in

„აქ ადამიანების შესაძლებლობები მართლა უსაზღვროა“

თამთა კარჭაული, საქართველოს ბანკის თანამშრომელთა კმაყოფილების მართვის დეპარტამენტის დირექტორი

თანამედროვე სამყაროში კომპანიების წარმატებას თანამშრომლების კმაყოფილება განსაზღვრავს. ეს არის უნივერსალური საზომი, რომელიც ეხმარება ბიზნესებსა და მენეჯერებს, სწორად განსაზღვრონ ღირებულებები, განხორციელებული ინიციატივების შედეგები და უზრუნველყონ თანამშრომლებში ლოიალურობის ჩამოყალიბება. 

თანამშრომელთა საჭიროებების საპასუხოდ, დღეს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ორგანიზაცია ცვლის მიდგომას, ნერგავს კიდევ უფრო თანასწორ გარემოს და ქმნის განვითარების მეტ შესაძლებლობას. თუმცა მათ შორის ყველაზე წარმატებულები ისინი არიან, ვისაც თანამშრომელთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ“, — ასე იწყება საუბარი საქართველოს ბანკის თანამშრომელთა კმაყოფილების მართვის დეპარტამენტის დირექტორთან, თამთა კარჭაულთან, რომელიც საქართველოს ბანკის მიერ გატარებული ინიციატივების შესახებ გვესაუბრება. 

M: რამდენი ხანია, თანამშრომელთა კმაყოფილების მართვის მიმართულებით მუშაობთ და როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა?

საქართველოს ბანკში მუშაობა 12 წლის წინ დავიწყე, ცოტა გამოცდილებით და დიდი გეგმებით. მაშინ რომ გეკითხათ, სად ვხედავდი ჩემ თავს 10 ან თუნდაც, 5 წლის შემდეგ, ალბათ ვერ გიპასუხებდით, თუმცა დღეს ვფიქრობ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ვმუშაობ კომპანიაში, სადაც ადამიანების შესაძლებლობები მართლა უსაზღვროა და ამას ყოველდღე საკუთარი თვალით ვუყურებ.

ჩემი კარიერა ფრონტ ოფისიდან იწყება, პოზიციების ცვლილების პროცესში ყველაზე საინტერესო იყო მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მეხმარება დღეს იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. 

ფრონტ ოფისიდან ტრანსფორმაციების მიმართულებით გავაგრძელე მუშაობა, სადაც მუდმივი ბმა მქონდა, როგორც მომხმარებელთან, ასევე თანამშრომელთან. ამიტომ ლოგიკური გაგრძელება იყო „თანამშრომელთა კმაყოფილების“ (EX) მიმართულება, რომელსაც შექმნის დღიდან შევუერთდი, დასაწყისში თანამშრომელთა კმაყოფილების მართვის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე. ამჟამად კი ამ მიმართულებას ვხელმძღვანელობ.

დღეს „თანამშრომელთა კმაყოფილების“ გუნდი ბანკში მრავალწლიანი გამოცდილების, სტრატეგიული და ანალიტიკური ხედვის მქონე ადამიანებისგან შედგება, რომლებთან ერთადაც შეუძლებელი არაფერია.

M: თანამშრომელთა კმაყოფილება კომპანიის წარმატებას განსაზღვრავს. რა პასუხისმგებლობაა, პირადად თქვენთვის, საქართველოს ბანკის თანამშრომელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა?

დღეს თანამშრომლების დიდი ნაწილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას. ისინი საკუთარ საქმიანობაში ეძებენ მკაფიო იდეას, ასევე ღირებულებების თანხვედრას და გაწეული შრომის სათანადო აღიარებას. ისინი ინტერესდებიან, როგორია კომპანიის კულტურა, რა ღირებულებები აქვს ორგანიზაციას და როგორი ლიდერები მართავენ მას.

ამიტომ, მუშაობის დაწყებისთანავე EX-ის გუნდი ესაუბრება ყველა თანამშრომელს, ინდივიდუალურად რომ გავაცნოთ კომპანია და გავიცნოთ ისინი, რათა ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა და მიზნები ორივე მხარისთვის ნათელი იყოს.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოვუსმინოთ თანამშრომლებს, გვესმოდეს მათი საჭიროებები და მისწრაფებები, გავიგოთ რა მოსწონთ და რას გააუმჯობესებდნენ, რადგან თანამშრომლებმა ყველაზე უკეთ იციან, რა გაზრდის მათ ეფექტურობას და რა მოუტანს ორგანიზაციას წარმატებას.

გამოცდილება, რომელსაც EX ქმნის, ძალიან საინტერესოა თითოეული თანამშრომლისთვის, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, არამარტო ინდივიდუალურად გავიცნოთ სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები, ან განვახორციელოთ ესა თუ ის ცვლილებები მათი კმაყოფილების გასაზრდელად, არამედ ყოველდღიურობაში მოვუსმინოთ ერთმანეთს და ვისწავლოთ ერთმანეთისგან — რადგან თითოეული პოზიციის ჭრილში ადამიანებს აქვთ განსაკუთრებული ხედვა, რომლის დამსახურებითაც უკეთ იციან, რა არის გასაკეთებელი.

M: რა ინიციატივებს ატარებთ თანამშრომელთა მოტივაციისა და შრომისუნარიანობის გასაზრდელად?

გარდა თანამშრომელთან ინდივიდუალური მიდგომებისა, ჩვენ წლის განმავლობაში ორჯერ ვატარებთ თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევას – eNPS-ს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საზომია იმისა, თუ როგორ ვმუშაობთ. კვლევით განვსაზღვრავთ რამდენად სწორად მივდივართ და როგორ გვინდა კიდევ უფრო რომ განვვითარდეთ. ასევე, საერთაშორისო კომპანიების დახმარებით ვატარებთ არაერთ საინტერესო კვლევას, საიდანაც ვაკეთებთ სიღრმისეულ ანალიზს, რამდენად სწორად ვრეაგირებთ თანამშრომლების ხმაზე.

ზოგადად ადამიანები ისე ვართ მოწყობილი, რომ როდესაც არ ვიცით, კონკრეტულ გამოწვევას როგორ გავუმკლავდეთ, საჭირო ქმედებების გადავადებას ვიწყებთ. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია პრობლემის გამომწვევი მიზეზი. ხოლო როდესაც იცი მიზეზი, პოულობ მისი მოგვარების გზას. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ თანამშრომლებს, რომ დავსახოთ კონკრეტული ქმედებები, რითაც ვუპასუხებთ მათ სურვილებს, რაც ორივე მხარისთვის, როგორც თანამშრომლისთვის, ისე კომპანიისთვის, მომგებიანი იქნება.

M: რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა თანამშრომელთა კმაყოფილებაზე ზრუნვის პროცესში?

ზოგჯერ ორგანიზაციას და მის განვითარებას ორ პარალელურ განზომილებაში ვხედავთ: ბიზნესშედეგების და ადამიანების. ეს ორი განზომილება ცალ-ცალკე არ არსებობს და მხოლოდ ამ ორის და მათ შორის კავშირის დანახვა ხდის შესაძლებელს, ისეთი კულტურა შევქმნათ, სადაც კმაყოფილება თვითრეალიზაციის შედეგია და პროდუქტიულობა ბიზნესშედეგების სხვა პარადიგმას იძლევა.

„თანამშრომელთა კმაყოფილების“ მიმართულების შექმნის დღიდან ვზომავთ თანამშრომლების კმაყოფილების და ჩართულობის მაჩვენებელს, რომელიც ყოველწლიურად უმჯობესდება — ჩვენ ვუსმენთ თანამშრომლებს და ვსახავთ კონკრეტულ სტრატეგიებს, რა გააუმჯობესებს და გაზრდის მათ ეფექტურობას. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად ვრეაგირებთ თანამშრომლების ხმაზე, ჩვენი ქმედებები რამდენად პასუხობს მათ მოთხოვნებს, რადგან მუდმივად ცვალებადია დრო და იცვლება ტრენდები. ჩვენი გამოწვევაა, რომ მუდმივად შესაბამისი ქმედებებით ვუპასუხოთ ჩვენი თანამშრომლების ხმას, რადგან კმაყოფილ/ჩართულ თანამშრომელს, ემოციური ბმა აკავშირებს თავის სამუშაოსთან და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა რეალურ გავლენას ახდენს კომპანიის წარმატებაზე.

M: თქვენი აზრით, რომელია ის მთავარი თვისება, რომელიც სასურველი შედეგის მიღწევაში გეხმარებათ?

ადამიანები განვსხვავდებით ჩვენი ხედვებით და უნიკალური გამოცდილებებით, უმეტესად რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს, საერთო მიზანი და გუნდურად მუშაობის უნარია. გუნდურობა ჩემთვის არის კონსტრუქციული კრიტიკის მიმღებლობა და მუდმივი მზაობა ერთმანეთის დასახმარებლად — ეს თვისება ბუნებრივად მეხმარება, რომ მთლიანობაში შევხედო საერთო საქმეს და საერთო ინტერესებს, რაც თავისთავად უფრო მეტად პროდუქტიულს და საინტერესოს ხდის ჩემს სამუშაოს.

M: რას მიიჩნევთ საქართველოს ბანკის ყველაზე დიდ მიღწევად თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვის თვალსაზრისით და როგორია თქვენი როლი ამ პროცესში?

ჩვენ ვუყურებთ, თუ როგორ მუშაობენ ადამიანები ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონტექსტში. ახალი თაობებისთვის მხოლოდ სტაბილური სამსახური საკმარისი აღარ არის, მათთვის აუცილებელია, რომ ის, რასაც აკეთებენ, მნიშვნელოვანი იყოს. მათ სრულიად ახლებური მიდგომა სჭირდებათ — რაც დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

თუ შენი აზრი მოსმენილი და გათვალისწინებულია, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებსაც შენზე აქვს გავლენა, თავს დაფასებულად და მნიშვნელოვნად გრძნობ. ასეთივე არსებითი უნარებია მაღალი ჩართულობის უზრუნველსაყოფად დელეგირება, უკუკავშირის გაცემისა და მიღების უნარი, ანგარიშვალდებულების კულტურის შექმნა, რაც დღეს ჩვენი კომპანიის კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

თავისთავად კმაყოფილება არ არის საკმარისი: ის უფრო შედეგია იმისა, რაც მოჰყვება თვითრეალიზებას. საქართველოს ბანკის მთავარი მიღწევაა, თანამშრომლებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების და პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება შეუძლიათ.

[პარტნიორის კონტენტი]

3 მითი სამსახურის მომავლის შესახებ

სტეპ აიტი აკადემია სფოთლაითის მხარდამჭერი გახდა