26
Jul
2018

კონტენტი, რომელიც არსებობს – თამარ ნიკოლეიშვილის #აზრები

26 Jul 2018

M2
M2


პირველად იყო კონტენტი, და კონტენტი იყო ყველგან…

გამოხდა ხანი და შეიქმნა მარკეტინგი.
როცა იზრდები, თანდათან აღმოაჩენ, რომ რისი თქმაც გინდა, თურმე უკვე თქვეს პლატონმა, ეგზიუპერმა, ჯემალ ქარჩხაძემ, ლუი სი ქეიმ, ბობ დილანმა, ადიდასმა და სხვებმა. მაგრამ შენც იმავეს თქმა გინდა.

„კაიეხა, მაგაზე იმდენი რამე გაკეთდა, ახალი რაღა უნდა მოიფიქრო?“ – უკითხავთ თქვენთვის?
როცა 18 წლის ხარ და ირჩევ, რისი კეთება გინდა მომავალში, რთულია, წარმოიდგინო, რომ ერთ დღეს შენც შეგიძლია, შექმნა „Original is Never Finished”. არადა, შეგიძლია.მერე ცხოვრობ, სქროლავ და ხედავ, რომ არსებობს 9gag, BuzzFeed, Bored Panda, Classical Art Memes და მოგწონს. თან ახალსაც ბევრს არაფერს ამბობენ. BuzzFeed-ის კონტენტ მარკეტინგი ადამიანის სამ მარტივ სურვილს ეფუძნება:

  • იყოს რაღაც დიდის ნაწილი;
  • მარტივად გაიგოს და ისწავლოს რაღაც ახალი, რასაც შემდეგ სხვებს გაუზიარებს;
  • იგრძნოს, რომ მანაც იცის რაღაც.

რაც BuzzFeed-ზე, ალბათ, ყველაზე მეტად მომწონს, ძირითადად, ჩემივე სათქმელი ან ჩემივე ნოსტალგიაა. საუკეთესო გაკვეთილი, რომელიც BuzzFeed-ისგან ვისწავლე, სოციალური მედიის ტრენდის ადაპტირებაა კონტენტთან, რომელიც ყოველთვის არსებობდა.

ჰოდა, იქნებ, კონტენტ მარკეტინგი, როგორც არა პროდუქტის პირდაპირ მიყიდვის, არამედ მომხმარებლების „მოშინაურების“ მეთოდი, ვინმეზე ან რამეზე უკეთესის თქმა არცაა… იქნებ, ეს ბევრჯერ თქმული სათქმელის უკეთესად თქმაა? დროის, აუდიტორიის, გარემოების შესაბამისი ენით.

სტუდენტობისას, როცა „ღამის შოუს სტუდიაში“ სხვა სცენარისტებს პირველად „ნოსტალგიისთვის“ დაწერილ ჩემს ხუმრობაზე გაეცინათ, გაკვირვებისგან დავიბენი – ბავშვობაში მეგობრობის დღიური ხომ ამ ხალხსაც ჰქონდა და ამ ხუმრობის დაწერაც ხომ ყველას შეეძლო? არადა, თურმე სულ ეგ ყოფილა კონტენტი: სათქმელი, რომელიც ისედაც არსებობს და შენ ირჩევ, როგორ თქვა. და ამბობ ისე, რომ მოისმინონ, დაინახონ, განიხილონ და დაიმახსოვრონ.საქართველოს ბანკის სოციალური მედიის სამსახურში მუშაობისას, ალბათ, ყოველთვის მზად უნდა იყო „ვაიმე, რა კარგი პოსტია, მაგრამ…“ კომენტარისთვის. რთულია, ხალხს მიაწოდო რაღაც ახალი ისე, რომ შეუყვარდეთ. მაგრამ კონტენტი ბანკშიც კონტენტია. ალბათ, ყველას გაგვიგია ფაქტები #საქართველოში, რომლებიც საინტერესოა; ყველას გვსმენია #საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ადამიანების შესახებ; ყველამ ვიცით, გართობის რა საშუალებები არსებობს #საქართველოში. ვიცით იმიტომ, რომ უთქვამთ, წაგვიკითხავს, უსწავლებიათ, გვინახავს, მაგრამ არა ერთწუთიან, მობილურზე მორგებულ სოციალურ ვიდეოში, რომელსაც სქროლვისას საქართველოს ბანკის Facebook გვერდზე ხვდები. ათასგზის გვინახავს, რომ #საქართველოლამაზია, თუმცა არა 360-გრადუსიანი ფოტოთი, რომლის გადაშეარებას ადამიანური ბუნება განდომებს და არა – პროდუქტი, რომელიც არც არსად ჩანს. ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის და როგორია ჩვენი წილი საქართველო. ისიც ვიცით, რომ ჩვენ ყველანი ერთად ჩვენ-ჩვენი წილი საქართველოთი მთელს საქართველო ვქმნით. ეს ცოდნა კი კონტენტის საფუძველია ცხელ ზაფხულშიც, როცა საქართველოს ამსახველი ვიდეოების გენერირებისთვის არავის სცხელა.

კონტენტ მარკეტინგის საწყისი წერტილიც, ალბათ, ისაა, რომ ვკითხოთ საკუთარ თავებს, რა გვიყვარს და შემდეგ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც გვიყვარს ჩვენც და სხვებსაც. ამით მინიმუმ ჩვენ თვითონ გავბედნიერდებით და მაქსიმუმ – ყველა. ოღონდ, ვთქვათ უკეთ, სხვანაირად.

თამარ ნიკოლეიშვილი – საქართველოს ბანკის სოციალური მედიის სამსახურის უფროსი

შეიძლება არ მუშაობდე BuzzFeed-ში ან Adidas-ში, მაგრამ სადაც უნდა მუშაობდე, თუ გაქვს სათქმელი და სურვილი, რომ თქვა, კონტენტ მარკეტინგი საუკეთესო გზაა. იმიტომ, რომ Content is Never Finished.

განხილვა