in

თამაში, როგორც მოწყენილობისგან თავის დაღწევა და საზიანო შედეგები

“გაქცეულ გეიმერებს” რეალურ გარემოში ადაპტაცია უჭირთ

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სმარტფონების თამაშებმა, შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანებს. ეს ძირითადად მათ ეხება, ვინც ნეგატიური განწყობისა და მოწყენილობის განცდის ჩასახშობად მიმართავს თამაშებს.

ვატერლოოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დეპრესიული “გაქცეული გეიმერები” უმეტესად “დინებას” მიჰყვებიან. ესენი ის ადამიანები არიან, რომელთაც რეალურ გარემოში ურთიერთობის დამყარება უჭირთ.

“აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად განიცდიან უკიდურეს მოწყენილობას, სმარტფონების თამაშებს ამ განცდის თავიდან ასაცილებლად და შესამსუბუქებლად იყენებენ” – ამბობს შანელ ლარჩე, კვლევის წამყვანი ავტორი, რომელიც კვლევას ნეირომეცნიერ მაიკლ დიქსონთან ერთად აწარმოებდა.

ამასთან, თამაშის განმავლობაში გეიმერებს შეუძლიათ, “ოპტიმალურ აღგზნებას” მიაღწიონ, ყურადღება არარეალურ სამყაროზე გაამახვილონ და ერთფეროვნების განცდა შეამცირონ. მართალია, ეს მეთოდი კონკრეტულ მომენტში განწყობაზე გარკვეულწილად დადებითად მოქმედებს, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში საკმაოდ საზიანოა.

ექსპერიმენტის ფარგლებში 60 მონაწილე Candy Crush-ის სხვადასხვა სირთულის დონეს თამაშობდნენ. მარტივიდან რთულამდე ვარიაცია იმის გაგებას ემსახურებოდა, თუ რა სირთულის თამაშზე ინარჩუნებენ გეიმერები თამაშის სურვილსა და აღგზნებას.

როგორც შედეგები ადასტურებს, ადამიანები, რომლებიც მოწყენილობის თავიდან ასაცილებლად თამაშებს აფარებენ თავს, უფრო მეტად არიან ჩაფლულნი თამაშში, ვიდრე გეიმერები, რომლებიც თამაშს ამ მიზნით არ იყენებენ. ამასთან, “გაქცეული მოთამაშეები” ამ საქმიანობას უფრო დიდ დროს უთმობენ.

“ისინი, ვინც თავის დასაღწევად თამაშობენ, უფრო დიდ სიამოვნებას იღებენ თამაშისგან, ვიდრე სხვა გეიმერები. ეს არაადეკვატურია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თამაში გუნება-განწყობილებას უმაღლებს ადამიანებს, ის თამაშის სურვილს კიდევ უფრო ზრდის. ამან, შესაძლოა, დამოკიდებულობა გამოიწვიოს” – ამბობენ მკვლევრები. შესაბამისად, სხვა, ჯანსაღი აქტივობებისთვის საკმარისი დრო არ რჩება. ცხოვრების ასეთ სტილს კი დეპრესიის დონის გაზრდა შეუძლია.

ამ შედეგებმა, შესაძლოა, დეველოპერებს ახალი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგოს. მაგალითად, თამაშში ისეთი ფუნქციის ჩასმა, რომელიც მოთამაშეებს დროის განსაზღვრაში დაეხმარება – რამდენი ხანი სურთ თამაში, რაც დადებითად აისახება ზოგადად მათ ფსიქიკაზე.

ეკატერინე ებანოიძე და ზიზი ნასრაშვილი Leavingstone-ის გუნდს შეუერთდნენ

როგორ მოვიგოთ ომი, საუკეთესო ტალანტების ძიებისას?