in

“ხატვა სახადივითაა, ასე ვეცნობით სამყაროს პროპორციებს, მაგრამ ეს სახადი რატომღაც დიდხანს გამყვა” – თამუნა მელიქიშვილი


“საკუთარ თავზე საუბარი ჩემს თაობას ნაკლებად ეხერხება, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: დღის უმეტეს ნაწილს ხატვაში ვატარებ, ხოლო დანარჩენ დროს – ხატვაზე ფიქრში.”

ამ ადამიანისგან სხვა პასუხს არც ველოდი, რადგან ზოგ ადამიანს ნამდვილად ეტყობა, რომ თავიდან ბოლომდე მხატვარია. თამუნა მელიქიშვილს თამამად შეიძლება ეწოდოს ფერების ოსტატი – ჯერარნახული ფერების, რომლებსაც დრო და დრო თავად იგონებს. ალბათ სწორედ ეს ფერები ქმნის მისი, როგორც შემოქმედის იდენტობას. ამ შემოქმედების შესახებ მას დეტალურად გავესაუბრეთ:

M: როგორ მოხვდით ხელოვნებაში? რა წინაპირობები უძღოდა თქვენს გადაწყვეტილებას, ყოფილიყავით ხელოვანი?

ფანქარი და ფუნჯი არასოდეს გამიშვია ხელიდან. 5 წლის ვიყავი, როდესაც ელენე ახვლედიანმა ბავშვებს გამოფენა მოგვიწყო. მაშინ რატომღაც მეგონა, რომ მხატვრობა ადრეულ ასაკში მთავრდება და მერე სერიოზული გატაცებები იწყება… ბავშვისთვის კი  ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ჭამა და დამალობანას თამაში. ხატვა  სახადივითაა, ასე ვეცნობით სამყაროს პროპორციებს, მაგრამ ეს სახადი რატომღაც დიდხანს გამყვა და რადგან პროფესია მაინც სხვა რამე მეგონა, ქიმიის ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. მერე კი მივხვდი, რომ უმჯობესია, უფრო მივუახლოვდე მხატვრობის სფეროს და აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩავაბარე. ახლაც მგონია, რომ იმის საფუძვლიანი შესწავლა, თუ როგორ იცვლება მხატვრული ენა საუკუნეების განმავლობაში, ძალიან ეხმარება მხატვარს, არ იყოს ძველმოდური.

M: ვინ ხართ პროფესიით – გვესაუბრეთ თქვენს განათლებაზე და როგორ გახსენდებათ განათლების მიღების პროცესი?

80-იან წლებში აკადამიაში სწავლა ჟანგბადივით იყო. განსხვავებულობა, საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება, ქართული და მსოფლიო კულტურის თანაბრად სიყვარული – ჯერ ამ ყველაფერს ვსწავლობდით და მერე უკვე სპეციალობას. პარალელურად,  უნივერსიტეტში ფერწერის მეორადი ფაკულტეტი (მაშინ ასე ერქვა) დავამთავრე.  კურსს  ლევან ჭოღოშვილი უძღვებოდა, პირველივე შეხვედრისას გვითხრა, გაანებეთ აკადემიზმს თავი და დაანგრიეთო. არა მგონია, იმ წლებში სამხატვრო აკადემიის ლექტორებისთვის ადვილი ყოფილიყო ასეთი გაბედულება. უნივერსიტეტის სხვენში   „ნატურაც“ გვყავდა, ლამაზი ქალი… ზამთარში ღუმელის სითბო არ ჰყოფნიდა და ჩვენს პალტოებს მივაშველებდით. მერე, როცა ჩვენც  შეგვცივდებოდა, გვიბრუნებდა ხოლმე.

M: საიდან მოდის ხოლმე თქვენთვის შთაგონება?

შთაგონება, მუზა – პოეტების გამოგონილი მგონია… მე ამას ჩანაფიქრს ვუწოდებ, ეს მხატვრის სამზარეულოა – ზოგჯერ სქელტანიან რომანად ჩაფიქრებული, ზოგჯერ კი  ლექსივით სპონტანური და დინებიდან ამოვარდნილი.

M: რომელ მედიუმებში გიმუშავიათ თქვენი კარიერის განმავლობაში და დღეს რომელ მედიუმებს ანიჭებთ უპირატესობას?

სხვადასხვა ტიპის სამუშაო ძალიან მეხმარება, რომ მოლბერტისგან დავისვენო. მიმუშავია ფილმების მხატვრად, ძალიან მომეწონა ვიდეოარტის კეთება, ავაშენე ხის კიდობანი, რომელიც კალიგრაფიის ქაღალდით შევფუთე და ზედ რენტგენივით პროექცია მივანათე; გამიფორმებია წიგნები, გამიკეთებია კერძო ინტერიერების ვიტრაჟები, ასევე ლითონის ფასადის დიზაინი რანჩოსთვის; „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემისთვის ცამეტმა მხატვარმა თითო თავი დავასურათეთ – ვისაც რა მასალა მოგვწონდა, ის გამოვიყენეთ; ასევე, მიმუშავია გრაფიკულ დიზაინშიც, მაგრამ უპირობო  სიყვარული, რა თქმა უნდა, მხატვრობაა… ტილოზე, მუყაოზე, ყველანაირი ფაქტურის და ასაკის ქაღალდზე.

M: როგორ ფიქრობთ, როგორ ამბებს ჰყვებიან თქვენი ნამუშევრები?

ეს ამბები ისეთივე ძველი და ახალია, როგორც ჩვენი მეხსიერება; ისეთივე მოსაწყენი და საინტერესო, როგორებიც ჩვენ ვართ. ხშირად მეორდება, მაგრამ სხვადასხვა ენით. მაგალითად, „ხარების“ სერია მაქვს, სადაც ანგელოზი სქესს იძენს და მერე იცვლის კიდეც. ისტორიები ბევრია – ურთიერთობებზე, მარტოობაზე, გზებსა და ამ გზებზე მოარულ მიგრანტებზე, ზღვასა და ზღვის სანაპიროზე გაბნეულ ადამიანებზე… ერთმა კრიტიკოსმა ახლახან მითხრა – თბილისსაც ისე ხატავ, თითქოს ზღვა აქვსო. სიყვარული და ეროტიკაც ბევრჯერ მაქვს დახატული, თუმცა ტრანსპარანტულად  არა. მირჩევნია, შევფუთო ეს გრძნობები, ვიდრე გავაშიშვლო. ამ ბოლო დროს ბუნებას უფრო მივუახლოვდი, მიყვარს გარემოს აბსტრაქტულ ფრაგმენტებად გადაქცევა. იმას მაგონებს, დედამიწას რომ შორდები და სხვა ყველაფერი მთლიანობის ნაწილი ხდება.

M: მოგვიყევით/გაგვაცანით რომელიმე თქვენი ნამუშევარი და მისი კონცეფცია (თქვენ თავადვე აარჩიეთ)..

ბრინჯის ქაღალდზე „ხორუმს“ ვხატავდი. მგონია, რომ ქართულ ქორეოგრაფიაში ყველაზე არატიპურად მინიმალისტური ცეკვაა და, კარგი გაგებით, სწორხაზოვანი გეომეტრიით გამოირჩევა. ჰოდა, იმდენად აბსტრაქციისკენ წავიყვანე, რომ ბოლოს ფეხები რომ გადავთვალე, მარცხენა და მარჯვენა ფეხების რაოდენობა ერთმანეთს არ დაემთხვა. მეორე მხრივ, ასეთი გადაცდენები უფრო საინტერესოა თვითონ მხატვრისთვის და, რა თქმა უნდა, იმ მნახველისთვისაც, ვინც თანამედროვე ხელოვნებაში ირონიას მიესალმება.

M: რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში, რას და როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?

რთულ დროს ვცხოვრობთ. პანდემიამ არა მხოლოდ ცხოვრების სტილი, არამედ ჩვენი აზრებიც მოიცვა… ჩემი ყოველდღიურობა კი ისევ იგივეა: ვდგები და სანამ ყავა დუღდება, ვუყურებ, რა შეცდომები დავუშვი გუშინ მოლბერტზე… ცოტა ხნის წინ უფრო გავაფართოვე გეოგრაფიულო დიაპაზონი, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება. მთავარია, საკუთარ თავში იგრძნო ძალა და პოტენცია, რომ ხარ უწყვეტი პროცესის ნაწილი, რომელიც არა მხოლოდ შენს ოთახში/სახელოსნოში, არამედ მთელ დედამიწაზე მიმდინარეობს.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

გარეკანის ფოტოს ავტორი: ლევან ხერხეულიძე


თამაშს საზღვრები არ აქვს! – Play Station-ის რეკლამა

ნახეთ, როგორია Windows 11-ში მოგზაურობა – McCann New York-ის ნამუშევარი