13
Jun
2019

ვინ მოიგებს კანის ლომს? – თამარ ცინცაძის პროგნოზი

13 Jun 2019

17-21 ივნისს, შემოქმედებით ინდუსტრიაში მსოფლიო მოვლენა, კანის კრეატიული ფესტივალი – Сannes Lions 2019, უკვე 66-ედ გაიმართება… ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ყველაზე ემოციურმა, ხმაურიანმა, ეფექტურმა, გამბედავმა, მარტივმა, თუმცა ამავდროულად, გენიალურმა კამპანიებმა, რაც დათესეს, ის უნდა მოიმკან და კრეატიული სფეროს უმაღლესი ჯილდო – კანის ოქროს ლომი მოიპოვონ.

21 ივნისს, ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენამდე, გადავწყვიტეთ, ქართული სააგენტოების წარმომადგენლების პროგნოზი მოგვესმინა: წელს, რომელი კამპანიები მოიგებს კანის ლომს?

თამარ ცინცაძე – „ვინდფორსის“ კლიენტების მომსახურების დირექტორი:

ასეთი პროგნოზის გაკეთებისას რთულია, გადაწყვიტო „რამ გინდა, გაიმარჯვოს“ და „რა გაიმარჯვებს“ შორის. მაგრამ არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ Wieden+Kennedy-ს მიერ შექმნილი „ნაიკის“ სერიები Dream Crazy და Dream Crazier ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებენ და უდავოდ, გამარჯვებულების სიაში მოხვდებიან. სავარაუდოდ, არა უბრალოდ გამარჯვებულების, არამედ Grand Prix დაიმსახურებენ.

 

ვფიქრობ, არც კლასიკად ქცეული John Lewis-ის საახალწლო კომუნიკაცია “The Boy and the Piano” დარჩება ყურადღების მიღმა.

ასევე, ძალიან საინტერესო ფილმი შექმნა მერსედესისთვის სამხრეთ აფრიკულმა BBDO-მ სახელით “Return to Chapman’s Peak”. ფილმი 1990 წლის რეკლამის გაგრძელებაა, სადაც ქრისტოფერ ვაითი გახმაურებულ ავარიაში ყვება და მხოლოდ იმიტომ გადაურჩება სიკვდილს, რომ ღვედი ეკეთა და კარგ მანქანაში იჯდა. 30 წლის შემდეგ, ქრისტოფერ ვაითი იმავე გზას გადის, უბრალოდ, ამჯერად, საჭეს მერსედეს-ბენცის ავტოპილოტი მართავს.

ქართული ნამუშევრებიდან ძალიან ვგულშემატკივრობ Watergunz-ის Sound of Indifference-ს. არაფერი გვჭირდება ისე, როგორც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი ჩვენი ენერგიისა და ყურადღების მიმართვა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და წელს, თუ შეძლებს საქართველო კანში გაბრწყინებას.

 

 

განხილვა