in

როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა ჩართულობა? — Gallup

Gallup-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ გამოავლინა, რომ თანამშრომელთა მხოლოდ 33% საუბრობს ჩართულობაზე, 16% კი სულაც არ გრძნობს თავს სამსახურში ჩართულად. ეს უკანასკნელი, კვლავ Gallup-ის მიხედვით, სამსახურის მიმართ ენთუზიაზმს გულისხმობს, ხოლო მისი არქონა კომპანიისგან ფსიქოლოგიურ განცალკევებას ნიშნავს. თუ ეს პროცესი მწვავდება, აღარც თანამშრომელთა საჭიროებებია დაკმაყოფილებული და აღარც ბედნიერები არიან ისინი. და რა უნდა გააკეთოთ ამის მოსაგვარებლად?

მენეჯერი, რომელსაც კვირაში ერთხელ გუნდის თითოეულ წევრთან ერთი მნიშვნელოვანი საუბარი აქვს, ავითარებს ძალიან პროდუქტიულ ურთიერთობებს, რომელსაც მას ვერცერთი სხვა ლიდერული აქტივობა მიაწვდის, — ვკითხულობთ Gallup-ის კვლევაში. 

ეს საუბრები კი 15 წუთი შეიძლება გაგრძელდეს და, სანაცვლოდ, თანამშრომელთა ჩართულობას მიიღებთ, ჩვევას, რომლითაც მათ თავს საჭიროდ, სასურველად და მოტივირებულად აგრძნობინებთ. და როგორ გამოიყურება ეს მნიშვნელოვანი საუბრები? აქ 5 მახასიათებელზე ამახვილებენ ყურადღებას და გვირჩევენ, როგორ დავნერგოთ თითოეული ჩვენს ყოველკვირეულ რუტინებში. მოდით, დავიწყოთ:

1. დაიცავით აღიარების წესი

როგორც აღმოჩნდა, კვლევაში მონაწილეთა 25% ფიქრობს, რომ თავიანთი მუშაობისთვის სამსახურში საკმარის აღიარებას ვერ იღებს. ხოლო იმ ადამიანებში, რომლებიც საჭირო აღიარებას იღებენ, ჩართულობის მაჩვენებელი 4-ჯერ მეტია. ამ ტრენდის ათვისება თავადაც რომ შეძლოთ, აღიარების წესი უნდა დაიცვათ — ჩაინიშნეთ, რას აკეთებს ინდივიდი კარგად, რას აფასებთ ან რისთვის შეგიძლიათ მათთვის მადლობის გადახდა. თქვენი შექება ყოველთვის კონკრეტული და გულწრფელი უნდა იყოს. აქ ერთ-ერთ მაგალითსაც გაგიზიარებთ:

გამარჯობა ანა, ერთი წუთი გაქვს? რაღაც მინდა გაგიზიარო. შესაძლოა, ამას უფრო ხშირად უნდა ვამბობდეთ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რასაც აქ აკეთებ. ის, რასაც შენ (აქ კონკრეტული ქმედება ან მუშაობის ის ხარისხი აღნიშნეთ, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია), ნამდვილად აქცევს აქაურობას უკეთეს ადგილად. ასე გააგრძელე.

ბუნებრივია, თუ ისინი საქმეს დაბალი ხარისხით ასრულებენ, ამის შესახებაც უნდა უთხრათ, რადგან განვითარებისთვის ყველას სჭირდება კონსტრუქციული უკუკავშირი. თუმცა ეცადეთ, რაც შეიძლება მეტად დაინახოთ კარგი და გამოხატოთ კიდეც იგი.

2. შესთავაზეთ თანამშრომლობა

მზარდი დისტანციური თუ ჰიბრიდული რეჟიმების გამო თანამშრომლობა და ურთიერთობები რისკის ქვეშ დადგა. არადა, როცა ურთიერთობები ძლიერია, თანამშრომლებიც უფრო დიდხანს ჩერდებიან კომპანიაში და სხვებსაც ურჩევენ იმავეს. ამგვარად, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი თანამშრომლები ონლაინ მუშაობენ, ოფისში თუ ორივე ერთად — დარწმუნდით, რომ მათ აქვთ სხვებთან დაკავშირებისა და ერთად მუშაობის საშუალება. 

3. მკაფიოდ განმარტეთ ამჟამინდელი მიზნები და პრიორიტეტები

112 000-ზე მეტი გუნდის გაანალიზებით, Gallup გვეუბნება, რომ გუნდის წევრებმა იციან, რას მოელიან მათგან და სხვა მნიშვნელოვან შედეგებზეც აქვთ ინფორმაცია, იქნება ეს პროდუქტიულობა, თანამშრომელთა შენარჩუნება თუ კეთილდღეობა. მაგრამ მიზნები და პრიორიტეტები იცვლება, ზოგჯერ ყოველდღიურადაც, ამიტომ, ყოველკვირეული შემოწმებები მნიშვნელოვანია: თანამშრომლებისთვის იმის მკაფიოდ განმარტება, თუ რა მიზნები და პრიორიტეტები გაქვთ…

4. შეამოკლეთ და სასიამოვნოდ აქციეთ… თუმცა რეგულარულად

როგორც გვეუბნებიან, 15-30 წუთამდე საუბრებს იმაზე დიდი გავლენა აქვს, ვიდრე იმას, რომელიც 30-60 წუთამდე გრძელდება. უბრალოდ, ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გასათვალისწინებელი — ისინი რეგულარული უნდა იყოს — თუ მენეჯერები თანამშრომლებს უკუკავშირს ყოველ კვირას არ მიაწვდიან, მათ ბევრად ხანგრძლივი საუბრები დასჭირდებათ, რეალობას რომ დაეწიონ.

5. გაიგეთ თანამშრომელთა ძლიერი მხარეების შესახებ

ოდესმე გიკითხავთ თანამშრომლებისთვის, სამუშაოდან, რომელი ასპექტი სიამოვნებდათ ყველაზე მეტად? გიფიქრიათ, რა ფარული ძლიერი მხარე ან ნიჭი აქვთ მათ? ან რისი გაკეთება მოგინდებოდათ ისეთის, რასაც ახლა არ აკეთებთ? აქ საკუთარმა პასუხებმა, შესაძლოა, გაგაკვირვოთ კიდეც. ამიტომ, მსგავსი კითხვები ხშირად დასვით, ასე თქვენს თანამშრომლებს უკეთ გაიცნობთ, შემდეგ კი ამ ცოდნას მათი ძლიერი მხარეების უკეთ გამოსაყენებლად მიმართავთ. შესაძლოა, ამ პროცესის შემდეგ მას ისეთი პროექტი ჩააბაროთ, რომელზეც ვერც იფიქრებდით… ეს კი არა მარტო გაზრდის ხარისხს, არამედ თანამშრომელთა მოტივაციაზეც დადებითად აისახება, რადგან მათ უკვე შეამჩნიეს, რომ ხედავენ და მათი ესმით. 

გადაიტანეთ ეს რჩევები პრაქტიკაში

ყოველკვირეული საუბრები რომ გქონდეთ, ეს თქვენს კალენდარში წინასწარ უნდა მოინიშნოთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა თითოეულ თანამშრომელს შეხვდებით, ხუთივე წესის დაცვა არ მოგეთხოვებათ. მათგან ერთ ან ორ სტრატეგიაზე ცადეთ ყურადღების გამახვილება. თავიდან, შესაძლოა, დიდი დრო დაგჭირდეთ, მაგრამ როგორც კი ყოველკვირეული რუტინის ნაწილად იქცევა, საუბრების ხანგრძლივობაც მნიშვნელოვნად შემცირდება. თუმცა ეცადეთ, ყოველკვირეულად 15-30 წუთის ხანგრძლივობის საუბრები მაინც შეინარჩუნოთ. 

გახსოვდეთ, რომ ბუფერული დროც უნდა გამოყოთ ამ საუბრებს შორის, რათა მნიშვნელოვანი თემები ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ. როგორც ბიზნესის მფლობელი, მენეჯერი თუ გუნდის ხელმძღვანელი, ვიცით, რომ საკმაოდ დაკავებული ხართ, მაგრამ თუ გსურთ, თქვენმა თანამშრომლებმა თავი დაფასებულად იგრძნონ და მათი მოტივირებაც შეძლოთ, რათა საუკეთესო შედეგები შემოგთავაზოთ, მხოლოდ ერთი რამ გახსოვდეთ:

კვირაში ერთი მნიშვნელოვანი საუბარი!

Porsche-ს ქოფირაითერული „გაკვეთილები“

IKEA ინტერიერის 4 განსხვავებულ კონცეფციას გვიზიარებს