500-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, 78% მათგანი კვლავ აპირებს საზღვარგარეთ გააგრძელოს სწავლა, ხოლო 3.9% სავარაუდოდ, არ გაემგზავრება უცხოეთში.

საინტერესოა, რომ სტუდენტების უმრავლესობას ურჩევნია განათლება კამპუსსა და აუდიტორიებში მიიღოს, ვიდრე ონლაინ. ეს ტრენდი და მოთხოვნა ტალტეკის ამჟამინდელ სტუდენტებშიც იკვეთება. ხშირად გვეკითხებიან, როდის აღდგება სრული კონტაქტური სწავლება.

მსოფლიო კოვიდ სიტუაციის გათვალისწინებით, 2021 წლის მიმდინარე სემესტრი დისტანციურად დავიწყეთ, მაგრამ ორ კვირაში ვგეგმავთ კვლავ ჰიბრიდულ მეთოდზე გადავიდეთ, გარკვეული სასწავლო პროგრამების სტუდენტები ონლაინ გააგრძელებენ სწავლას, ზოგი კი აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში გადაინაცვლებს.

M: რამდენად უსაფრთხოა საზღვარგარეთ სწავლა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე და როგორი მდგომარეობაა, ამ კუთხით, ტალტეკში?

დღეს, საზღვარგარეთ მოგზაურობა შესაძლოა გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება.

ესტონეთში კოვიდ-წესების დაცვა უფრო მარტივია, სხვადასხვა ფაქტორის გამო. ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ 1.3 მილიონ ადამიანს შეადგენს, ტალინში კი ნახევარ მილიონს არ აღემატება. აქ ვერ ნახავთ მასობრივ ბაზრებსა და თავშეყრის ადგილებს. ციფრული სერვისები ბევრად განვითარებულია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. ბევრი ადამიანი დისტანციურად მუშაობს და სურსათს სუპერმარკეტებიდან ონლაინ უკვეთავს. ექიმთან კონსულტაცია ტელეფონით ან ელ.ფოსტით ხდება და წამლებს ID ბარათზე გიწერენ, რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში გამოიყენებთ. მრავალი სერვისის მიღება შეიძლება უკონტაქტოდ.

გასულმა წელმა ცხადყო, რომ ჰიბრიდული სწავლების მეთოდს სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე, ჯერჯერობით, ნეგატიური გავლენა არ ჰქონია. თუმცა მომავალი გვიჩვენებს, როგორ მოვახერხეთ სრული ადაპტირება.

M: უახლოესი მომავლისთვის, როგორია მოლოდინი, როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი, პანდემიის პირობებში?

ტალტეკში უცხოელი სტუდენტების მიღების პროცესი უკვე დაიწყო. ყველა აბიტურიენტს საქართველოდან შეუძლია გადახედოს მოთხოვნებს და გააკეთოს განაცხადი ონლაინ. ყველას ვურჩევ დროულად მოუყაროს საბუთებს თავი და არ გადადოს ეს საქმე ბოლო წუთისთვის, რადგან განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 აპრილი.

როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს, ჩვენ უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს და ვგეგმავთ ახალი სტუდენტები შეფერხების გარეშე მივიღოთ. იმედია, მსოფლიოში სიტუაცია გაუმჯობესდება და მალე შევძლებთ დავუბრუნდეთ აუდიტორიებს. მანამდე კი, სასწავლო პროცესს გავაგრძელებთ სხვადასხვა აპრობირებული მეთოდით, იქნება ეს ჰიბრიდული სწავლება თუ სრულად დისტანციური.

აბიტურიენტებს კი მოვუწოდებ, ხშირად შეამოწმონ უნივერსიტეტის საიტი და სოციალური მედიის არხები სიახლეებისთვის. ასევე, წინასწარ გადახედონ ესტონეთში არსებულ კოვიდ სიტუაციას და მოგზაურობის შესახებ დადგენილ წესებს გაეცნონ.

 

[R]

ილონ მასკმა მაიმუნის ტვინში იმპლანტი მოათავსა – ის ვიდეოთამაშებს წარმატებით ართმევს თავს

Ford-მა Google-თან ხელშეკრულება გააფორმა – Android Automotive-ს მილიონობით მანქანა მიიღებს