in

თამარ ცინცაძე — შთაბეჭდილებები კანის ფესტივალიდან

2025 წლის კანის ფესტივალმა დიდებულად ჩაიარა. ვერცხლიც წამოვიღეთ და ისტორიაში პირველად კანის სცენიდან ქართველი სპიკერებსაც მოვუსმინეთ თემით Creative Fighters: World War for Values. დასწრების ფუფუნება რადგან ყველას არ ჰქონია, დიდი ინტერესი არსებობს კადრებს მიღმა არსებული ამბების მიმართ. ამიტომ, გადავწყვიტეთ ფესტივალის ქართველ დამსწრეებთან გვესაუბრა და თქვენთვის მათი შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა, გაგვეგო, რა გამოვტოვეთ კანში არყოფნით, ადგილზე, სადაც მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრია იკრიბება…

ამაზე მარკეტერს ფესტივალი Ad Black Sea-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ცინცაძე უყვება:

წელს პირველად ვიყავი არა სააგენტოს, არამედ ფესტივალის (Ad Black Sea) წარმომადგენლის ამპლუაში, რაც ჩემთვის იქ ყოფნის მიზანს განსხვავებულ მიმართულებას აძლევდა. ზოგადად, ვთვლი, რომ სარეკლამო ფესტივალები, ამ ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალაა — იმუხტები უამრავი ენერგიით, იღებ შთაგონებას, სწავლობ და მოტივირებული აგრძელებ შენი საქმის კეთებას. 

კანის ლომების ფესტივალი, თავისი ისტორიული მნიშვნელობით და მასშტაბით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენს ინდუსტრიაში. სწორედ ამიტომ იყო განსაკუთრებული და ისტორიული წელი საქართველოსთვის, როდესაც ფესტივალის პროგრამაში პირველად გამოჩნდნენ ქართველი სპიკერები. მათ ისაუბრეს ავტორიტარულ რეჟიმებზე და იმაზე, თუ რა როლი აქვს კრეატიულობას ასეთი სისტემების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი იშვიათი მომენტი იყო მთელ პროგრამაში, როცა ვინმემ ეს საკითხი ღიად დასვა დღის წესრიგში — საკითხი, რომელსაც უმეტესად თავს არიდებდნენ…

ფესტივალზე დასწრების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი “ნეთვორქინგი” და ახალი კონტაქტების დამყარებაა. ეს შეხვედრები ძირითადად ფესტივალის პროგრამის დასრულების შემდეგ ხდება და, ვფიქრობ, ყველაზე ღირებულია, რაც შეიძლება იქიდან წამოიღო. 

განსაკუთრებით სასიამოვნო ყოფილა იმის გააზრება, რომ ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვანდეთ Ad Black Sea-ის პროგრამაში და კონკურსში წვლილის შეტანა, გამოცდილების გაზიარება ქართული აუდიტორიისთვის, წლევანდელი კანის ლომების ფესტივალის მოწინავე პოზიციებზე იყვნენ, ან გამარჯვებულების როლში სცენაზე, ან ჟიურის შემადგენლობაში. ჩვენი ფესტივალის ერთგულ დელეგატებს ეს სახელები აუცილებლად ეცნობათ: Saulo Rocha, Tanja Grubner, Susana Albuquerque, Gabriel Mattar, Ricardo Wolff, Mihnea Gheorghiu, Catalin Dobre, Kosta Schneider — 2016-2024 წლის ედბლექსის სპიკერები, რომლებმაც წელს უამრავი ჯილდო მოიგეს, ბრინჯაოდან — გრან-პრიმდე. 

ჩვენი 2019 წლის ჟიურის პრეზიდენტი Kentaro Kimura უმაღლესი ჯილდოს Titanium-ის ჟიური იყო, Ricardo Wolff — Film-ის კატეგორიის, Jorg Riommi – Direct-ის, ხოლო Jessica Walsh დიზაინ კატეგორიის პრეზიდენტი იყო. ცხადია, უბრალოდ დამთხვევა არაა, დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ ქართულ სარეკლამო ინდუსტრიას შესაძლებლობა მივცეთ ყველაზე აქტუალურ და გამოცდილ პროფესიონალებთან ჰქონდეთ შეხება ფესტივალის განმავლობაში, თუმცა ამის ასეთი ფორმით დადასტურება, დიდი მოტივაციის მომცემი იყო. ჩვენი წლევანდელი ვიზიტიც საუკეთესო ტალანტის აღმოჩენას ემსახურებოდა და შედეგს ფესტივალის დელეგატები წლევანდელი და მომავალი წლის პროგრამაში ნახავენ.

Susana Albuquerque; Saulo Rocha; Tanja Gubner — Ad Black Sea 2024-ის ჟიურის პრეზიდენტები და 2025 წლის კანის ფესტივალის მრავალგზის გამარჯვებულები.

წლევანდელ კანის ფესტივალზე ძალიან ბევრ საინტერესო სესიას დავესწარი და ჩემი ჩანაწერები სავსეა მოსმენილი ფრაზებით. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გამოსვლა AI-ს ეძღვნებოდა, თუმცა ძირითად პოზიტიურ ჭრილში და არა, ჩაგვანაცვლებს თუ არა

მაგალითად, Sir John Hegarty ამბობდა, რომ AI კოლაბორატორია და არა, ინსტრუმენტი, როგორც ამას ბევრი ამტკიცებს — ის ცვლის თამაშის წესებს და უფრო დემოკრატიულს ხდის სფეროს, რადგან ახლა ბევრად მეტ ადამიანს შეუძლია AI-ს დახმარებით შექმნას ის, რისთვისაც ადრე სპეციფიური უნარ-ჩვევები დასჭირდებოდა. 

Jessica Walsh-ის თქმით, AI-ს გამოყენება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა ისეთ რამეს შევქმნით, რაც, AI-ს დახმარების გარეშე, არ გამოვიდოდა. ხოლო Apple-ის Tor Myhren-ის ფრაზა AI will not kill advertising — but it also won’t save it ბევრმა აიტაცა და სათაურებად აქცია იმავე დღეს, თუმცა გაგრძელებაა უფრო მნიშვნელოვანი: ის ამბობდა, რომ ადამიანური ელემენტის გარეშე, AI ვერ იარსებებს — სწორედ ადამიანი ქმნის მას ღირებულს. 

დაბოლოს, თუ მაინც ერთი ფრაზის გამორჩევას მთხოვთ, ეს იქნება GUT-ის გლობალური სტრატეგიის ხელმძღვანელის Fernando Ribeiro-ას და Mercado Libre-ს საერთო სესიაზე მოსმენილი ფრაზა: ინდუსტრია ცუნამის საშიშროების წინაშეა და ერთადერთი რეალური რისკი, რისკზე არწასვლაა. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია“.

The industry is facing a tsunami and the only real risk is not taking one.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე – გადაცემა, რომელიც არ გაჩერდა

Reimagine the Ride – სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი – „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა