in

თამთა არუნაშვილმა Victoria’s Secret-ისთვის ილუსტრაციები შექმნა!


ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ და საინტერესო პროექტებზე უმუშავია, შედარებით ნაკლებად ცნობილი მოდის ბრენდების ილუსტრაციებზეც და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ბრენდების კამპანიებზეც. თუმცა ჩვენი ყურადღება ახლა Victoria Secret-ისთვის შექმნილმა ილუსტრაციებმა მიიპყრო, საოცარი დეტალებითა და სიზუსტით შესრულებულმა. ამ ამბის ავტორი თამთა არუნაშვილია, თუ ვინ არის, ამას თავად გეტყვით და დეტალებსაც გაგაცნობთ Victoria’s Secret-თან თანამშრომლობის შესახებ: 

M: გააცანით თავი მარკეტერის მკითხველს… ვინ არის თამთა არუნაშვილი?

პროფესიით მოდის დიზაინერი ვარ, ვასწავლი ხატვას და სხვადასხვა ბრენდთან ერთად საინტერესო პროექტებზე და რეკლამებზე ვმუშაობ, რასაც კონტენტის სახით ვაზიარებ ჩემს სამუშაო ინსტაგრამ გვერდზე — tamta.illustrations.

მოდის ილუსტრაციების ხატვამ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამიტაცა, ამ საქმეში გავაერთიანე ჩემი პროფესია და ხატვის უნარები, რადგან, რაც თავი მახსოვს, ხატვა, როგორც ბევრი სხვა ბავშვისთვის, ისე ჩემთვის, ყოველთვის იყო თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი ფორმა. მიყვარდა ახალი ფორმის, დიზაინის მოფიქრება, ძველი გამოუსადეგარი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ეს ბავშვური ინტერესი და ცნობისმოყვარეობა დღემდე მომყვება და სხვადასხვა ექსპერიმენტული ფორმით ილუსტრაციების კეთების დროსაც ვლინდება.


M: გვიამბეთ ხატვის პროცესის შესახებ, იდეიდან საბოლოო შედეგამდე.

მუზების მოსვლას არასდროს ველოდები, ჩვეულებრივ ფურცელს და ფანქარს ავიღებ და ასე ჩანახატებით იწყება ძიების პროცესი. ხასიათი, სილუეტი ნელ-ნელა იკვეთება. მუშაობისას მოდის ახალი იდეების უმეტესი ნაწილი, რასაც საბოლოო სახემდე მისასვლელად გაფილტვრა და დახვეწა სჭირდება.

თუ რაიმე პროექტზე ან დაკვეთაზე ვმუშაობ, რომელიც კონკრეტულ კონცეფციას ეფუძნება, ეს არ ეხება მხოლოდ მოდის სფეროს, ამ დროს პატარა სცენარს ვადგენ და სიუჟეტების ჩანახატებს ვაკეთებ წინასწარ. თუ უბრალოდ ჩემთვის ვხატავ, ხშირად ინტუიციურად ვაკეთებ, ხელს და პროცესს მივენდობი ხოლმე.

შთაგონების წყარო კი შეიძლება იყოს ყველაფერი — გარემო, ჩემთვის საინტერესო და სახასიათო ადამიანები, არქიტექტურა… მართალია, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ხასიათი და სტილი მაინც აერთიანებს ნამუშევრებს. ეს მრავალფეროვნება არამოსაწყენს და საინტერესოს ხდის ჩემთვის პროცესს.

M: როგორც ვიცით, უკვე Victoria’s Secret-ისთვის დახატეთ ილუსტრაციები. მოგვიყევით, როგორ მოხდა ეს ამბავი… 

რამდენიმე თვის წინ მსგავსი ტიპის შეკვეთა მქონდა ცნობილი ნიუ-იორკული ჩანთების ბრენდისგან. როგორც შემდეგ გავიგე, მათი მარკეტინგის გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შესთავაზა Victoria’s Secret-ის გუნდს ჩემთან მსგავსი კოლაბორაცია. შემდგომ Victoria’s Secret-ის მარკეტინგის ჯგუფი დამიკავშირდა, ნამდვილად მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო ამბავი იყო… მათი საცვლების ხაზიდან საკმაოდ დეტალური ილუსტრაციები სჭირდებოდათ თავისი ხატვის პროცესის ვიდეოთი.

 თავდაპირველად ავუწყვე რამდენიმე სახის ცხრაფიგურიანი კომპოზიცია და ორი სხვადასხვა მოდელი ცალკე, დიდ ფორმატზე, უფრო დეტალური რომ ყოფილიყო. ჯამში თერთმეტი მოდელი. გუნდთან და სპონსორებთან ერთად, ავარჩიეთ საბოლოო ვერსია, რასაც დავხატავდი, პირველივე ნამუშევარი მოეწონათ, შენიშვნა ან რაიმე სხვა მითითება არ ყოფილა და მეც პროექტი დათქმულ დროს ჩავაბარე. რაც მთავარია, შედეგით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. კონტენტი გამოიყენეს მათი Instagram და Tiktok გვერდებისთვის, რომელიც, ასევე, განთავსებულია ჩემს სამუშაო ინსტაგრამ გვერდზე.

M: როგორ ფიქრობთ, რა ხდის ილუსტრაციას კომერციულად წარმატებულს?

მგონია, რომ ილუსტრაციას კომერციულად წარმატებულს ხდის სახასიათო სტილი, რაც სხვებისგან გამოგარჩევს, რადგან ბაზარზე უამრავი მხატვარია და დიდი კონკურენციაა. ასევე, მნიშვნელოვანია, იდეის, სათქმელის სწორი გზით და ტექნიკით ჩვენება აუდიტორიისთვის.

ამიტომ, ილუსტრატორებს ვურჩევ, ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე, ხატვის სტილსა და ტექნიკებზე. თავადაც ვცდილობ მუდმივად განვავითარო და დავხვეწო ჩემი უნარები…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი


,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

$200,000 ინვესტიცია – ახალი შესაძლებლობა ყველა ავტოიმპორტიორისათვის