in

ონლაინ სწავლებით მიღებული შემოსავლის წყარო – თამარ ჭაბუკიანი და მაშო მარგიშვილი ამერიკულ პლატფორმაზე SkillShare

ყურადღება, ყურადღება! მომავალ ორშაბათს, 8 ივნისს, ონლაინ სწავლების ამერიკულ პლატფორმაზე SkillShare გრაფიკული დიზაინერისა და არტ დირექტორის, თამარ ჭაბუკიანის პირველი ლექციის მოსმენას შევძლებთ. ამასობაში, ილუსტრატორი & დიზაინერი მაშო მარგიშვილი, ამავე პლატფორმიდან უკვე მეორე კურსს გვიზიარებს.

საინტერესოა ის, რომ SkillShare მხოლოდ ცოდნის ონლაინ გაზიარებისა და მიღების შესაძლებლობას არ წარმოადგენს. ესაა, საწყის ეტაპზე მაინც, ერთგვარი პასიური შემოსავლის წყარო, ვინაიდან, ორთვიანი უფასო რეგისტრაციის შემდეგ, კურსზე დასასწრებად, მსმენელებს გარკვეული საფასურის გადახდა უწევთ. თუმცა მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, თამარისა და მაშოსთვის, როგორც თავად ამბობენ, პლატფორმის კომერციული მხარე ლექციების კითხვისთვის მოტივაციის მთავარი წყარო არ ყოფილა:

მაშო მარგიშვილი: „ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რომ Skillshare-თან ვითანამშრომლებდი და ამას სულ რომ არაფერი მოჰყოლოდა, უკვე მოხარული ვიყავი. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, შემოსავლიანიც აღმოჩნდა და ბევრი საინტერესო ადამიანიც გავიცანი. ამ პლატფორმაზე ბევრი მასწავლებელია, ვინც სამსახური შეწყვიტა და მხოლოდ Skillshare-ზე სწავლებით ირჩენს თავს“.

თამარ ჭაბუკიანი: „მთავარი მოტივაცია საკუთარი თავის ახალ მედიუმზე გამოცდა იყო. ასევე, ლექტორობის ერთ-ერთი ბენეფიტი არის ის, რომ, როცა მასალას სხვა ადამიანს უხსნი, თემის სიღრმისეული ანალიზის გაკეთება გიწევს, ახალი ცოდნის აკუმულაცია და ძველი ცოდნის გადამეორება, რაც შენივე დიზაინ პრაქტიკაში გეხმარება“.

M: თამარ, მაშო, როგორ გადაწყდა, რომ SkillShare-ის საშუალებით, თქვენს პროფესიულ გამოცდილებას გააზიარებდით და ამით, აუდიტორიასთან გლობალურად წვდომის შესაძლებლობა გექნებოდათ?
თამარ ჭაბუკიანი: skillshare-ის კურსის ჩაწერაზე ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი. ეს იყო ერთი რამ, რასაც ჩემი to do სიიდან ვერ ვშლი, როგორც მინიმუმ, ბოლო 3-4 წელია. მიუხედავად იმისა, რომ თემა მოფიქრებული მქონდა, კვლევა გაკეთებული და კონტენტიც მზად იყო, როცა საქმე გადაღებამდე მიდიოდა, ყოველთვის ვაჩერებდი თავს. მიზეზი? – ზედმეტად მაღალი სტანდარტები, პერფექციონიზმი და ჩოლკა.

როცა უკვე საპრეზენტაციო მასალები მოვამზადე, ვიპოვე გადამღები გუნდი, შევარჩიე ლოკაცია, გავაკეთე კადრირების მეთოდი ე.წ. „რასკადროვკა“, იდეალურად სიმეტრიული ჩოლკა შევიჭერი, დაიწყო კორონა. სწორედ ამ მოვლენამ მიბიძგა იმისკენ, რომ პერფექციონიზმი დამეძლია და ვიდეო ჩემით გადამეღო.

პანდემიის დაწყებასთან ერთად, სტაჟიან ინტროვერტს, ვიტამინი D მომარაგებული მქონდა და დიდი to do სიითა და ოპტიმიზმით ვთვითიზოლირდი. რამდენიმე კვირაში ვისწავლე final cut, მარტინ სკორსეზეს მასტერკლასი გავიარე (რომელიც საერთოდ არ გამომაგდა skillshare-ის ფორმატის ვიდეოსთვის) და რა თქმა უნდა, სანამ გადავიღებდი, ერთი კვირა კიდევ გამოვიყენე იმისთვის, რომ ჩემი თავი შემემზადებინა და დამეშვა, რომ სტენლი კუბრიკის კინემატოგრაფიული შედევრი, შესაძლოა, არ გამომსვლოდა, მაგრამ ვიდეოჩანაწერი „სქილშეარისთვის“ შესაფერისი ყოფილიყო.

მეგობრებმა მათხოვეს აპარატურა და 4 დღის განმავლობაში ვწერდი, ვშლიდი, ვწერდი, სანამ განათების დაბრუნება არ მომიწია.

მაშო მარგიშვილი: ოქტომბერში, როდესაც ნიუ-იორკში ჩავედი, skillshare-ის ერთ-ერთი თანამშრომელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემი ნამუშევრები Instagram-ზე ნახეს, მოეწონათ და ჩემთან თანამშრომლობა უნდოდათ. იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში, ამ პლატფორმის ხშირი მომხმარებელი ვიყავი, ძალიან გამიხარდა და სიამოვნებით დავთანხმდი. 

გადაღებისთვის ორი თვე ვემზადებოდით: გვქონდა ხშირი ვიდეოგასაუბრება და ძალიან ზუსტი გეგმა. საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა, სრული გაკვეთილი მოგვემზადებინა და დაგვემუშავებინა. 

პროცესში, უშუალოდ, ჩართულები იყვნენ Skillshare-ის თანამშრომლები, ნოელინ ფაუერსი და ალექს გინსბერგი და ასევე, Skillshare-ის გუნდი, რომლის წევრებიც ჩვენს ნამუშევარს დამატებით ადევნებდნენ თვალ-ყურს. ნოელინი მასალის შექმნა-დამუშავებაში მეხმარებოდა, ალექსი კი – გადაღება-რედაქტირებაში. რედაქტირებისას სხვა წევრებიც ჩაერთნენ, რომლებთანაც პირადი შეხება არ მქონია. 

მეორე ვიდეოს გადაღებაში დისტანციურად მეხმარებოდა Skillshare-ის მასწავლებლების მენტორი, გაბრიელა გულარტი, ხოლო გადაღება-მონტაჟში – ზიად ალიევი და არტურ მარტიროსიანი.

 

M: ვისზეა თქვენი კურსები მორგებული? ვის მოიაზრებთ თქვენს პოტენციურ აუდიტორიად?
მაშო: ჩვენი პირველი კურსის “Character Illustration: Designing from Concept to Creature” სამიზნე სეგმენტს წარმოადგენენ პერსონაჟების შექმნით დაინტერესებული დამწყები ილუსტრატორები ან ის ილუსტრატორები, ვისაც ამ განხრით ახალი ტექნიკის სწავლა სურთ. რაც შეეხება მეორე კურსს, “Illustrating Worlds: Discovering Your Own Universe” – იმ შემოქმედებითი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც საკუთარი სამყაროს აღმოჩენის სურვილი აქვთ, ან მათთვის, ვისაც, უბრალოდ, გამოგონილი სამყაროები აინტერესებს. ისინი შეიძლება, იყვნენ: მწერლებიც, მხატვრებიცა და გამომგონებლებიც. 

თამარი: კურსი გათვლილია დამწყები დონის, გრაფიკული დიზაინით დაინტერესებულ სტუდენტებზე. 

M: თქვენი გამოცდილებით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე, რომ SkillShare-ზე ლექტორის როლი მოირგო?
თამარი: ჩემი აზრით, დღესდღეობით, უკვე რთულია მაგ პლატფორმაზე დომინირება იმიტომ, რომ ათი ათასობით პრაქტიკული კურსი არსებობს და განსაკუთრებული მოთხოვნა ვიზუალური ხელოვნების თემაზეა.

კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდე, არის შემდგომი: ლექცია არ უნდა იყოს გრძელი, თემა უნდა იყოს ვიწრო და ფოკუსირებული. ჩემს შემთხვევაში, ექსპერიმენტი გავაკეთე და პრაქტიკული ლექციის მაგივრად, გადავწყვიტე პირველ ლექციად თეორია გამეშვა. სტუდენტებისგან უკუკავშირს დავაკვირდები და იმის მიხედვით გადავწყვეტ, სამომავლოდ, როგორი ტიპის ლექციებს გავაკეთებ. ამ კურსის თემაზე გავაკეთე არჩევანი იმიტომ, რომ ვიდეოების გადაღებას მომავალშიც ვაპირებ. იმისთვის, რომ შეიკრას ლოგიკური ვიდეოების სერია, ლექციების თემების ეტაპობრივი გართულება სწორ მიდგომად მიმაჩნია.

M: და ბოლოს, რა დამატებით შესაძლებლობებს გიხსნით ამ პლატფორმაზე ყოფნა?
მაშო: უამრავი ადამიანი ერთვება შენს გაკვეთილში და საკუთარ რამეებს ქმნის, რომლის ნახვისას შენც ბევრ რამეს სწავლობ. მერე მათ ნამუშევრებს იაზრებ და აფასებ, რაც ასევე, ინფორმაციულია. ჩემთვის დიდი გამოცდილებაა თითოეული გაკვეთილის შექმნის პროცესი – საკუთარი შემოქმედებითი პროცესის გააზრება, ფიქრების გადაწყობა იმისთვის, რომ სხვა ადამიანებისთვის გასაგები გახდეს. კიდევ, როგორც უკვე ვახსენე, გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი, მოსწავლეები თუ მასწავლებლები.

რადგანაც პირველმა კურსმა წარმატებით ჩაიარა, მასწავლებლების გაერთიანებაში გამაწევრიანეს, რისი მეშვეობითაც, ბევრ საინტერესო მასწავლებელსა და კომპანიის მენტორებზე 24 საათიანი წვდომა მაქვს.

თუ ბიზნეს კუთხიდან შევხედავთ, Masholand-ის ცნობადობაც ამაღლდა, დაინტერესებაც და ჩემთვის საყვარელ კომპანიასთან გრძელვადიანი კავშირიც შედგა.

რომელ iPhone-ებთან იქნება თავსებადი iOS 14

რამდენად თეთრია თეთრი ფერი? – Xerox-ის კამპანია