4
Feb
2020

8 თებერვალს Untitled Gallery Tbilisi-ში თამარ გიორგაძის გამოფენა “ანამნეზი” იხსნება

4 Feb 2020

გამოფენა: ანამნეზი | Anamnesis

როდის: 8 თებერვალი – 27 თებერვალი

სად: Untitled Gallery Tbilisi

თამარ გიორგაძე: ‘ანამნეზი’ – ეს დაავადების ზოგადი მახასიათებლებისა და ადამიანის შეგრძნებების ერთობლიობაა. ფაქტობრივად, ისტორიაა, სადაც ერთი ამბავი როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ხედვითაა წარმოდგენილი. თვითონ ნამუშევრების სერია ‘ანამნეზი’ ჩვენი მეხსიერების მივიწყებულ, ტრამვულ მოგონებებს უკავშირდება, რის ინსპირაციადაც საბჭოთა პერიოდის ძველი საოჯახო ფოტოალბომები და იმდროინდელი შაბლონები იქცა. ნამუშევრებიც, რომლებიც გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი, ერთგვარი ვიზუალური ანამნეზია, სადაც სუბიექტური და იდეოლოგიური რეალობები ერთიანდება. გამოფენა 8 თებერვალს გაიხსნება Untitled Gallery-ში და 27 თებერვლამდე გაგრძელდება.

თამარ გიორგაძე მხატვარი/ვიზუალური არტისტია თბილისიდან. 8 თებერვალს დაანონსებულ გამოფენამდე, გადავწყვიტეთ,  უკეთ გაგვეცნო ის თქვენთვის და მოგვეყოლა, რა იმალება მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი თბილი ფერებისა და ფორმების, სიმარტივისა და საოცარი გრადაციების მიღმა..

“რა ასაკიდანაც მახსოვს საკუთარი თავი, ზუსტად იქიდანვე მახსოვს ისიც, რომ ვხატავდი. ხატვის პროცესი ყოველთვის მახარებდა და აზარტით მავსებდა. თითქოს სულ ვიცოდი მხატვარი რომ უნდა ვყოფილიყავი.. ვფიქობ ხოლმე, რამ განაპირობა ეს არჩევანი, იმან ხომ არა, ხშირად რომ მაქებდნენ, აღნიშნავდნენ, რომ “კარგად ვხატავდი” და მსიამოვნებდა.. მინდა ვიფიქრო, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი და სხვა, უფრო კეთილშობილურმა მოტივებმა იმოქმედა..”

ხატვით გატაცებულმა ჯერ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა ფერწერის განხრით. შემდეგ კი, ბრიუსელში LUCA-ს ხელოვნების სკოლაში სწავლობდა სამაგისტრო პროგრამაზე ტრანსმედია არტის მიმართულებით. როგორც გვიყვება, გარკვეული მიზეზების გამო იქ სწავლა არ დაუსრულებია და თბილისში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტი წელი სწავლობდა აქ, თვლის, რომ იქაური განათლება მისთვის ყოველმხრივ გადამწყვეტი იყო – პირველ რიგში, მენტალურად.

“სწავლის თვალსაზრისით, ხატვა/ფერწერის გარდა, სხვა, უფრო თანამედროვე მედიუმებს შევეხე, ეს მრავალფეროვნება გიბიძგებს, უფრო ‘დიდი სურათით’ დაინახო თემა და იდეის განხორციელება.. აღქმაც ნაკლებად დანაწევრებული ხდება.”

M: როგორ ფიქრობთ, რატომ იქცა ხატვა თქვენი თვითგამოხატვის ყველაზე მისაღებ ფორმად? 

მომწონს აზროვნების ეს ფორმა, თვითირონიის, სილამაზის და აბსურდის კვლევის გამო. მიყვარს, როცა შემიძლია, ზოგადი აღმნიშვნელებით, მაგალითად, ყვითელი ან წითელი ფერით გავერთო, ვითამაშო და სხვებთანაც გავაზიარო. თან წინასწარ მართლა არ იცი, რა მოხდება.. თვითონ დანახვა ხომ მოულოდნელია, მერე კი უკვე შენი, როგორც არტისტის, გადაწყვეტილებების ჯაჭვი იგება.

 M: მრავალგვარ შთაგონებას შორის, როგორ ფიქრობთ, თქვენს შემთხვევაში, ყველაზე ხშირად საიდან მოდის ის?

მოგონებებიდან და ყოველდღიური შემთხვევითობებიდან.

 M: როგორ ფიქრობთ, რას ამბობენ თქვენი ნახატები/რისი თქმა სურთ ამ გრადაციებს, ერთმანეთში შეზრდილ ფერებსა და აბსტრაქციებს?

ყველა შემთხევა სხვადასხვაა, ზოგჯერ არანაირი ნარატივი არ დგას ნამუშევრის უკან, არც რაიმე კონკრეტულითაა ინსპირირებული, ხან კი – პირიქით. ფიგურატიულობასა და აბსტრაქციას შორის ზღვარი კი ძალიან პირობითი მგონია, ისინი ერთი დიდი სტრუქტურის ორი სხვადასხვა მოდელია ჩემთვის. 

M: თუ არიან მხატვრები/შემოქმედები, რომლებმაც თქვენს შემოქმედებაზე გავლენა იქონიეს..

ბევრი არტისტია ასეთი… ვფიქრობ, ყველაზე მეტ გავლენას არტისტებზე სხვა არტისტების შემოქმედება/აზროვნება ახდენს. 

M: თქვენთვის განსაკუთრებული ერთი პროექტი..

პროექტებიდან მახსენდება ბათუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში 2016 წელს ჯგუფური გამოფენა Avatar_yes, რომლის კურატორიც ქართველი არტისტი თეონა ბურკიაშვილი იყო. გამოფენა თანამედროვე, ვირტუალურ კულტურულ კოდებს ეხებოდა.

M: ამჟამად რას საქმიანობთ/ როგორია თამარ გიორგაძის ცხოვრება დღეს?

მთელ დროს ნამუშევრების ახალ სერიაზე მუშაობასა და შვილებს ვუთმობ.

ბოლო კითხვა კი ამგვარი იყო: შეიძლება, რომ მის შემოქმედებას რაიმე სახელი ეწოდოს? მისი პასუხი კი უარყოფითი იყო, რადგანაც თვლის: “თანამედროვე ხელოვნებაში ყველაფერი ერთად, ერთმანეთში გარდამავალი და ტრასფორმირებადია.”

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს. 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა