in

თანამედროვე ადამიანი იმაზე 33 000 წლით ადრე წარმოიშვა, ვიდრე აქამდე გვეგონა

როდის გაჩნდა ადამიანთა სახეობა? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია. ჩვენ ვიცით, რომ ჰომო ჯგუფს განვეკუთვნებით, რომელიც 2.8 მილიონი წლის წინ წარმოიშვა. თავის მხრივ, ჰომო ჯგუფში ჰუმანოიდების სახეობები ერთმანეთისგან განვითარების დონითა და სხვადასხვა ფიზიკური მახასიათებლის მიხედვით განსხვავდებიან. თანამედროვე ადამიანი წარმოადგენს ჰომო საპიენსს, რომელიც, სავარაუდოდ, ასპარეზზე 300 000 წლის წინ გამოჩნდა.

M2
M2

დიახ, ეს ინფორმაცია საჯაროა და სკოლის სახელმძღვანელოებშიც წერია, თუმცა კითხვა ადამიანის სახეობის წარმოშობის შესახებ ჯერჯერობით მაინც პასუხგაუცემელია, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მუდმივად იცვლება და მონაცემთა ეს დინამიკა, შესაძლოა, არასდროს დასრულდეს. ამის ნათელი მაგალითია, Omo I-ის ნაშთები — ყველაზე ადრეული ჰომო საპიენსის ნამარხი აღმოსავლეთ აფრიკაში, რომელიც ახალი კვლევის თანახმად, სულ მცირე 33 000 წლით ძველია, ვიდრე აქამდე გვეგონა. 

“კაცობრიობის წარმოშობის დათარიღება მხოლოდ ნამარხების საფუძველზე ხდება. ამიტომ, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს ჩვენი სახეობის საბოლოო ასაკია… ადამიანის ევოლუციის შესწავლა განუწყვეტლივ მიმდინარეობს — საზღვრები და ვადები ჩვენს ხელთ არსებული ახალი მონაცემების მიხედვით იცვლება. მაგრამ ეს ნამარხები გვიჩვენებს რამდენად ძლიერი და გამძლეა ადამიანი: ჩვენ გადავრჩით, განვვითარდით და ვმიგრირებდით სტიქიური უბედურებებისადმი მიდრეკილ რაიონში”, — აცხადებს კვლევის ავტორი დოქტორ სელინ ვიდალი, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან

Omo I 1960-იანი წლების ბოლოს ეთიოპიაში აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ნაშთები 197 000 წლით დაათარიღეს, რითაც ის ჰომო საპიენსის ყველაზე ძველ ნამარხად იქნა მიჩნეული. ტერიტორია, სადაც ძვლებს მიაკვლიეს, აღმოსავლეთ აფრიკის რიფტის ხეობაში, უძველესი ვულკანური აქტივობის არეალშია და ნაშთები გამაგრებული ვულკანური ფერფლის მიერ არის შენარჩუნებული. 

გვიან შუა პლეისტოცენში (თანამედროვე ადამიანის გაჩენის პერიოდი) ვულკანური ამოფრქვევების ზუსტი თარიღის დასადგენად, მკვლევართა ჯგუფი, პროფესორ კლაივ ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით, ოთხწლიან პროექტს ატარებს. მკვლევრები, ვულკანური ქვის დაფქვით და მინერალური შემცველობის ანალიზით, მის ქიმიურ მახასიათებლებს იგებენ და ქანების რეალურ ასაკს ადგენენ. ამ ტესტირებამ გასაოცარი აღმოჩენა გამოიწვია. ვულკანური ქვა, ან პემზა, რომელიც  Omo I-თანაა დაკავშირებული, დაახლოებით 230 000 წლის წინ შალას ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შეიქმნა. ეს ნიშნავს, რომ ჰომო საპიენსის გაქვავებული ძვლები, არა 197 000-ის, არამედ სულ მცირე 230 000 წლისაა.

ნახეთ: ეტიკეტების შემქმნელი მოწყობილობა უსინათლოებისთვის

უარყოფითი უკუკავშირის გაცემა, ემპათიური ლიდერების ეფექტიანობას ამცირებს