3
Aug
2018

„შვებულებაში ჩვენ თავად არ ვუშვებთ საკუთარ თავს“ – თამარ რამიშვილის #აზრები

3 Aug 2018

M2
M2


ძალიან ბევრი ვიცინე, როცა შვებულების შესახებ აზრების გაზიარება მთხოვეს. ყველაზე „არასწორ“ ადამიანს დაუკავშირდნენ-მეთქი, ვიფიქრე და ბოლოს მაინც გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ გამეანალიზებინა, თუ რატომ შეიძლება ვერ გახვიდე შვებულებაში. რას განიცდი ამ დროს და რა შედეგი მოაქვს ამ ყველაფერს ჩვენთვის, ჩვენი სამსახურისთვისა და ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის.

მე გამიმართლა – არასოდეს მქონია ისეთი მომენტი, რომ მეთხოვოს შვებულება და უარი მიმეღოს. პირიქით ბევრჯერ მომხდარა, უშუალო უფროსი შვებულებაში გასვლას მაძალებდა (ალბათ ძალიან გადამწვარი სახე მქონდა, ახლა ამაზე ძალიან მეცინება და მისი ძალიან მადლიერი ვარ).

ბოლო 18 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი შვებულების დღე მაქვს გაუქმებული ან სამსახურში გატარებული. აი, შვებულების პირველ დღეს ჯინსებით რომ მიდიხარ ოფისში გაღიმებული, ამასაც დავამთავრებ და წავალო, რომ ამბობ. ბანკის ფრონტ-ოფისის თანამშრომლობიდან დეველოპერული კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე ბევრ სხვადასხვა კომპანიაში, სხვადასხვა პოზიციაზე მიმუშავია. ყველგან პასუხისმგებლობების და დატვირთულობის სხვადასხვა დონე იყო, თუმცა, ყველგან ერთსა და იმავეს განვიცდიდი – სამსახურებრივი აზარტი, გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობა, ჩემი ამ მომენტში ამ ადგილას ყოფნის აუცილებლობა, რაც კონტროლის ფლობის სიმშვიდის შეგრძნებით სრულდება. შედეგად, შვებულებაში გასვლა ძალიან მიჭირდა.  მეგონა რაღაცას დავაკლებდი ჩემს სამსახურს და ეს კონტროლის აუცილებლობის ილუზია არ მაძლევდა მშვიდად დასვენების საშუალებას. მეილებს მუდმივად ვსქროლავდი, გონებით ოფისში ჩემს პროექტებთან ვრჩებოდი და ზღვის სანაპიროზე კომპიუტერთან მუშაობაც მსიამოვნებდა, რადგან ვიცოდი, ოფისში რა ხდებოდა. ჩემი მსგავსი ადამიანებიც ბევრი მყოლია გვერდით. მერე თითქოს ვიაზრებდით, რომ შვებულებაში გასვლისას, ცოტა დანაშაულის გრძნობაც კი გვაწუხებდა. თუმცა, ეს არასოდეს ყოფილა კომპანიის დირექტორის ან უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მინიშნების შედეგი. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულებების ბრალია.

რეალობა ასეთია:

  • შვებულებაში ჩვენ თავად არ ვუშვებთ საკუთარ თავს. – დავფიქრდეთ, რა გვიშლის ხელს და შევაფასოთ მნიშვნელოვნება, თუ საჭიროა მოვიშოროთ ეს დაბრკოლებები.
  • კარგად არ ვგეგმავთ დასვენებას. – ხანდახან არის არასწორად შერჩეული დროის პრობლემაც. სპონტანურად შვებულებაში გასვლის იდეა არც ისე კარგია. ამით ჩვენც ვზარალდებით და კომპანიაც. წინასწარ შეიძინეთ და დაჯავშნეთ მგზავრობისა თუ კონცერტის ბილეთები, ოღონდ აცნობეთ თქვენს უფროსებს და დაქვემდებარებულებს, რომ ამ დროს თქვენ არ იქნებით (არც ტელეფონზე) და მანამდე გადაჭერით ყველა საკითხი მაქსიმალურად.
  • გადამწვარი თანამშრომლები გაცილებით დაბალ შედეგებს აღწევენ.  – ნევროზი და ყურადღების გაფანტვა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მისკომუნიკაცია და დაძაბულობა პიკს აღწევს ორგანიზაციებში და მიზეზი სწორედ გადაღლილი თანამშრომლებია.
  • დაღლილობისგან და მუდმივ ქაოსში ყოფნით ოჯახის წევრებსაც ვაზარალებთ. მშობლები, რომლებიც სახლში მეილებს ამოწმებენ, შვილებთან საუბრისა და თამაშის ნაცვლად, ტყუილად ფიქრობენ, რომ მათთან ატარებენ დროს. ეს დრო არ გვეთვლება.

და ბოლოს, ახალი იდეებისთვის, განვითარებისთვის და ინსპირაციისთვის აუცილებელია დაბალანსებული დასვენება და სიახლეების აღმოსაჩენად და აღსაქმელად დროის გამოძებნა. სამყაროში იმდენი საინტერესო რამ ხდება, იმდენი სილამაზეა, ეს ყველაფერი ჩვენ გვერდითაა, უბრალოდ ვერ ვამჩნევთ. ამიტომ დაისვენეთ სწორად!

ჩემთვის სწორი დასვენება ოთხი აუცილებელი კომპონენტისაგან შედგება:

  • ახალი ადგილების და ადამიანების გაცნობა;
  • წიგნების და საინტერესო სტატიების კითხვა;
  • ოჯახის წევრებთან გატარებული დრო – საერთო ემოციების და მოგონებების მარაგის წამოღება;
  • და ბოლოს, კომფორტი – ამას ვერ ვღალატობ. თუმცა, ზოგისთვის ეს კომფორტი კარავი და საძილე ტომარაა და ძალიან დიდ პატივს ვცემ დასვენების ამ ძალიან რომანტიკულ ფორმას, ოღონდ შორიდან.

მალე გავდივარ შვებულებაში. ჩემს თავს დავპირდი და თქვენც გისურვებთ, დაისვენოთ ისე, რომ ყოველი დღე დღესასწაული იყოს. ჩვენ ეს დავიმსახურეთ!

განხილვა