in

“სამოსს Adidas-ის მიერ ავტორიზებულ ფაბრიკაში ვკერავთ” – ქართული ბრენდი Tami Sport

Startauperi
Startauperi

არსებობს მოსაზრება, რომ პროდუქტის შექმნა და გაყიდვა ბევრად მარტივია, თუკი მისი ყველაზე ხშირი მომხმარებელი ხარ და აზარტით ეკიდები საქმეს. ტანსაცმლის ბიზნესამდე თამარ გელაშვილი და მისი მეუღლე სპორტის სიყვარულმა მიიყვანა და იმის მიუხედავად, რომ ბაზარი სპორტული სამოსის სიმცირეს არ უჩივის, ამ მიმართულების ბიზნესის პერსპექტივა დაანახა. დღეს ჩვენ სპორტული ტანსაცმლის ქართული ბრენდზე Tami Sport გიამბობთ. თამარ გელაშვილი და მისი მეუღლე მძლეოსნები არიან. ბრენდის შექმნა სპორტის სიყვარულმა შთააგონათ. სურდათ ქართული ხმა მსოფლიოსთვის ამ ინდუსტრიაშიც მიეწვდინათ. მიზნად დაისახეს მათ მიერ შექმნილი სამოსი მაღალი ხარისხის პროდუქტი ყოფილიყო, ამიტომ Adidas-ის ავტორიზებულ ფაბრიკასთან დაიწყეს თანამშრომლობა და Tami Sport სწორედ იქ იკერება.

ბიზნესს ცოლ-ქმარი ერთად უძღვება. ტანსაცმლის დიზაინს თამარ გელაშვილი თავად ქმნის. მისი თქმით, დიზაინზე მუშაობა კონსტრუქტორ-მოდელიერმა დედამ ასწავლა და ბავშვობაში მიღებული ეს ცოდნა, დიდი ხნის შემდეგ, საკუთარ ბიზნესში გამოიყენა. ბაზარზე შემოსვლამდე, Tami Sport-ის დამფუძნებლებმა, დაახლოებით, ერთი წელი შესწავლასა და მოსამზადებელ სამუშაოებს დაუთმეს. დღეს კი, დიდი მიზნები ამოძრავებთ. ჩვენს შეკითხვებს თამარ გელაშვილმა უპასუხა.

M: მსოფლიოში ტანსაცმლის ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს. მათ შორისაა, სპორტული მიმართულების ბრენდებიც. ამის მიუხედავად, რატომ გადაწყვიტეთ სპორტული ბრენდის შექმნა? 

ბაზრის მთლიანად შესწავლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში პირველები ვართ, ვინც ლუქს-სპორტულ ტანსაცმელს ქმნის. ამ ეტაპზე, საქართველოში, უცხოური ბრენდებიც არ გვთავაზობენ ლუქს კლასის ტანსაცმელს.

ეს ჩემი და ჩემი მეუღლის რიგით მესამე სტარტაპია, ყველა მათგანი სპორტთან და ჯანსაღ ცხოვრების სტილთან არის დაკავშირებული. ჯერ პერსონალური ვარჯიშების სტუდია Studio Tami, მოგვიანებით კი, სავარჯიშო აქსესუარების ონლაინ მაღაზია FitLab Georgia გავხსენით. აქედან დაიბადა იდეა, რომ კარგი იქნებოდა თუ სავარჯიშო ტანსაცმელსაც შევთავაზებდით აქტიურ ადამიანებს.

M: რა პრობლემის გადაჭრა გსურდათ მომხმარებლისთვის “თამი სპორტის” დაფუძნებით?

როგორც სპორტსმენს, ყოველთვის დანაკლისი მქონდა, ისეთი სამოსი შემეძინა, რომელიც მხოლოდ ფუნქციური კი არა, ლამაზი და მოდურიც იქნებოდა. Tami Sport სთავაზობს ქალბატონებს ტენდენციურ დიზაინის სამოსს, რომელიც ამავდროულად, კომფორტულია პერფორმანსისთვის. ქსოვილები, რაც კოლექციაში გამოვიყენეთ არის გაუმჭვირვალე, ფუნქციური, ოთხი მხრივ წელვადი, მალე შრობადი, რაც ვარჯიშისას დამატებით კომფორტს სთავაზობს ქალბატონებს.

M: გვიამბეთ ბრენდის კონცეფციასა და ფილოსოფიაზე. რა გამოგარჩევთ ბაზარზე?

Tami Sport გამოირჩევა იმით, რომ ბრენდი აერთიანებს ტენდენციურ დიზაინს, უახლეს ქსოვილებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. დიზაინის მიღმა არ იკარგება სამოსის ფუნქციური მხარეც. ასევე, რისკის ქცეშ არ ვაყენებთ ხარისხს. ვიყენებთ მაღალი კლასის ქსოვილებს, რომლის მოთხოვნაც იყო ფაბრიკის მხრიდან. სამოსი იკერება Adidas-ის მიერ ავტორიზებულ ფაბრიკაში. ეს ის ფაბრიკაა, რომელიც ლუქს-სპორტული სამოსის მოთხოვნას სრულებით აკმაყოფილებს. მინდა აღვნიშნო, რომ გაყიდვამდე სამოსი გადის პროფესიონალი სპორტსმენების გამოცდას.

M: რა ტიპის სეგმენტისთვის იქმნება თქვენი სამოსი და როგორია გავრცელების არეალი?

Tami Sport არის მშვენიერი სამოსი, რომელიც აღვივებს მომხმარებლის სპორტულ სურვილებს. ეს არის დახვეწილი, გემოვნებიანი, თამამი ქალბატონი, რომელიც ირჩევს ჯანსაღი ცხოვრების სტილს. ბრენდი გამოარჩევს იმ ინდივიდებს, რომელსაც უყვართ პერფორმანსი, სტილი, კომფორტი. ამ ეტაპზე, სამოსი იყიდება მხოლოდ საქართველოში, ჩვენს ონლაინ მაღაზიაში www.tamisport.ge

M: რა გამოწვევების გადალახვა მოგიხდათ დაფუძნებიდან დღემდე?

რესურსები ჩვენი წინამორბედი სტარტაპებიდან მოვიძიეთ. პირველივე დაბრკოლება ჩვენთვის ფაბრიკების შერჩევა აღმოჩნდა. ოთხი თვე ვეძებდით შესაბამის სამკერვალოს. ფაბრიკა, რომელთანაც ახლა ვთანამშრომლობთ, როგორც აღვნიშნე, Adidas-ის მიერ ავტორიზებულია და ჩინეთში მდებარეობს. ონლაინ გვიწევს ჩვენს მოკავშირესთან დიზაინის დეტალებზე შეთანხმება. ეს მართლაც რთულია – დიზაინი, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით მაქსიმალურად დეტალიზებული და დამუშავებული უნდა იყოს, რომ ჩვენამდე ნიმუში სრულყოფილი ჩამოვიდეს.

M: რა გაძლევთ მოტივაციას, რომ არ დანებდეთ?

ეს საქმე ჩემთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მომწონს და მიყვარს, რასაც ვაკეთებ. რაღაც ახალ ვქმნი, იმას, რაც ქალებს მეტ თავდაჯერებულობას შემატებთ, მოტივაციასა და ძალას მიცემთ. საპასუხოდ, მეც ვიღებ დადებით ენერგიას, როდესაც შენაძენის შემდეგ კმაყოფილი ქალები მწერენ. ხშირად მაქვს მათთან კონტაქტი, ვისმენ მათ აზრებს. ეს ჩემთვის მთავარი მოტივაციაა.

M: ამ დროისათვის, “თამი სპორტის” ყველაზე დიდ წარმატებად რა მიგაჩნიათ?

Tami Sport ჯერ ახალგაზრდა ბრენდია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცნობადობის გაზრდა და ის, თუ როგორ მიგვიღებდა ქართველი მყიდველი. უკვე ბევრი მომხმარებელი გვყავს და ძალიან კარგად მიგვიღო ბაზარმა. ბევრი ქალი უკვე ცნობს ჩვენს ბრენდს.

M: რა მომავალი აქვს ამ ბრენდს, თქვენი ხედვით?

ბრენდი ეტაპობრივად გაიზრდება და ძალიან ბევრ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს. ჩემი პირადი სურვილია, ქართველი ქალებისთვის საყვარელ სპორტულ ბრენდად ჩამოვყალიბდეთ, გავანებივროთ ახალი კოლექციებით და მივცეთ მეტი მოტივაცია. ხოლო, ამის შემდეგ, სურვილი გვაქვს, უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიტანოთ სამოსი.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

აღმოაჩინეს პირველი „ცხოველი“, რომელიც ჟანგბადს არ იყენებს

თბილისის კომუნიკაციის სკოლაში Startup Design-ისა და UX დიზაინის კურსები იწყება