ონლაინთამაშების პლატფორმები რომ მარკეტერებისთვის საინტერესო მოედანია სამოქმედოდ, ამაზე ხშირად საუბრობენ, თუმცა ბოლო დროის კვლევები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ამაში. Dentsu Media US-ის უკანასკნელი გამოკვლევები გვეუბნება, რომ რეკლამის განმთავსებლებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ თამაშების ზონას, როგორც სარეკლამო არხს.
ამ კვლევებით დადგინდა, რომ თამაშების პლატფორმებზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს გაშვებული რეკლამები ისევე ეფექტურია, როგორც მათი წინასწარი განთავსება. საუბარია არა მხოლოდ 5-წამიან, მოკლე ვიდეორგოლებზე, არამედ 15 და 30-წამიანზეც კი. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ რეკლამაში იგივე პროდუქტი არ უნდა ჩანდეს, რაც თამაშთან პირდაპირ იქნება დაკავშირებული, აქვე იმასაც გვეუბნებიან, რომ პირდაპირი ტრანსლაციის დროს რეკლამის გაშვება განმთავსებლებს ჩართულობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გამოიკვეთა, ეკრანის ზომაა. ახალ კვლევაში წერია, რომ სრული ეკრანი მეტ ყურადღებას იქცევს, ვიდრე პატარა ეკრანზე ამომხტარი რეკლამა, რადგან ამ დროს სხვა არაფერია საყურებელი და თვალი არსად გარბის.
ზეპირად რომ არ ვილაპარაკოთ და კვლევის დროს აღბეჭდილი ციფრებიც მოვიშველიოთ, დადგინდა, რომ თამაშშიდა რეკლამებში მაყურებლის ყურადღების ინდექსი საშუალოდ 3,442 წამი იყო. ეს გაცილებით მაღალი რიცხვია, ვიდრე ტრადიციული ონლაინრეკლამის მიერ გამოკვეთილი 1416 წამი.
რეკლამის განთავსების კიდევ ერთი საშუალებაა ვიდეო ჯილდოს სანაცვლოდ, რომელიც 100%-ით ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა. მომხმარებელი ირჩევს რეკლამის ნახვას რაიმე სახის ჯილდოს სანაცვლოდ, როგორიცაა, მაგალითად, დამატებითი სიცოცხლე. კვლევამ ისიც დაადგინა, 5-დან 4 მომხმარებელი სიამოვნებით უყურებს ასეთ კონტენტს.
იმისთვის, რომ მარკეტერმა თამაშში რეკლამის განთავსების მაღალი მაჩვენებელი დაწეროს, კარგად უნდა ისწავლოს ეს სათამაშო გარემო. ხელოვნური ინტელექტი, გაძლიერებული რეალობა (AR) და მობილური მარკეტინგი ის ხელსაწყოებია, რომლებიც სათამაშო გარემოსაც იდეალურად ერგება და მარკეტერებისთვისაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ტექნიკური ჟიურის შეფასებით, სათამაშო ინდუსტრია 2025 წლისთვის $257 მილიარდს შეადგენს. წლების განმავლობაში სათამაშო ინდუსტრია იდუმალი გამოწვევა იყო, რომელიც ბევრმა მარკეტერმა ვერ დაძლია, თუმცა დღესდღეობით ეს ყინული ნელ-ნელა ლღვება და მარკეტერებმა უკვე დაიწყეს თამაშების ინდუსტრიის, როგორც სარეკლამო სივრცის გამოყენება.