ადამიანებს ზოგჯერ გვგონია, რომ დიდი ოცნებები მხოლოდ ზღაპრებში ხდება და რომ თანამედროვე ფილმებიც ამ ზღაპრების გადამღერებაა. „რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება”, „ეჰ, კინოში კი არ ვართ” – ასეთ გამოთქმებს ხშირად გაიგონებთ. სინამდვილეში, თუ კარგად დავაკვირდებით, ჩვენი ცხოვრება დიდად სულაც არ განსხვავდება ფილმისგან. ჩვენი ჟანრი ცხოვრებისეულია, ხოლო მთავარი გმირები თავად ვართ.
დღეს გვინდა, გაგაცნოთ ადამიანი, რომლის მაგალითიც შეიძლება მოტივაციად იქცეს ბევრისთვის, იმედად, რომ ყველაფერი წინაა და რწმენად, რომ ცხოვრებაშიც ხდება ოცნებები, როგორც ფილმსა და ზღაპარში.
თამარ ქორქაშვილი არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მუშაობა Google-ში დაიწყო, ადამიანური რესურსების პარტნიორად. თამარი 6 წელია, აშშ-ში ცხოვრობს და იმისთვის, რომ ტექნოლოგიების გიგანტ კომპანიაში დაეწყო მუშაობა, საკმაოდ დიდი და ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ რთული გზა გამოიარა. თამარი თვლის, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად ყველა წარმატება თუ წარუმატებლობა ნაბიჯით წინ გვწევს. ის იხსნებს ცნობილი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის ციტატას, სადაც ჯორდანი ამბობს: „ყოველ ჯერზე ერთი ბურთით წინ მივიწევდი” (“One ball at a time”) და ამ დამოკიდებულებას თავადაც იზიარებს.
M: თამარ, მოდი, ცოტა შორიდან დავიწყოთ ამბავი – რატომ გადაწყვიტეთ თავდაპირველად აშში გამგზავრება, რას საქმიანობდით მანამდე საქართველოში?
საქართველოში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ვმუშაობდი ჯერ სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ და შემდეგ – „ფინკა ბანკში“. ამერიკაში დაქორწინების შემდეგ გადავედი საცხოვრებლად. ჩემი მეუღლე ამერიკის ჯარში მსახურობდა და ჯორჯიის შტატში იყო განაწილებული, სამხედრო დანიშნულებით.
M: როგორი იყო ახალ გარემოსთან შეგუება, მით უმეტეს, რომ მალევე აღმოჩნდით სრულიად მარტო უცხო ქვეყანაში, რა გამოწვევები დგება ამ დროს?
მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელიც ადვილად ერგება ახალ გარემოსა და ცვლილებებს, ამერიკული ცხოვრების წესთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. ყველაფერი მომწონდა – ხალხი, გარემო, მოწესრიგებულობა, უბრალოდ ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მე ვიყავი მიჩვეული. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ ენას კარგად ვფლობდი სამხრეთულ აქცენტზე შეჩვევა ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო. ჩვენი აშშ-ში ჩასვლიდან ძალიან მალე, ჩემი მეუღლე სამხედრო მისიით ევროპაში გაუშვეს და დავრჩი სრულიად მარტო, მაშინ შევძელი გავმკლავებოდი ყოველდღიურ სიძნელეებს და სწრაფად შევჩვეოდი ამერიკული ცხოვრების რიტმს.
M: რას საქმიანობდით აშში, როგორ დაიწყეთ კარიერისკენ წინსვლა და რა ნაბიჯების გადადგმა დაგჭირდათ სასურველ მიზნამდე მისასვლელად?
მწვანე ბარათის მიღებიდან ძალიან მალე დავიწყე მუშაობა ადამიანური რესურსების ჯენერალისტის პოზიციაზე, ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროების ქსელში. მინდოდა, საფუძვლიანად შემესწავლა აქაური მიდგომები, კანონმდებლობა და შემდეგ მეფიქრა პოზიციურ წინსვლაზე. დაახლოებით ერთ წელიწადში დავწინაურდი ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციაზე. შემდეგ გავხდი ადამიანური რესურსების დირექტორი და ჩამაბარეს მნიშვნელოვანი პროექტი – 419-ნომრიანი და 13-რესტორნიანი სასტუმრო კომპლექსის (JW Marriott) გახსნა და ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტება (700 თანამშრომელი). სასტუმრო ბიზნესში მუშაობით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული თვალსაზრისით. იმისთვის, რომ ამ ბიზნესში წარმატებული იყო, დიდი ძალისხმევა და შრომაა საჭირო. სამუშაო გრაფიკი არის საკმაოდ მძიმე. მოგეხსენებათ, ბიზნესი 24/7-ზე მუშაობს და თანამშრომლების გადინება ძალიან მაღალია. გუნდის წარმატება კი იმაში გამოიხატება, რომ ყოველთვის გეჭიროს ბიზნესის პულსზე ხელი და წინასწარ იყო მზად სეზონისთვის, ივენთებისთვის და ა.შ.
M: მთავარ თემამდეც მოვედით – როგორ შედგა თანამშრომლობა Google-თან?
გუგლთან თანამშრომლობა სრულიად შემთხვევით მოხდა. ერთ-ერთი საოჯახო ვიზიტის დროს ნიუ-იორკში გუგლის ოფისთან ჩავიარე და იმდენად მოვინუსხე იმ იდეით, რომ ერთ დღეს შეიძლებოდა გუგლში დამეწყო მუშაობა, გადავწყვიტე მიმდინარე ვაკანსიები მენახა. წავიკითხე რამდენიმე ვაკანსიის აღწერა და დავხურე ლეპტოპი. რამდენიმე საათში გუგლის ტექნიკური რეკრუტერი თავად დამიკავშირდა, მითხრა, რომ შენიშნა ჩემი დაინტერესება გუგლის ადამიანური რესურსების ვაკანსიებით და ჩამინიშნა პირველი გასაუბრება. თავიდან ცოტა გამიჭირდა დაჯერება, რომ მართლა გუგლიდან დამიკავშირდნენ, მაგრამ მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ 6 ინტერვიუს გავლის შემდეგ სამუშაოს შემოთავაზება მივიღე. პროცესს სულ 3 კვირა დასჭირდა, რაც იშვიათი შემთხვევაა, რადგან როგორც წესი, საშუალოდ 2-3 თვეს გრძელდება ხოლმე. ძალიან მალე გადმოვედი ჩემს ოჯახთან ერთად ჯორჯიის შტატიდან ვირჯინიის შტატში და ამჟამად ვხელმძღვანელობ ადამიანური რესურსების მიმართულებას, გუგლის 3 სხვადასხვა ოფისში.
M: რამდენი ხანია, რაც ამ კორპორაციის ნაწილი გახდით და რით განსხვავდება ის სხვებისგან გარდა იმისა, რომ ვიცით, ის ლიდერი ბრენდია მსოფლიოში…
6 თვეა, რაც გუგლის ადამიანური რესურსების გუნდს შევუერთდი და ყველაზე მეტად გამოვარჩევდი სამუშაო გარემოსა და კულტურას. აქ კომპანია თანამშრომლებს აძლევს სრულ თავისუფლებას თავად მართოს სამუშაო დღე, გრაფიკი და პასუხისმგებლობები, შედეგად კი იღებს მაღალ პროდუქტულობასა და მოტივაციას. ძალიან დიდი აქცენტი კეთდება თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე, ბალანსირებულ სამუშაო გრაფიკზე, ჯანსაღ კვებასა და ფიზიკურ ვარჯიშზე. უამრავი ბენეფიტით ვსარგებლობთ, როგორც მე, ისე ჩემი ოჯახის წევრები.
M: გაქვთ თუ არა სამომავლო გეგმები? ახლა, როცა უკვე ბევრისთვის საოცნებო სამსახურში ხართ, გაგვიზიარეთ, რა ხდება მას მერე, როცა ამას უკვე აღწევ?
სამომავლო გეგმები ყოველთვის მაქვს. ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, სამაგისტრო ხარისხის მოპოვებას ჰარვარდის უნივერსიტეტში და სამომავლოდ დიდი გუნდის მართვას გუგლის ადამიანური რესურსების მიმართულებით.
M: რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ დასახული მიზნის საწყის გზაზე არიან და ბევრი გამოწვევა ელოდებათ?
ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ სირთულეებს და ყოველთვის შეხედონ გამოწვევას პოზიტიური მხრიდან. ყოველთვის იყვნენ ცნობისმოყვარენი, დასვან კითხვები და არასოდეს შეწყვიტონ სწავლა და თვითგანვითარება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი