in

„ჩემი კარიერა ჩემი ჰობია“ – ბადას ამბავი უკრაინის ყველაზე დიდ გემბლინგ კომპანიამდე

„ბადა ვარ, თამარი არ ვარ. ცოტა დისკომფორტი მაქვს ხოლმე, ამ სახელს რომ მეძახიან და ასე ვხვდები, უკვე დრო არის, ამ ადამიანთან ურთიერობის სხვა ეტაპზე რომ სჯობს, გადავიდე“, – ინტერვიუს დროს, გამიზიარა „აჭარაბეთის“ მულტი-ჩანელ და ციფრული მარკეტინგის გუნდის ყოფილმა ლიდერმა, თამარ ბადაშვილმა და მიუხედავად იმისა, რომ თამარი უკვე ორჯერ ვახსენე, თავს ვალდებლად მივიჩნევ, წარგიდგინოთ, როგორც ბადა – სწორედ იმ სახელით, შინ და გარეთაც ასე რომ მიმართავენ.

თუმცა ახალი ამბავი ისაა, რომ ამიერიდან, ბადა ხდება ტამარა, ვინაიდან და რადგანაც, პატარა ქართველმა გოგომ, სულ რამდენიმე დღეა, უკრაინაში უშველებელი კომპანიის, ყველაზე დიდი გემბლინგ კომპანიის CMO-ს პოზიცია ჩაიბარა.

„ლინკდინზე“ დამიკავშირდნენ და ამით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ჯერ კიდევ, წინა წლის ბოლოს. მაშინ რასაც მთავაზობდნენ, მაინცდამაინც, ჩემთვის საინტერესო არ იყო, თუმცა იმასაც მპირდებოდნენ, შენთვის რამეს გამოვნახავთო და ასეც მოხდა. წარმოიდგინე, უკრაინა რამდენმილიონიანი ქვეყანაა და მათ ბაზებში რამდენი ინფორმაცია იქნება დაგროვილი. წესით, ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ცოტა შეშინებული მივდიოდი თავიდან, მაგრამ ახლა დავლაგდი. ვფიქრობ, მშვენიერი გამოწვევაა, – მიყვება ბადა.

ბადა, რომელიც დღეს, მონაცემთა მარკეტინგით, ე.წ. Data-Driven Marketing-ითა და ინოვაციებით არის გატაცებული და სფეროს გარშემო არსებულ რაც შეიძლება ბევრ ინფორმაციას ღრუბელივით ისრუტავს. ღრუბელივით, რომელიც ერთი მხრივ, მის პროფესიულ ინტერესებს, მეორე მხრივ კი – ჰობისაც იტევს. მოკლედ რომ ვთქვათ, მომხმარებლების მონაცემებით შემუშავებული სტრატეგია, რომელიც მათთვის ოპტიმალურ და მიზნობრივ შეთავაზებებს უზრუნველყოფს.

პროფესიულ არჩევანს რაც შეეხება, ბავშვობაში გამომძიებლობა კი უნდოდა, მაგრამ რაც ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად ხიბლავდა – კითხვების დასმა, ინფორმაციის კვლევა-ძიება და ხელშესახები, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ამ სიამოვნებას მონაცემთა მარკეტინგშიც მიაკვლია.

ხანდახან მგონია, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მხატვრული ლიტერატურის კითხვას, ხშირ შემთხვევაში, პროფესიულს რომ ვამჯობინებ ხოლმე. მაგრამ ვხედავ, რომ კონკრეტულად, სფეროს განვითარებაში წვლილი შემაქვს და ეს მერე დანაშაულის შეგრძნებას მიქრობს ხოლმე, – ამხელს ბადა.

თუმცა სანამ თავს იპოვიდა, მანამდე სულ სხვა ინტერესები ჰქონდა. დედისერთაა და მშობლებსაც რომ მისთვის ხშირად არ ეცალათ ხოლმე და რაღაც მომენტში, არც რომელიმე მეგობარი აღმოჩნდებოდა მის გვერდით, უბანში დაჯდებოდა და თოჯინებთან დისკუსიებს აბამდა. უფრო მეტიც, წარმოსახვითი და-ძმაც ჰყავდა და სიუჟეტიც ჰქონდა წარმოდგენილი, როგორ მიჰყავდა ისინი მეგობრებთან და აზრს ეკითხებოდა, მის ადგილას, კონკრეტულ სიტუაციაში, როგორ მოიქცეოდნენ.

ცოტა მოგვიანებით, სკოლის ასაკში, „პრობლემური მოსწავლე“ იყო. გაკვეთილების გაცდენა და ქალაქში რაღაცების აღმოჩენა იტაცებდა და ამით მით უფრო მეტად კმაყოფილი იყო, სხვებსაც თუ აიყოლიებდა ხოლმე. ძალიან ბევრ წრეზე დადიოდა, მათ შორის, კარატეზეც, სადაც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა და ფორტეპიანოზეც, საიდანაც აგდებდნენ. მოკლედ, თავისი ქცევით, აპროტესტებდა, ალბათ, სწავლების მეთოდს, გარემოს და სხვ. მანამ, სანამ ერთ დღესაც, მოუცლელი მშობლები სკოლაში არ დაიბარეს და უთხრეს, რომ ბადა სხვაგან უნდა გადაეყვანათ.

მე-8 კლასში ვიყავი, რომ გამომიშვეს. დედას ურჩიეს, კერძო სასწავლებელში გადავეყვანე და ასე მოვხვდი ქართულ-ამერიკულ სკოლაში. ისეთ გარემოში მოვხვდი (და გარემოს ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შენც როგორ მოიქცევი) – ძალიან ჭკვიანი ბავშვები იყვნენ, ძალიან კარგი განათლებით და მრცხვენოდა ხოლმე, მათზე ნაკლები მცოდნოდა. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მერე საბოლოოდ, წარმატებით დავამთავრე სკოლაც.

როგორც ამბობს, მის პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაში დამოუკიდებლობამ დიდი როლი ითამაშა. მშობლებისგან ფინანსური მხარდაჭერა და მაქსიმალური ნდობა ჰქონდა და გზასაც მარკეტინგამდე თვითონვე მიაკვლია. ასე აღმოჩნდა CSB-ში მარკეტინგული კვლევების სატესტო ფაკულტეტზე და როგორც აფასებს, აქ სწავლამ გარდამტეხი როლი ითამაშა ბადას ცხოვრებაში: „იმიტომ, რომ მარკეტინგი და ეს რიცხვები ერთმანეთთან რომ დავაკავშირე, მერე მივხვდი, რომ რისი თვლაც აქამდე არ წარმომედგინა, საერთოდ ბუნებაში რომ შესაძლებელი იქნებოდა, უცბად აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი თვლადია და შეგიძლია, რიცხვებში გამოსახო“.

საქართველოს გარდა, ისწავლა პორტუგალიაში (ფინანსების კუთხით), ბელგიასა (Marketing Project Management – მაგისტრატურა) და რუსეთში: „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იყო, ვიფიქრე, რომ ძალიან ბევრ სარგებელს მივიღებდი, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის გამოვიყენებდი. რეალურად, რუსეთი ყველაზე ახლოს იყო საქართველოსთან, ამ შემთხვევაში, არა ლოკაციით, არამედ იმით, რომ მაინც უფრო ერთნაირი პრეფერენციები გვაქვს“.

მგონია, რომ მთელი მარკეტინგის ხერხემალი მაინც ამ არხებსა და მონაცემებზე დგას და ვფიქრობ, სწორად გადავდგი პროფესიული ნაბიჯები. თუმცა იმ დროს, ეს ყველაფერი გაანალიზებული არ მქონდა. ჩემს შეგრძნებებს მივყვებოდი და კმაყოფილი ვარ.

მარკეტინგი რომ ზუსტად ის სფერო იყო, რომელიც მაინტერესებდა…
ამაში „მისტერ რექსის“ პროექტმა დამარწმუნა. ზუსტად მაშინ გადავედი GPI Holding-ში სამუშაოდ.

სფეროზე ჩემს გავლენას მივხვდი…
ალბათ, „ვივუსში“ მუშაობის პერიოდში. როდესაც რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ იმ ცოდნას, რომელიც მე მქონდა, ბაზარზე იმ მომენტისთვის არავინ ფლობდა. ყველასთვის სიახლე იყო და ვხვდებოდი, რომ ოქრო მეჭირა ხელში.

თან ისიც მომწონდა, სხვებს რომ ვუზიარებდი. აღმოვაჩინე, რომ ამ ცოდნით თავს ძალიან კოფორტულად ვგრძნობდი და ბევრი სასარგებლო რამის გაკეთება შემეძლო. ვაკეთებდი და თან ვხედავდი, მონაცემები როგორ კონვერტირდებოდა ბიზნესისთვის სასარგებლოდ.

ჩემი აზრით, ამ სფეროში, მთავარი არის…
პირველ რიგში, მოთმინება. იმიტომ, რომ ის შედეგები, რომელსაც ელოდები, მალე არ მოდის;

და ცნობისმოყვარეობა – თუნდაც, „გუგლის“ შემთხვევაში, იმდენად ხშირად იცვლება ხოლმე ლოგიკები, რომ თუ სიახლეებს ყოველდღიურად არ ეცნობი, დიდი შანსია, ისეთი საქმე გაგიფუჭდეს, გვიან რომ მიხვდები და თან ეს დამატებით ხარჯებზეც აისახება.

რა გავაცნობიერე, დროსთან ერთად….
რაც დრო გადის, უფრო მეტად ვაანალიზებ, რომ საქმეში დიპლომატია და ემოციების კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. ემოციური ინტელექტი არის შეუცვლელი რამ წარმატების მიღწევის პროცესში. და პასუხისმგებლობები რაც მომემატა, მივხვდი, რომ ამაში ძალიან დიდი რესურსი უნდა ჩავდო.

ასევე, მივხვდი იმას, რომ როცა ვიცი, რამეს ვერ მოვახერხებ, უარი თავიდანვე ვთქვა.

გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ყველაზე მეტად გამიჭირდა…
ეს ბოლო მახსენდება. ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა „აჭარაბეთის“ გუნდის დატოვება. ორ წელიწად-ნახევარი ვიმუშავე ამ ადამიანებთან ერთად. თავიდან 3 ვიყავით და ბოლოს, 20-დე გავიზარდეთ. თან პირადშიც ბევრი ცუდი დამემთხვა – მამა გარდამეცვალა და მიჭირდა კიევში გადასვლის გადაწყვეტილების მიღება.

ჩემზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს…
ჩემს გადაწყვეტილებებზე ჩემი მეუღლე ახდენს ყველაზე დიდ გავლენას. ასე პირდაპირ არასდროს არაფერს მირჩევს და მეუბნება. თუნდაც, ამ ცვლილების დროს, არ უთქვამს, შემოთავაზება მიმეღო, თუ არა, მაგრამ იმდენად სწორ შეკითხვებს მისვამს ხოლმე, ბუნებრივად მივყავარ სწორ გადაწყვეტილებამდე. ზოგადად, ყველაზე დიდ მოტივაციასა და მხარადჭერას მისგან ვგრძნობ.

ამ პერსპექტივიდან, რომ შემეძლოს, რას შევცვლიდი…
უფრო მეტი კომუნიკაცია მექნებოდა მშობლებთან. 

ბავშვობიდან მენატრება…
ბევრი ემოცია მენატრება ბავშვობიდან.

პროფესიული ლიტერატურის გარდა, მიყვარს…
სპორტი და ფიზიკური აქტივობა. სპორტი არის ის, რაც სტრესს მიხსნის ხოლმე. ახლა, მაგალითად, ლონგბორდით დავიწყე სიარული, ზამთარში სნოუბორდით ვსრიალებ ხოლმე.

და კიდევ მიყვარს მანქანაში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის როკ-ოპერიდან არიების ფრანგულად მღერა. დედამ შემაყვარა და ყველა ტექსტი ზეპირად ვიცი.

ერთგან ამოვიკითხე, მოგვიწოდებ, რომ არასდროს შევწყვიტოთ კითხვების დასმა!
ბავშვობიდან ხომ ვიწყებთ კითხვების დასმას და ამის საფუძველზე ყალიბდება ჩვენი პიროვნება. ჩვენი პიროვნების ფორმირებაზე ცნობისმოყვარეობა დიდ გავლენას ახდენს. მგონია, იმავე რაოდენობის კითხვას, საკუთარ თავს მაინც, სულ უნდა ვუსვამდეთ და ზუსტად ასე, სწორი შეკითხვების დასმით, ცხოვრებაში სწორ ადამიანებამდე მივალთ და პიროვნულად თუ პროფესიულადაც ყველაზე მეტად ეს განგვავითარებს.

რა იქნება კიევის შემდეგ… 
ძალიან საინტერესოა ის, რომ რაზეც ვოცნებობ ხოლმე, ის მალევე სრულდება. როდესაც „ჯიპიაში“ ყოფნისას მინდოდა „ვივუსში“ მუშაობა, ჩემით არც მიცდია, თავისით დამიკავშირდნენ და პოზიციაც სასურველი აღმოჩნდა – მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი უნდა ვყოფილიყავი. მერე, რეგულაციების გამო, დაღმასვლა რომ დაიწყო, ვფიქრობდი, რომ გემბლინგში მინდოდა და შუალედში, „კრედო ბანკის“ გავლით, „აჭარაბეთში“ მოვხვდი. აქაც, ბოლოს უკვე მაინტერესებდა, სად იქნებოდა ჩემი შემდეგი გაჩერება და გამოჩნდა კიევი. აი, ჯერჯერობით, მერე რა იქნება, არ ვიცი.

ჩემი კარიერა ჩემი ჰობია და აქედან გამომდინარე, მაქვს რეკომენდაცია – თუ ხვდები, რომ იმის გადადება შეგიძლია, რასაც ახლა აკეთებ, მაშინ დიდი ალბათობაა, რომ ეს საქმე აღარ გაინტერესებდეს, – ბადა.

 

ავტორი: თიკა გეგენავა

ლიკა ბერუაშვილი – #პირველისამსახური

200 რეგისტრირებული და 70 მონაწილე – NASA Space Apps Challenge Tbilisi დღეს იწყება