in

“ეს ნახატები თან ჩემია, თან საერთოდ არაა ჩემი” – თვითნასწავლი მხატვარი თამო ჯუღელი

ხელოვნებამდე საკუთარი გზის ხანგრძლივმა ძიებამ მიიყვანა. 22 წლამდე, მხატვრობით არასოდეს დაინტერესებულა. თამო ჯუღელისა და ხელოვნების ურთიერთობა, ბავშვობაში, ბალეტის გაკვეთილებითა და  მუსიკის მოსმენით შემოიფარგლებოდა. შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, საკუთარი თავი ხელოვნებაში იპოვნა და მას შემდეგ, უკვე ორი წელია, სამსახურიდან თავისუფალ დროს ყოველთვის ხატვას უთმობს. გაიცანით, თვითნასწავლი მხატვარი თამო ჯუღელი…

BOG
BOG

“ჩემი პირველი გამოფენა იყო არტ-ვილა “გარიყულაში”, სადაც ერთი კვირის განმავლობაში, სხვა მხატვრებთან ერთად ვცხოვრობდი. შემდეგ, ჩემი გაციფრულებული ილუსტრაციები Start-Up გალერიმ ბათუმის ქუჩების არტ-ბოქსებში გამოფინა. კიდევ იყო “ფრანკფურტის წიგნი ბაზრობაზე”, ანბანის ერთ-ერთი ასოს ილუსტრაცია გამოფინეს, ჩემი შესრულებით. ეს ის დროა, როცა გრაფიკულ ილუსტრაციებთან მქონდა შეხება, თუმცა, შემდეგ სრულიად დავანებე თავი – ხელშესახები მხატვრობა ვარჩიე – პირადი შეხება საღებავთან და ცოცხალი ლაქები.”

M: პირველი შეხება მხატვრობასთან…

2 წლის წინ დაიწყო. 22 წლის ვიყავი. ვსწავლობდი უნივერსიტეტში ფაკულტეტზე რომელიც საერთოდ არ მაინტერესებდა, შემდეგ ვმუშაობდი იმ პროფესიით რომელიც ასევე არ იყო ჩემთან ახლოს. რაღაც ეტაპზე, ეს ყველაფერი, ჩემივე გაუზრებელი ცხოვრება, აუტანელი გახდა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ თავს დავიკავებ იმის კეთებით, რაც არ მიზიდავს და არ მაინტერესებს, ძალიან ვითრგუნები. კი ჰორიზონტზე არაფერი ჩანდა, რასაც სიყვარულით გავაკეთებდი და რეალურად მიიზიდავდა ჩემს ფსიქიკას, ზუსტად ამიტომ, ერთ-ერთ საღამოს, თვითრეფლექსიის დროს, მივხვდი, ხელოვნება იქნებოდა ის ერთადერთი სივრცე, სადაც ბოლომდე დავიცლებოდი და თავისუფლად ვიგრძნობდი თავს. ვფიქრობ, ეს უფრო ქვეცნობიერის დონეზე გადამუშავდა, რადგან მეორე დღეს სრულიად გაუაზრებლად ვიყიდე სახატავი მასალა, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე და დავიწყე პატარა ჩანახატების კეთება. მას მერე არ გავჩერებულვარ…

M: შენი გარემოცვა როგორ მოეკიდა შენს შემოქმედებით არჩევანს?

ვთვლი რომ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. არ ვიცი, ეს როგორ ხდება, მაგრამ ყველგან, სადაც ვხვდები, იქნება ეს სამსახური, უნივერსიტეტი, მეგობრები თუ ჩემი ოჯახი, ყველა მაქსიმალურად მიწყობს ხელს და ესმით ჩემი, ასე ვთქვათ, სპეციფიკური ბუნება.

M: შენს პირველ სამსახურზე გვიამბე…

ჩემი პირველი სამსახური იყო “რუსთავი 2”-ში. სტაჟიორად მივედი, ჟურნალისტად უნდა მემუშავა, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ მონტაჟი მასწავლეს. ხატვის დაწყების შემდეგ, მალევე დავტოვე იქაურობა, რადგან იმ პერიოდში მძიმე ემოციური ფონი მქონდა და ძალიან მესაჭიროებოდა ყველასგან და ყველაფრისგან დროებით განდგომა.

სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ერთი წელი სახლში გავატარე. თუმცა, ეს არ იყო დეპრესიული ჩაკეტვა ან იზოლაცია, ეს ერთი წელი მთლიანად დავუთმე ხატვას, კითხვას, მუსიკას და არტ ჰაუსის ფილმების ყურებას, პირად განვითარებას. ეს იყო ძალიან საჭირო “შვებულება”, სრულიად გააზრებული, რაღაც კონკრეტული მიზნისათვის. ჩემმა ოჯახმა (განსაკუთრებით, დედამ) ამ პერიოდში ძალიან შემიწყო ხელი.

M: არსებობს მოსაზრება, რომ მხატვარმა აუცილებლად “სამხატვრო” უნდა დაამთავროს. ეს აზრი ხშირად ხდება თავდაჯერებულობის ნაკლებობის მიზეზი. შენ შემთხვევაში როგორ იყო?

მუდმივად ვგრძნობ ორ პოლუსს საკუთარ თავში, როგორც ყველა ადამიანი. ერთი მხარე თავდაჯერებულია, ენდობა საკუთარ თავს და აკეთებს იმას, რასაც გული ეუბნება. მეორე მხარესაა ადამიანური, რაციონალური ბუნება, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ის, ვარ თუ არა რეალურად, მხატვარი, თუკი არ გამივლია კლასიკური მხატვრობის ეტაპები, ამაზე პასუხი, რა თქმა უნდა, ჩემი შინაგანი ინტუიციით ისედაც მქონდა, მაგრამ როგორც ვახსენე, მეორე პოლუსიც არსებობს.

თვითნასწავლი ვარ და გარშემო ერთი ადამიანიც არ მყოლია, ვინც მხატვრობაში საფუძვლიანად ერკვეოდა. ბევრი ნამუშევარი რომ დამიგროვდა, დავიწყე ქართველი არტ-კონსულტანტების, ლექტორების, მრჩევლების ძიება. ბევრთან გავაგზავნე ჩემი ნამუშევრების ფოტოები. ჯანსაღი კრიტიკა მინდოდა, მხოლოდ ჩემი სუბიექტური თვალებით რომ არ მეყურებინა ამ ნახატებისთვის. არავის უპასუხია.

შემდეგ შემთხვევით, Facebook-ზე გია ეძგვერაძის გვერდს წავაწყდი, ძალიან ნაცნობი და ახლო იყო მისი აზრები და ტექსტები ჩემთვის, ასევე, ძალიან ბევრი რამ მაშინდელი “მესთვის” გაუგებარი. როდესაც რაღაც არ მესმის, განსაკუთრებით, რაც აზროვნებასა და ადამიანის სულიერ განვითარებას ეხება, მომენტალურად, უდიდესი ინტერესი მიჩნდება. გადავწყვიტე, მისთვისაც გამეგზავნა ჩემი ნამუშევრები და ჩემი კითხვები.

გიამ ძალიან დიდი ენერგია და დრო ჩადო ჩემს სულიერ წინსვლაში, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ჩემი შემოქმედების ხარისხთან, მსგავსი პროფესიონალიზმით აღსავსე მენტორები რომ გვყავდეს თბილისის აკადემიაში, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის შემოქმედება საერთოდ სხვა დონეზე გადავა.

რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, დოქის, ჭიქის ან ნებისმიერი სხვა რამის ხატვა “სწორედ” შეგეძლოს, რომ შემოქმედი იყო, იმ ყველაფერს, რაც შენში ტრიალებს, არ აქვს კონკრეტული ფორმის თუ ფერის სისწორე. ეს ცნება სრულიად სხვა, სულიერ მოგზაურობებთან, აზროვნებასთან და სივრცეების გარღვევასთან არის დაკავშირებული.

M: გიფიქრია, რას გამოხატავ შენი ნამუშევრებით?

დასაწყისში, ჩემი ნამუშევრები ძალიან მუქ ფერებში იყო გადაწყვეტილი – მძიმე, ფიგურაციული და ახლანდელი გადმოსახედიდან, მოსაზღვრული და შებოჭილი. უფრო პირად ემოციებსა და გამოცდილებასთან იყო კავშირში. ამჟამინდელ ნახატებს, ვფიქრობ, აღარ აქვს კავშირი ჩემს ყოველდღიურ ემოციებთან ან ცხოვრებისეულ მოვლენებთან, უფრო მეტიც, ხშირად მეუფლება გრძნობა, რომ ჩემი ნახატები საერთოდ არ არის ჩემი და არ გამოხატავას არაფერს იმას, რასაც წარმოვადგენ მე როგორც ადამიანი სოციუმში, არც რაიმე კონკრეტულ სოციალურ თემას ვეხმიანები. ეს უფრო ის სივრცეა, რისკენაც ყველა მივილტვით, ადგილი, სადაც ადამიანი და ადამიანური ეგო არ არსებობს.

M: ხელოვნება და კომერცია როგორ უკავშირდება ერთმანეთს, შენ შემთხვევაში?

ყველა შემოქმედი დამეთანხმება, რომ არავინ არ ვხატავთ იმ იდეით და იმ ფიქრებით, როდის და რამდენად გაიყიდება ნამუშევარი. ვისაც ეს ფიქრები აქვს გარეული თავის შემოქმედებაში, ყველას ეტყობა…

რა თქმა უნდა, შემოსავალი აუცილებელია და რაღაც ეტაპზე, ეს დრო ყველა მხატვარს უნდა დაუდგეს, რომ თავისი შემოქმედებით შეძლოს არსებობა, თუმცა, ამ ყველაფერზე ეხლა ნაკლებად მეფიქრება, ჯერ დასაწყისში ვარ, სადაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საფიქრელი და სამუშაო მაქვს საკუთარ შემოქმედებაზე, ვიდრე იმაზე დარდი, როგორ გავყიდო ნახატები. ეს ბუნებრივად მოვა.

M: პარალელურად, რას საქმიანობ?

ვმუშაობ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ვარ მემონტაჟე. ძალიან კარგი კოლექტივი მყავს. მშვიდი გარემოა, ამიტომ შემიძლია სტრესის გარეშე დავიფინანსო თავი ჩემი შემოქმედებითი ექსპერიმენტებისათვის, სანამ მექნება იმის შესაძლებლობა, რომ მთლიანი დრო მხატვრობას დავუთმო.

M: საიდან მოდის შთაგონება?

სახატავად არანაირი წინასწარი მომზადება არ მჭირდება, არც შთაგონება. ხატვა ჩემთვის ყოველდღიური პროცესია. კი, არის დღეები, როცა არ მაქვს ხატვის განწყობა, მაგრამ ამ გრძნობას არ ვაძლევ საშუალებას დიდხანს მომიცვას. ვფიქრობ, მხატვარი მუზას არ უნდა ელოდებოდეს, ესეც უფრო წარსულის ადამიანის მიდგომა მგონია, ბოჰემური ცხოვრების სტილის გადმონაშთი. ამ ყველაფერს დიდი მუშაობა, თავდადება და დისციპლინა სჭირდება. ესაა საქმე, რომელშიც უნდა ჩადო შენი გული, სული და საჭიროებს ყოველდღიურ შრომას. რაც ყველაზე მთავარია, ეს თავდაუზოგავი შრომაც უნდა გიყვარდეს და არ იყოს დაძალებული. თუ დაძალებულია, მტანჯველია და ვფიქრობ ეს ან სწორი გზა არ არის კონკრეტული პიროვნებისთვის, ან მისთვის, უბრალოდ, ჰობია.

ყოველთვის უნდა განვუდგეთ ემოციას, ხასიათს და იმას, ჩვენ რა გინდა და რა არ გვინდა, ეს ხომ ძალიან ბავშვურია. რაღაც ეტაპზე ყველა ადამიანი უნდა მივიდეს იმ წერტილამდე, რომ ხასიათმა აღარ გვმართოს და გავხდეთ ჩვენივე თავის “მასტერები”.

M: ანუ, როცა არ “გეხატინება”, მაშინაც უნდა დახატო?

ვფიქრობ, კი. არის დღეები, როცა შეუძლებელია ხატვა. თუმცა, ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, როგორც ვახსენე, თვითდისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ შენ არ გყავს ბოსი, რომელის წინაშეც ვალდებული ხარ და ამიტომ აკეთებ საქმეს. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები მხოლოდ ასეთ დროს არიან პროდუქტიულები, როდესაც ვიღაც აკონტროლებს. ასეთ დროს სხვაზეა გადაბარებული მთლიანი პასუხისმგებლობა დისციპლინის, ანუ აქედან გამომდინარე, ადამიანს უფრო ეადვილება მონობა, დამორჩილება, “პატრონის” ყოლა, ვიდრე საკუთარი ბედის სადავეების თავისივე ხელში აღება და როგორც კი “პატრონი” ჰორიზონტზე აღარ მოჩანს, ეგრევე ეშვებიან და დუნდებიან, შემდეგ ემონებიან ხასიათს, რა უნდა მას, რა ეზარება, რა არ შეუძლია და ა.შ დაუსრულებელი ჯაჭვია უსუსურობის.

ვფიქრობ, ყველა ადამიანი ხელოვანია, უბრალოდ არ-ვერ-რეალიზებული. “შემოქმედი” ხარ მაშინ, როცა ყოველწამიერად ყველაფერს შემოქმედებითად უყურებ, ნებისმიერ სიტუაციას. ჩემი საბოლოო მიზანიც ესაა, ხელოვნებას ვყავდე მოცული ყოველწამიერად და ამ სივრციდან ვუყურებდე ყველაფერს და არა იმ პატარა გაგებით, რასაც ადამიანი ჰქვია.

M: მოიაზრებ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, მთლიანად ხელოვნებით ცხოვრობდე?

რა თქმა უნდა, უდიდესი სურვილი და მოთხოვნილება მაქვს ამის, რადგან მომეცა შესაძლებლობა და ასე გამიმართლა, რომ შემიძლია ჩემი თავი მხატვრად მოვიაზრო, ვფიქრობ, ასეც იქნება.

ხელოვნება ის სივრცეა, რომელსაც მთლიანად შემიძლია მივუძღვნა ჩემი თავი და პატარ-პატარა, უმნიშვნელო ცხოვრებისეულ მოვლენებს, რომლებსაც თითქოსდა მნიშვნელოვნად გვაჩვენებდნენ საუკუნეების განმავლობაში, გამოვემშვიდობო და საბოლოოდ მოვიტოვო გვერდზე.

M: შენ თვითონ რომელი მხატვრები მოგწონს?

განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ვან გოგის მიმართ. მის ნახატებში ვხედავ გულს, სულს, სისუფთავეს და იმ თავგანწირვას, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ასევე ძალიან მიყვარს ჰელენ ფრანკენთალერი, ჯოან მიტჩელი, რობერტ მათერველი, აგნეს მარტინი, უილეემ დე კუნინგი…

არტისტებს, რომლებიც მომწონს, არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან სტილისტურად, ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ არის ის, რომ ბოლომდე მიუძღვნეს საკუთარი ცხოვრება შემოქმედებას, რაც აისახება მათ ნამუშევრებში. შეუძლებელია მოიტყუო შემოქმედებით პროცესში, თუ ბასრი თვალი გაქვს, ყოველთვის მიხვდები, ვინ არის ხელოვანი და ვინ – ხელოსანი.

სამი ახალი გლობალური სტარტაპ იდეა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისგან

Protected: ახალი წელი მანქანისთვისაც ახალი წელია.. მზადაა თქვენი ავტომობილი 2020-ში თამამად შესაბიჯებლად?