პირველი სამასხური 20 წლის ასაკში დავიწყე, “თიბისი ბანკის” გარე გაყიდვების განყოფილებაში. მაშინ უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვსწავლობდი, საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) ფაკულტეტზე. ბანკში გასაუბრებით ამიყვანეს, რითაც უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ჩემი მოვალეობა პოტენციური მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების გაცნობა იყო. ბანკის ფილიალის შესასვლელთან, ან წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე, ვაჩერებდი ხალხს და ვთავაზობდი პროდუქტს. დღემდე კარგად მახსოვს, ჩემ მიერ პირველად გაჩერებული ადამიანი, რომელსაც პროდუქტი გავაცანი. მახსენდება მაშინდელი შეგრძნებებიც, უზომოდ ვნერვიულობდი და მერიდებოდა. ვფიქრობ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. მაშინ, ჩემთვის მთავარი მამოტივირებელი არა ხელფასი (რომელიც, სულ რაღაც, 120 ლარს შეადგენდა), არამედ სამომავლო კარიერა იყო. ვაღიარებ, მაშინდელი სამსახური ძალიან დამეხმარა შემდგომ განვითარებაში. კომუნიკაციის სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის კარიერის დაწყების ეტაპზე მსგავსი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. თამარ ზამთარაძე – ბია (ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო) მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.













