in

რა შესაძლებლობებს აძლევს კურსდამთავრებულებს „ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“?

უმაღლესი განათლების მიღება, ალბათ, ერთ-ერთი პირველი სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრებაში ვიღებთ. ვირჩევთ ფაკულტეტებს, უფრო მეტს ვიგებთ ჩვენთვის საინტერესო პროფესიებზე, ვეძებთ უნივერსიტეტებს. ცოდნის მიღების გარდა, მნიშვნელოვანია ის გარემო და სტუდენტური ცხოვრების სტილი, რასაც სასწავლებლები გვთავაზობენ. საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე, ვცდილობთ, ზუსტად ვიცოდეთ, როგორ განათლებას მივიღებთ და დამატებით, კიდევ რა შესაძლებლობებს გვთავაზობენ უნივერსიტეტები თუ ინსტიტუტები, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, ყოველ წელს, უფრო მეტი აბიტურიენტი ირჩევს სხვადასხვა ქვეყანას, უმაღლესი განათლების მისაღებად. ისინი, პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებენ. მაგალითად, ვისაც მომავალში, სტარტაპებისა და ინოვაციური პროდუქტების შექმნა სურს, ზუსტად ამ პროფილის უნივერსიტეტზე აკეთებს არჩევანს.

ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეული „ტალტეკია“ (TalTech), ანუ „ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“. ის 1918 წელს შეიქმნა და ერთადერთი ტექნოლოგიური უნივერსიტეტია ესტონეთში. როგორც მისი სტუდენტები და კურსდამთავრებულები ამბობენ, ასწლოვან გამოცდილებასთან ერთად, სასწავლებელი მათ თანამედროვე მიდგომებს, გარემოსა და შესაძლებლობებს სთავაზობს.

ახლა „ტალტეკის“ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე გიამბობთ. უფრო ზუსტად კი ისინი თავად მოგვიყვებიან, რატომ აირჩიეს ეს უნივერსიტეტი, რა შესაძლებლობები ჰქონდათ და როგორ განვითარდა მათი კარიერა, სწავლის დასრულების შემდეგ.

თეონა გელაშვილი: ჩემი ურთიერთობა „ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან“ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებამდე, 2017 წელს, ელექტრონული მმართველობის საზაფხულო სკოლიდან დაიწყო. მოგვიანებით გავიგე, რომ „ტალტეკს“ იგივე სამაგისტრო პროგრამაც ჰქონდა. ზაფხულში, აქ გატარებულმა ორმა კვირამ, ლექციების ხარისხმა, უნივერსიტეტის კამპუსმა, კვლევისა და ინოვაციების ცენტრმა, მოწვეულმა ექსპერტებმა, მაღალკვალიფიციურმა პერსონალმა იმდენად მომხიბლა, რომ გადავწყვიტე, სამაგისტრო პროგრამაზე შემეტანა საბუთები. გარდა ამისა, კლასგარეშე ღონისძიებები დამეხმარა ამ ქვეყნისა და ხალხის უკეთ გაცნობაში, მივხვდი, რომ მაღალგანვითარებულ, ინოვაციურ და ძალიან მწვანე გარემოს მიღმა, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ხალხი დგას. აღსანიშნავია, რომ ესტონეთის მთავრობა, მხარს უჭერს და ახალისებს ინოვაციურ ბიზნესიდეებს, ჰაკათონების, სტარტაპ აქსელერატორებისა თუ ინოვაციური ჰაბების საშუალებით. იმ სტუდენტებს კი, ვისაც  ბიზნესიდეები აქვთ, დაფინანსებისა და თანამშრომლობის უამრავ შანსს აძლევს.

როგორ ჩააბარეთ „ტალტეკში“? იმ პროცედურებზე, საგამოცდო თუ საკონკურსო ეტაპებზე მოგვიყევით, რაც უნივერსიტეტში მოსახვედრად უნდა გაიაროს აბიტურიენტმა? 

მაგალითად, მე, ელექტრონული მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად რამდენიმე საფეხური გავიარე: პირველ რიგში, გავაკეთე განაცხადი, რაც სამოტივაციო წერილსაც მოიცავდა. ასევე საჭიროა, ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა. დასკვნით ეტაპზე კი არის გასაუბრება. უნივერსიტეტი იძლევა სამი სახის სტიპენდიას: სწავლის სრული დაფინანსება, დამატებითი სტიპენდია, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველთვიური სტიპენდია საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. ამასთანავე, სპეციალობის მიხედვით, არის დამატებითი გრანტების მოპოვების შესაძლებლობაც. მაგალითად, მე გერმანიის გამოყენებითი მეცნიერების Data Science-ის საზაფხულო სკოლის სტიპენდია მოვიპოვე.

რა მოგცათ ტალინის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა? 

პირველ რიგში, ძალიან მაღალი ხარისხის განათლება – ელექტრონული მმართველობის ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს საჯარო ადმინისტრირებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს. კურსდამთავრებულებს აქვთ საჭირო აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა, ეფექტურად მართონ პროექტები და მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისები ელექტრონულად მიაწოდონ. პროცესი მოიცავს ელექტრონული მმართველობის ტექნიკურ, სოციალურ, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ასპექტებს. ლექციებს კითხულობენ როგორც „ტალტეკის“ პროფესორები, ისე ექსპერტები და პრაქტიკოსები საჯარო და კერძო სექტორიდან. პროგრამის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს არსებული კონტექსტის ანალიზი, სახელმწიფო სერვისების დიზაინი (ან არსებულის შეცვლა), დანერგვის სტრატეგიის შედგენა და არსებული შედეგის შეფასება წარმოადგენს. „ტალტეკში“ სწავლამ, განათლებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, ჩემი პროფესიისთვის საჭირო უნარები შემძინა: დროის სწორად განაწილება, ანალიტიკური და სამეცნიერო წერა, პროექტებზე მუშაობა და პროგრამირება. ალბათ, რომ არა „ტალტეკი“, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვებდიზაინის გაკეთებას შევძლებდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამაგისტრო პროგრამის ახალი ვებგვერდი ჩემი გაკეთებულია. ამასთან, მგონია, რომ მულტიკულტურული გარემო, რომელსაც ეს უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს, ძალიან ღირებულია. ჩემს პროგრამაზე 14 ეროვნების 33 სტუდენტი ვსწავლობდით და ის ურთიერთობები, რაც განვლილი ორი წლის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, უძვირფასესია.

თეონა გელაშვილი ახლა „ტალტეკში“ მკვლევარის პოზიციაზე მუშაობს და სადოქტორო პროგრამის 1-ლ კურსზეა.

უჩა ვეკუამ „ტალტეკის“ სასწავლო პროგრამების შესახებ საინფორმაციო სესიიდან შეიტყო. საერთაშორისო გარემოს, მაღალი კვალიფიკაციის ლექტორებისა და ახალგაზრდული აქტივობების გამო სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი.

უჩა ვეკუა: ესტონეთი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მხრივ. აქ ისეთ კომპანიებს აქვთ ოფისი, როგორებიცაა: Microsoft, Wise, Veriff, Pipedrive და ა.შ. სხვადასხვა ორგანიზაციები ყოველკვირეულად ატარებენ ღონისძიებებს, რომ ხალხს ახალი შესაძლებლობები აპოვნინონ. სტარტაპ ინდუსტრია ყოველთვის მაინტერესებდა. ამ მიმართულებით ჩემი ინიციატივაც მაქვს, ამიტომ ვთვლი, რომ ესტონეთი საუკეთესო ადგილია ცოდნის გასაღრმავებლად და ჩემი პროექტის გასავითარებლად.

პროცედურულად, „ტალტეკში“ ჩაბარებისთვის ინფრასტრუქტურა ძალიან კარგადაა გამართული. განაცხადის შევსება და საბუთების ატვირთვა DreamApply-ს სააპლიკაციო სისტემაში ხდება. აქ შევარჩიე ჩემთვის სასურველი კურსი – Integrated Engineering. შემდეგ ინგლისურის სერტიფიკატი და სხვა დოკუმენტები ავტვირთე და გავაგზავნე. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, გამომიგზავნეს „ონლაინ“ ტესტი შესაბამისი უნარების შესამოწმებლად. ამ ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, „ონლაინ“ ინტერვიუ მქონდა პროგრამის ხელმძღვანელთან. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებაც აპლიკაციის ქულების მიხედვით მიიღება.

რა შესაძლებლობები აქვთ „ტალტეკის“ კურსდამთავრებულებს, ვგულისხმობ დასაქმების პერსპექტივას? 

ესტონეთში ტექნოლოგიური სფერო ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული. შესაბამისად, სტუდენტებს ამ სფეროში დასაქმების დიდი შანსები აქვთ. არიან დიდი საერთაშორისო კომპანიები, რაც კარიერული განვითარების და საერთაშორისო გამოცდილების მიღების დიდ საშუალებას იძლევა. ასევე ყოველ წლიურად ყალიბდება ბევრი წარმატებული სტარტაპ ინიციატივა, რაც დასაქმების უფრო მეტ და მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა.

რა შეგიძლიათ ურჩიოთ მათ, ვისაც საზღვარგარეთ უნდა სწავლა? 

აუცილებელია, სწორად შეარჩიონ უნივერსიტეტი და ქვეყანა, იმის მიხედვით, რა სფეროში სურთ პროფესიული გამოცდილების მიღება. უნივერსიტეტის გარდა, ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც მოქმედებს პიროვნულ განვითარებაზე და ხელს გვიწყობს კარიერული წინსვლისთვის. ამიტომ, ქვეყნის და უნივერსიტეტის ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია.

უჩა ვეკუა Veriff-ში მუშაობს – „ჩვენ „ონლაინ“ ვერიფიკაციის პლატფორმას ვაშენებთ, რომელიც კომპანიებს თავიანთი მომხმარებლის გაცნობაში ეხმარება. ახლახან შევიცვალე დეპარტამენტი და მარკეტინგის მიმართულებით დავიწყე სტაჟირება როგორც Copywriter. სამსახურის გარდა, მაქვს პლატფორმა – Startup Adventures, სადაც ვქმნი კონტენტს სხვადასხვა საერთაშორისო სტარტაპ ინიციატივის შესახებ. ძირითადად ვაქვეყნებთ სტატიებს და ვწერთ პოდკასტის ეპიზოდებს. ამ პლატფორმაზე სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო სტუდენტია გაერთიანებული და ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნას და გამოცდილებას ამ სფეროში“.

ქეთი ტყეშელაშვილმა „ტალტეკის“ შესახებ, თბილისში, უმაღლესი სასწავლებლების პრეზენტაციაზე შეიტყო. აქ ჩაბარება კი სასურველი ფაკულტეტის, უნივერსიტეტის კამპუსისა და ესტონეთის, როგორც ტექნოლოგიების მიმართულებით დიდი შესაძლებლობების ქვეყნის გამო გადაწყვიტა.

ქეთი ტყეშელაშვილი: ესტონეთი ძალიან კომფორტული ადგილია სტუდენტისთვის. პირველ რიგში, უსაფრთხოა, არც ძვირია და არც ხმაურიანი. ამავდროულად, გამოირჩევა განათლების კარგი სისტემით.

რა მოგცათ „ტალტეკში“ სწავლამ? თქვენი მოლოდინები გამართლდა?

აქ ვისწავლე საერთაშორისო და ევროკავშირის სამართალი, კიბერუსაფრთხოების სამართალი. ახლა კარგად ვიცნობ რეგულაციებს ევროკავშირში. შემიძლია, ამოვიცნო, გავაანალიზო და გადავჭრა სასამართლო სისტემებში წარმოშობილი პრობლემები, ევროკავშირის და საერთაშორისო სამართლის დონეზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის უნარები, რომლებიც „ტალტეკში“ სწავლის პერიოდში შევიძინე და ისინი შეიძლება, დაიყოს ორ ნაწილად – რა მომცა საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლამ და რა მომცა უშუალოდ ჩემმა პროგრამამ. საზღვარგარეთ სწავლა ავტომატურად გძენს დამოუკიდებლობას, სიმამაცეს, გახსნილ გონებას და გიყალიბებს მსოფლმხედველობას. რაც შეეხება პროგრამას, საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის სწავლამ შემძინა არგუმენტირებული მსჯელობა, აზრის სწორად ჩამოყალიბება, პრობლემის ამოცნობა და გადაჭრა, ანალიზის უნარი.

„ტალტეკის“ კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივაზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?

პირადად მე, პირველი კურსიდან ვმუშაობ. უნივერსიტეტი, ამ მხრივ, ძალიან ხელს უწყობს სტუდენტებს – ლექციები ისეა განთავსებული, რომ ყველას რჩება დრო მუშაობისთვისაც და გართობისთვისაც. სამსახურებიც, აგრეთვე, ხელს უწყობენ დასაქმებულებს, ვინც უნივერსიტეტში სწავლობს.

რა შესაძლებლობები აქვთ ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ? რა შეგიძლიათ ურჩიოთ მათ, ვისაც სწავლის სხვა ქვეყანაში გაგრძელება სურს? 

მინდა აღვნიშნო, რომ ევროპელი სტუდენტები საზღვარგარეთ სწავლისთვის მეტად არიან მზად. ვფიქრობ, ამას განათლების სისტემა განაპირობებს, მათთვის უფრო ნაცნობია ეს ყველაფერი, ვიდრე ქართველი სტუდენტებისთვის. მე, ალბათ, გამიმართლა, რადგან ჩემმა სკოლამ საზღვარგარეთ სწავლისთვის საკმაოდ კარგად მომამზადა. რაც შეეხება რჩევებს – პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინონ, რომ ცხოვრება მოუწევთ საერთაშორისო და მულტიკულტურულ გარემოში. აუცილებელია, იცოდნენ, როგორ ადაპტირდნენ ახალ გარემოსთან. მათ, ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება სურს, ვურჩევდი, დახვეწონ უცხო ენები და გახდნენ დამოუკიდებლები. მოაგროვონ, რაც შეიძლება მეტი უნარი და ცოდნა იმ დარგთან დაკავშირებით, რის სწავლასაც აპირებენ.

ასეთია იმ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების გამოცდილება, ვისაც უკვე ჰქონდა საშუალება, „ტალტეკში“ მიეღო უმაღლესი განათლება. ახლა, როცა აბიტურიენტები საბოლოოდ იღებენ გადაწყვეტილებას და ავსებენ აპლიკაციებს სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ უნივერსიტეტებში, შესაძლოა, ეს ინფორმაცია, ბევრისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეებს „ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში“ ჩასაბარებლად, საბუთების გაგზავნა, 15 აპრილამდე შეუძლიათ.

 

[R]

ნახეთ: ადამიანის ზომის კინეტიკური სკულპტურა ქარში ცეკვავს!

როგორ შეისვენოთ უკეთესად, სამუშაო დღის განმავლობაში?