14
Jun
2019

„როდის გავჩერდები?!“ – თამთა შერმადინი – მურაბიანი წყლის გაყიდვიდან PwC-ის დირექტორობამდე

14 Jun 2019

უნდა გადავწყვიტო, როგორ მოგიყვეთ ამბავს, რომელმაც მუდმივი მოძრაობა უნდა გაჩვენოთ. მოძრაობა, რომელზე საუბარიც ჩემმა რესპონდენტმა, 5 წლის ასაკში, რუსთავში, საკუთარ უბანში, მურაბიანი წყლის გაყიდვის ამბით დაიწყო. მეც ამით დავიწყებ და ვიტყვი, ეს იყო თამთა შერმადინის პირველი შეხება „ბიზნესთან“, რომლის შემდეგაც მიღებული შემოსავლით, მეგობართან ერთად, ლიმონათისა და კექსის ყიდვა შეძლო. ტკბილეული თანაბრად გაიყვეს და სახლებში დააბრუნეს სამლიტრიანი ქილა და ორი „ნათალი ჭიქა“, რითიც მურაბიან წყალს ჰყიდდნენ.

რა იყო შემდეგ? ყოველ დღე, რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსით უნივერსიტეტში სიარული, სამსახურის დაწყება, სწავლა მადრიდში, მაგისტრატურაზე, IE Business School-ში, სადაც „ადგნენ, დაგვანგრიეს, დაგვშალეს და ხელახლა აგვაწყეს ამ ტიპებად“. დღეს თამთა გლობალური კომპანია PwC-ის საკონსულტაციო მიმართულების დირექტორია საქართველოში. PwC აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 158 ქვეყანაში ოპერირებს, საქართველოში კი 14 წელს ითვლის. აღსანიშნავია, რომ ქართული PwC-ს შემთხვევაში, საკონსულტაციო მიმართულების არსებობა თამთას სახელს უკავშირდება და სანამ გუნდი შემოიკრიბა, მთელ დეპარტამენტში ერთადერთი თანამშრომელიც კი იყო.

არ მინდა ვთქვა – გზა მურაბიანი წყლის გაყიდვიდან PwC-ის დირექტორობამდე, არ მინდა ვთქვა გზა – რუსთავიდან მადრიდამდე, ეს თვითონ თამთასაც არ უნდა. ეს არის გზა, რომელსაც ის მუდმივად ახალ თავგადასავლებამდე მიჰყავს და თან, მდგომარეობა, რომელიც სიტყვა „აქამდეთი“ განისაზღვრება ძალიან მყიფეა თამთასთვის. გესაუბრება და ვერ გრძნობ, რომ რამდენიმე წუთის წინ გაიცანი, გესაუბრება და გრძნობ, რომ რაღაც შტორმში მოყევი. ღელვის ავტორი კი ცხოვრების მთავარ კითხვას საკუთარ თავს უსვამს – „როდის გავჩერდები?!“

ინტერესები სწრაფად მეცვლება. მაგალითად, დიჯეის კურსებზე დავდიოდი შარშან, ზაფხულში. იყო პერიოდი იოგათი ვიყავი გატაცებული, შესაბამისად, ინდოეთში წავედი დიდი ხნით, მერე აღმოვაჩინე, რომ ფოტოგრაფია მომწონს, მეჩითოვთან დავდიოდი კურსებზე, დავხეტიალობდი, ფოტოებს ვიღებდი. რაღაც პერიოდის განმავლობაში, ესპანურის სწავლას დავუბრუნდი, ახლა მიტრიალებს, იტალიურიც ხომ არ ვისწავლო? სიახლეები მუდმივად არის საჭირო და ხშირად, ძალიან განსხვავებულ რაღაცას ვაკეთებ ხოლმე იმისგან, რასაც ვაკეთებ ყოველ დღე, სამსახურში. არ არის ამოწურული თემები, რითაც შეიძლება დავინტერესდე. ახლა ვარჯიშზე ვარ ორიენტირებული, თან მიფიქრია, PhD ჰო არ გავაკეთო? მაგალითად, ფსიქოლოგიის მიმართულებით. იმდენად სტრესულ გარემოში გვიწევს ყოფნა, რომ ნამდვილად საჭირო რამაა“.

M: რა ფასეულობები გაქვთ ბავშვობიდან? რაზე დაშენდა თქვენი პიროვნება?
მამა სულ ამბობდა, რომ შენით უნდა მიაღწიო რაღაცებს და რომ დაუფასებელი შრომა არ არსებობს. როგორც შენ დაალაგებ შენ გარშემო რაღაცებს, ასე დალაგდება შენი ცხოვრება, ოღონდ ამისთვის დაუღალავი შრომა არის საჭირო. მე საკმაოდ ცუდ დროს ვაბარებდი უნივერსიტეტში. ამ პერიოდისთვის, თბილისში იყო ორი ბიზნეს სკოლა, სადაც შენი ცოდნით შეგეძლო მოხვედრილიყავი. მთავარი კი იყო ის, რომ უნდა ჩამებარებინა ისეთ ადგილას, საიდანაც, წლების შემდეგ, ინვესტიციის ამოღება იქნებოდა შესაძლებელი. ასე ჩავაბარე იესემში.

M: მას, ვინც არამშობლიურ ქალაქში ჩადის სწავლის გასაგრძელებლად, დამოუკიდებლად უწევს ახალ სივრცესთან შეგუება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა, თუ ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის. შედეგად კი, უმუშავდება გარკვეული იმუნიტეტი და ხდება მოქნილი/მდგრადი სხვადასხვა სიტუაციასა თუ სივრცეში. ეს მოსაზრება თქვენზეც ვრცელდება? 
რომ ვაკვირდები, პიროვნულადაც საკამოდ მოქნილი ვარ, გარემოს ცვლილება ჩემში სტრესსა და წინააღმდეგობას არ იწვევს. პირიქით, ამაღელვებელია, ახალია, შესაძლებლობების მოსინჯვის მოტივი მიპყრობს. თუმცა, თავიდან ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. როცა იესემში ჩავაბარე, ეს იყო 2002 წელი და უცებ, რუსთავიდან თბილისში, ყოველ დღე, მარშუტკით უნდა მევლო. ცოტა დამფრთხალიც ვიყავი, რადგან სხვა გარემოში მოვხვდი, აქაური ბავშვები სხვანაირები იყვნენ, რუსთავში კი სხვა გარემოში ვიზრდებოდით. შეიძლება ითქვას, რომ თბილისელ ახალგაზრდებთან შედარებით, ბევრ რამეზე წვდომა არ გვქონდა. თუმცა, ძალიან ტკბილად და თბილად მახსენდება ეს პერიოდი, რადგან კარგი გამოცდილება იყო. კურსელები დღემდე ხუმრობენ იმაზე, თუ როგორი ბუნჩულა ბავშვი ვიყავი და როგორ ვაკვირდებოდი ყველას გარშემო, თვითონ კი ხმას იშვიათად ვიღებდი.

მადრიდს რაც შეეხება, უფრო დიდი გამოწვევა იყო, რადგან მარტო არასდროს მიცხოვრია, თუ არ ჩავთვლით მივლინებებს, რომლებშიც სიარული მიწევდა PwC-ში მუშაობის დაწყების პერიოდში. ბევრი კომპონენტია – სადღაც უნდა ჩახვიდე, სახლი იპოვო, იქ დამკვიდრდე, ახალი სამეგობრო წრე გყავდეს, მოერგო იქაურ გრაფიკს, ცხოვრების სტილს, კულტურას. ერთი შეხედვით რთულია, თუმცა, რატომღაც, ძალიან მარტივად გამოვიდა, ადვილად ავუღე ალღო. საერთო ჯამში, რუსთავიდან თბილისში ადაპტირება უფრო გამიჭირდა, ვიდრე თბილისიდან მადრიდში.

M: როგორ იპოვეთ PwC-იმ და თქვენ ერთმანეთი? რა საერთო ღირებულებებს ეყრდნობა თქვენი თანამშრომლობა?
პირველი შეხება ამ კომპანიასთან მქონდა იესემში, სადაც ვსწავლობდი და ვკონცენტრირდი ფინანსების მიმართულებით. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა მოვიდნენ უნივერსიტეტში PwC-ის HR და მმართველი პარტნიორი და გააკეთეს პრეზენტაცია. პირველადი ინფორმაცია და პასუხები კითხვებზე – „რა არის PwC? რა კარიერა მელოდება აქ? როგორია ორგანიზაციული კულტურა და არის, თუ არა თანამშრომლებში ინვესტირების შანსი?“ – ამ 10-15 წუთიანი პრეზენტაციიდან მივიღე. აუდიტორიიდან გამოვედი და ვთქვი – „მე ამ კომპანიაში მინდა მუშაობა“. ასეც მოხდა.

ეს ის დრო იყო, როცა გულახდილი და გამჭვირვალე გარემო კომპანიებში ძალიან იშვიათი იყო და ფაქტობრივად, დავინახე ის ღირებულებები, რასაც, ამდენი ხნის განმავლობაში, გვინერგავდნენ იესემში. ამიტომაცაა, რომ მადრიდში მაგისტრატურის გავლისა და სხვადასხვა სამსახურის გამოცვლის მიუხედავად, წლების შემდეგ, ისევ PwC-ში დავბრუნდი. ეს არის ორგანიზაცია, რომლის კორპორატიული კულტურა არის ჩემთვის მისაღები. ის ადამიანი ვარ, რომელიც არ ვჩერდები, ზრდა და განვითარება სულ მინდა და აი, ეს ის კომპანიაა, რომელიც ყოველ დღე უზრუნველყოფს, რომ იმოძრაო, იყო „დრაივში“ და განვითარდე. გარდა ამისა, მე მხოლოდ ჩემი თავისთვის ან ორგანიზაციისთვის კი არ ვქმნი ფასეულობას, მე ვქმნი ქვეყნისთვის. ღრმად მწამს, რომ პროექტები, რაზეც ვმუშაობ ქვეყნის განვითარებისთის ძალიან მნიშვნელოვანია.

M: რა არის ის პროექტები, რომელთა ხელმძღვანელობაც გეამაყებათ?
პროექტებიდან, ახლა რაც მახსენდება და მეამაყება არის „კარგი მმართველობის ფონდი“, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებს. უკვე რამდენიმე წელიწადია, PwC-ის მხრიდან, ამ ფონდის მმართველი მე ვარ. ეს ფონდი არის მიმართული იქითკენ, რომ დაეხმაროს ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში და მის ფარგლებში ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდა, რომელშიც უშუალოდ ვიყავი ჩართული. იყო მაგალითად, ესტონური მოდელის დანერგვა საგადასახადო კუთხით, იყო შეფასების სისტემის დანერგვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო საქართველოს კონკურენტული უპირატესობის შესწავლა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ჭრილში.  ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდა, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისკენ იყო მიმართული.

M: ადრე ლექტორიც იყავით, ფინანსების კუთხით. აპირებთ, თუ არა ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას, ან რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რომელთანაც „გზამ“ უნდა მიგიყვანოთ?
დიახ, ვასწავლიდი კავკასიის ბიზნეს სკოლაში, 3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩამოვედი მაგისტრატურიდან. კვირაში 4 ლექცია მქონდა, დღეს კი, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მივლინებები მიწევს და ფიზიკურად ვეღარ ვასწრებ. რაც მსიამოვნებს არის ნეთვორქინგი, ახალი ადამიანების გაცნობა, ახალ სიტუაციებში თავის გამოცდა. თავისუფლად ვგრძნობ თავს იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ და რაც მთავარია, ეს საქმე მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. ახლა ვარ 33 წლის და ჩემი საბოლოო მიზნისთვის ჯერ არ მიმიღწევია. პრინციპში, ის ჯერ არც მაქვს. მხოლოდ ვიცი, რომ არ უნდა გავჩერდე, მუდმივად ვიმოძრაო და მზად ვიყო სიახლეების ჩემს თავზე გამოსაცდელად და დასანერგად.

როცა ვეკითხები – „ვინ ხარ?“ თამთა სათქმელს შორიდან უვლის. იხსენებს, კარიერაზე საუბრისას მეგობარმა ნიკა ქურდიანმა როგორ ანახა ფრაგმენტი ფილმიდან Up in the Air. ვიდეოს ბოლოში (3:11 წუთი) ფილმის გმირი სპიკერი ამბობს: “Slower we move faster we die, we are not swans, we are sharks“. „ამ დროს დავფიქრდი“, – ამბობს თამთა და თითქოს მომენტს იმეორებს, ხელს ნიკაპზე იკიდებს და აგრძელებს – „სადამდეც მოვედი, ვერ მოვიდოდი ისე, რომ არ მქონდეს ამის ძალა – ბრძოლის უნარი. ასევე, შესაძლებლობა, რომ სწორად შევაფასო საკუთარი თავი, თუნდაც რაციონალური ამბიციის ან, ასაკის, გამოცდილების, მიღწევების კუთხით. ვერ გამოვრიცხავ, რომ ხვალ სხვა ტიპაჟი ვიყო, თუმცა, დღეს, I’m a shark“.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა