in

მოგზაურობა საკუთარ თავში, ანუ სამყაროს მიღმა – თამარა ქლიბაძის ამბავი

„შინაგანად, მქონდა სურვილი ყველაფრისგან გარეთ გასვლის და იქიდან ყურების – არამხოლოდ ამ პლანეტიდან, არამედ, მზის სისტემიდან, გალაქტიკებიდან, ყველაფრიდან გარეთ,“ – თამარა ქლიბაძე, Europebet-ის HR დირექტორი.

ღამღამობით, პარმაღზე გამოსული პატარა გოგო ვარსკვლავებს ფეხზე დამდგარი ადევნებდა თვალს, თავაწეული დგომის პოზა კი, გრავიტაციის შეგრძნებას აკარგინებდა, უქმნიდა განცდას, რომ მნათობების უსასრულო სამყაროში მიფრინავდა. ზესტაფონის ერთ-ერთი სოფლის დიდი გაშლილი სივრცე, 360-გრადუსიანი ხედვის ბუნებრივ მდგომარეობას უქმნიდა და თავგადასავლების მოყვარულს ექსპერიმენტების თავისუფლებას აძლევდა. ხატავდა, კითხულობდა და საკუთარ გონებაში დაუსრულებლად მოგზაურობდა, რათა ეპოვნა პასუხები კითხვებზე: სად ვართ? რატომ ვართ? რა არის ამ ყველაფრის მიზანი და მისია?

„მახსოვს, შემეძლო მჭეროდა ფოთოლი და მთელი საათის მანძილზე მეყურებინა მისთვის. გარედან ეს სტატიკური მდგომარეობაა, მაგრამ ჩემს გონებაში მთელი წარმოსახვითი თავგადასავალი ვითარდებოდა.“

დღეს, თამარა ქლიბაძეს ერთ-ერთი დიდი კომპანიის HR სამყარო აბარია. ხარისხის მიმართ უკომპრომისო, გაბედული გადაწყვეტილებებისა და არაერთი ცვლილების ინიციატორი საკუთად თავში ერთდროულად იტევს პრაქტიკულ გონებასაც და განმაცვიფრებელ შემოქმედებით სამყაროსაც, რომელიც არ ცნობს წესებსა და შეზღუდვებს.

ინტერესის ბევრი სფერო ჰქონდა, ამიტომ ძნელი იყო დანამდვილებით ეთქვა, ვინ გამოვიდოდა, „დიდი გოგო რომ გაიზრდებოდა“. ცდიდა ყველაფერს, ხოლო თუ რაიმეს კეთება მოსწონდა, სრულიად იძირებოდა მასში.

„ხატვა ახლაც ჩემი ცხოვრების წესია, თუ არ ვხატე – არ ვარსებობ. ვფიქრობ, შემოქმედებაში, ხელოვნების რომელი დარგიც უნდა იყოს, თვითგამოხატვაა ყველაფერი, თორემ ტექნიკის სწავლა ყველას შეუძლია.

სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. წარმომედგინა, რომ დიდი მხატვარი გამოვიდოდი. თუმცა რამდენადაც შემიყვარდა ეს სამყარო, მხატვრების თავისუფალი აზროვნება, იმდენად ხელს მიშლიდა მითითებები და წესები, რომელთა დაცვასაც ითხოვდნენ ხატვისას. სტანდარტიზებამ შემზღუდა, მე კი მინდოდა ისე დამეხატა, როგორც ვგრძნობდი. იმ პერიოდში მივხვდი, რომ არ მომწონს, როცა ჩემი ნამუშევარი შეფასების საგანი ხდება.“

როდესაც ჯერი პროფესიის არჩევაზე მიდგა, მის ცხოვრებაში, იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება, ფსიქოლოგია გაჩნდა. სფეროზე საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა, თუმცა, პროფესიამ საკუთარი თავისაკენ მიმავალი გზა გაუკვალა, აპოვნინა პასუხი უამრავ კითხვაზე, ასწავლა თვითანალიზი, საკუთარი თავის შესწავლა და ბალანსი, თუ როგორ შეიძლება იყო სულიერად შემოქმედებითი, მაგრამ აკეთო ძალიან პრაქტიკული საქმე.

M: ერთ-ერთ ინტერვიუში, როდესაც შენს პირველ სამსახურზე მესაუბრობდი, ახსენე, რომ კარდაკარ დადიოდი სკოლებში და საკუთარ კანდიდატურას სთავაზობდი, ფსიქოლოგის პოზიციაზე, რაც საკმაოდ რთული იქნებოდა, 90-იანურ რეალობაში. რა გაძლევდა ამ მოტივაციას?

ეს იყო სწორედ იმ თვითძიების პროცესის ნაწილი. საზოგადოებაში არსებული სტანდარტების წინააღმდეგ წასვლა ძალიან მასტიმულირებდა და მაგაშიც ვეძებდი საკუთარ თავს. ვიცოდი, კარზე დაკაკუნებას არასასიამოვნო ამბავიც შეიძლება მოყოლოდა, თუმცა, ამას თავგადასავლად აღვიქვამდი. ვეძებდი და ვსინჯავდი ძალებს – აბა, დავინგრევი თუ არ დავინგრევი?! ან, რა მოხდება, იქნებ ეს ჩემი სტერეოტიპია, რომ რაიმე ცუდი მოხდება? მოდი, ვნახოთ…  თავგადასავლის ძიებაში თამაშივით გაიარა ამ პერიოდმა. არადა, ბავშვობაში ასეთი ღია არ ვყოფილვარ. ახლა ვინც მიცნობს, ბევრს ჰგონია, რომ გამოხატული ლიდერი, გახსნილი ადამიანი ვარ – თუმცა, ეს საქმის ნაწილია. შინაგანი ბუნება და კომფორტის ზონა არის ინტროვერტობა, თვითჩაღრმავება, თვითძიება…

M: ამბობ, ინტროვერტი ვიყავიო. როგორ აღმოაჩინე საკუთარ თავში ექსტროვერტული, ლიდერის უნარები?

მახსოვს, მეოთხე კლასში მოგვიწია პიონერის სტატუსის მიღება. მთელი ცერემონია უნდა ყოფილიყო – თეთრი გაუთოებული წინსაფრებითა და პერანგებით, ლამაზად გამოწყობილები უნდა ვყოფილიყავით, მესამე გაკვეთილის შემდეგ, ვიღაცის ძეგლთან დაგვედო ფიცი და ყელსახვევი საზეიმო ვითარებაში მოგვერგო. ძალიან ვინერვიულე, რომ მესამე გაკვეთილის დასრულებამდე, ეს თეთრი წინსაფრები და პერანგები არ დაგვკუჭოდა. ერთ-ერთ შესვენებაზე, მთელ კლასს, 40 ბავშვს, ვთხოვე ამ ყველაფრის გახდა და მასწავლებლის სკამზე ლამაზად გადაკიდება. დამიჯერეს. მასწავლებელი რომ შემოვიდა, შოკი ჰქონდა და შენიშვნაც მივიღე… ასეთი გამონათებები, პერიოდულად, მქონდა ხოლმე, რომ მე უნდა გადამეწყვიტა პრობლემა და ორგანიზებაც ამეღო საკუთარ თავზე. ალბათ, დარწმუნების უნარიც მქონდა, რაკი მთელმა კლასმა დამიჯერა.

M: „სადაც არ მივეკუთვნები, იქ არ უნდა გავჩერდე…“ – ეს შენი სიტყვებია, გვიამბე, როგორ განვითარდა შენი კარიერა?

როდესაც სკოლიდან წამოვედი და ის სამსახური მივატოვე, რომელიც სიმწრით და დიდი შრომის ფასად ვიშოვე, ბუნებრივია, უჩვეულო იყო. თუმცა, მაგ დროს გავაცნობიერე, რომ სადაც არ მივეკუთვნები და ვერ მიგებენ, იქ არ უნდა გავჩერდე. ეს რისკი იყო. თუმცა, ორ თვეში გამოჩნდა ახალი შესაძლებლობა. ეს იყო SOS ბავშვთა სოფელი. მის ბენეფიციარებთან მუშაობის შემდეგ, რეკრუტმენტში გადავინაცვლე. საკმაოდ დიდხანს, სწორედ რეკრუტმენტი იყო ჩემი საქმე HR-ში. ძალიან გამომადგა ქოუჩინგის ტექნიკები, წინა სამსახურში რომ შევიძინე. ამიტომ, ძალიან ადვილად ვადაპტირდი ფსიქოლოგიიდან HR-ში. ეს სფერო ამოუწურავი და მრავლისმომცველია, რომელიც ძალიან ვითარდება.

როდესაც SOS ბავშვთა სოფლიდან წამოვედი და jobs.ge გავხსენი, Human Capital-ის ვაკანსიას წავაწყდი. მომეწონა თავად ეს სახელი. სიმბოლური იყო, რომ ორგანიზაციიდან გამომეხმაურა ჩემივე კურსელი, რომელთანაც დიდი ხანია არ მქონდა კონტაქტი. როგორც აღმოჩნდა, კომპანიის ხელმძღვანელი იყო. ორი წლის მანძილზე ვიმუშავე Human Capital-ში და სადაზღვევო კომპანია IC Group-ში გადავინაცვლე.

შემდეგ, Georgian-American Alloys იყო – უზარმაზარი ნახტომი ჩემს კარიერაში. დიდი კომპანია, 7000 დასაქმებულით – მხოლოდ HR-ის გუნდში 35 ადამიანი იყო დასაქმებული. ორი წლის მანძილზე ვხელმძღვანელობდი ტალანტების განვითარებისა და ტრენინგების მიმართულებას. პარალელურად, მებარა სოციალური პროექტები, კომპანიის ფონდი და ადამიანების დახმარების საშუალება მეძლეოდა. შემდეგ, მივხვდი, რომ კარიერულად იქ ამოვწურე თავი და გემბლინგ ინდუსტრიაში გადავედი.

M: რა სირთულე ახლავს შენთვის HR-ის საქმიანობას?

HR-ის საქმე მხოლოდ პოზიტიური ნაწილისგან არ შედგება. გარდა იმისა, რომ აგვყავს სამსახურში და კარიერის განვითარებაში ვეხმარებით, სწორედ ჩვენ გვიწევს სამსახურიდან ადამიანების გაშვებაც. თავიდან, ჩემთვის ეს ტრაგედია იყო და სოციალური წნეხის ქვეშაც ვიყავი, რომ ეს შემოსავლის წყაროს წართმევაც იყო. მაშინ კოლეგებისგან მივიღე რჩევა და მივედი აზრამდე – დატოვო ადამიანი იქ, სადაც მისი ადგილი არ არის, უფრო დიდი ბოროტებაა, ვიდრე გაუშვა იმ ადგილიდან. საბოლოოდ, რომ გადავხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც წავიდნენ, კარგად არიან. მართალია, ცვლილება მტკივნეულია, თუმცა, განვითარება კომფორტის ზონაში არ ხდება.

M: იმ დროისთვის, როდესაც გემბლინგ ინდუსტრიაში გადახვედი, ეს სფერო ჯერ კიდევ, უამრავ კითხვის ნიშანს ბადებდა საზოგადოებაში. რამ გადაგაწყვეტინა Europebet-ის გუნდთან შეერთება?

გემბლინგის სფერო მაშინ ახალი იყო ბაზარზე და მასზე არაფერი ვიცოდი. როგორც აღმოვაჩინე, ეს იყო სფერო, რომელშიც უინტელექტო ადამიანი, უბრალოდ, ვერ გაჩერდებოდა. ამან კიდევ უფრო ამანთო. ჩემთვის, როგორც მომავალი HR დირექტორისთვის მნიშვნელოვანი იყო, გამეცნო კომპანიის ღირებულებები და რას ითხოვდნენ HR-გან. დირექტორი მიცნობდა და სურდა კონკრეტულად, მე ჩამბარებოდა ეს საქმე. თუმცა, არსებობდა კიდევ დამფუძნებელი, რომლის გაცნობამაც მიმაღებინა გადაწყვეტილება. მან მითხრა: „მე მინდა, თანამშრომლები ისევე ამაყობდნენ ჩვენი კომპანიით, როგორც Google-ის თანამშრომლები ამაყობენ Google-ით“. მსგავსი საქართველოში არსად მქონდა გაგონილი.

M: როგორი ხელმძღვანელი ხარ?

ამ საქმეს სჭირდება მუდმივად გაცემა, თანაც, სანაცვლოდ არაფერს უნდა ელოდო. იმის თქმა, რომ „ჩემზე ვინ ფიქრობს, მეც ხომ ადამიანი ვარ,“ – არასწორია და ცუდი ლიდერობის მდგომარეობაში ჩაგვაგდებს.

ბოლო დროს, უფრო მიმღები ლიდერი ვარ, თვითკრიტიკული, თავისუფლების 100%-იანი ხარისხით, პროცესში სრულიად არ ვარ ჩართული, თუმცა, ხარისხის მიმართ კვლავაც ვარ უკომპრომისო და დასჯის მექანიზმის არქონის პირობებშიც კი, გუნდი ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება სრულყოფილი შედეგის მიღებას. მათთან ერთად პროცესში კეთება იწვევს პატივისცემას და თუნდაც, მარცხის დადგომისასაც გრძნობენ, რომ ნამდვილია შენი განცდები.

ბუნებრივია, დავუშვი შეცდომები შერჩევაშიც, შემდგომ შეფასებაშიც. გამოსავალი კითხვების მუდმივად დასმაში ვიპოვე და მიმიღია ძალიან სასარგებლო უკუკავშირი. თანაც, ამ სამსახურში მუშაობამ, სადაც საერთაშორისო პრაქტიკას გავდივართ და იდეალური გარემოა განვითარებისთვის, გამიჩინა შიში, სხვაგან სად უნდა ვიმუშაო? რა მოხდება, როდესაც ვიგრძნობ, რომ ამოვწურე ჩემი თავი? ამ შიშის საპასუხოდ, ბოლო ორი წელია ვისწავლე, როგორ უნდა გავიზარდო, გუნდის დახმარებით. ანუ ეს პროცესი ორმხრივია – შენ ზრდი მათ, ისინი – შენ. ესაა მომენტი, როდესაც გუნდს აძლევ საშუალებას თავიანთი თავი ბოლომდე გამოხატონ, ატარონ ექსპერიმენტები. თუკი ადამიანს არ მისცემ შეცდომების დაშვების საშუალებას, ვერც ის გაიზრდება და ვერც შენ, რადგან რაც შეუძლებელი გეგონა, სულაც არ ყოფილა შეუძლებელი.

შეცდომებიანი უფრო უყვარხარ…

და ეს „შეუცდომლის“ იმიჯი უფრო არაბუნებრივია. მახსოვს, მალტაზე ვართ მივლინებით და მე და ჩემი კოლეგა HR-ის იდეალურ იმიჯზე ვსაუბრობთ, რომ მას არაფერი ეშლება… გვეგონა კარგს ვაკეთებდით, მაგრამ სინამდვილეში სრულიად ამოვარდნილი იყო არაბუნებრივად ჩანდა. ისე მოხდა, რომ დაგვაგვიანდა ფრენაზე და ვერ დავბრუნდით მალტიდან. თან ძალიან სასაცილოდ დაგვაგვიანდა – აეროპორტის წიგნების მაღაზიაში, დროის გასვლა ვერ ვიგრძენით. თანაც, იქაური აეროპორტი თბილისისაზე ათჯერ პატარაა. და კომპანიის უკუკავშირი როგორი იყო, გითხრათ? მთელი ხელმძღვანელობა რეკავდა – ბიზნეს-კლასით ჩამოგიყვანთ, ეგ არ გვადარდებს, მაგრამ რაც მთავარია, როგორც იქნა, თქვენც შეგეშალათ!

M: პროექტი, რომელიც გეამაყება…

კომპანიები, რომლებიც ძალიან იხარჯებიან და ამავდროულად, ყურადღებას არ აქცევენ კორპორაციულ კულტურას, ვერ იქნებიან წარმატებული. ჩვენ დავიწყეთ შიდა კულტურის ცვლით და ამან იმიჯზე დაასხა წყალი. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ კულტურა შევცვალე უკვე არსებულ გარემოში – ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მაშინ, მუშაობენ დღესაც. ბევრად ადვილია, როცა გუნდი იცვლება, მაგრამ მოახდინო გარდატეხა აზროვნებაში? ამას სჭირდება დიდი ძალისხმევა და თავად კოლექტივის კეთილი ნებაც. ძალიან მიხარია, რომ „ჩვენთვის კულტურა არის საკვანძო ფაქტორი და თუკი მას ვინმე საფრთხეს შეუქმნის, ჩვენთან ვერ გაჩერდება“ არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა.

ძალიან მიხარია, რომ ბევრი რამ შევცვალე, თუნდაც იმით, რომ ძალიან სერიოზული კომპანიები ინტერესდებიან ჩემი კანდიდატურით, ხოლო გემბლინგი საქართველოში დასაქმების სასურველ სფეროდ იქცა პროფესიონალებში. კარი გავხსენით, ღიად ვაჩვენებთ სტრუქტურას და დღეს, ყოველი მეორე, ვინც გასაუბრებაზე მოდის, გვეუბნება, რომ ზედმიწევნით იცნობს ჩვენს LinkedIn არხს და ძალიან კარგ დამსაქმებლებად გვთვლის. უკვე ძალიან ბევრმა გაიგო, რომ გვაქვს ბრწყინვალე კორპორაციული კულტურა და ბიუროკრატიის მოხსნითა და მაქსიმალური მოქნილობის საშუალებით, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ დამსაქმებლებად ვიქეცით.

M: როგორ თანაცხოვრობს საქმიანი თამარა ქლიბაძე ხელოვან თამარასთან?

ძალიან დაბალანსებულად. ბუნებრივია, მეც მქონდა პერიოდები, როცა მხოლოდ სამსახურზე ვიყავი კონცენტრირებული და დასვენების დღეებსაც მას ვუთმობდი, მაგრამ ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზები. ამ დროისთვის იდეალური ბალანსი მაქვს, რადგან სწორედ ამას ვასწავლი თანამშრომლებს. რაც „დიდი გოგო გავიზარდე“, მივხვდი, ზედმეტი ნერვიულობის გარეშეც შეგიძლია აკეთო საქმე კარგად, სახლში მისული, ისევ სამსახურზე აღარ უნდა ფიქრობდე. ამას ვაკეთებ მეც და ამასვე ვურჩევ ყველას. ძალიან მაწუხებს არასამუშაო საათებში სამუშაოზე რომ მესაუბრებიან.

ძალიან ვნებს სამსახურს, თუკი პარალელურად არსად რეალიზდება ადამიანი და მხოლოდ საქმეზე გადართული – ეს იწვევს გადამეტებულ მოლოდინებს, დაძაბულობას და არავის რგებს, საბოლოოდ.

ჩემთვის მხოლოდ ხატვა არ არის ბალანსი. მიყვარს ცურვა, რომელიც საკმაოდ გვიან ვისწავლე – 30 წლის ასაკში. საკმაოდ სპორტულად ვცურავ, არადა, ტრენერი რომ ავიყვანე, მითხრა – შენს ასაკში, მაქსიმუმ, „ბაყაყურით“ ცურვა შეძლოო. გამეღიმა. სამ თვეში, მშვენივრად ვცურავდი „ბატერფლაის“. რა თქმა უნდა, გამოგივიდოდა, შენგან სხვას არც ველოდიო – არც შემაქო. ჩემთვის „არ გამოგივა“ არის ნიშანი, რომელიც მანთებს და მიძლიერებს ჟინს – გავუმკლავდე ყველაფერს.

ბალანსს ვპოულობ მოგზაურობით – ეს ახალი სამყაროების აღმოჩენაში მეხმარება. ქვეყნიდან გასვლა ძალიან მეხმარება. ბოლო წელია, პანდემიის პირობებში, ეს მოგზაურობა შინაგანი წიაღსვლებით ჩავანაცვლე – გაჩერებაც გჭირდება ადამიანს, დროდადრო… ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის ეს პერიოდიც, უამრავი რამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში.

M: როგორ ფიქრობ, შესაძლოა, ერთ დღესაც მხატვრობა შენს ძირითად საქმიანობად იქცეს? 

ხომ არსებობენ გენიოსები, რომლებსაც ნიჭი არ აძლევთ საშუალებას, სხვა საქმე აკეთონ, იმის გარდა, რაც იმ ნიჭს უნდა. ისტორიაში ამის უამრავი მაგალითია, როგორ დატოვა ადამიანმა ყველაფერი და სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა.

როცა დროა და როცა ნიჭი მომწიფებულია, ის ისეთი ძალით ამოხეთქავს, რომ შეუძლებელია მისი შეჩერება. აქამდე მისასვლელად მზაობაა საჭირო. პირველ რიგში ინტელექტუალური, რადგან ჩემთვის შემოქმედება ძალიან მჭიდრო კავშირშია ინტელექტთან. სიცარიელეს ვერ გამოიტან გარეთ. რაღაცები უნდა დააგროვო შიგნით, რომ შემდეგ გამოვიდეს.

სხვა შემთხვევაში, როცა ფოტოგრაფია არსებობს, რა საჭიროა გადახატვა?! ყველაფერს თავისი დრო აქვს და დავუშვათ, თუკი ასეთი დრო ჩემთვის არ დადგება, არაუშავს – საკმაოდ რეალიზებული ვარ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. თუკი, არ დადგება ასეთი მომენტი და ხატვა სხვა ყველაფრის კეთების სურვილს გადაფარავს, ე.ი. არაფერი დამიკარგავს და სრულიად კარგადაა ყველაფერი… ადრე მეგონა, რომ აუცილებლად 20 ან 25 წლის ასაკში უნდა გავმხდარიყავი ცნობილი მხატვარი. ახლა ამას სრულებით დაკარგული აქვს მნიშვნელობა. დადგება მაშინ, როდესაც დრო მოვა.

M: ჩემი ცხოვრების სლოგანია, „მთავარია, არ გაჩერდე“

მახსოვს, 7 წლისა, მუსიკალურ კონცერტზე გამოსვლის წინ ძალიან ვნერვიულობდი. მასწავლებელმა შემატყო ეტყობა და მითხრა, იცოდე – რაც უნდა მოხდეს – დაგავიწყდეს, შეგეშინდეს – მთავარია, არ გაჩერდე, გააგრძელე იქიდან, საიდანაც გახსოვს. ვერავინ გაიგებს, რა მონაკვეთი გამოტოვე ნაწარმოებიდან, ერთადერთი – წააგებ მაშინ, თუ გაჩერდები.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Intel აცხადებს, რომ მან კვანტური გამოთვლის ძირითადი პრობლემა გადაჭრა!

პირველად ისტორიაში სოტბის აუქციონზე ნამუშევარი კრიპტოვალუტაში გაიყიდა