26
Nov
2018

ქართველი სტრიტ არტისტი მსოფლიო ასპარეზზე – TAmOonz

26 Nov 2018

“ხატვა ხიდია, დამხმარე საშუალება, ვაკეთო ის, რაც მომწონს და ვიყო იქ, სადაც მინდა” – თამუნა წახნაკიას, იგივე TAmOonz, პირველი შეხება მხატვრობასთან მაშინ დაიწყო, როდესაც ახლადფეხადგმულმა მამის სახელოსნოში შეაბიჯა. მას შემდეგ, ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სტრიტ არტით ჯერ კიდევ მაშინ დაკავდა, როდესაც თბილისური შენობების კედლებზე, მაქსიმუმ “ნიკას+ლიკა”, “მზე” და ხელოვნების ამდაგვარ ნიმუშებს თუ შეხვდებოდით. დღეს, ის საერთაშორისოდ ცნობილი არტისტია, რომელსაც იწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში, საუკეთესო სტრიტ არტისტებთან ერთად. საერთაშორისო ჟურნალმა Robb Report ის 5 თანამედროვე ცნობილ ქალ სტრიტ არტისტს შორის დაასახელა. ბრიუსელში, საგამოფენოდ შერჩეულ ორმოც სტრიტ არტისტს შორის მოხვდა მისი ნამუშევრები. მონაწილეობს საერთაშორისო კოლაბორაციებში, არტ აქტივობებში, გამოფენებში, ვორკშოპებში… ის, რაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ქართველი სტრიტ არტისთვის წარმოუდგენელი იყო, დღეს TAmOOnz-ისთვის რეალობაა…

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

M: პირველი გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე…

როდესაც პირველად გავემგზავრე ბელგიაში, 2012-ში, კარგად მახსოვს, როგორი დაძაბული ვიყავი მთელი კვირის განმავლობაში, სახატავი სპრეებით არც მქონდა მანამდე ნამუშევარი, ფიზიკურად არ იყიდებოდა ჩვენთან. კედელზე მარტო მანქანის შესაღები სპრეებით და ფუნჯებით ხატვის გამოცდილება მქონდა და ძალიან გამიჭირდა ნამდვილი სახატავი ქილებით ხატვა. მახსოვს, 2 კვირა ხელი მტკიოდა, არ ვიცოდი როგორ უნდა გამესვა სწორი ხაზი სპრეით, ძალიან განვიცადე. მახსოვს, როგორ მასწავლიდნენ Marina Zumi, Mad hatter, Sonic bad, მეტირებოდა ისე ცუდად დავხატე, თუმცა, შემდეგ ფესტივალებზე უკვე გავთამამდი, გამოცდილებაც მივიღე.

შემდეგ, 2013/14 წლებში, იყო ბათუმის და თბილისის საერთაშორისო ფესტივალები, სადაც ისეთ მხატვრებთან ერთად ვხატე, როგორებიც არიან Nicolas Barrom, Tyrsa, frank Pelegrino, Alëxone Dizac და სხვები. 2013 წელს, ლონდონში ერთ-ერთ გამოფენაზე ჩემი ნამუშევარი კრიტიკოსების რჩეული გახდა და წლის ნამუშევრად დასახელდა, ეს იყო გრაფიკული ნახატი, სახელწოდებით “Flea On My Head”. იმ ადგილს ჰქვია “Happenctance  Gallery”, სადაც გაიყიდა ეს და კიდევ ორი ნამუშევარი. კიდევ რამდენიმე ნამუშევარი არის პარიზში, კერძო კოლექციაში. 2015 წელს, ლიონში, ბიბლიოთეკაში Lucie-Aubrac სტრიტ არტისტების გამოფენა გაიმართა, სადაც მეც მივიღე მონაწილეობა.

M: პროექტი, რომელიც გეამაყება…

2018 წელს კი ვიყავი მიწვეული ქალაქ ბრისტოლში, Upfest-ზე, სადაც 300-მდე მხატვარი იყო ჩასული მთელი მსოფლიოდან, საქართველოდან 3 მხატვარი წავედით –  მე, Dr.Love და ოთო ცაგარეიშვილი… ლონდონიდან ბერლინში გავემგზავრე,  მოვხატე მაუერ პარკის კედელი სხვა მხატვრებთან ერთად, შემდეგ დავრბუნდი ლონდონში და იქ შევხვდი Global Street Art-ის წარმომადგენლებს. მათი დახმარებით, Old Street-ზე მოვხატე ძალიან ცნობილი კედელი, აგრეთვე Brick Lane-ზე, Liverpool Street-ზე, Oxford Street-ზე, Brixton-ში ორი კედელი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა Banksy Tunnel-მა, სადაც 2013 წელს Banksy-მ ჩაატარა თავისი პირველი სტრიტ არტ ფესტივალი, იქ ხატვა იყო ჩემთვის დიდი გამოცდილება და სიამოვნება, ყველა დიდ მხატვარს უხატია მანდ, მათ შორის, Banksy-ს.

M: გიფიქრია, რას გამოხატავ შენი შემოქმედებით?

ჩემი თავდაპირველი პროფესიაც და ამჟამინდელი საქმიანობაც აგებულია სწრაფად რეაგირების პრინციპზე. სტრიტ არტსა და გრაფიტშიც ეგ წესი მუშაობს, სრაფად გადმოსცე შენი ემოცია, განცდა… ამ ტემპს ბავშვობიდანვე ვარ მიჩვეული, აქედან გამომდინარე, ყოველთვის სხვადასხვა რამეს გამოვხატავ. ხატვისას რაც მოდის, ხშირ შემტხვევაში, ეგ არის ყველაზე ნამდვილი, ხშირ შემთხვევაში, კედელთანაც იმავეს ვაკეთებ, ესკიზის გარეშე პირდაპირ კედელზე ხშირად ვხატავ, ეგრე იყო ბოლოს ლონდონში, Old Street-ზე დახატული ჩიტიც, ესკიზი არ მქონდა, იქვე იმპროვიზებული ნამუშევარია. იმ მომენტში როგორც ვიგრძენი და რისი გაკეთება მინდოდა, ის გავაკეთე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყოველთვის ამართლებს.

 

M: გაიხსენე, პირველად როდის გადაგიხადეს  ფული შენს ნამუშევარში?

იქიდან გამომდინარე რომ 18 წლიდან ვმუშაობ სხვადასხვა სარეკლამოებთა, როგორც ფრილანსერი, სიმართლე გითხრა, არ მახსოვს პირველი ნამუშევარი რომელი იყო და რამდენი გადამიხადეს. თუმცა, მახსოვს ჩემი პირველი დიდი ჰონორარი, რომელიც ლიკანის რეკლამის დახატვისთვის ავიღე, ეს იყო ლიკანის პირველი რეკლამა. თუ არ ვცდები, 15 კადრი იყო და მუყაოს დიდ ქაღალდებზე დავაკარი და ისე მივიტანე. მინდოდა პრეზენტაცია ისე ჩატარებულიყო, როგორც ფილმებშია და უბედნიერესი ვიყავი ამით, რადგან გამომივიდა და ამაში ავიღე იმ დროსთვის საკმაოდ დიდი ჰონორარი.

M: ბოლო დროს, საქართველოში მომრავლდა სტრიტ არტი… სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს, სულ უფრო პოპულარული ხდება. როგორ გგონია, რა განაპირობებს ამას?

მომრავლდა, თუმცა, მაინც ნელა მივდივართ წინ ამ სფეროში, ეს არის სფერო რომელიც მოითხოვს საკმაოდ დიდ ენერგიას, დიდ მასშტაბებზე ხატვის ცოდნას,ზოგადად, ხატვის ცოდნას  და დიდ სურვილს, აკეთო ეს რთული საქმე. სფეციფიკური არტია, განსხვავდება სახვითი ხელოვნებისგან, ხაზის გასმასაც თავისი წესები აქვს და რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება.

ფინანსურადაც საკმაოდ ძვირი ჯდება დიდი ნახატის დახატვა, ჩვენთან რაც ხდება იმას მე ჯერ ვერ დავარქმევდი სტრიტ არტს, ერთი-ორი ადამიანი ვერ მოერევა სიტუაციას, თუმცა დროთა განმავლობაში, მივაღწევთ წარმატებასაც ამ სფეროში, ახლა ვიწყებთ და დრო სჭირდება.

M: შენი აზრით, რა როლი აქვს სტრიტ არტს დღეს, რაში ეხმარება გარემოს ან ხალხს?

სტრიტ არტის როლი სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს წარმოჩენილი, გააჩნია თემას, ადგილს და მიზანს. თუ მიზანია სოციალურ თემებზე ყურადღების გამახვილება, მაშინ სწორად უნდა მოხდეს ადგილის შერჩევა, რომ ადამიანებმა მარტივად და სწორად გაიგონ გზავნილი.

დეკორატიულ, ლამაზ ნახატსაც თავისი მისია აქვს, ადამიანებისთვის განწყობის შესაქმნელად. სტრიტ არტმა შეიძლება დიდი ცვლილებები გამოიწვიოს, მაგალითად, “ფაბრიკის” ტერიტორია, რამოდენიმე წლის წინ, ბევრმა ადამიანმა არც იცოდა იმ ადგილის არსებობის შესახებ, მას შემდეგ, რაც მოიხატა კედლები, ქალაქში გაჩნდა ადგილი სადაც ახალგაზრდები მიდიან გასართობად და დროის კარგად გასატარებლად, ყველა ტურისტის და უცხოელი სტუმრის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, მთელი წლის განმავლობაში. სტრიტ არტმა შეცვალა იმ ადგილის იმიჯი, ირგვლივ  გაჩნდა სასტუმროები, მაღაზიები ა.შ. ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაუჩნდათ მცირე ბიზნესის წარმოების საშუალება, უკეთესობისკენ შეიცვალა იმ უბნის მდგომარეობა. იგივე მოხდა მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ბერლინში… ის ადგილები, სადაც სტრიტ არტი კეთდება ითვლება ძალიან პრესტიჟულ და ფინანსურად მომგებიან უბნებად, რადგან უძრავი ქონების ფასი, ქირის ფასი ყოველთვის იზრდება ასეთ ადგილებში, სადაც სტრიტ არტია.

M: რა ეხმარება სტრიტ არტისტს ზრდაში?

მნიშვნელოვანია ნახო, როგორ მუშაობენ სხვა არტისტები რომლებსაც გაცილებით დიდი კულტურა აქვთ დაგროვილი ამ სფეროში, დაელაპარაკო გაუზიარო ის თემები და პრობლემები, რაც მათ უკვე გამოიარეს და მიიღო მათგან რჩევა. ნამყოფი ვარ, როგორც ევროპულ სტრიტ არტ ფესტივალებზე, აგრეთვე აზიაში, კატმანდუში. ვფიქრობ, ყველაზე მეტად სწორედ ნეპალელმა სტრიტ არტისტებმა მოახდინეს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება, დავინახე თუ როგორ ცდილობენ (ჩვენსავით), როგორ უნდათ ამ სფეროში წარმატების მიღწევა და განვითარება თავიანთ ქვეყანაში. ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის უფრო ორგანულია სტრიტ არტი, მათთვის უფრო გართობას ჰგავს, ვიდრე დიდ სამუშაოს.

განხილვა