„თამაშობანა“ ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მამოძრავებელი ენერგიაც ყოველთვის იყო და არის ბავშვების სიყვარული — მათთვის და მათი ოჯახებისთვის შთამბეჭდავი მომენტების შექმნა.
„ვფიქრობ არავის ყავს ჩვენნაირი ლოიალური მომხმარებელი,რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ. ისინი ყოველთვის გვკარნახობენ საით უნდა ავიღოთ გეზი და ამ პროცესებში ყოველთვის მხარდამჭერებად დაგვყვებიან“, — ამბობს ნაუ სონღულაშვილი, კომპანიის დამფუძნებელი. და აი, ასე „კარნახით“, სწორი მიმართულებით სვლით მოხვდა „თამაშობანა“ Speilwarenmesse-ზე, თამაშების საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც სიდიდით მსოფლიოში მეორეა და 60 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს.
M: ნაუ, როგორ მოხვდით გერმანიაში სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე?
პირველად ამ გამოფენაზე 2018 წელს, აწარმოე საქართველოს დახმარებით, მოვხვდით. ზოგადად, „თამაშობანაში“ გვჯერა, მთავარია, რამე გულით გინდოდეს და აუცილებლად გამოვა — სწორედ ასე იყო ამ გამოფენაზე მოხვედრაც. სათამაშოების სექტორი გავერთიანდით და აწარმოე საქართველომაც მალევე გამოთქვა სურვილი ჩვენთან თანამშრომლობაზე.
კოვიდის შემდეგ მსოფლიოში დიდი ცვლილებები მოხდა, რამაც გამოიწვია ევროპული ქვეყნების ინტერესი, მათი წარმოება უფრო ახლოს და არასანქცირებულ ქვეყნებში გადმოეტანათ.
თამაშობანას ამ გამოფენაზე ორი შეთავაზება ჰქონდა: 1) თამაშის წარმოება, რაც მოიცავს თამაშის კონცეფციის შექმნას, ილუსტრაციას და წარმოებას საქართველოში; და 2) ჩვენი თამაშების ექსპორტზე გატანა, მათ შორის, ამ მეორეს ყველაზე პოპულარული ფორმა ლიცენზირების გაყიდვაა.
ამჟამად ორივე მიმართულებით გვაქვს საკმაოდ დიდი ინტერესი და ახლა ვფიქრობ, უკვე „ბურთი ჩვენს მოედანზეა“, რათა გამოთქმული ინტერესები ბოლომდე დავამუშაოთ და დამატებით შეკვეთები ავიღოთ.
M: რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს გამოფენებში მონაწილეობის მიღება და თავად რა სარგებელი ნახეთ განვითარების კუთხით?
გარდა ზღვა იდეებისა, უფრო მეტს ეცნობი პროდუქტის წარმოების პროცესზე, მეტ ყურადღებას აქცევ დეტალებს, შეფუთვას და ყველა იმ წვრილმანს, რომელიც ბაზარზე ამა თუ იმ კომპანიას გამოარჩევს.
ამ ეტაპისთვის ერთი ექსპორტის პროექტი უკვე განვახორციელეთ, რაც სამაგიდო თამაშის ილუსტრაციის და პროტოტიპის შექმნას მოიცავდა გერმანული კომპანიისთვის. ვფიქრობ, თამაშების გზით, ქართველი არტისტების ექსპორტზე გაყვანა ძალიან საინტერესოა, რადგან საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ, როგორც ფასის, ისე ხარისხის კუთხით. ჩვენი არსებული თამაშის სამუშაო პროცესი ჩვენმა დამკვეთმა „world class“ მომსახურებად შეაფასა, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ამ პირველი თამაშის ილუსტრაციების ავტორი კი არის ჩვენთვის საყვარელი Gamez.
რა თქმა უნდა, ექსპორტზე გასვლას თან ახლავს გამოწვევებიც, რაც გულისხმობს პროექტების ვადებისა და ხარისხის შენარჩუნებას. მნიშვნელოვანია, კლიენტის სურვილები მაქსიმალურად დაზუსტდეს და ამ მიმართულებით ზუსტი პროცესები გავწეროთ, რათა ყველა მხარისთვის სასიამოვნო აღმოჩნდეს ნებისმიერი სამუშაო პროცესი, რასაც პროექტის მსვლელობისას გავივლით.
M: რას ურჩევთ სათამაშოების სხვა კომპანიებს, საერთაშორისო გამოფენებში მოსახვედრად?
ვფიქრობ, მიზნობრივ გამოფენებზე მონაწილეობაც და ვიზიტორობაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ბაზრის მოძრაობის პულსზე გიდევს ხელი. ხვდები, რა ინოვაციები და ტრენდებია სფეროში, რაც განვითარებისთვის საკმაოდ დიდი ინსპირაციის წყაროა. ძალიან ბევრი კომპანია მოდიოდა სხვადასხვა სფეროდან — მასწავლებლები, პედიატრები, სათამაშოების მაღაზიების მფლობელები… ეს საინტერესო სივრცეა ყველასთვის, ვისაც ბავშვის განვითარებასთან აქვს შეხება და ამ სფეროს წინსვლაზე ზრუნავს.
M: და, ზოგადად, რა არის ის ძირითადი კონცეფცია, რომელზეც თქვენს სათამაშოებს აგებთ? რატომაა ისინი ბავშვებისთვის საინტერესო თუ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი?
ჩვენი ყველა თამაში მიმართულია თამაშის გზით შემეცნებაზე, ზრუნავს როგორც მათ ინტელექტუალურ, ისე ემოციურ განვითარებაზე. ჩვენი თამაშები აერთიანებს ბავშვებს, მეგობრებს, ოჯახებს მხიარულების გზით და ენით, რაც საერთო ჯამში, ჯანსაღი ურთიერთობების ფორმირებას ემსახურება.
თამაშობანას ყველა თამაშს განსხვავებული არტისტი ჰყავს, რაც შემთხვევითი არაა… ვფიქრობ, ყველა თამაში ცალკე ამბავია და ყველა ამბავს თავისებური მხატვარი სჭირდება.
მათი ასაკი 6+ იწყება და ზედა ზღვარს არ განვსაზღვრავთ, რადგან ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს თამაშის შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში; სწორედ ამიტომ, ჩვენი სამაგიდო თამაშების უმეტესობა დიდებისა და ბავშვების ბარათებს მოიცავს, რათა ყველამ ისიამოვნოს ამ პროცესით და თამაში ვალდებულებად არ ჩათვალონ.
M: ბოლოს ისიც გვითხარით, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ამ წლის ბოლომდე „თამაშობანაში“ საკმაოდ ამბიციური გეგმები დავისახეთ. გარდა იმისა, რომ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ კორპორატიულ თამაშებზე ( 2022 წელს ათამდე თამაში დავამზადეთ კორპორატიული სექტორისთვის), გვსურს, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი და 2023 წლის შემოდგომაზე ჩვენი ახალი მულტიფუნქციური სივრცის გახსნასაც ვაპირებთ. ლოკაციაც და კონცეფციაც სწორედ ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩვენს გულებში „თამაშობანასთვის“ წარმოგვედგინა. ამიტომ, ამ წელს ჩვენი მატარებელი კიდევ უფრო სწრაფად, ინოვაციურად და მოქნილად ივლის, ვიდრე წინა წლებში.