in

თამარა ქლიბაძე – #პირველისამსახური

ამბავი, რომელზეც ახლა ვყვები, ოცი წლის წინანდელია. შესაძლოა, ბევრი მკითხველისთვის ეს მთელი ცხოვრებაც კია. რეალობა შრომით ბაზარზე 1996 და 2020 წლებში მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა და მიხარია, რომ ასე განვითარდა. ჩემ შემთხვევაში, ყველაფერი მესამე კურსზე, სტაჟირების ძიებით დაიწყო. ეს იქნებოდა 1998-1999 წლები. მე და ჩემმა რამდენიმე კურსელმა და მეგობარმა გადავწყვიტეთ სკოლებისთვის ჩვენი პროფესიით – ფსიქოლოგიის მიმართულებით დასაქმება შეგვეთავაზებინა. აი, ასე, პირდაპირ უნდა მივსულიყავით, მიგვეკაკუნებინა და გვეკითხა, ფსიქოლოგი ხომ არ სჭირდებოდათ. ეს მაშინ თავხედურად გაბედული ნაბიჯი იყო, მაგრამ სამსახურის დაწყების ძლიერმა სურვილმა გვძლია. ვიცოდით, თუ არა ჩვენ, სხვა ვერავინ დაგვეხმარებოდა და ასეთი დისკომფორტული გზა ავირჩიეთ. ბუნებრივია, ეჭვის თვალით გვიყურებდნენ და ბევრი კარი ცხვირწინ მიგვიხურეს. ბოლოს, მაინც დავსაქმდით ერთ-ერთ სკოლაში. ჩემი პირველი ანაზღაურება – 40 ლარს შეადგენდა. სულ ოთხ თვეს გავჩერდი, რადგან ძალიან გამიჭირდა გარემოსთან შეგუება. არანაირი სამუშაო გამოცდილება არ მქონდა, სულ პატარა ვიყავი კოლექტივში და ძალიან მძაფრი იყო კონტრასტი თაობებს შორის. კოლექტივს ძალიან უჭირდა ჩემი გაგება და დიდი აცდენა იყო ჩემს ხედვებსა და მათ მოლოდინებში. გამოუცდელობით მომივიდა ისიც, რომ ძალიან არასწორი ფორმით წამოვედი – მოვიმიზეზე, რომ ავად ვიყავი. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც დირექტორმა დამირეკა და მითხრა, თუ ასე გააგრძელებ, გაგიშვებო, ვუთხარი, რომ სწორედ ამას ვაპირებდი.

ამის შემდეგ, იყო SOS ბავშვთა სოფელი, სადაც ეძებდნენ მამაკაც პედაგოგს, ათწლიანი გამოცდილებით და სხვა მკაცრი კრიტერიუმებით. სამაგისტროს ხელმძღვანელის რჩევით დავურეკე. გაკვირვებულებმა მკითხეს, განცხადებას ნამდვილად გაეცანითო? ვუთხარი, დიახ, ვნახე, მაგრამ სხვა საქმეზე გირეკავთ – მინდა ჩემი, როგორც ფსიქოლოგის კანდიდატურა შემოგთავაზოთ-მეთქი. ვისაუბრეთ და ეს დიალოგი სამსახურის შემოთავაზებაში გადაიზარდა. ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ, ვერც ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი – 21 წლის ასაკში რომ განვაცხადე პრეტენზია ვყოფილიყავი ჩემზე, სულ რაღაც, ხუთი წლით პატარა მოზარდების ფსიქოლოგი. ჩემთვის ეს სამსახური იყო ადგილი, სადაც შევიძინე ყველა უნარი – დაწყებული დროის მართვიდან, საკუთარი აზრის სწორად გადმოცემით თუ სამომავლო პერსპექტივის დანახვით დასრულებული. ძალიან გამიმართლა უშუალო ხელმძღვანელში, რომლის ძალიან დიდი დამსახურებაა ის, თუ ვინ ვარ დღეს და სადამდე ავედი.

ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ გამბედაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანს კარიერულ მიღწევაში ეხმარება. ბუნებრივია, ემოცია მაინც გაქვს, თუმცა, ამ შიშმა არ უნდა გადაგაფიქრებინოს ნაბიჯის გადადგმა. შენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერავინ გააკეთებს. დღეს, დასაქმების ბევრად დიდი შესაძლებლობაა, ვიდრე ოცი წლის წინ იყო და შერჩევაც ბევრად სამართლიანია. ამის მიუხედავად, სახლში ვერავინ მოგაკითხავთ, რომ შესაძლებლობა მოგართვათ. ნაბიჯები ჩვენ უნდა გადავდგათ, საწყისი ეტაპი პრაქტიკის არსებობაა და სხვა ყველაფერი პროცესში მოვა.

თამარა ქლიბაძე – “ევროპაბეთის” HR დირექტორი.

რატომ ამბობენ მენეჯერობაზე უარს ისინი, ვისაც ეს კარგად შეუძლია?

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც წესების გარეშე თამაში შეუძლია