როგორ მოვიძიოთ და შევინარჩუნოთ საუკეთესო ტალანტები ორგანიზაციაში? – ამ თემაზე „მარკეტერის“ პოდკასტის მომდევნო ეპიზოდში europebet-ის HR დირექტორმა თამარა ქლიბაძემ ისაუბრა.
„ტალანტების მოძიების პრობლემა გლობალურად დგას და არა მარტო საქართველოში. პრობლემა, ძირითადად, იხსნება თაობით, რომელიც დღეს აქტიური დასაქმების მაძიებელია. ეს არის მილენიალების თაობა, რომლებიც შრომის ბაზრის 70%-ს წარმოადგენენ. სწორედ ისინი აკმაყოფილებენ და პასუხობენ დღევანდელი ბაზრის მოთხოვნებს – ტექნოლოგიური განვითარების ერაში ვართ, კომპანიებში შეიცვალა მოთხოვნები უნარებსა და ცოდნებზე. მილენიალები და პოსტმილენიალები [1979-1995 წლებში დაბადებულები] ზუსტად პასუხობენ ამ მოთხოვნებს. რა ქმნის კრიზისს? ჯერ ერთი, ისინი, რაოდენობრივად არიან ცოტა. [ეს არის პერიოდი, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების ერა იდგა და ამ პერიოდში მშობლებმა ძირითადად 1 ან 2 შვილი გააჩინეს, განსხვავებით წინა თაობისგან] სიტუაცია ასეთია: ჩვენ გვაქვს ამ თაობის საჭიროება, ისინი არიან ცოტა, დამსაქმებლები კი გავხდით გაცილებით მეტნი, რადგან ბევრი ბიზნესი იქმნება და ვითარდება ეკონომიკური ბაზარი. ეს ქმნის კონკურენციას. [ამიტომ] მილენიალებს უფრო დიდი არჩევანი აქვთ. შესაბამისად ყველაფრის ფასად, ყველანაირ შეთავაზებაზე არ მიდიან. [გარდა ამისა] ღირებულებებიც განსხვავებული აქვთ – მათთვის აღარ არის სტატუსი მნიშვნელოვანი, დირექტორი ერქმევა, მენეჯერი თუ სხვა, მთავარია თვითრეალიზაცია, კომფორტი, გარემო და დროის ბალანსი, რომელიც დამსაქმებლისთვისაც ძალიან აქტუალური თემაა“.
თამარა ქალიბაძე ამბობს, რომ ტექნოლოგიურ და „ონლაინ“ ინდუსტრიებს არჩევანი არ აქვთ – მართალია, არსებობენ გამონაკლისები და ამ სფეროსთვის საჭირო უნარები წინა თაობის წარმომადგენლებსაც გააჩნიათ, თუმცა, ასეთი ერთეულებია. ძირითადი მოთხოვნა მაინც მილენიალებზეა.
„რადგანაც კონკურენცია მაღალია პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს. კომპანიებმაც უნდა გადახედონ თავიანთ პრინციპებს, მოთხოვნებსა და სტანდარტებს. მენტალურად უნდა შეიცვალოს დამსაქმებელი, განსაკუთრებით მენეჯმენტის აზროვნება. [მაგალითად] ზეგანაკვეთურად მუშაობა. თუ წინა თაობის თანამშრომელი დადგენილზე დიდხანს რჩებოდა სამსახურში, ნიშნავდა, რომ ერთგული და ლოიალური იყო. მილენიალებისთვის ეს არ არის ნორმა და ვერც გახდება, იმიტომ რომ მსოფლიო მიდის ამისკენ – თავად მართე საკუთარი სამუშაო დრო, სამუშაოსა და თავისუფალი დროის ბალანსი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალფეროვნებას – ჯანმრთელობის დაზღვევა და საკვების ბენეფიტი მილენიალებისთვის არის ნორმა, ისედაც უნდა დახვდეს, როდესაც დამსაქმებელთან ურთიერთობას იწყებენ. ეს მათთვის ბენეფიტი ვერ იქნება. HR პროფესიონალებს გჭირდება შემოქმედებითი მიდგომა, მუდმივად უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება შევთავაზოთ მათ განსხვავებული. თითოეული უნდა გრძნობდეს, რომ რომელიღაც კონკრეტული შეთავაზება მასზეა მორგებული. ეს არ არის თაობა, რომელიც ყველაზე მორგებულ სტანდარტს ჩაგითვლის უპირატესობად. [და არის კიდევ ერთი ფაქტორი] ასაკიდან გამომდინარე მათ სჭირდებათ მრავალნაირი გამოცდილება. როგორც წესი, უმეტესობისთვის არის პირველი ან მეორე სამსახური. სხვადასხვა გამოცდილებები უნდა შეადაროს ერთმანეთს, სანამ ლოიალური დასაქმებული გახდება – დაბრუნდება ისევ შენთან, ან სხვა კომპანიაში დარჩება. დამსაქმებლებმაც უნდა გავითავისოთ, რომ გადინება, გარკევული პროცენტით, გახდა ნორმა“.
ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ ვებგვერდს podcast.ge