„ჩემი ქართული რეალობა“ – ‘My Georgian reality ‘არტისტ TAMOONZ-ის ილუსტრაციების სერიაა იმ გარემოსა და ადამიანებზე, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან ადამიანები. ნამუშევრების გამოფენა 1-ელ დეკემბერს, FABRIKAFFITI-ში მოეწყო. გამოფენა ახლაც არის და მსურველებს შეუძლიათ ნამუშევრების დათვალიერება, როგორც თავად არტისტი ამბობს, შესაძლებელია ილუსტრაციები სხვა სივრცეებშიც გამოფინოს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს მათი ნახვა.
TAMOONZ: ინსპირაცია წამოვიდა იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვცხოვრობთ, ვეჯახებით ყოველ ნაბიჯზე და გვესმის. თითოეულ ნამუშევარში, სადაც პატარა დეტალიც რაღაცას ნიშნავს, აღმოაჩენთ და იცნობთ პერსონაჟებს, რომლებიც ყოველდღე გვხვდებიან ქალაქში: „მალინას“ გამყიდველი ქალი, ბანანების გამყიდველი, სამარშრუტო ტაქსი, რომელიც კარფურში მიდის და ა.შ. ამ ნამუშევრებს კონკრეტული მიზანი არ აქვს, უბრალოდ, მინდოდა, ჩემებურად გადმომეცა ჩვენი ყოველდღიური რეალობა და მეჩვენებინა სხვებისთვის, თუ როგორ ხედავს ამ გარემოს ერთი მხატვარი. იქიდან გამოდინარე, რომ ძალიან დაკავებული ვარ, დრო თითქმის არასდროს მაქვს და სულ რაღაცაზე ვმუშაობ, მიწევს ყველაფრის სწრაფად გაკეთება. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. 14 ნამუშევარი, დაახლოებით, 2 კვირაში დავხატე, ტექნიკური მხარის შესრულებას კი სულ რამდენიმე საათი მოვანდომე. ძირითადად, დრო იდეის ჩამოყალიბებას დასჭირდა.




















