in

14 სექტემბერს გალერეა ართბითში თამუნა ჭაბაშვილის გამოფენა “გუდა-ნაბადი” იხსნება


14 სექტემბერს გალერეა ართბითში თამუნა ჭაბაშვილის პერსონალური გამოფენა “გუდა-ნაბადი” იხსნება, რომელიც Oxygen Biennial 2021-ის პარალელურია.

თამუნა ჭაბაშვილის სახელოვნებო პრაქტიკა არქივებისა და ნაკვალევის საკითხებს უკავშირდება. ხშირად, მის პროექტებში ქსოვილი ქსელის ფუნქციას ასრულებს. ის ქსოვილს იყენებს იმისათვის, რომ პერსონალური პერსპექტივიდან აღნიშნოს გარკვეული მოვლენის ნაკვალევი, ის აქციოს დროებით პლატფორმად ან სივრცედ, რომელიც გადმოსცემს ადამიანის ისტორიას და ეწინააღმდეგება მის გაქრობას.

თამუნა ჭაბაშვილის პროექტებში არაერთხელ იხილავთ სხეულისა და სახლის თემების ურთიერთკავშირს. ხშირად, მის ნამუშევრებში სხეულის საშუალებით განისაზღვრება და ხელმეორედ იქმნება ისეთი მასალა, რაც უცხო თვალისთვის უხილავია, თუმცა, მეხსიერების ფორმით არსებობს და თითქოს, კანქვეშ შეიგრძნობა.

ტრავმისა და (იძულებითი) გადაადგილების პირადი და კოლექტიური ისტორიის მრავალი შრე, ამჯერად, გადაქცეულია მინიმალურ და გამიზნულად მარტივ ნიშნებად, რაც ამავდროულად, მათ სიხშირესაც ავლენს. კვალისა და დოკუმენტაციის დაგროვების ნაცვლად, ნამუშევრები გამოცალკევების პროცესის შედეგადაა შექმნილი: აქ არსის ძიებას ვხედავთ.

ნათელი ფერებითა და გეომეტრიული მოტივებით შექმნილ შალის საბნებზე დაბეჭდილი ფორმები, თავდაპირველად, გამიზნული აბსტრაგირების შთაბეჭდილებას ტოვებს. ნამუშევრების სათაურები ნანახის ამოცნობაში გვეხმარება. ამავდროულად, საბნების გამოყენების კვალი ისტორიის შრეების არსებობაზე მიანიშნებს.

რუკა, ხმა, კარავი, მოსასხამი. ოთახში არსებული ყველა ელემენტი, სინამდვილეში, დროებითი განთავსების, დამკვიდრების, თავდაცვის ერთგვარი საშუალებებია: სახლისგან შორს, მით უმეტეს ახალ, უცნობ ტერიტორიაზე სახლის შექმნის გზებია.
ადგილგადანაცვლებული ადამიანის მოწყვლად გამოცდილებაზე დაყრდნობით, თამუნა ჭაბაშვილი „უსაფრთხო სივრცეების“ საკითხს მოძრავი სახლის ფორმით განიხილავს. ეს ისეთი გუდა-ნაბადივით არის, სადაც მისი შემოქმედებითი პროცესი თავშესაფარს პოულობს და რაც გამოცდილებების შეგროვების, დამუშავებისა და სხვებისთვის გაზიარების საშუალებას აძლევს.

გალერეაში გამოფენილი ახალი ნამუშევრები შეიქმნა ამსტერდამში, AGA LAB რეზიდენციაში ხელოვანის მუშაობის პერიოდში, მონდრიანის ფონდის (ნიდერლანდები) ფინანსური მხარდაჭერით.


გამოფენა 14 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გახსნა: 14 სექტემბერი, 15:00-19:00

მისამართი: პ. ინგოროყვას ქ. 14, თბილისი.

გალერეა ღიაა დამთვალიერებლებისთვის სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00-19:00 სთ.


Twitter-ის ახალი ფუნქცია – საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს ჯგუფების შექმნა შეეძლებათ

გავრცელებული ინფორმაციით, iPhone 14-ში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევხვდებით