თანამედროვე მარკეტინგის სწრაფადცვალებად სამყაროში, სადაც ბიზნესის განვითარების გზებსა და მიმართულებებს ინოვაცია და სტრატეგია აყალიბებს, არსებობს ინოვაციური, სხვა რესურსებისაგან განცალკევებით მდგომი შედევრი, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალურობას – დოქტორ ფილიპ კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები“ (Essentials of Modern Marketing (EOMM)).
ფილიპ კოტლერი მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მისი ნამუშევრები, მათ შორის „მარკეტინგის მენეჯმენტი”, მსოფლიო მასშტაბით ყველა პრესტიჟულ უნივერსიტეტსა და ბიზნესსკოლაში გამოიყენება როგორც ძირითადი სასწავლო სახელმძღვანელო და მარკეტინგის დისციპლინის განმსაზღვრელი ინსტრუმენტი. ბრწყინვალე კარიერის შედეგად, რომელიც ათწლეულებს ითვლის, მისი გამოცდილება უთვალავი კომპანიის უპრეცედენტო წარმატების ორიენტირად იქცა.
EOMM-ის მრავალფეროვანი შინაარსის გამოყენებით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გადავკვეთოთ ბრენდინგის, მომხმარებელთა მომსახურების, ციფრული ტრანსფორმაციისა და გლობალური მარკეტინგის სფეროები. ის მომხმარებელთა ფსიქოლოგიის ღრმა შესწავლის, ამბის თხრობის ძალისა და უახლესი ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებისკენ მოგვიწოდებს.
EOMM-ის ფურცლებზე ვეცნობით ისეთი ლეგენდარული ბრენდების წარმატების ისტორიებს, როგორებიცაა Danone, Oracle, Lamborghini, Google, Porsche, Heineken, Ferrari, Accenture და სხვ. და ვხედავთ იმ საოცარ შედეგებს, რომლებსაც კომპანიებმა სწორედ ინოვაციური მარკეტინგული კამპანიების განხორციელებით მიაღწიეს.
EOMM-ის კონკრეტული ქვეყნებისათვის სახასიათო ქეისებით გამოცემა, Kotler Impact-ის უახლესი ინიციატივაა, რომელმაც დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში მსოფლიო აღიარება და წამყვანი ბიზნესლიდერებისა და პოლიტიკის შემქმნელების მხარდაჭერა მოიპოვა. პროექტის ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge. წიგნი უკვე გამოიცა იტალიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში. 2023 წლის ბოლომდე ამ სიას მსოფლიოს ათი წამყვანი ქვეყანა შეემატება ამერიკისა და გერმანიის ჩათვლით. 2025 წელს კი, EOMM-ის 50 ექსკლუზიური გამოცემა გვექნება.
თამთა ჯაფარაშვილი, „ლურჯი ოკეანის“ ხელმძღვანელი: „ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ EOMM-ის პირველი ქართული გამოცემა – ქართული კომპანიების წარმატების ისტორიების მსოფლიო მანიფესტი, სწორედ „ლურჯი ოკეანის“, როგორც ქვეყანაში ბიზნესლიტერატურის მიმართულებით წამყვანი და უკონკურენტო გამომცემლის ბიბლიოთეკას სულ მალე შეემატება.
პროექტის მნიშვნელობაზე საუბრის გარეშე, პირდაპირ ვიტყვი, რომ თავდაპირველად გამოიცემა წიგნის ინგლისურენოვანი ვერსია, რომლის ავტორიც იქნება თავად დოქტორი კოტლერი, სხვა წამყვან სპეციალისტებთან ერთად. წიგნის ათასობით ეგზემპლარი ასზე მეტ ქვეყანაში კოტლერის არხებით გაიყიდება. ქართულ კომპანიებს ექნებათ ექსკლუზიური წვდომა Kotler Impact-ის სრულ ნეთვორქთან, რომ არაფერი ვთქვათ სპიკერობის შესაძლებლობაზე World Marketing Summit-ზე, რომელსაც 48 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
პროექტში ჩართულობით დაინტერესებულ კომპანიებს ვურჩევ, მალე შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რადგანაც წიგნის ყდაზე მხოლოდ 10-15 კომპანიის ლოგო მოხვდება Early Bird პრინციპით“.
თათა ჭოლარია, CIS რეგიონში Kotler Impact-ის ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელი: „ლურჯ ოკეანესთან“ პარტნიორობით კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველ ქართულ კრებულს გამოსცემს – ეს იქნება მსოფლიოში პირველი წიგნი ქართული კომპანიების წარმატებული ისტორიების შესახებ.
აღნიშნული გამოცემა წარმოადგენს ისტორიულ მომენტს ქართული კომპანიებისთვის, რადგანაც მათი წარმატების მაგალითებისა და ინოვაციური მარკეტინგული კამპანიების შესახებ, ამ პრესტიჟული გამოცემის წყალობით, მალე მთელი მსოფლიო გაიგებს. ესაა შანსი ქართული კომპანიებისთვის, რომ ამაყად დაიკავონ კუთვნილი ადგილი მსოფლიო გიგანტების გვერდით და დატოვონ წარუშლელი კვალი თანამედროვე მარკეტინგის ისტორიაში.