in

ახალი თანამგზავრები კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე იზრუნებს

სტარტაპის გეგმებში კოსმოსური ნარჩენებისგან გათავისუფლებაც შედის

სტარტაპი E-Space დედამიწის დაბალ ორბიტაზე კოსმოსური კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად სატელიტურ ქსელს განავითარებს. მათ გეგმებში კოსმოსური ნარჩენებისგან გათავისუფლებაც შედის. 

არსებული მიზნების მისაღწევად, E-Space კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც მალევე აპირებს. მიმდინარე წელს სტარტაპი სამი სატესტო თანამგზავრის გაშვებაზე ფიქრობს. ხოლო თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, სტარტაპი სატესტო თანამგზავრებს კიდევ დაამატებს, საბოლოოდ კი ტექნოლოგიის კომერციულ დანერგვაზე ზრუნვას დაიწყებს. 

თუმცა E-Space არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მიზნად კოსმოსური კომუნიკაციების განვითარებას ისახავს. სტარტაპი ძლიერ კონკურენციაში ებმება ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა SpaceX — იგი ამ მიმართულებით უკვე მრავალ მისიას ახორციელებს, ახლა კი კოსმოსური კომუნიკაციისთვის Polaris Dawn-ის მისიის შესრულებას გეგმავს. ამასთანავე, Aquarian Space-ზეც უნდა ვისაუბროთ — 2024 წლისთვის კომპანია მიზნად მთვარეზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პირველი სატესტო ქსელის გაშვებას ისახავს. 

თუმცა ის, რაც E-Space-ს კონკურენტებისგან გამოარჩევს კოსმოსის დემოკრატიზაციის მისიაა. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს საკუთარი ქსელების უსაფრთხოების ტოპოლოგიის ნულოვანი ნდობის საფუძველზე განვითარება შეეძლება. ეს არა მხოლოდ შეამცირებს ხარჯებს, არამედ უსაფრთხოებასაც გაზრდის, — ამბობს გრეგ უაილერი, E-Space-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ამას გარდა, კომპანიამ Rocket Lab-თან კონტრაქტი გააფორმა, რათა 2022 წლის მეორე კვარტალში თანამგზავრები ორბიტაზე მისი ერთ-ერთი რაკეტით გაუშვას. 

E-Space ტრანსფორმაციულ იდეას აგრძელებს, რათა შეინარჩუნოს მდგრადობა და კოსმოსი ყველასთვის გახსნას. Rocket Lab კი ამ მისიაში საზოგადოებისა და ბიზნესის დასახმარებლად ერთვება, — ამბობს პიტერ ბეკი, Rocket Lab-ის დამფუძნებელი. 

მდგრადობის ნაწილში ისიც იგულისხმება, რომ ორბიტაზე ყოფნისას E-Space-ის თანამგზავრები კოსმოსური ნარჩენების გარკვეულ რაოდენობას მოაგროვებს. სპეციალური პროგრამით კი ორბიტიდან გადაინაცვლებს და ნარჩენებს ატმოსფეროში ხელახლა შესვლამდე დაწვავს. 

ხოლო იმ დროისთვის, როცა E-Space-ის თანამგზავრები კოსმოსში იქნება, სტარტაპი კომუნიკაციის ეფექტურობის განსაზღვრასაც შეძლებს. და თუ ტესტირება წარმატებით ჩაივლის, კომპანია კოსმოსური ნარჩენების მზარდ პრობლემასაც მოაგვარებს.

მამაკაცები გადაჭარბებულად აფასებენ თავიანთ ინტელექტს — კვლევა

„მაგნიტის“ გათამაშების მეორე გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ