in

თამთა დავითაშვილი, პანდემიის დროს, საცხოვრებლად ბალიზე გადავიდა და თბილისის ოფისში, დღემდე, ინდონეზიიდან მუშაობს

რა ბენეფიტები და სირთულეები ახლავს ნომადობას? – ინტერვიუ თამთა დავითაშვლთან

ნომადი – მომთაბარე, ცვლილებებისა და მრავალფეროვნების მოყვარულს ნიშნავს. საქმიან ურთიერთობებში, ეს არის ადამიანი, რომელიც ოფისში კი არ ზის, არამედ, დისტანციურად, ნებისმიერ ლოკაციიდან, შეიძლება საერთოდ სხვა ქვეყნიდანაც მუშაობდეს. მთავარია ლეპტოპი და ინტერნეტი. ნომადობა საკმაოდ პოპულარულია და შეიძლება, თქვენს გარშემოც არსებობენ ასეთები. ჩვენი მთავარი პერსონაჟი ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია – თამთა დავითაშვილი, საფინანსო მომსახურების კომპანია CityPay-ს ფროდაქთ ოუნერი (Product Owner) ინდონეზიაში მეუღლესთან ერთად, პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ გადავიდა. დღეს ორივე ნომადია და ბალიდან თბილისში მუშაობს

„დისტანციურად მუშაობის გამოცდილება პანდემიამდე არ მქონია. შესაბამისად, დასაწყისში საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა, ჩემი გუნდის მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნებამ და მონდომებამ საკმაოდ წარმატებით გადაგვალახვინა ყველასათვის მძიმე და ქაოსური პერიოდი. ზოგადად, ყველაზე რთული იყო სამუშაო საათების ცნების გაქრობა – დილიდან დაწყებული სამუშაო პროცესი უწყვეტად გრძელდებოდა შუა ღამემდე. საერთოდ გაქრა პირადი სივრცე და მთლიანი დრო სამუშაომ დაიკავა. ამ რეჟიმში, 1 წლის თავზე, უბრალოდ, გადავიწვი“.

სწორედ ამის შემდეგ, გადაწყვიტეს, დისტანციურად მუშაობის უპირატესობით ესარგებლათ და ეს დიდი კრიზისი შესაძლებლობად ექციათ.

თამთა დავითაშვილი: მე და ჩემს მეუღლეს გაგვიჩნდა იდეა, დროებით, სხვა ქვეყანაში წავსულიყავით და მუშაობა იქიდან გაგვეგრძელებინა.

პანდემიამ ყველას დაგვანახა, რომ საქმის გასაკეთებლად აუცილებელი აღარ არის ოფისში ყოფნა.

იდეა მალევე გადაიქცა კონკრეტულ სამოქმედო გეგმად, მიუხედავად სხვადასხვა დაბრკოლებისა, შევძელით და საოცნებო ბალიზე, ღმერთების კუნძულზე ჩამოვედით. ბალი განთქმულია ულამაზესი სანაპიროებით, ბრინჯის ტერასებით, ტაძრებით, ვულკანური მთებით და, რაც მთავარია, ბალი ბოლო პერიოდში, ნომადების მექად გადაიქცა. აქ, მთელი მსოფლიოდან იყრის თავს სხვადასხვა ეროვნების ხალხი, რაც აქაურობას იდეალურ გარემოდ აქცევს ნეთვორქინგისთვის. არდა ამისა, არის ბევრი co-working სივრცე, ნებისმიერ ლოკაციაზე, კაფე-რესტორნებში, სასტუმროებში, ვილებში არის საკმაოდ სწრაფი ინტერნეტი. ბალი საკმაოდ ბიუჯეტურია საცხოვრებლად, არის მშვიდი და უსაფრთხო გარემო. ასევე, იდეალურია სერფინგის მოყვარულებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების, მედიტაციისა და იოგას ყოველდღიური გაკვეთილებისთვის. როგორც კი იდეა დაიბადა სხვა ქვეყანაში წასვლის და იქიდან მუშაობის, პირველი, რაც ჩემს გონებაში გაჩნდა, ეს იყო ბალი, სხვა ლოკაცია არც განგვიხილავს.

ბალიზე პირველი დღეები გაიხსენეთ, როგორ მოახერხეთ ადაპტაცია? 

პირველი დღეები ჯაკარტაში 6-დღიან იზოლაციაში გავატარეთ, რაც არც ისე მარტივი იყო. იზოლაციის შემდეგ, ჯაკარტადან ბალიზე ჩამოვფრინდით და მომენტალურად გაქრა 6-დღიანი ჩაკეტილობის  სტრესი. ბალიზე რადიკალურად განსხვავებული გარემოა. თბილისის შემდეგ ნამდვილად კულტურული შოკია ის, რაც აქ გელოდებათ. ბალიზე ადაპტაცია ძალიან მარტივი აღმოჩნდა, ჩამოდიხარ და ისეთი აურა გხვდება, თითქოს, სახლში მოხვედი. ადგილობრივი ხალხის კეთილგანწყობა და პოზიტიური დამოკიდებულება მაშინვე კომფორტულად გაგრძნობინებს თავს. საკმარისია, სკუტერზე დაჯდე, ბალის ვიწრო და დატვირთულ ქუჩებში იმოძრაო და უკვე ხვდები, რომ შენც ამ საოცარი კუნძულის ნაწილი  ხარ.

დისტანციურად მუშაობა დაიწყო იზოლაციაში ყოფნიდანვე და დღემდე ასე ვართ. საქართველოში დაწყებული პროექტები, რომლებზეც ვმუშაობდი, ახლაც გრძელდება და აქტიურად ვარ ჩართული სამუშაო პროცესში.

რა შეიცვალა ბალიზე გადასვლის შემდეგ, ახლა როგორია თქვენი სამუშაო დღე?

დღე ძირითადად იწყება ცურვით, ვარჯიშით და მეცადინეობით, ხშირად კი ახლომდებარე ლამაზი ადგილების მონახულებით. ამის შემდეგ, ბალის დროით, შუადღეზე ვიწყებ მუშაობას, მალევე იწყება „ქოლები“ და შეხვედრები, რომლებიც საღამოს 10-11 საათამდე გრძელდება ხოლმე. ძირითადად, კაფეში ან სასტუმროში ვმუშაობ, გემრიელი კაპუჩინოს ან ტროპიკული სმუზის თანხლებით.

უმეტესად შაბათ-კვირას ვიყენებ ახალი ადგილების აღმოსაჩენად და კუნძულის სხვადასხვა ლოკაციაზე სამოგზაუროდ.

საკუთარ ქვეყანაში დისტანციურად მუშაობა ერთია და სხვა კონტინენტიდან საქართველოში ამის კეთება ალბათ, კიდევ სხვა . . . 

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად მუშაობას შევეჩვიე, ჩემთვის მაინც სტრესული იყო მუდმივად თბილისში ერთ სამუშაო სივრცეში, სახლში ყოფნა. ბალიზე უფრო მშვიდი გარემოა. აქ თითქოს, უფრო მარტივია შეინარჩუნო work-life ბალანსი. გარდა ამისა, 4-საათიანი დროის სხვაობა საშუალებას მაძლევს, დილის საათები სწავლას, ვარჯიშს და ცურვას დავუთმო, ხოლო დღის მეორე ნახევარი კი – მთლიანად სამუშაოს.

გარემოს შეცვლამ მხოლოდ დადებითად იმოქმედა ჩემს სამუშაო პროცესზე, უფრო ფოკუსირებული გავხდი საქმეზე. ვფიქრობ, მეტად ეფექტური და ნაყოფიერია აქ დახარჯული სამუშაო საათები.

რა სირთულეები ახლავს სხვა ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში დისტანციურად მუშაობას, ნომადობის უარყოფით მხარეებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? 

იმის გათვალისწინებით, რომ დისტანციურად მუშაობა უკვე ყველასთვის ნორმალურ მდგომარეობად იქცა, ამ მხრივ სირთულე ნამდვილად არ შემქმნია სხვა ლოკაციაზე ყოფნით. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში, მნიშვნელოვანი სამსახურებრივი შემოთავაზება მქონდა ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიიდან და მოლაპარაკება შეჩერდა იმის გამო, რომ ფიზიკურად ვიქნებოდი ინდონეზიაში. მაინც ვფიქრობ, ეს ერთეულ კომპანიებს ეხება და სანამ ნომადობას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაარკვიეთ დამსაქმებელთან თუ პოტენციურ დამსაქმებელთან, რაიმე შეზღუდვები ხომ არ აქვთ იურიდიული თვალსაზრისით.

ნომადობის ყველაზე გავრცელებული სირთულეები უკავშირდება მარტოობას, დაკარგულობის შეგრძნებას, ნომადობით მოპოვებული თავისუფლებაც კი ქაოსის და დაბნეულობის წყაროა ხოლმე.

ხშირად არის სახლისა და მშობლიური გარემოს ნაკლებობა. ასევე, ნომადებს უწევთ თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არიან დასასვენებლად და გასართობად წასული, არამედ მართლა მუშაობენ.

რა უნარ-ჩვევებია საჭირო ასეთ დროს ადაპტაციისთვის?

ადაპტაციისთვის, ვფიქრობ, პირველ რიგში აუცილებელია სწორად განსაზღვრული პრიორიტეტები და მაღალი თვითორგანიზებულობა, რომ იდეალურად დაბალანსდეს სამუშაო გრაფიკი და პირადი სივრცე. აუცილებელია კომუნიკაბელურობა და მიმღებლობა სხვადასხვა კულტურისა თუ  რელიგიის ადამიანების მიმართ. გაეცანით ადგილობრივებს, რათა ადაპტაციის პროცესი უფრო მარტივი გახდეს. ასე ყველაზე სწრაფად გაიცნობთ ლოკალურ ტრადიციებს, წესებს და მიდგომებს. ყველაზე ბევრი და საინტერესო ინფორმაცია სწორედ აქ მცხოვრები ხალხისგან მივიღე.

მნიშვნელოვანია გამბედაობა და სითამამე.

თქვენ როგორ, რის ხარჯზე მოახერხეთ ეს ყველაფერი?

ძალიან დიდი გამბედაობა დამჭირდა, რომ უარი მეთქვა სტაბილურობაზე. დავემშვიდობე ოჯახის წევრებს და უძვირფასეს მეგობრებს, განუსაზღვრელი დროით. ეს ძალიან რთული იყო, თუმცა თავგადასავლების სურვილი იმდენად მძაფრი იყო, რომ ყველანაირი სიახლისთვის სრული მზადყოფნა გამოვუცხადე საკუთარ თავს.

რა უპირატესობები აქვს ნომადობას?

ვფიქრობ, ნომადობას ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. ყველაზე მეტად კი საინტერესო ადამიანების გაცნობას და ნეთვორქინგს გამოვყოფდი. იდეალური შესაძლებლობაა ახალი პარტნიორების მოძიებისთვის და პოტენციურად, ახალი ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყებად, თან ეს ყველაფერი მშვიდ და მრავალფეროვან გარემოში.

ნომადობა ერთგვარი თავგადასავალი და მოგზაურობაა სხვა კულტურაში, რელიგიასა და წესებში ისე, რომ კარიერული წინსვლა არ ფერხდება. პირიქით – ჩნდება ახალი შესაძლებლობები და კონტაქტები.

ბალიზე ნომადობა იდეალურია სერფინგის შესასწავლად, ხოლო ტროპიკული გარემო, თეთრქვიშიანი სანაპიროები და იქვე მოსიარულე მაიმუნები სამუშაო გარემოს იმდენად ეგზოტიკურს ხდის, ხანდახან, ამ ყველაფრის დასაჯერებლად ტელეფონში ჩემსავე გადაღებულ ფოტოებს ვუყურებ, რომ დავრწმუნდე –  ეს რეალობაა და არა ილუზია! 

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ – ბალიზე რამდენ ხანს დარჩებით? საქართველოში დაბრუნებაზე ან კიდევ სხვა ქვეყანაში წასვლაზე და იქიდან მუშაობის გაგრძელებაზე ხომ არ ფიქრობთ? 

ამ ეტაპზე, ძალიან საინტერესო გამოცდილებაა დისტანციურად მუშაობა ისეთი ლამაზი და საინტერესო კუნძულიდან, როგორიც ბალია. შესაბამისად, აქ ყოფნის სურვილი ძალიან მძაფრია, დარჩენის ვადები – ბუნდოვანი. საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ რადგან გადავდგი ნაბიჯი, დავმშვიდობებოდი საყვარელ გარემოს, ალბათ, აქ ყოფნას მაქსიმალურად გავახანგრძლივებ.

უკვე ვეძებთ საინტერესო და ნომად ცხოვრებისთვის მიმზიდველ სხვა ქვეყნებსაც. მეც მოუთმენლად ველოდები, რომელი ქვეყანა აღმოჩნდება შემდეგი დანიშნულების ადგილი.

ჭიდაობა ოლიმპიადაზე

ბრიტანული კომპანიის ინვესტიცია ბათუმში, კურორტ მახინჯაურის სანაპიროზე – „მზიური გარდენსის“ ისტორია