არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ბავშვობიდან იციან, თუ ვინ უნდა გამოვიდნენ. ამაში ჩვენი რესპონდენტიც გვეთანხმება და გვიმხელს, რომ თავადაც ჰყავს ბავშვობის მეგობარი, რომელმაც იმ დღიდან, რაც ლაპარაკი ისწავლა, იცოდა, რომ მსახიობობა უნდოდა და გამოვიდა კიდეც. თვითონ კი, იმის მიუხედავად, რომ ბევრ წრეზე დადიოდა და საკმაოდ მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, ზუსტად არ იცოდა, თუ რა პროფესიას აირჩევდა. საკუთარი თავის მუდმივი ძიებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის პროცესი, როგორც ჩანს, ბავშვობიდან სდევს, რადგან ახლაც კი, როცა უკვე პროფესიულად შემდგარი ადამიანია, არ გამორიცხავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება პროფესიის შეცვლასა და ახალი სამყაროს აღმოჩენაზეც იფიქროს. მისი აზრით, თუ ადამიანი ჩერდება და ახალ მისწრაფებებზე აღარ ფიქრობს, ეს ცუდის ნიშანია.
ჩვენი რესპონდენტია თამარ ცინცაძე, აწ უკვე ფრილანსერი ბრენდის და კომუნიკაციების კონსულტანტი, ლექტორი და კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ს აღმასრულებელი მენეჯერი.
„მე 90-იანების ბავშვი ვარ (ანუ დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ) და განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობ ჩემს დაბადების წელთან. გარდა იმისა, რომ დამოუკიდებელი საქართველოც თითქმის ჩემთან ერთად დაიბადა და ერთი ასაკის ვართ, მგონია, რომ ჩემს თაობას უნიკალური წვრთნა აქვს გავლილი. ბავშვობის პირველი ათი წელი გავატარეთ მეოცე საუკუნის უკანასკნელ წლებში (ძალიან უცნაურად ჟღერს, არა?) და გადავედით ახალ საუკუნეში, სადაც ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა ის, რამაც სრულიად შეცვალა სამყარო – ინტერნეტი. ჩვენც არ დავიბენით და სწრაფად გავიარეთ ადაპტაცია. სწორედ ამის გამო მაქვს განცდა, რომ ჩვენს თაობას სიახლეებთან სწრაფად ადაპტირების უნარი აქვს გამომუშავებული და მომავალს, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი თუ სხვა რამ, შიშით არ ვუყურებთ”, – თამარ ცინცაძე.
21 წლის ასაკში, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, თამარ ცინცაძემ ჯერ არ იცოდა, რომ სულ მალე, ერთ-ერთ წამყვან სარეკლამო სააგენტოში დაიწყებდა მუშაობას და მისი კარიერული განვითარება სულ სხვა გეზს აიღებდა.
სოციოლოგობა შემთხვევით არ აურჩევია პროფესიად, ყოველთვის მოსწონდა ინდივიდებზე, როგორც სოციალურ არსებებზე დაკვირვება, მათი კოლექტიური ინტერაქციისა და ქცევის შესწავლა, კვლევის მეთოდები, თუმცა, ხომ იცით, ყოველთვის იმ პროფესიით ვერ ვაგრძელებთ კარიერას, რომელიც დიპლომში გვაქვს მითითებული. ეს კი ზოგჯერ ცუდი არ არის, პირიქით, შეიძლება ძალიან წარმატებული გზაც გამოდგეს. ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაში მოხდა. მით უმეტეს, რომ სოციოლოგია იდეალურად ერწყმის და ამდიდრებს რეკლამას.
როგორც თავად თამარი გვიყვება, სარეკლამო სფეროში შემთხვევით მოხვდა და ეს „სწორ დროს, სწორ ადგილას” ყოფნის იდეალური ისტორიაა.
ზუსტად მაშინ, ზემოთ აღწერილ სიტუაციაში, მასთან მეგობარი მივიდა და უთხრა, რომ სადღაც, Windfor’s-ში ვაკანსიაა გამოცხადებული. სადღაც იმიტომ, რომ მაშინ ეს სააგენტო გაგონილიც კი არ ჰქონდა, თვითონ Windfor’s-იც მაშინ 8 წლის შექმნილი იყო და ყალიბდებოდა იმ სტრუქტურირებულ სააგენტოდ, რომელსაც დღეს ვიცნობთ.
თამარი სწორედ იმ დროს მივიდა იქ, როცა ეს ფორმირება ორივე მხარისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. თამარი ახალ პროფესიას დაეუფლა, სააგენტომ კი ერთ-ერთი გამორჩეული კადრი იპოვა, რომელიც მომდევნო 9 წლის განმავლობაში Windfor’s-ის წარმატებების სათავეში იდგა, რა თქმა უნდა, მთელ გუნდთან ერთად.
პირველი პროექტი, რომელზე მუშაობაც დაიწყო, თბილისი მოლის სოციალური მედიის მენეჯმენტი იყო. მაშინ ეს სივრცე პირველად იხსნებოდა და მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია იყო საჭირო. თავის მხრივ, ახალი ხილი იყო სოცმედია, როგორც სპეციალობაც.
„წარმოიდგინეთ, ეს ის პერიოდი იყო, როცა ჯერ კიდევ არ გჭირდებოდა პოსტების რეკლამაზე გაშვება. მთავარი კონტენტის შექმნა იყო. მახსოვს, რომ ჩემი მაშინდელი ყოველდღიურობა ტაბიძის ოფისიდან თბილისი მოლამდე და უკან, ოფისში გზისგან შედგებოდა, მინდოდა ყველა დეტალი თავად შემემოწმებინა და ნაკლები მენერვიულა.
აქედან მალევე გავხდი ექაუნთ მენეჯერი. ამ პოზიციაზე ჩემი პირველი კლიენტი „ჯიპიაი ჰოლდინგი” იყო, ვფიქრობ გამიმართლა პირველ კლიენტშიც და ზოგადად ამ სააგენტოში მოხვედრაშიც, სადაც პროფესიასთან ერთად, უამრავი მეგობარი შევიძინე”, – თამარ ცინცაძე.
სრულ განაკვეთზე მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, ბოლო წელიწადნახევარია, ფრილანსერობაზე გადავიდა. საყვარელ საქმეებს ამჟამად სახლიდან, ზოგჯერ ოფისიდან, ზოგჯერ კი მისთვის კომფორტული ნებისმიერი სხვა სივრციდან აკეთებს. ამ ცვლილების გამო მისი ყოველი დღე განსხვავებულია, თუმცა ორი მნიშვნელოვანი ნაწილისგან მაინც შედგება: მუშაობა და მორჩენილი დროის სასიამოვნოდ გატარება. თამარს დატვირთულ პროექტებთან ერთად ინტერესებიც საკმაოდ მრავალფეროვანი აქვს.
„ზოგადად, ენერგიის განახლება აუცილებელია ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის და ჩემთვის – რომ ფუნქციონირება შევძლო. Მოგზაურობა, ფესტივალები, გრძელი ვიქენდები – მიყვარს, მაგრამ ბუნებით ინტროვერტი ვარ და ბევრი კომუნიკაცია უახლოეს მეგობრებთანაც კი ძალას მაცლის, ამიტომ პერიოდულად მჭირდება რამე მშვიდი აქტივობით დაკავება, ცოტა ხნით მარტო ყოფნა, რამის ყურება, მუსიკის მოსმენა, თეატრში წასვლა, duolingo-ში რომელიმე უცხო ენის სავარჯიშოების კეთება.
მაგალითად, მუზეუმებში და გალერეებში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. საათობით შემიძლია ვიჯდე და ვუყურო საყვარელ ან ახალ ნამუშევარს. მარტოც ხშირად მივდივარ ხოლმე.
პარალელურ რეალობაში (მგონი, ბევრ მარველს ვუყურებ), ალბათ გალერიის კურატორი ვარ. სხვათა შორის, კიევში ცხოვრებისას სპეციალური კურსიც გავიარე და რეალური გამოფენაც მოვაწყვე, რამაც ძალიან გამაბედნიერა.”
გამოცდილ ექაუნთ მენეჯერს ბევრი საყვარელი პროექტი აქვს, თუმცა ჩვენი თხოვნით, რამდენიმე მაინც გამოარჩია:
„როცა საყვარელ პროექტზე გეკითხებიან, ტვინი ავტომატურად რამდენიმე კრიტერიუმზე იწყებს ფიქრს და სადაც ეს კრიტერიუმები იკვეთება, ის პროექტი ამოტივტივდება ხოლმე.
რამდენად საინტერესო/სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი? რამდენად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მანამდე გამიკეთებია? შეასრულა თუ არა თავისი ამოცანა?
ერთ-ერთ ასეთ პროექტად Dze_Georgian Project-ს გამოვყოფ, რომელიც „ვინდფორსში” მუშაობისას შევქმენით. ჩვენი ამოცანა იყო საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო ძეგვის თავშესაფრისკენ და შეგვეხსენებინა რომ ქველმოქმედება მხოლოდ დღესასწაულებზე არ უნდა გვახსენდებოდეს. გადავწყვიტეთ ეს არასტანდარტული გზით გაგვეკეთებინა.
მეორე პროექტია სერიალ The Walking Dead-ის პრომო კამპანია, რომელიც წლების წინ გავაკეთეთ „კავკასუს ონლაინთან” ერთად. ეს პროექტი თავიდან ბოლომდე დამკვეთს და სააგენტოს შორის არსებულ ნდობაზე იყო დაფუძნებული და ერთად ვიღებდით რისკიან და გაბედულ გადაწყვეტილებებს. Შედეგიც ისეთი იყო, როგორც ასეთ დროს დგება ხოლმე.
დამატებით კი ეს პროექტი გახდა ჩვენი პირველი შორთლისტი კანის ლომების ფესტივალზე Entertainment-ის კატეგორიაში.
მესამე კი იყოს ჩემი პირველი პროექტი, რომელიც არა სააგენტოს, არამედ დამკვეთის მხარეს მუშაობისას შევასრულე. ეს არის უკრაინული ღვინის ბრენდინგი, რომლის უკან ღირებულებებსა და ეროვნულობაზე დაფუძნებული ისტორიაა. ამ პროექტის კეთებისას ბევრი რამ ვისწავლე ღვინოზე, უკრაინაზე და კლიენტის მხარეს მუშაობაზე, ამიტომ არის ის ჩემთვის განსაკუთრებული. ომის შემდეგ კი „ლელეკამ” კიდევ დამატებითი ღირებულება შეიძინა უკრაინელებისთვის და დღეს ის ძალიან უყვართ”, – თამარ ცინცაძე.
თამარი იმასაც გვიზიარებს, რომ ადამიანები, ვინც შორიდან უყურებენ სარეკლამო ინდუსტრიას, ხშირად არომანტიზებენ ამ სფეროს და ის ძალიან მარტივი და მიმზიდველი ეჩვენებათ, მაშინ როცა სინამდვილეში ეს საკმაოდ დიდ შრომასა და გამძლეობას მოითხოვს, ხშირად გათენებულ ღამეებსაც და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოქნილობას, ღიაობას ახალი და არასტანდარტული იდეების მიმართ, გუნდურობას, დიპლომატიას და სხვა უამრავ პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევას.
„ზოგადად, სააგენტოში მუშაობაზე თუ რეკლამის ავკარგიანობაზე უამრავი აზრი არსებობს, მარკეტინგის როლსაც სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ, ზოგჯერ არც მთლად პოზიტიურს.
მე კი მგონია, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც ამდენი გლობალური თუ ლოკალური პრობლემაა, პასუხისმგებლობიანი ბრენდების და გაბედული, გულანთებული მარკეტერების არსებობა არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი, როგორც ახლაა. სწორედ მათ ხელშია სადავეები, რომ ბიზნესების ტრანსფორმაციით და კრეატივის ძალით რაღაც შეცვალონ უკეთესობისკენ. მარკეტერების მიერ ინიცირებული ამგვარი პოზიტიური ცვლილებების ქეისები უამრავი არსებობს და ჩემთვის სწორედ ამის გამოა მიმზდიველი ეს ინდუსტრია”, – თამარ ცინცაძე.
თამართან საუბრისას, რა თქმა უნდა, Ad Black Sea-საც ვერ ავუარეთ გვერდი. ეს ხომ ის ფესტივალია, რომელიც სარეკლამო ინდუსტრიაში მომუშავე, თუ უბრალოდ დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალი წელივით არის. თამარი გვესაუბრა მის არა მხოლოდ ინდუსტრიულ მნიშვნელობაზე, არამედ იმ როლზეც, რომელსაც ის ასრულებს ქვეყნის განვითარებაში.
„სხვათა შორის, პირველ „ედ ბლექ სიზე” მეც სტუმარი ვიყავი და ფანტასტიკურად გავატარე დრო, სემინარებსაც მშვიდად ვუსმენდი და საღამოს პროგრამასაც არ ვტოვებდი. აი, მომდევნო წლიდან კი არცერთი ჩემი ზაფხული და სექტემბერი მშვიდი აღარ არის. ფესტივალის დღეები განსაკუთრებით სტრესულია, მაგრამ ეს არის ყველაზე სასიამოვნო ქაოსი და სტრესი.
ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ ფესტივალის ორგანიზება. ვფიქრობ, რომ ედ ბლექ სის არსებობა არა მხოლოდ ჩვენი ინდუსტრიის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.
გარდა იმისა, რომ ჩვენ ვსწავლობთ ძალიან ბევრს უცხოელი, გამოცდილი და მაღალი კლასის პროფესიონალებისგან, ყველაზე მეტად მაინც ის ნაწილი მომწონს რომ მათთვისაც აღმოჩენებითაა სავსე საქართველოში ვიზიტი. თავიდან ცოტა სკეპტიკურად განწყობილები, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან ბათუმიდან და თავიანთ კოლეგებს უზიარებენ, თურმე როგორი საინტერესო ქვეყანაა საქართველო და როგორი პერსპექტიული ინდუსტრია გვაქვს. მომდევნო წელს მათი კოლეგები თვითონ გვწერენ რომ მოვიწვიოთ სპიკერებად.
ისე, ბევრს უთქვამს რომ განსაკუთრებული აურაა ჩვენს ფესტივალზე და ზოგადად ინდუსტრიაში. ეს მართლაც ასეა, არსად არ გულშემატკივრობენ ერთმანეთს კონკურენტი სააგენტოები ისე, როგორც ჩვენთან.“
საუბრის ბოლოს კი, თამარს ინდუსტრიის ახალი გამოწვევების შესახებ ვთხოვეთ კომენტარი.
„სარეკლამო ინდუსტრია, მუდმივად გამოწვევების წინაშე დგას, რადგან ვალდებულია ყველაზე სწრაფად რეაგირებდეს გლობალურ ცვლილებებზე, ითვალისწინებდეს ბრენდებისა და მომხმარებლების ახალ საჭიროებებს, ფეხს უწყობდეს ტექნოლოგიურ წინსვლას, სულ მოძრაობაში უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ახლა ნამდვილად არ არის ყველაზე მარტივი წლები. საქართველოშიც ასეა.
ზოგადად, შეგრძნება მაქვს, რომ პანდემიის მერე, ინდუსტრია ბოლომდე ვერ ჩადგა ფორმაში, რაშიც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ნამდვილად ვერ ეხმარება.
ასევე, მგონია, რომ ფრილანსერობის კულტურის ზრდამაც იქონია გავლენა, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც სურთ არა კორპორაციულად, არამედ დამოუკიდებლად აკეთონ პროექტები. გაიზარდა ზეტ თაობაც და მათ სხვანაირი მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლის მიმართ.
ისტორიას თუ გადავხედავთ, სარეკლამო ინდუსტრია გარკვეულ ცვლილებებს მუდმივად განიცდიდა.
მაგალითად კრეატიული რევოლუცია, შემდეგ ციფრულმა სამყარომ ამოატრიალა ყველაფერი და შესაძლოა სწორედ ახლა ვიყოთ ახალი ეპოქის დასაწყისში, ამას დრო გვიჩვენებს.
ზოგადად, ხელოვნური ინტელექტზე იმდენს საუბრობენ ყველა კონფერენციაზე, რომ ცოტა მოსაწყენიც გახდა. თუმცა ეს უდავოდ არის რაღაც ახლის დასაწყისი. მე იმ ადამიანების უფრო მჯერა, ვინც ამბობს რომ ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაგვანაცვლებს და სამუშაო ადგილებს წაგვართმევს, არამედ შეგვცვლიან ის ადამიანები, ვისაც ეცოდინება ამ ახალი ხელსაწყოების ეფექტურად გამოყენება. ასე რომ, სწორი დროა ტექნოლოგიებთან კიდევ უფრო დასამეგობრებლად.”
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი