in

თამაზ მჭედლიძე – #პირველისამსახური

ბებიაჩემი მკურნალი იყო. ექიმი რომ ვარ, მისი შთაგონების დიდი დამსახურებაა. სტომატოლოგიურზე ჩავაბარე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ინტერნატურაში მოვხვდი. საბჭოთა დრო იყო და სადაც გაგანაწილებდნენ, იქ იწყებდი მუშაობას – მეც ლენინგრადის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში აღმოვჩნდი, სწორედ აქ გაიღვიძა ჩემში მეწარმის ინსტინქტმა. სტაჟიორები თავისუფალი გრაფიკით ვმუშაობდით, ექიმებისგან განსხვავებით, რომლებსაც ყოველ პროცედურაზე წუთები ჰქონდათ განსაზღვრული. გამაყუჩებელი ქირურგიის კაბინეტში იყო, თუმცა, ექიმები, დროის შეზღუდვის გამო, ვერ ასწრებდნენ პაციენტების ჩაყვანას, ინექციის გაკეთებას და ამოყვანას. ამის გამო, პაციენტებს გაყუჩების გარეშე მკურნალობდნენ, რაც საშინლად მტკივნეული იყო. მე კი, არ ვიყავი დროში შეზღუდული – ქირურგებთან შეთანხმებით, მათ კაბინეტში დავდგი ცალკე სკამი, პაციენტები შემყავდა, ვუკეთებდი ანესთეზიას და ისე ვატარებდი პროცედურას. ასე დავიწყე პრაქტიკა და მოკლრ დროში, ძალიან ბევრი პაციენტი დამიგროვდა.

ინტერნატურის შემდეგ, მედიცინის სხვა მიმართულებებშიც გადავწყვიტე დამეგროვებინა პრაქტიკა და წავედი რეგიონებში. პრაქტიკულად, ყველაფერს ვაკეთებდი, მშობიარობის მიღების გარდა. ერთხელაც, მამაჩემმა დამირეკა ხაშურიდან და მითხრა, ხაშურში დაბრუნდი, ცოლი მოიყვანე და მოგვხედე მშობლებსო. გავიგე, რომ ხაშურში პატენტის აღება და კერძო კაბინეტის გახსნა შემეძლო. ამ იდეამ მომხიბლა და 1989 წელს, ხაშურში, მშობლებთან დავბრუნდი. უკვე საკმაოდ მქონდა დაგროვილი საკუთარი გამოგონებები და ტექნოლოგიები – კბილს უმტკივნეულოდ ვიღებდი, ხან – თუ ფესვი ჯანსაღი იყო, მთლიან კბილს აღვადგენდი ხოლმე. გაოცებულები იყვნენ. თანაც, ძვირს არ ვიღებდი, ხაშურში მიღებული ფასებით ვმუშაობდი. დიდი რიგები, ღამით მანქანაში ეძინათ ხოლმე, დილას რომ ჩემთან მოხვედრილიყვნენ. 8-დან 23 საათამდე ვმუშაობდი ხოლმე, ხან – ღამის 1-მდე.

ხაშურში ორ წელზე მეტხანს ვერ გავძელი. ისევ ლენინგრადში დავბრუნდი და ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წელს, გავხსენი ჩემი პირველი სტომატოლოგიური კლინიკა. სამოთახიან ბინაში ორი კაბინეტი მოვაწყე. მაშინ, ჩემი მეგობრები ნაშოვნი ფულით კარგ მანქანებს რომ ყიდულობდნენ, მე ორი გერმანული სტომატოლოგიური დანადგარი ვიყიდე და პირველად, საბჭოთა სტომატოლოგიურ ისტორიაში 24-საათიანი მომსახურება შემოვიტანე – ღამით, სტომატოლოგი ჩვეულებრივად მუშაობდა. ასევე, პირველი ვიყავი, ვინც სამკურნალო პროცესში ორი ადამიანი – ექიმი და ასისტენტი ჩართო. ნიღაბი, ხელთათმანები და ბახილებიც კი, საბჭოურ სტომატოლოგიაში პირველმა მე დავნერგე. 1997 წლიდან, ესთეტიკური მედიცინა, პლასტიკური ქირურგია, საოჯახო მედიცინა, გინეკოლოგია, უროლოგია, თვალის ლაზერული კორექცია დავამატე და ამ დროისთვის, 25 სხვადასხვა კლინიკა გვაქვს, 1500-ზე მეტი თანამშრომელი და 400-ზე მეტი ექიმი.

ბებიის შთაგონების გამოძახილია ისიც, რომ საქართველოში დაბრუნებულს სურვილი გამიჩნდა ქართული ველნეს ინდუსტრია შემექმნა, რომელიც ჯანმრთელობის მედიცინაზე იქნებოდა მომართული და ადამიანებს დაავადებისგან დაიცავდა. ასე მივედი „ბიოლის“ იდეამდე.

თამაზ მჭედლიძე – ველნეს-კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელი, სამედიცინო ჯგუფ MEDI-ის დამფუძნებელი

Microsoft Windows 11 Build 22000.194-ს ავრცელებს – რას ეხება განახლება?

WhatsApp ბიზნესის ახალ ფუნქციას ნერგავს!