in

თამარ თალი თოიძის სტილიზებული ქანდაკებების პერსონალური გამოფენა

ხელოვნება ბევრად მეტის გამომხატველია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია…


რამდენიმე დღის წინ გალერეა შარდენის მიერ ორგანიზებულ თამარ თალი თოიძის სკულპტურების გამოფენას გარდენია შევარდნაძის ბაღმა უმასპინძლა. ექსპოზიციის ამგვარი გადაწყვეტა სიახლეს წარმოადგენდა როგორც ხელოვანისთვის, ისე მისი მასპინძლისთვის.

პრეისტორიულ სტილში შექმნილი ფიგურები სახასიათო განწყობის მატარებელია, რასაც, ალბათ უშუალოდ ხელოვანის პიროვნებაც განსაზღვრავს – “არ ვარ ნეგატიურზე ორიენტირებული პიროვნება, ვცდილობ პოზიტიურად აღვიქვა ყველაფერი და რომ ნეგატივი ნებისმიერ საკითხთან ან მოვლენასთან დაკავშირებით არ გავამძაფრო..ეს ჩემს სკულპტურებშიც კარგად ჩანს, თუ დააკვირდებით პოზიტიურ მუხტთან ერთად მელანქოლიაც იგრძნობა, მაგრამ გამახვილებული აქცენტი უფრო მძაფრად დადებითი მუხტიდან მოდის ვიდრე პირიქით…”

M: თამარ, შენი სტილიზებული სკულპტურების შესახებ მოგვიყევი – როდის დაიწყე მათზე მუშაობა?

მეორე კურსზე ვიყავი როდესაც ფორმების გაზრდის და გამთლიანების იდეა ჩემეულად აღვიქვი, განვითარებაში და უფრო საინტერესოდ წარმოჩენაში ლექტორები დამეხმარნენ. თუ რაღაცის გულწრფელი  სურვილი გაგვიჩნდება, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ განვახორციელებთ კიდეც… სწორედ ამ დამოკიდებულებით შევუდექი სტილიზებული ფორმების ზრდას და განვითარებას, თუმცაღა ეს თვითკმაყოფილი ხელოვანის სიტყვებად არ უნდა მივიჩნიოთ. კვლავ დებში ვარ და არაფერი დამისრულებია. მხოლოდ ვაჩერებ მათ გარკვეულ ეტაპზე და ვფენ თუ ვასხვისებ სხვადასხვა სივრცეში.

M: პირველი, რაც მათი ნახვისას გამახსენდა, “ვილენდორფის ვენერა” იყო… რამ განაპირობა პრეისტორიული სტილის აქ, ახლა გამოყენება?

ვილენდორფის ვენერას ფორმა დამატყვევებელია გადასვლის და სრული ფორმის თვალსაზრისით, თუმცაღა უხეში რეალიზმით შესრულებული ნაკვთებიც აქვს. ეს სინთეზური რეალობა მხიბლავდა მასში, თითქოს, ნეგატივი და პოზიტივი ერთად განსხეულდა…

M: მათ იდეურ-სიმბოლურ მხარეზეც რომ ვისაუბროთ – მართალია, პრეისტორიულ სკულპტურებს ემსგავსება, მაგრამ რამდენად იზიარებს იმ დროის იდეურ დატვირთვას?

იდეური დატვირთვა სრულად განსხვავებული აქვს, თუ პრეისტორიული სკულპტურები ღვთაებებს გამოხატავდა, ჩემი ფიგურები უფრო სტერეოტიპულ ჩარჩოებს ამსხვრევს და მათი დახუნძლულ ფორმები უფრო სტილიზებულ ვერსიაში გადადის – ანუ მთლიანდება ფიგურა და გამოკვეთილი ნაკვთების ნაცვლად სრულ და ოვალურ ფორმას ითავისებს. ეს სამყაროსთან ასოციაციასაც უკავშირდება, ზოგადად კავშირი უფრო ღრმა ფასეულობებთან დაკავშირებით აქვთ მათ ვიდრე ეს კერპთაყვანისცემლობების კულტი იყო, მათ ნეგატიურის პოზიტიურად წარმოჩინების იდეა აქვთ საერთო და ეს ფორმებსა და მთლიანობაში გამოიხატება…

M: თითოეული მათგანი თავისი შინაარსით ერთიმეორესთან რამდენად კავშირშია?

კავშირი როგორც ასეთი მხოლოდ სტილსა და ფორმებში გამოიხატება, ზოგში მძაფრად და ზოგშიც ნეიტრალურად, გააჩნია რა თემა არის იდეის დონეზე მათში გადმოცემული.

M: თამარ, როგორ შეარჩიე გამოფენის ადგილი? მცენარეებს შორის “ამოზრდილი” თეთრი სკულპტურები საკმაოდ ესთეტიკურია, თუმცა გარდა ამისა, რამდენად უკავშირდება ეს ბუნების წიაღში დაბადებული ხელოვნების იდეას? 

სწორედ აღნიშნეთ, მცენარეებს შორის სკულპტურების განლაგება ესთეტიკურად ყოველთვის მხიბლავდა და ენით აღუწერელ გრძნობებს მიმძაფრებდა, ასოციაცია შეიძლება ბუნების წიაღში დაბადებული ხელოვნების იდეასაც მიუსადაგოთ ან საერთოდაც ირეალურის რეალურთან შერწყმასაც, იდეური შინაარსი არა მხოლოდ რაიმესთან ასოციაციური იყო, არამედ შინაგანი ესთეტიზმის განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოჩენა გახლდათ…

“ხელოვნება ბევრად მეტის გამომხატველია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ის, რაც ჩვენს შიგნით არის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც განურჩეველს გვხდის სამყაროში, გახდე ის, ვინც რეალურად ხარ, ბევრად საინტერესოა ვიდრე ნიღბის ქვეშ დარჩენა და სხვების რეალური სახის ირონიულად ყურება”…

ავტორი ქეთია ბელქანია


„საქართველოს ბანკის“ პროგრამა „ლიდერატორში“ უკვე 200-მდე სტუდენტი ჩაერთო

ნახეთ: პორტალი, როგორც ციფრული ხიდი – მან ვილნიუსი და ლუბლინი დააკავშირა