15
Aug
2018

ტატუ, რომელსაც თავმოყვარე ტატუ არტისტი არასდროს გააკეთებს, ანუ ხარისხიანი მომსახურება – თამარ ცინცაძის #აზრები

15 Aug 2018



როცა მთხოვეს, დამეწერა ხუთ პერსონალურ წესზე, რომლითაც საქმის კეთებისას ვხელმძღვანელობ, მხოლოდ ერთი წესი, ერთი სიტყვა მიტრიალებდა თავში – გულწრფელობა. ეს ღირებულება ჩემთვის პირად ცხოვრებაშიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, მით უმეტეს, რომ სარეკლამო ინდუსტრიაში ვმუშაობ და მთლიანად ამ დარგის გულწრფელობა დგას ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ არც ისეა საქმე, როგორც გარედან ჩანს. ყოველთვის ვცდილობ, მხოლოდ ისეთ პროექტს მოვკიდო ხელი, რომლისაც მჯერა და რომელიც ჩემს ღირებულებებს არ ეწინააღმდეგება და ეს არჩევანი ყველას აქვს. თუმცა ახლა დამკვეთსა და სააგენტოს შორის არსებულ გულწრფელ ურთიერთობაზე ვისაუბრებ – რაც, უშუალოდ, მე მეხება.

თამარ ცინცაძე – „ვინდფორსის“ კლიენტების მომსახურების დირექტორი

ამ ჩანაწერის კეთების პარალელურად, პატარა კვლევას ვატარებდი ტატუების შესახებ. ტატუს გაკეთება გადავწყვიტე და ასეთი ნაბიჯის გადადგმისას კარგად თუ არ დაფიქრდი, შეიძლება მთელი ცხოვრება ინანო, ამიტომ  საფუძვლიანი კვლევა-ძიება დავიწყე, როგორი მელანი ჯობია, თბილისში ვინ არის საუკეთესო და ა.შ. ამასობაში, ერთ სტატიას გადავაწყდი, სადაც ცნობილი ტატუ არტისტებისა და მათი პრინციპების შესახებ ეწერა. კერძოდ, ის შემთხვევები იყო ნახსენები, როცა ისინი თავიანთ კლიენტებს უარს ეუბნებიან მომსახურებაზე. სიტუაცია მეცნო, ჩვენთანაც ხდება ხოლმე ასე და ძალიან კარგად ესადაგება იმას, რისი თქმაც მინდა.

სააგენტოსა და დამკვეთს შორის ურთიერთობის დროს, „კლიენტი ყოველთვის მართალია“ არ მუშაობს. ჩვენ ფულს ფიქრში გვიხდიან და ამ ფიქრის შედეგად, ბიზნესისთვის წარმატების მომტანი იდეების შეთავაზებაში. და თუ მიგვაჩნია, რომ დამკვეთის მიერ არჩეული გზა მიზნისკენ არასწორია, ჩვენი ვალია, სწორი გზა ვაჩვენოთ, იმის მიუხედავად, გაითვალისწინებს, თუ არა.

აი, მაგალითად, ისეთი შემთხვევაც მახსენდება, როცა ერთ-ერთ ბრენდს ახალი პროდუქტის გამოშვება გადავაფიქრებინეთ, რადგან ეს პროდუქტი ვერაფრით მოიკიდებდა ფეხს ბაზარზე და არასწორი ინვესტიცია იქნებოდა. რა თქმა უნდა, შეგვეძლო, ამ პროდუქტის ბრენდინგზე გვემუშავა და ამაში კარგი ჰონორარი აგვეღო, მაგრამ მაშინ ჩვენს პრინციპებს ვუღალატებდით.

ვფიქრობ, ბევრად მარტივია, დამკვეთს გულწრფელად უთხრა: „ჩვენ ამ დაკვეთას ვერ შევასრულებთ“, „ვფიქრობთ, არასწორად გაქვთ ამოცანები დასმული“, „ეს შედეგი ამ ბიუჯეტით მიუღწეველია“, „დროის ამ პერიოდში რესურსი არ გვეყოფა, სრულყოფილად მოგემსახუროთ“, „ეს გადაწყვეტა არასწორია და დააზიანებს თქვენს ბრენდს გრძელ ვადაში“, ვიდრე ნებისმიერ ფასად აიღო ნებისმიერი ახალი შეკვეთა და საბოლოოდ, უკმაყოფილო კლიენტი გაისტუმრო.ტატუ არტისტებს დავუბრუნდეთ. გთავაზობთ მოკლე ჩამონათვალს, როდის ამბობენ უარს მომსახურებაზე (www.bustle.com-ის მიხედვით):

არაფხიზელი მდგომარეობა
ნამდვილი პროფესიონალი არასდროს დათანხმდება კლიენტს ტატუს გაკეთებაზე, თუ ის არაფხიზელ მდგომარეობაშია. შედეგი ყველასთვის გასაგებია.

ეს, ალბათ, იმ შემთხვევას ჰგავს, როცა კლიენტი მოდის ჩვენთან დავალებით, საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის დახარჯვა აქვს განზრახული მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად, თუმცა არ აქვს გაკეთებული ბაზრის სიღრმისეული ანალიზი, არ აქვს გააზრებული რეალური მიზნები, არ აქვს გრძელვადიანი სტრატეგია და არ იცის, როგორ გაზომავს შედეგებს.

ტატუ ხელის მტევანსა და თითებზე
იმის მიუხედავად, რომ ხელის ტატუ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია, ზოგიერთი არტისტი უარს ამბობს სხეულის ამ ნაწილის ტატუირებაზე, რადგან ყველაზე ადვილად სწორედ აქ ფუჭდება ნამუშევარი. ფერი ეკარგება, ცვდება და არასასიამოვნოდ გამოიყურება, გაკეთებიდან მოკლე დროში.

ისევე, როგორც კამპანიის დროს, არასწორად შერჩეული საკომუნიკაციო არხი, სამიზნე აუდიტორიის გაუთვალისწინებლად, უაზროდ დახარჯული ბიუჯეტია და მეტი არაფერი. სწორი ადგილის შერჩევა კამპანიისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ტატუსთვის.

არასრულწლოვნები
ერთ-ერთი ცნობილი ტატუ არტისტი, სთხოვს არასრულწლოვნებს, თავი არ შეიწუხონ პირადობების გაყალბებითა და უბრალოდ, დაელოდონ ასაკს, როცა გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ.

არასრულწლოვან ასაკში მიღებული გადაწყვეტილება შეგვიძლია, ახლად შექმნილ ბრენდს შევადაროთ, რომელიც რეალურად, ჯერ მზად არ არის, მომხმარებელთა მოთხოვნა დააკმაყოფილოს და კარგი სერვისი შესთავაზოს, მაგრამ მაინც იწყებს კომუნიკაციას და ამით ყველაფერს აფუჭებს სამომავლოდ.სახე
გარდა იმისა, რომ სახის კანი არ იძლევა ხარისხიანი ტატუს გაკეთების საშუალებას, ზოგიერთი არტისტი მიიჩნევს, რომ სხეულის ეს ნაწილი წმინდაა და მასთან შეხება არ შეიძლება.

სახე, ალბათ, ბრენდის იმიჯია და მას ყველაზე მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ადამიანებს ერთი ცუდი ამბავი უფრო დიდხანს ამახსოვრდებათ, ვიდრე ათი კარგი.ამასობაში, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ალტერნატიული გზა ყოველთვის იარსებებს. აუცილებლად იარსებებენ ისეთი ტატუ არტისტები, ვინც უპრობლემოდ დაგაწერენ გულზე შეყვარებულის სახელს, სახეზე იაპონურ იეროგლიფებს და ორივეს ერთად – არაფხიზელ მდგომარეობაში, თუ საკმარისი რაოდენობის ფულს გადაიხდი.

ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, მაგრამ შეგიძლია, იყიდო კარგი რჩევა, რომელიც ისეთ შეცდომებს აგარიდებს, რომელთა გამოსწორებაში ბევრად მეტი ფულის დახარჯვა მოგიწევს.

განხილვა