in

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისში, ადგილი, რომელიც ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს აერთიანებს !

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისში 5 წლის წინ გაიხსნა.

საგამოფენო სივრცე, საგანმანათლებლო დაწესებულება, რეგიონული მასშტაბის პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ არტისტებსა და ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს აკავშირებს, კვლევითი პროექტების განხორციელების ადგილი – ეს იმის მცირე ჩამონათვალია, თუ რა მიმართულებებით საქმიანობს ცენტრი.

2014 წლიდან თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც შეითავსა – მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაცია.

„მარკეტერი“ გთავაზობთ ინტერვიუს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელ ვატო წერეთელთან, ცენტრის დირექტორ – ვატო ურუშაძესა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სკოლის კურატორ – თიკო ხომერიკთან.

 M: როგორ გაჩნდა თანამედროვე ხელოვნების ცენტრის შექმნის იდეა?

ვატო წერეთელი : ისეთი ორგანიზაციის არარსებობის გამო, რომელიც დააკავშირებდა კონტაქტის მსურველ აქაურ და უცხოელ არტისტებს, ვიფიქრეთ, გაგვეკეთებინა პლატფორმა, რომელიც ერთი მხრივ, იქნებოდა საგანმანათლებლო ალტერნატიული ექსპერიმენტი თანამედროვე განათლების კუთხით და მეორე მხრივ, რეგიონული მასშტაბის შეხვედრებისა და დაკავშირების ადგილი ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ამიტომ გაიხსნა ეს ცენტრი, 2010 წლის 1 ოქტომბერს.

photo1

M: საგამოფენო სივრცის გარდა, კიდევ რა ფუნქცია აქვს ცენტრს?

პრინციპში, ძალიან ბევრი ტიპის სხვადასხვა საქმიანობას ვეწევით. ძირითადს ჩამოვთვლი. ესაა: საგამოფენო პრაქტიკა, ინოვაციური ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აყალიბებს არტისტისა და კურატორის ჰიბრიდს ანუ შემოქმედს, რომელსაც შეუძლია იზრუნოს პროქტების დაფინანსებაზე და გეგმები ბოლომდე შესარულოს. ამ კუთხით, დიდი გამოცდილება აქვთ დასავლეთის ქვეყნებს – იქ ძალიან ბევრი არტისტი უკვე თავად არის თავისივე პროექტის პროდუსერი და კურატორი.

ჩვენი საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულებაა კვლევითი პროექტი – მე-20 საუკუნის ხელოვნების ისტორიის თავიდან გააზრება. ვმუშაობთ ბევრ მწერალთან, კულტუროლოგებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან, რომლებიც თანამედროვე პერსპექტივიდან ცდილობენ გაიაზრონ მე-20 საუკუნეში გაფილტრული და რეჟიმის მიერ რეპრესირებული ისტორია. გვინდა, რომ კვლევის შედეგები ორენოვან წიგნად გამოვიდეს (ინგლისურ-ქართულად), იყოს მისაწვდომი ყველასთვის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც არ იცი, რომ შენს წარსულში, მაგალითად, ქართველი არტისტი 20-იან წლებში, ევროპის ცენტრში მიმდინარე პროცესების შუაგულში წერდა დადაისტურ მანიფესტებს, როგორც მაგალითად, ილია ზდანევიჩი, მაშინ შენ არ გაქვს საკუთარი თავის რწმენა, რომ შეგიძლია, დავუშვათ, იგივე რეზონანსი მოახდინო საერთაშორისო მასშტაბით. როცა იცი, რომ ასეთი მაგალითები არსებობს, მაშინ შენც მეტი საფუძველი გაქვს განვითარებისთვის.

გვაქვს გაცვლითი პროგრამები. რეგულარულად ვატარებთ და ვეძებთ საინტერესო ადგილებს. მაგალითად, ციურიხთან გვაქვს გაცვლა ეხლა და ვიწყებთ თანამშრომლობას ჰელსინკისთან. გვაქვს კიდევ, დავუშვათ, კოპენჰაგენთან, სხვა ქალაქებსა და ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარების პოტენციალი, აქედან იგზავნებიან არტისტები, იქიდან ჩამოდიან, – ეს პროცესი ჯაჭვივითაა, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება. შემდეგ, ჩვენგან დამოუკიდებლად,ამ ხალხის მონაწილეობით სხვა პროექტებიც ხორციელდება.

თბილისის ტრიენალე, რომელიც განასკუთრებულია იმით, რომ არ არის ქალაქის ბრენდინგზე ორიენტირებული. შერჩეულია ამ პერმანენტული გამოფენის თემა, ფოკუსი და ეს არაა განათლება და ცოდნა.. ვფიქრობთ, რომ განათლება პრიორიტეტული, მნიშვნელოვანი, ამავე დროს, კრიზისში მყოფი სფეროა და ვთვლით, რომ ამის განახლება და ექსპერიმენტების სახით უფრო აქტუალური და ადეკვატური ფორმა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მიერ 2014 წლიდან საკუთარ თავზე აღებული მუზეუმის რეაბილიტაციაა.

photo3M: მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციის ფუნქცია

ცენტრის პირველი გამოფენის თემა იყო ჯანმრთელობა და მაშინ დავფიქრდი თვითონ სიტყვა „ჯანმრთელობაზე“. მივხვდი, რომ თუ გაშიფრავ, ეს სიტყვა კონკრეტულ რაღაცას ნიშნავს: მთელ სულს – ანუ მატერიალურ ასპექტში აბსოლუტურად არ განიხილება. საინტერესოა არამატერიალური კავშირი ჯანმრთელობასთან. ეს ის თემაა, რომელთანაც ყველა ადამიანს აქვს ურთიერთობა – მაგალითად, საკუთარი სხეული და ამ სხეულის ბალანსი.

დაემთხვა ისე, რომ ჩვენ ვთანამშრომლობდით გოეთეს ინსტიტუტთან – 2 წელი გრძელდებოდა პროექტი, რომელიც ეხებოდა მუზეუმების ახლებურად გააზრებას. პროექტმა გამოიწვია ის, რომ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმმა (რომელიც, ფაქტობრივად, სტაგნაციაში იყო, არც ფინანსდებოდა და დავიწყებული იყო), მიგვიწვია და მუზეუმის ახლებურად გააზრება შემოგვთავაზა. ასე დავიწყეთ ეს პროცესი, შევქმენით გუნდი, ჯგუფი, რომელიც მუშაობს მუზეუმის განვითარებაზე და ვაკეთებთ, მაგალითად, მედეას ბაღის იმიტაციას – ვიცით, რომ მას, მაგალითად, 41 მცენარე ჰქონდა, რომლებსაც შეგვიძლია ბაღის ფორმა მივანიჭოთ.

აი, ამ ტიპის საინტერესო პროცესები მიმდინარეობს.

 M: რომელი კურსებისა და პროგრამების გავლაა შესაძლებელი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში?

 თიკო ხომერიკი: რაც შეეხება წლევანდელ სამაგისტრო პროგრამას, ის ინტერდისციპლინურია. აქ გაერთიანებულია წმინდა სახელოვნებო კურსები, როგორიცაა,მაგალითად, ინსტალაცია, საუნდი, ვიდეო ხელოვნება, თანამედროვე ხელოვნების ისტორია და ა.შ. მაგრამ ამასთან, გვაქვს კურსები, რომლებიც მეორადია, მაგრამ მნიშვნელობით არანაკლებ დატვირთული – სოციოლოგია, ფილოსოფია, ანთროპოლოგია, აღმოსავლური შემეცნება – ყველა ის დარგი, რომლებიც ახალგაზრდა ხელოვანს ცოდნის გამდიდრებაში, შევსებაში და ასევე, მრავალი მიმართულებიდან ინსპირაციის მიღებაში დაეხმარება.

წელს გვყავს 25 სტუდენტი, სხვადასხვა სფეროდან. მათ ნაწილს აქვს გამოცდილება ხელოვნების კუთხით, თუმცა, ბევრი ისეთი სტუდენტია, რომლებიც სრულიად სხვა დარგიდან მოვიდნენ. არიან ფილოსოფოსები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, მსახიობები და ა.შ. როგორც წელს გადავწყვიტეთ, სასწავლო დისციპლინას ყველა ერთად გადის.

რეგულარული ლექციების გარდა, წელს ძალიან ბევრი ვორქშოფი გვაქვს დაგეგმილი. ძირითადად, ესენი არიან უცხოელი არტისტები და მკვლევარები, რომლებიც სტუდენტებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ.

პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა გერმანული ორგანიზაცია DVV International-ის დიდი დახმარებით, რომელიც სრულად აფინანსებს ჩვენი სტუდენტების დიდი ნაწილის სწავლას, რომლებიც, უმეტესად, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, სწორედ ეს ჯგუფი იყო პრიორიტეტული, რადგან ხშირ შემთხვევაში, მათ რაიმე სახელოვნებო პლატფორმასთან დაკავშირების საშუალება არ აქვთ.რის გამოც, თანამედროვე ხელოვნებაში ვერ ინტეგრირდებიან.

სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი – ჩაგვერთო პროგრამაში ასეთი ახალგაზრდები, დაგვეკავშირებინა ისინი სხვადასხვა ქსელებით როგორც უცხოელ,ასევე ადგილობრივ არტისტებთან და მათი კოლაბორაციის საფუძველზე შეგვექმნა რაღაც ახალი ბაზა, ახალი შინაარსი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში.

ჩვენი პარტნიორის დაფინანსების არეალში არამხოლოდ რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები მოექცნენ, არამედ დედაქალაქში მცხოვრები სტუდენტებიც.

 photo4M: ვის შეუძლია ისწავლოს თქვენ ცენტრში?

ამ კითხვას, ფაქტობრივად, უკვე ვუპასუხეთ. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია პროცესებით, რომლებიც თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარეობს. შეიძლება მას უშუალოდ არ ჰქონდეს გამოცდილება ამ მიმართულებით, მაგრამ, მთავარია, ჰქონდეს ინტერესი.

 M: გაგაქვთ  თუ არა გამოფენები საზღვარგარეთ?

5 წელია ვარსებობთ და ბუნებრივია, ძალიან ბევრი საერთაშორისო კურატორი, გალერეა, სხვადასხვა ინსტიტუცია გვთავაზობს თანამშრომლობას და უკვე ბევრი პროექტი გვაქვს გაკეთებული. მაგალითად, გამოფენები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ეს ბუნებრივად ხდება. როცა მოგვმართავენ,ჩვენ ვირჩევთ ყველაზე საინტერესო წინადადებებსა და კონტექსტებს და ვხდებით ამ პროექტების ერთ-ერთი ავტორები თუ თანამშრომლები.

ეს არის გამოფენები, ვორქშოფები, სტუდენტების გაცვლითი პროგრამები. მაგალითად, თუ არ ვცდები, 2012 წელს მაშინდელ სტუდენტებს ჰქონდათ გამოფენა ნიცაში, ძალიან პრესტიჟულ სივრცეში.

არ არის მარტივი, აქ დაწყებული საქმიანობის შედეგი ასეთ მასშტაბებზე გაიტანო, რადგან ის სივრცეც ბუნებრივად მოითხოვს დიდ გამოცდილებას მონაწილეებისგან.

ძალიან ბევრი სტუდენტი, ვინც ჩვენი პროგრამა გაიარა, მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, როგორც კოორდინატორები ხელოვნების სფეროში. ისინი ატარებენ ვორქშოფებს. მაგ. წყალტუბოში ჩვენი ყოფილი სტუდენტები ბავშვებს უტარებდნენ ლექციებს ხელოვნებაზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი სტუდენტები აქტიურად ებმებიან რეალურ სახელოვნებო ცხოვრებაში. რამდენიმემ თავისი ორგანიზაცია შექმნა. გააკეთეს, პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, ვიდეოხელოვნების არქივი ანუ თავი მოუყარეს დიდ მასალას, რაც კი საქართველოს სახელოვნებო სივრცეში ამ კუთხით გაკეთებულა. წარმატებული გამოფენა მოაწყეს რკინიგზელთა სახლის საკონცერტო დარბაზში. ეს იყო სივრცესთან ურთიერთობის ძალიან ახლებური მიდგომა. მთელი შენობა, კულისების ჩათვლით, გამოფენის ნაწილი გახდა. გამოსცეს წიგნი.

ჩვენთვის ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ ეს ადამიანები ჩვენგან დამოუკიდებლად თვითონ ქმნიან სივრცეებს და კიდევ სხვა ხალხს რთავენ ამ პროცესებში.

ასევე აღსანიშნავია,რომ ერთ-ერთი ორკვირიანი ვორქშოფის შედეგად, 11 მონაწილემ შექმნა ახალი ასოციაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. უკვე მიიღეს გარკვეული დაფინანსება, გააკეთეს 2-დღიანი პროცესუალური გამოფენა. ესეც უკვე ცალკე ,,სხეულია“, რომელიც დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას.

M: გყავთ, თუ არა კონკურენტები?

ვატო ურუშაძე: ცენტის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ჩვენს რეალობაში, რაც შეიძლება ბევრი მსგავსი ტიპის ორგანიზაცია არსებობდეს. ამის კულტივირებით არის შესაძლებელი ჯანსაღი გარემოს შექმნა, რაც უნდა იყოს ქვეყნის კულტურის, პოლიტიკის ამოსავალი წერტილი.

M: გაგავაცანით მომავლის გეგმები.

ამჯამად თანამედროვე ხელოვნების ცენტრი მედიცინის მუზეუმის შენობაში მდებარეობს. ეს ათწლიანი მემორანდუმია. 10 წლის განმავლობაში ცენტრს უფლება აქვს განახორციელოს თავისი ფუნქციები ამ შენობაში, მაგრამ სამომავლო გეგმებში შედის ისიც, რომ ინსტიტუციას, რომელიც საზოგადოებისთვის ღირებულია, ქალაქში საკუთარი სივრცე გააჩნდეს და არ იყოს ასეთ ექსტრემალურ სამოქმედო სიტუაციაში.

მედიცინის ისტორიის მუზეუმთან თანამშრომლობით, ვცდილობთ, რომ რაღაც ახალი შევქმნათ, ექსპერიმენტები გავაკეთოთ. ამით თანამშრომლობა უფრო თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებული ხდება. ეს ენერგია კარგ ველს ქმნის ჩვენს შორის და ორივე მხრივ ჩნდება ინსპირაცია. მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა, რომ თვითონ მედიცინის ქართული კონტექსტი და მაგალითად, მედეას თემა დავამუშავოთ. ცოდნა, რომელიც აქ ისტორიულად არსებობდა – აი, ამის კომუნიკაცია მოვახდინოთ იგივე, მთავრობასთან, იგივე, ბიზნესსექტორთან, რადგან ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ  საქართველო ნებისმიერ ფორმატში წარდგეს, დავუშვათ, ისეთი თემების გვერდით, როგორიცაა ღვინის კულტურა, დმანისის აღმოჩენა, ოქრომჭედლობა, მეტალის დამუშავების კულტურა,რომელიც აქ ძალიან ადრეული პერიოდიდან არსებობს.

 photo2დარწმუნებულები ვართ რომ ეს იქნება არტიკულირებული. საქართველო გამოიყენებს რესურსს, რომელიც გააჩნია და გვჯერა, რომ ბიზნესსექტორიც სიამოვნებით ჩაებმება ამ თემის განვითარებაში. მათთვის საამაყო იქნება, რომ ცოდნა, რომელიც აქ ინახება,მათი დახმარებით, უფრო ცხადად აღსაქმელი გახდება, სხვა ქვეყნებში და სხვა ფორმით გავრცელდება.ამიტომ, გვინდა, რომ მომავალში უფრო მჭიდროდ ვიურთიერთოთ სამთავრობო ინსტიტუტებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან.

თიკო: ამ თვალსაზრისით, ცენტრი, უნიკალურია. გუშინ ველაპარკეთ ფინელ კოლეგებს, სახელოვნებო სკოლის წარმომადგენლებს და როცა დაფინანსების შესახებ ვკითხეთ, გვიპასუხეს, რომ ძირითადად სახელმწიფო დაფინასებაზე არიან. ჩვენ შემთხვევას თუ გავაანალიზებთ, მოხდა კერძო ინიციატივის წარმართვა, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, არცთუ ხშირია – ადამიანების ჯგუფი,კერძო ინიციატივის საფუძველზე ჩაება საქმეში, შეიქმნა თვითორგანიზებული ჯგუფი და დღემდე თითქმის წარმოუდგენელია, როგორ ახერხებს ასეთი ორგანიზაცია თავის შენახვას, იგივე, სახელმწიფო დაფინანსების გარეშე.

ახლა ვეძებთ ფონდებს, ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორები გახდებიან, ჩვენს საქმიანობაში მათ თანამონაწილეობასა და აქტიურ ჩართულობას მივესალმებით.

ვატო წერეთელი : ჩვენი ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან თავისი ლოგიკით ვითარდება.ამას პოზიტიურად ვხედავ, იმიტომ, რომ ცალკეული პროექტები – იგივე,მერიის, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით,წარმატებით მიმდინარეობს.

ალბათ ჩვენი როლიცაა-ცენტრი ისეთ დონეზე გავმართოთ, რომ უფრო ბუნებრივი და გასაგები იყოს სახელმწიფოსთვის, რომ პროგრამული დაფინანსება რაღაც ფორმით უნდა არსებობდეს.რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საზოგადოებისთვის კეთდება. ანუ ორმხრივი პროცესი გამოდის.

იდეალური იქნებოდა, რომ ცენტრში სწავლობდეს 50 სტუდენტამდე, საქართველოს მასშტაბით; რომ იყოს პატარა სახელოვნებო სასწავლებელი, 2-წლიანი მაგისტრატურა.

მთავარი აღმოჩენა, რომელიც გავაკეთეთ და რაც მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ისაა, რომ, როდესაც საგანმანათლებლო პროცესი საგამოფენო პროცესთანაა დაკავშირებული, ეს კარგ შედეგს, კარგ ეფექტს იწვევს.

ავტორი: ირინა საყვარელიძე

“სამშობლო” – “საბაუნის” შესრულებით და ერთი კადრით გადაღებული ვიდეო

70 წლის მსახიობი L’Oreal-ის სახე ხდება – Hellen Mirren