in

თამრი ოხიკიანის „შემოქმედიბითი თამაშები“ სცენოგრაფიასა და ილუსტრაციაში


„ძალიან ადრეულ ასაკში გიჩნდება ხატვის სურვილი და ამას ისე აკეთებ, რომ ვერც კი აანალიზებ. უბრალოდ, შენი იდენტობის ნაწილია“, — ასე იწყებს ჩვენთან საუბარს თამრი ოხიკიანი, ქართველი მხატვარი და სცენოგრაფი. ალბათ, ბევრი ხელოვანისთვის ნაცნობია ასე გაუცნობიერებლად დაწყებული შემოქმედებითობა, როცა შენში არსებული ხელოვნება თავისით იწყებს გამომჟღავნებას და სხვა გზა არ გაქვს, უნდა მიჰყვე…

რაც შეეხება სცენოგრაფიას, თამრის აზრით, აქ ყველაფერი გააზრებულად ხდება — თუ კარგად არ გაქვს გაცნობიერებული, ვერ აირჩევ ამ პროფესიას. „ყოველ შემთხვევაში, ვერ იმუშავებ და მიხარია, რომ ეს არჩევანი მოულოდნელად არ დამტყდომია თავს. ასე ვთქვათ, სტიქიურად არ გადამიწყვიტავს, საკმაოდ დიდი ვიყავი უკვე“.

სპექტაკლი „მკვდარი ძაღლები“

ალბათ, თამრის შემოქმედებით ცხოვრებას თუ გადავავლებთ თვალს, პირველი, რა სტატუსითაც მოვიხსენიებთ, „სცენოგრაფი“ იქნება. თუმცა როგორც თავად ამბობს, სცენოგრაფია იმდენ რაღაცას მოიცავს, იმდენ სფეროს, ისეთ უნარებს გიჩენს, რომ ალბათ ჯობია, საკუთარ თავს უბრალოდ მხატვარი უწოდოს… რადგან თუ როგორც ხელოვანი არ ხარ განვითარებული და ამ სფეროში ვერ ხედავ შენ თავს, ვერც თეატრის მხატვარი იქნები და ვერც სხვა რამის.

„ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა. მგონია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიაა, იმდენად საინტერესოა გზა სპექტაკლის დაწყებიდან პრემიერამდე და იმდენად იზრდები და იცნობ საკუთარ თავს, რომ ამას არაფერში გავცვლი. იმდენ შიშთან, სურვილთან, ამოუცნობთან გაქვს საქმე და რაც მთავარია ადამიანებთან“, აღნიშნავს თამრი.

სპექტაკლი „მკვდარი ძაღლები“

რა თქმა უნდა, სცენოგრაფის როლი უდიდესია თეატრში — თითოეული სპექტაკლის სრულყოფისთვის. მის გარეშე სიუჟეტური მხარე ერთგვარად ცარიელი და „შიშველი“ დარჩება, ვერ შეიძენს ისეთ ვიზუალურ ღირებულებას, რომლითაც მაყურებელთან დაკავშირება სულ სხვაგვარი სიმძაფრით ხდება. ამიტომაც ფიქრობს თამრი, რომ სცენოგრაფი რეჟისორის ტყუპისცალია, რომელიც ამბის მოყოლაზე სხვანაირად ფიქრობს. „სამწუხაროდ, რადგანაც ცოტა კრიზისული გარემო შეიქმნა ამ პროფესიასთან დაკავშირებით, ბევრს კარგად არ აქვს გააზრებული, რა არის სცენოგრაფია… ზოგს „გაფორმება“ ჰგონია და უფრო ცუდიც, „რეჟისორის სურვილის ასრულებაც“. ჩემთვის კი პარალელია რეჟისორთან და როცა ამას იაზრებ, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები შენს საქმეს. ამასთან ერთად, ეს საოცრად სასიამოვნოა, როდესაც ადამიანებს შენ მიერვე შექმნილი გარემოში აცხოვრებ და მარი არსებობა შენზეა დამოკიდებული. მგონი, ცოტა საშიშადაც ჟღერს“, ამბობს თამრი.

სპექტაკლი „მკვდარი ძაღლები“

ერთია საერთო სახელით მოხსენიებული პროფესია, მაგრამ მეორე ინდივიდები, რომლებსაც სრულიად განსხვავებული მიდგომები აქვთ. ამავდროულად, თითოეულის ხედვა სპექტაკლების მიხედვით იცვლება — ყოველთვის ერთნაირად ვერ მიუდგები და, ალბათ, ვერც სრულად გადაუხვევ საკუთარ შემოქმედებით ხაზს. სწორედ ამ აზრს ეხმიანება თამრი ოხიკიანიც, რომელიც აღნიშნავს, რომ სპექტაკლზე მუშაობისას სხვადასხვანაირი მიდგომა არსებობს — ზოგი სცენოგრაფი რადიკალურად ცვლის, ზოგი კი ერთ მიგნებას მიჰყვება.

„ჩემს შემთხვევაში მგონია, რომ რადიკალურად თუ არა, მაინც სხვადასხვანაირია ყველა სპექტაკლი. ვცდილობ, სპექტაკლი გამოშვების მერე დავივიწყო. ყველა სპექტაკლს, პიესას, ადამიანების ჯგუფს თავისი საკუთარი უნიკალური მეთოდი და ენერგეტიკა გააჩნია და გამზადებული რეცეპტით ვერ მიხვალ. ზუსტად ეს არის თეატრში საინტერესო, რომ ყოველ ჯერზე ახალია, სულ ძებნაში ხარ, სულ პოულობ ახალს. ეს გზა ძალიან საინტერესოა და ამ გზას არ გადიხარ მარტო“.

„ბეჭდის და მოჭრილი თითის ამბავი“ ახალი დრამის ფესტივალი
სპექტაკლი „ფიწალი დისნეი“

ისე კი, შთაგონებას ყოველთვის დღევანდელობიდან იღებს. საკუთარი თავი დღეს, სოციალური გარემო დღეს, თუნდაც პოლიტიკა დღეს… ამბობს, რომ ამის რეფლექსია თუ არ გაქვს და პარალელურად თუ არ ფიქრობ, ესე იგი, მოწყვეტილი ხარ და შენი ნამუშევარი არ იქნება საინტერესო. სიმართლის თქმის სურვილი უნდა გქონდეს!

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, გარდა სცენოგრაფიისა, თამრის შემოქმედება სხვა მედიუმებსაც მოიცავს. მათ შორისაა ციფრული ნამუშევრებიც, რომლებზე მუშაობაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო — ეს იყო სპექტაკლების შუალედებში გაკეთებული ნამუშევრები და დიდად არ განსხვავდება სცენოგრაფიისგან, იქაც სამყაროს ქმნი, უბრალოდ იქ მარტო ხარ და ამას მხოლოდ შენთვის აკეთებ. „საერთოდ, თუ სათქმელი გაქვს, შეიძლება არ დაგაკმაყოფილოს ერთმა დარგმა და საშუალებას არ აქვს მნიშვნელობა, იმ მომენტში ირჩევ გამომხატველობით გზას“.

მედიუმების განსხვავების მიუხედავად, როგორც თავად ამბობს, გამომხატველობით გზას არ აქვს მნიშვნელობა და ალბათ, ამიტომაც გასდევს თამრის ყველა ნამუშევარს ერთგვარი მელანქოლიური ხასიათი, რასაც ორ დონეზე აკეთებს — ცნობიერად და არაცნობიერად, რადგან „რაც არაცნობიერში არ გაქვს, იმის ცნობიერში გადმოტანა ვერ მოხერხდება. საერთოდაც, ხელოვანის ამოცანა ესაა, იპოვოს ხიდი ან გზა იმის ასახსნელად, რასაც რაციონალურად ვერ ხსნი. პროფესიული ხერხით კი სწორი თხრობის პოვნას ვახერხებთ. ოღონდ არ ვიცი, საერთოდ რატომ ჩნდება ამ „მოყოლის“ სურვილი“.

სპექტაკლი „ფიწალი დისნეი“

ამ ყველაფერს კი მოსდევს ფოტოგრაფია, რომელსაც „ვერ იბრალებს“, მაგრამ უბრალოდ დანაკლისს ივსებს, ერთგვარი გატაცებაა. ადრე საკუთარ გადაღებულ ფოტოებს უფრო მეტად კოლაჟებში იყენებდა ფონად და ეს შერწყმა აინტერესებდა, რეალური ცხოვრებისა და გამოგონილის ფენებად დადება. ახლა კი პირიქით, ორივე სამყარო ხელოვნურია და ამ ხელოვნურობაში ეძებს თავის თავს. „ვფიქრობ, ადამიანი მუდამ საკუთარი თავის ძიებაშია. ხელოვნება კი საუკეთესო ხერხია ამ შინაგანი თუ გარე სამყაროს შესაცნობად“.

„თავს ვიპატარავებ, გული რომ გამიდიდდეს“

ზოგადად, თამრი ხელოვნებასაც ასეთ „ობიექტურ განმარტებას“ უძებნის საკუთარი თავის გამოხატვის, ძიების, პროეცირების და სამყაროსთან, სხვებთან კომუნიკაციაა. მარტივად რომ ვთქვათ, არაფიზიკური ენა. ხოლო თავის შემოქმედებას რამდენიმე სიტყვით ახასიათებს: „საკუთარი ეგოიზმი, როცა მარტო ვარ. თეატრში ადამიანებთან მუშაობის სურვილი და საერთო გზის პოვნა, სადაც ყველა ცალ-ცალკეა, მაგრამ ერთი მიმართულებით მიდის“.

სპექტაკლი „ფიწალი დისნეი“

რადგანაც ერთი მიმართულებით სვლაზე მიდგა საუბარი, თამრი თავის იდეალურ სამუშაო გარემოზეც გვიზიარებს აზრს. როგორც ამბობს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თეატრში თანამოაზრის პოვნა, რადგან ამის გარეშე მთელი პროცესი ნაკლებად საინტერესოა. „ასევე, იდეალურია, როცა საერთო იდეის გარდა, რაღაც პირადის ჩაქსოვაც შემიძლია. ისეთის, მხოლოდ მე რომ ვიცი“.


ავტორი: ქეთია ბელქანია


როგორ უნდა განაახლოთ კონტენტი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

3D მანეკენებს აკუსტიკური მოწყობილობების შესაქმნელად გამოიყენებენ