in ,

„თაროებზე დაგვიცარიელდა სათამაშოები და გაყიდვებმაც იკლო“ – „თამაშობანას“ #შეცდომები

Startauperi
Startauperi

მარკეტერი წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, „თამაშობანას“ თანადამფუძნებელმა, ნონა სონღულაშვილმა გაგვიზიარა #შეცდომები, რომლებმაც კომპანიის მთლიანი სტრატეგიის შეცვლა განაპირობა.


სათამაშოების ინდუსტრია იმდენად ინსპირაციულია, რომ რთულია, გაუძლო ცდუნებას და არ მიედ-მოედო ყველაფერს. ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ იდეას განვიხილავთ, ბავშვობაში ვბრუნდებით და ამას ემოციების ზღვა მოჰყვება. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ სტარტაპსა თუ ბიზნესში, ძალიან მნიშვნელოვანია კონცენტრაცია იმ კონკრეტულ სეგმენტზე, რომელზეც მუშაობ.

2016 წელს, თამაშობანა „სტარტაპ საქართველოს“ ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელდა. გარკვეული მიზეზების გამო, უარი ვთქვით ამ და სხვა საინვესტიციო შემოთავაზებებზე და ისევ თვითდაფინანსებით გავაგრძელეთ მუშაობა. ძირითადი შეზღუდვები ბრენდის ნიშნის გამოყენებას ეხებოდა, რაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და რთული აღმოჩნდა. კომპანიის გაზრდისთვის კი საჭირო იყო ინვესტიციის გაზრდა. პარალელურად, დავიწყეთ საბავშვო ღონისძიებების მოწყობა „თამაშობანა ზეიმი“, რაც მალე ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. სწორედ აქედან შემოსული თანხა ხმარდებოდა პროდუქტების განვითარებას.  ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ეს უფრო მოთხოვნადი პროდუქტია ბაზარზე,  ვიდრე სათამაშოები და გარკვეულ წილად ამ ზეგავლენის ქვეშაც მოვექეცით.

დადგა 1 ივნისი, მოგვიახლოვდა ზაფხული და ღონისძიებების რაოდენობამ ისე იმატა, რომ ფაქტობრივად, პროდუქციის ქსელებში შესატანად ვეღარ ვიცლიდით. მთელი ჩვენი ენერგია და რესურსი ზეიმების დაგეგმვაზე მიდიოდა. დავკარგეთ კონცენტრაცია და სრულიად სხვა ბიზნეს სეგმენტში აღმოვჩნდით, თაროებზე დაგვიცარიელდა სათამაშოები და რა თქმა უნდა, გაყიდვებმაც იკლო. სწორედ 1 ივნისის საღამოს, უამრავი ღონისძიების შემდეგ, სრულიად გადაღლილები, მივხვდით, რომ ეს ის არ არის, რისი კეთებაც ჩვენ გვინდა და შევუდექით მთელი კომპანიის სტრატეგიის გადაკეთებას. შედეგად, დღეს თამაშობანა უკვე 50-მდე სავაჭრო ქსელში იყიდება. მეტ-ნაკლებად, დავარეგულირეთ მარაგების პრობლემაც, ვმუშაობთ, რომ „თრეიდში“ უფრო მეტად მოვძლიერდეთ. ყველაზე მაგარი კი არის ის, რომ „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა“ და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, ხვალ, 30 იანვარს, ნიურბერგში მივემგზავრებით, სადაც მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიოში სათამაშოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე და დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგი ამბებით დაგიბრუნდებით.

შეიძლება ცოტა გაცვეთილი ფრაზა არის, მაგრამ არავინ ისე კარგად არ გრძნობს შენი გულის ცემას, როგორც შენ თვითონ. რამდენი მენტორიც და კეთილისმსურველიც არ უნდა გყავდეს გარშემო, მაინც მიმაჩნია, რომ ის არის მართებული, რასაც თავად აირჩევ. ყველაზე მთავარი კი სტარტაპისთვის ვფიქრობ, რომ არის: გუნდურობა, კონცენტრაცია და შრომისმოყვარეობა.

„ჩვენ გავიმარჯვეთ, ქართულმა ჯგუფმა და ვაცხადებთ, რომ „სილქნეტმა” შეიძინა „ჯეოსელი”! – გიორგი რამიშვილი

„ბასტი-ბუბუს“ ბრენდი – სოციო-კულტურული იმპულსები და ისტორია