მას შემდეგ, რაც გრაფიკული დიზაინერის პროფესიით მუშაობაზე უარი თქვა, თამუნა წახნაკიამ ძალები სხვადასხვა მიმართულებები გამოსცადა: კონცეპტუალური არტი, წიგნის ილუსტრაცია, კომიქსი და სხვა. უყვარს პერსონაჟების შექმნა და ცდილობს, ნამუშევრებში ხასიათი ჩააქსოვოს. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებსა და გამოფენებში. ახალგაზრდა ხელოვანი, რომელსაც TamOonz-ის სახელით ვიცნობთ, უფრო მეტად ქუჩის მხატვრობით არის ჩვენთვის ცნობილი. სულ ცოტა ხნის წინ ქართული ფონტის მისეული ვერსია შექმნა, ანბანის თითოეული ასო პატარა მონსტრის ილუსტრაციით გამოხატა. როგორც თვითონ გვიამბო, ეს იდეა წლების წინ გაუჩნდა, თუმცა ჩანაფიქრი სისრულეში სულ ცოტა ხნის წინ მოიყვანა.
M: მოგვიყევი შენზე, რას საქმიანობ, რამდენი ხანია, საიდან დაიწყე…
ჩემი სახელია თამუნა წახნაკია, დავიწყე ბავშვობიდან, პროფესიით ვარ გრაფიკოს დიზაინერი, ჩემი პროფესიით მუშაობიდან რამოდენიმე თვეში მივხვდი რომ ეს არ არის ჩემი საქმედასხვა რაღაცების კეთება უფრო მაინტერესებს. ერთდროულად რამოდენიმე სფერო მაინტერესებს და აქტიურად ვცდილობ ვიმუშაო ციფრულ და სახვით ხელოვნებაში, (გრაფიკაში), რამდენიმე წელი ვიმუშავე თამაშების კონცეპტ არტისტად, მიმუშავია წიგნის ილუსტრაციაზე, კომიქსებზე… რაღაც პერიოდი ვიცხოვრე ლონდონში, სადაც მყავდა არტ აგენტი, რომელიც ყიდდა ჩემს გრაფიკულ ნამუშევრებს, მქონდა ასევე რამდენიმე ჯგუფური გამოფენა, სადაც ერთ-ერთზე ჩემი ნამუშევარი გახდა კრიტიკოსების რჩეული. პარალელურად, ვარ დაკავებული სთრით არტით, ძირითადაც ამ სფეროში უფრო მიცნობენ, ყველაზე ახლოა ჩემთვის ეს მიმართულება, ხშირად მიწევს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე თუ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, ძირითადად ბელგია, საფრანგეთი… ბოლოს ვიყავი ნეპალში და იქ დავხატე რამდენიმე კედელი, ასევე მქონდა გამოფენა ფესტივალის ფარგლებში.
M: როდის გადაწყვიტე ანბანის ილუსტრირება, საიდან მიიღე ინსპირაცია?
იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი საყვარელი საქმიანობა არის პერსონაჟების შექმნა, ვცდილობ ყველაფერი გავაცოცხლო და ხასიათი შევუქმნა. იდეა დაიბადა რამოდენიმე წლის წინ , 2 დღეში გავაკეთე ესკიზები და შემოვდე ფოლდერების თაროზე რამოდენიმე დღეში მიბრუნების იმედით, თუმცა, ეს რამდენიმე დღე გაგრძელდა დაახლოებით 3 წელი, მანამდე გავაკეთე ქართული გრაფიტი ფონტი, რომელიც გადავიტანე კედელზე და მინდოდა იგივე გამეკეთებინა ამ შემთხვევაშიც.
M: რატომ აირჩიე, მაინცდამაინც, მონსტრები?
მიყვარს მონსტრები, მთელი ბავშვობა ყველგან მაგათ ვხედავდი და ვეძებდი, როგორც ყველა ბავშვი, სულ თან დამდევს ეს მონსტრომანია, სხვა ნამუშევრებშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოდ მომეჩვენა, ლამაზი ქართული ფონტის სხვანაირად წარმოჩენა.
M: რას აპირებ ამ ნამუშევრებით, სად გინდა, რომ წარადგინო? რა შედეგზე გინდა, რომ გახვიდე?
ვაპირებ ამ პერსონაჟების ქუჩაში გატანას, მიმოფანტვას, სადაც მოვახერხებ. სავარაუდოდ, დავბეჭდავ სტიკერებს, ვფიქრობ მაისურებზე გადატანას, ა.შ. მიზანი არის ქართული ენის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.