10
Apr
2017

თამუნა ბაბუხადია – #პირველისამსახური

10 Apr 2017

1997 წელს, ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, როდესაც მუშაობა დავიწყე საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტში GIPA, მარკეტინგული კვლევების მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე. დღეს ეს კომპანია აღარ არსებობს, თუმცა ის იყო ერთგვარი პლაცდარმი ბევრი მარკეტოლოგისთვის და მკვლევარისთვის და მათ შორის ჩემთვისაც. პირველი 6 თვე ანაზღაურების გარეშე ვიმუშავე. როგორც ახალი კადრი თავდაპირველად სოციოლოგიის პროფესორის რეკომენდაციით მივედი. თუმცა, სამუშაოს შენარჩუნებისთვის ბევრი შრომა, მონდომება და მოთმინების უნარი დამჭირდა. ალბათ შეუძლებელია იოცნებო კარიერის ამაზე უკეთეს დასაწყისზე – საერთაშორისო პროექტები, უცხოელი დამკვეთები, პროფესიონალებთან ურთიერთობა – განსხვავებით ბევრი თანატოლისგან, ეს ყველაფერი ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო და ხელს მიწყობდა პროფესიულ ზრდაში. პირველ სამსახურში გამოწვევებიც ბევრი იყო: კვლევების სფეროში სრულიად გამოუცდელი ვიყავი, კომპეტენციის ნაკლებობის და ასაკის გამო, ზოგიერთი ჩემზე უფროსი და გამოცდილი კოლეგა საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა ჩემ შესაძლებლობებს, თუმცა, ამ ფაქტორებმა ვერ შემიშალა ხელი წინსვლაში: მათი განწყობის მიუხედავად, ვინარჩუნებდი დადებით ურთიერთობებს და ყოველ წუთში ვსწავლობდი მათგან რაღაც ახალს. სახლში მიმქონდა კითხვარები, ანგარიშები, ღამეებს ვათენებდი, ყველა დეტალში ვერკვეოდი, რომ მეორე დღეს ჩემი ვალდებულება უკეთესად შემესრულებინა.

ეს სტრატეგია ყოველთვის ამართლებს: სულ რაღაც, ნახევარ წელიწადში პროექტის მენეჯერისა და წამყვანი ანალიტიკოსის თანამდებობაზე გადამიყვანეს. მას მერე ჩემი კარიერა ძალიან სწრაფად და წარმატებულად განვითარდა.

2014 წელს ჩემს კოლეგებთან ერთად დავაფუძნე კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითი ყაზახეთი, რომლის სათავო ოფისი ალმაატაშია. 2015 წელს პარტნიორებთან ერთად დავაფუძნე პირველი ქოუჩინგის კომპანია საქართველოში – “გროუინი”. დღეს “გროუინის” გენერალური დირექტორი ვარ. პარალელურად, ვაგრძელებ ლექციების კითხვას და კონსულტაციას მარკეტინგული კვლევების სფეროში.

განხილვა