რაც არ უნდა ამაღელვებელი იყოს უნივერსიტეტის დამთავრება, ამას ხშირად მოსდევს ერთგვარი სტრესი — სასურველი სამსახურის ძიების პროცესი. ამასთან, შეიძლება უსამართლობად გეჩვენებოდეთ, მაგრამ დიპლომი ყოველთვის ვერ გვეხმარება მაღალანაზღაურებადი და ისეთი სამსახურის პოვნაში, რომელიც ჩვენს ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი მიღებულ აკადემიურ ხარისხზე არ არის დამოკიდებული. რატომ? ორი სიტყვა საკმარისია: ხელოვნური ინტელექტი.
ბოლო დროს ხელოვნური ინტელექტი სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოკლე, ძალიან რეალისტური ვიდეოები, რომლებიც მთლიანად ხელოვნური ინტელექტით იყო დაგენერირებული და მსახიობები, რეჟისორები, კამერები არ მონაწილეობდნენ. იგივე ითქმის თითქმის ყველა ინდუსტრიაზე: სამართალში, მედიცინაში, ფინანსებში, ტექნოლოგიებში — ჩვენი სამუშაოები სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ხელოვნური ინტელექტის გამო, რაც ნიშნავს, რომ თქვენ დაგჭირდებათ მკვეთრად განსხვავებული უნარები, რათა აიწყოთ კარიერა, ან უბრალოდ გადარჩეთ.
გამოვლინდა გარკვეული თვისებები, რომლებიც დაგეხმარებათ ახალი სამყაროს გამოწვევების დასაძლევად:
ადაპტაცია და გამძლეობა: სულ უფრო და უფრო რეალური გამოცდა, რომელსაც სამუშაო ბაზარზე წააწყდებით, არის ის, თუ რამდენად კარგად რეაგირებთ, როდესაც საქმე რთულდება. თანამედროვე არაპროგნოზირებად ეპოქაში გამარჯვებას ისინი მიაღწევენ, ვინც არ არიან მიჯაჭვულნი თავიანთ თავდაპირველ სტრატეგიას და შეუძლიათ სწრაფად შეიმუშაონ უკეთესი გეგმები.
კრიტიკული აზროვნება: 1980-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა ირვინგ ჯენისმა შეისწავლა კორპორაციული და სამთავრობო გადაწყვეტილებები, რომლებიც საშინლად არასწორი იყო. კვლევის პროცესში დაადგინა, თუ რატომ იღებდნენ ხანდახან ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს და პასუხი მარტივი იყო: ჯგუფური აზროვნება. ერთი და იგივე პერსპექტივის გაზიარებამ, შესაძლოა, გაგრძნობინოთ, რომ უბრალოდ გუნდური მოთამაშე ხართ და უშვებთ ისეთივე შეცდომებს, როგორც ყველა სხვა. ამიტომ, ზოგიერთი წამყვანი ბიზნესი იყენებს ათი ადამიანის წესს: თუ ოთახში ცხრა ადამიანი ათვალიერებს ერთსა და იმავე მონაცემებს და მიდის საერთო დასკვნამდე, მეათე ადამიანის მოვალეობაა საპირისპირო პოზიცია დაიკავოს.
კრეატიულობა: ეს არის ყველაზე რთული უნარი. კრეატიულობა არის პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი. როგორ განვავითაროთ კრეატიულობა? ეს, საბედნიეროდ, უფრო მარტივი კითხვაა პასუხის გასაცემად. რამდენიმე იდეას გთავაზობთ: გაუზიარეთ თქვენი იდეები გუნდის სხვა წევრებს. არ შეგეშინდეთ სცადოთ ახალი და ინოვაციური მიდგომები სამუშაოს შესასრულებლად. ნუ მიბაძავთ სხვებს.
ემოციური ინტელექტი: კოლეჯები და უნივერსიტეტები გვთავაზობენ გასაოცარ და სასარგებლო გაკვეთილებს. მაგრამ არ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ჩვენს ემოციებს. შესაძლებელია, უბრალოდ გავაკონტროლოთ ჩვენი გრძნობები და ვისწავლოთ თავშეკავებული, თავაზიანი და პროფესიონალური ქცევა. რაც გჭირდებათ არის თქვენი ემოციების აღქმის, გამოყენების, გაგებისა და მართვის დახვეწილი უნარი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ემოციური ინტელექტი. დაუთმეთ ერთი წუთი უფროსს ან თანაგუნდელს და მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ ხმის ტონს, სხეულის ენას და ა.შ. გაერკვიეთ რის თქმას აპირებენ ისინი სინამდვილეში. ეს მგრძნობელობა ბევრად მეტს ქმნის, ვიდრე უბრალო სასიამოვნო სამუშაო გარემო.
ეფექტური კომუნიკაცია: თუ გაინტერესებთ ემოციური ინტელექტის განვითარების საუკეთესო გზა, ისწავლეთ კომუნიკაცია. ეფექტური კომუნიკაციის უნარი უმნიშვნელოვანესი გასაღებია წარმატებისთვის. ამის ხარჯზე, შეძლებთ მოუსმინოთ რას ამბობს სხვა ადამიანი და ისაუბრებთ ისე, რომ სხვებზე მოახდინოთ გავლენა. ამ უნარის განვითარება თითოეულ თქვენგანს შეუძლია.
ახლა დროა ფოკუსირდეთ იმ უნარების კომპლექტზე, რომელიც გამოგარჩევთ. განივითარეთ თვისებები,, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, გადალახოთ გამოწვევები და განახორციელოთ ინოვაციები. კოლეჯში ან უნივერსიტეტში მიღებული ხარისხი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მწვერვალზე თქვენი უნარები აგიყვანთ.