5
Dec
2019

„ბაბუ, შენ დიდი გული გაქვს, მარა პაწე ხარ ჯერ“ – ამბავი თამთა კალანდაძის ამბიციებსა და შესაძლებლობებზე

5 Dec 2019

„ალბათ, 5 წლის ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს. გამოვაცხადე დაუმორჩილებლობა, ბაბუაჩემის ცხენოსნობით შთაგონებულს, ძალიან მომინდა მარტოს მესწავლა ცხენზე ჯირითი. ალბათ, 3-4 საათი ვიტირებდი, რომ არ გვეცადა, ამიტომ, წავედით დიდ სტადიონზე, სახლთან ახლოს. დაიწყო ჩემი დარიგება ბაბუმ, უნაგირი დავამოკლეთ, მოვთავსდი ჩემს ცხენზე, რომელსაც ხვირიკა ერქვა. [წითური, ცოტა მსუქანი და ცოტა ზარმაცი ცხენი იყო, ოღონდ რომ გავიზარდე მერე მივხვდი ამას, მანამდე ყველაზე მაგარი არსება იყო ჩემთვის.] რა თქმა უნდა, მომინდა, რომ მარტო გამეჭენებინა ეს ცხენი. აქაც, სავარაუდოდ, ისევ ვიტირე, ისე არავინ დამიჯერებდა. ისე დამთავრდა ჩემი გაჭენება რომ, რა თქმა უნდა, მიწაზე აღმოვჩნდი. ბაბუა ჩემთან მოვიდა, გადმოიხარა ჩემკენ და მითხრა: „ბაბუ, შენ დიდი გული გაქვს, მარა პაწე ხარ ჯერ“. ეს წინადადება, შემიძლია ვთქვა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სლოგანია და ვცდილობ, რომ ასე თუ ისე, ჩემი ცხოვრებისეული მიზნებისკენ სწრაფვაში გავითვალისწინო – რაც მინდა, იმისთვის მზადაც უნდა ვიყო, რესურსები უნდა გამაჩნდეს ამისთვის, რადგან მაღალი ამბიციებით და შესაბამისი ძალის არ ქონით, მიწაზე ენარცხები“, – მპასუხობს თამთა კალანდაძე, „კლიპარტის“ ქორ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, როცა საკუთარ დაცდილ კანონზომიერებებზე მოყოლას ვთხოვ… თუმცა, ეს ერთადერთი კანონზომიერება არაა, რომელიც ბაბუამ მას, იმ „გადამწყვეტ დღეს“, დაუტოვა:

„თუ დღესვე არ შეჯდები ცხენზე და ახლა არ მოიკრებ ძალას ამისთვის, მაშინ შეიძლება შეგეშინდეს და ვერასოდეს გააკეთო ეს“, – მითხრა ბაბუმ და საღამოს უკვე მეგობრები ვიყავით მე და ხვირიკა, მიუხედავად იმისა, რომ დილით ცუდად დავიწყეთ“.

ცნობისმოყვარეობა, ურჩობა, ბრძოლისუნარიანობა, მოუსვენრობა – ის თვისებებია, რაც თამთას ბავშვობიდან მოსდევს. მის მიერ შემუშავებული ტაქტიკები საზოგადოებაში მიღებული სხვადასხვა წესებისთვის გვერდის ავლას ისახავდა მიზნად. მაგალითად მაშინ, როცა ბაღში სიარულს, ბაბუას დახმარებით არიდებდა თავს. ჰყავდა უფროსი მეგობრები, მაგრამ მაინც, გამორჩეულად იხსენებს ერთ მეგობარს – საბჭოთა ენციკლოპედიას, რომელიც ინტერნეტის არ ქონის პირობებში, გურიაში, ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო იყო მისთვის და აუცილებლად, უნდა აღვნიშნოთ ხვირიკაც – „თუ ვერ მპოულობდნენ ეზოში, ხეზე და ა.შ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემს ცხენთან ერთად სადღაც დავქროდი“.

თავისუფლება ისაა, რისი შეგრძნების შესაძლებლობაც თამთას ბავშვობიდან ჰქონდა. თამთა საკუთარ თავისუფალ ხასიათსაც, უკვე გააზრებულად, ამით ხსნის, თუმცა, უფრო მნიშვნელოვნად მის ნაამბობში შემოქმედებისადმი მიდგომა მიმაჩნია. მიდგომა, რომელიც ისევე, როგორც ბევრი ტაქტიკა, თუ თვისება, თამთამ ბავშვობისას შეიმუშავა:

ძალიან მიყვარდა რაღაცების შექმნა, რაც ახლაც მომსდევს. სულ რაღაცას ვაშენებდი, თვითონ ვაკეთებდი ეზოში ჩემს პატარა სოფლებს და ძალიან მიყვარდა, მაგრამ ხან წვიმა მინგრევდა, ხან ძაღლი. თუმცაღა, გულისდაწყვეტა არ მქონდა ხოლმე ჩემი შექმნილი რაღაცების დანგრევისას, რადგან ყოველთვის იმდენი იდეით მქონდა თავი სავსე, რომ ვიცოდი, უკეთესს გავაკეთებდი“.

M: ახლაც ასეა? ყოველთვის იცი, რომ უკეთესს გააკეთებ? ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ შენთვის შექმნის პროცესი უფრო ამაღელვებელი და ღირებულია, ვიდრე შედეგი?
ახლაც ასეა. ნებისმიერ შემთხვევაში. თან ისეთ სამსახურში, სადაც ვმუშაობ. ნებისმიერი რაღაცის გაკეთების დროს ვხვდები, რომ გამორიცხულია შემოქმედებითი გონების მქონე ადამიანს კამყოფილებამ სახეზე გადაუაროს. იმიტომ, რომ როგორც კი ხვდება, რომ რაღაც დაასრულა, ხვდება იმასაც, რომ ეს იყო უბრალო ნაბიჯი წინ და კიდევ უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შეუძლია. მეც ასე ვარ, როცა რაღაცას ვასრულებ, მაშინვე ძალიან ბევრი იდეა მომდის თავში. შესაბამისად, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და მიმზიდველია პროცესი. რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგებიც მნიშვნელოვანია, მაგით ხვდები, საბოლოო ჯამში, სად ხარ, რას აკეთებ, როგორ აკეთებ, მაგრამ, აი, შედეგების დღეები ძარღვებში სისხლს არ ადუღებს, მაგრამ რთული პერიოდი და გამოწვევის გადალახვა – კი, რადგან სხვანაირი მოტივაციით დგები დილით ლოგინიდან, ძალიან ბევრ რამეზე ფიქრობ და ეს ტვინის უჯრედები წნეხში როცა გყავს, ეგ ძალიან სასიამოვნოა.

M: რა გზა გაიარე „კლიპარტამდე“? ან როგორ მიდის თამთა კალანდაძე ახალ იდეებამდე და შესაბამისად, გადაწყვეტილებებამდე?
ბევრმა მნიშვნელოვანმა და საინტერესო ადამიანმა განაპირობა ის, რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა ბევრი რამის სწავლის. ვსწავლობდი რაც შემეძლო ყველაფერს, ვსვამდი ძალიან ბევრ კითხვას ბავშვობისას და იყო ისეთი კითხვები, რომლებიც სასწავლო პროცესს არ შეეფერებოდა. სწავლასთან მიმართებაში ეგეთი დამოკიდებულება მქონდა, რომ არასდროს ვიღებდი მხოლოდ იმას, რასაც მასწავლიდნენ. ყოველთვის მინდოდა მეტის დანახვა, ანუ იმის, რა იდგა რაღაცის უკან. ეს ვრცელდება უნივერსიტეტის პერიოდზეც. შემეძლო ადამიანების გაერთიანება იდეების ირგვლივ. შემდეგ კი იყო გარდამტეხი პერიოდი. პერიოდი, როცა უსვამ საკუთარ თავს კითხვას – ვინ ხარ ახლა და რა გინდა რომ გააკეთო. ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა დავიწყე და დღემდე, ძალიან ბევრ რამეს ვანებებ თავს. თუმცა მაშინ, როცა საკუთარ თავს დავუსვი კითხვა, „თამთა, ახლა რა გინდა გააკეთო“, სახლში გამოვაცხადე, რომ სრულიად მარტო, ბახმაროში მივდიოდი. ასეთი განმარტოებები ძალიან მეხმარება, ახალი იდეებით მავსებს და მერე ვუბრუნდები ხალხს – იმ გარემოს, სადაც შემოქმედებითად უნდა დავიხარჯო.

მუშაობის კუთხით, ვხვდებოდი, რომ ისეთ ადგილას უნდა მოვხვედრილიყავი, სადაც შესაძლებელია, რომ იდეა და პროდუქტი, რომელიც თავში მომივა, გუნდთან ერთად, განვახორციელო რეალობაში. თუმცა, რა თქმა უნდა, „კლიპარტის“ ქორ დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაშინვე არ გავმხდარვარ. იყო ძალიან ბევრი სწავლა და გამოწვევა. გამოწვევები კი მუდმივად ახლდება, მით უფრო მაშინ, როცა კომპანია 250-ზე მეტ მედია პარტნიორს აერთიანებს. ჩვენ ვართ შუამავალი რგოლი ბიზნესსა და მედიას შორის. შესაბამისად, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვუწევთ კონსულტაციას კომპანიებს და ვეხმარებით რეკლამის ეფექტურად გავრცელებაში.

მარკეტინგი, კომუნიკაციები, პროდუქტები, კორპორატიული კულტურა – ძირითადად ამ თემებს ვეხები კომპანიაში, ეს იმ პროფესიების ნაზავია, სადაც შემოქმედებითი აზროვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ეს აღარ არის მხოლოდ ჩემი სამუშაო, ეს არის დიდი მიზნები და იდეები, რომლის განხორციელებასაც ჩემს გუნდთან ერთად ვახერხებ. ჩემი გუნდი კი არის ყველაზე დიდი მოტივაცია, მისი თითოეული წევრი, თავის მხრივ, განსაკუთრებული და უნიკალურია“.

M: მალე Spotlight-ზე გამოხვალ. რა თემას უმზადებ აუდიტორიას?
„კლიპარტი“ არის მარკეტინგული გუნდის დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ვართ კონსულტანტები და იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ამ პერიოდში დაგვიგროვდა ბევრი პროექტიდან, შეგვიძლია ყველაზე კარგად მივცეთ რეკომენდაციები ბიზნესს, თუ რომელ მედიაში განათავსოს რეკლამა, რა იქნება უფრო შედეგიანი, როგორ გააკეთონ ფინანსების მინიმალიზაცია და ა.შ. ჩემი „სფოთლაითის“ თემაც ამას ეხება – როგორ შეიძლება ბიზნესმა არ დახარჯოს მედიაში ფული.

M: რა არის ის, რაც ამ ეტაპზე, შემოქმედებითი ენერგიით გავსებს და „სისხლს გიდუღებს“?
ერთი თვეა, რაც, პარტნიორებთან ერთად, დავიწყე საკუთარი ბიზნესი, რომელზეც დაახლოებით 17 წელია რაც ვოცნებობ. აი, ბავშვობისას რომ ვოცნებობდი, რომ რანჩო მქონოდა, ის ამბავია. კახეთში, საგარეჯოს რაიონში ვიყიდეთ 25 ჰექტარი მიწა და გვინდა განვავითაროთ ეკოტურიზმი. ამ ადგილს სახელი უკვე ჰქვია – „იორლენდი“. ამ ტერიტორიას ესაზღვრება ტყე და იორიც იქვე გვაქვს. შესაბამისად, სახელი „იორლენდი“ ორგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლებს – მიწა იორის პირას და შენი მიწა… სწორედ „იორლენდია“ ის დიდი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე სისხლს მიდუღებს. მისი შესრულების შემდეგ კი, ვფიქრობ, ჩემი ორივე მხარე – ინტროვერტიც და ექსტრავერტიც რეალიზებული იქნება. ერთი მხრივ, შემოქმედებითად დავიხარჯები და ბევრს ვიშრომებ „კლიპარტში“, მეორე მხრივ კი ყოველდღიურობისგან გარიდებას „იორლენდში“ შევძლებ. ამ შესაძლებლობას უამრავ ადამიანს მივცემთ დიმიტრი, მანუჩარი და მე.

M: რისი შეცვლა გინდა?
ჩემი დიდი სურვილი და მიზანი არის ის, რომ მე თვითონვე შემეძლოს შევქმნა გარემო ადამიანებისთვის, სადაც ისინი იქნებიან კარგად. შეგნებულად არ ვამბობ სიტყვას – ბედნიერი, რადგან ეს ძალიან ინდივიდუალური მდგომარეობაა ადამიანის. მენეჯერი ვარ და ახლა ამას კლიპარტში ვაკეთებ, სხვა მხრივ კი, თუნდაც ის დიდი „იორლენდის“ პროექტი, ან მომავალში სხვა პროექტები, რომლებიც რა თქმა უნდა, გონებაში არსებობს და გამორიცხულია, რომ არ არსებობდეს, მიმართული იქნება მხოლოდ იმისკენ, რომ ჩემს ირგვლივ შეიქმნას ის გარემო, რომელიც ადამიანს კარგად აგრძნობინებს თავს. უზრუნველყოფს მის მოტივირებას, შთაგონებასა და დასვენებას. 

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა