სტრესი გუნდის წარმატების აუცილებელი პირობა ნამდვილად არ არის. უკეთესი გზაც არსებობს, რომელიც ბრწყინვალე შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა არა, გუნდის წევრების მენტალური ჯანმრთელობის ხარჯზე… ამისთვის, უპირველესად, სწორად უნდა მართოთ საქმეები და გუნდის წევრებს თანაბრად გაუნაწილოთ. ამ პროცესში კი შემდგომი 3 კითხვა დაგეხმარებათ:
შეგვიძლია რაღაც საქმეების ავტომატიზაცია?
საუკეთესო რჩევას მოგცემთ — რაც შეიძლება მალე მიმართეთ ავტომატიზაციას, ანუ ისარგებლეთ უახლესი ხელსაწყოებითა და სისტემებით, რათა ავტომატურად გაუმკლავდეთ ერთფეროვან, რუტინულ დავალებებს, რომლებსაც დიდი დრო მიაქვს, თუნდაც ეს ინვოისების შედგენა, ჩანაწერების გაკეთება ან მონაცემების მოპოვება იყოს. გაათავისუფლეთ საკუთარი თავი, რათა ფოკუსირდეთ იმ დავალებაზე, რომლის შესრულებაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. გააკეთეთ ისეთი საქმე, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
შესაძლოა, ავტომატიზაცია სულაც არ იყოს აღმასრულებელი რგოლის პრივილეგია, მაგრამ ლიდერებმა თანამშრომლები ყველა დონეზე უნდა შეაფასონ და მოძებნონ ავტომატიზაციის შესაძლებლობები. ასე დასაქმებულთა მენტალური ჯანმრთელობაც გაუმჯობესდება… პროფესორი ადამ გრანტი თავის პრაქტიკას გვიზიარებს, როცა Cleveland Clinic დოკუმენტების შევსების ავტომატიზაციამ საშუალება მისცა ექიმებს, მეტი დრო გაეტარებინათ პაციენტებთან. ამგვარად, მათ თავიანთი საქმის უფრო მნიშვნელოვან ასპექტზე მოახერხეს ფოკუსირება.
შეგვიძლია, მივმართოთ სხვა დეპარტამენტებს გამოცდილების გასაზიარებლად?
უნდა ეცადოთ, რომ რაღაც ჩარჩოებს თავი დააღწიოთ, ბევრი კომპანია ამას მრავალფუნქციურ გუნდებში მუშაობით ახერხებს და დემო დღეებსაც მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები იკრიბებიან და აზიარებენ თავიანთ იდეებსა თუ უკუკავშირს. რატომ უნდა დახარჯოს კონკრენტ კრეატორმა დრო ელ.ფოსტების კამპანიების ორგანიზებაზე, როცა მარკეტინგის სპეციალისტს შეუძლია, ძალიან მარტივად შეადგინოს შაბლონი?!
ამგვარად, როგორც ხელმძღვანელი, თუ დროს დაუთმობთ ღირებული ადამიანების დაქირავებას, შემდგომში ისინი ერთმანეთისგან სარგებლის მიღებასაც შეძლებენ. ეს ეფექტურად შეამცირებს სამუშაო დატვირთვას. ხოლო, თუ ვიღაცას კონკრეტული საქმის თქვენზე უკეთ შესრულება შეუძლია, არასდროს თქვათ უარი დელეგირებაზე.
ვაკვირდებით განრიგს ისე, რომ პირადი და პროფესიული ცხოვრების ბალანსი უზრუნველვყოთ?
დასაქმებულებს ხშირად იმის განცდა უჩნდებათ, რომ მათგან რაც შეიძლება მეტი სარგებლის მიღება სურთ და არავინ ფიქრობს მათსავე გადაღლაზე… არადა, კვლევის თანახმად, ლიდერულ დონეებზე ემპათია და თანაგრძნობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულთა პროდუქტიულობის დონესა და მათ ჩართულობას. მარტივად რომ ვთქვათ, თანამშრომლებზე ზრუნვა თქვენივე ბიზნესისთვისაა კარგი. უდიდესი წილი კი აქ პირადი და პროფესიული ცხოვრების ბალანსზე მოდის.
ამ უკანასკნელში დროის კონტროლი დაგეხმარებათ, თუმცა მანამდე სამუშაო პროცესის თითოეული ნაბიჯი ზედმიწევნით უნდა განსაზღვროთ, გაანაწილოთ, ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი და შეგიძლიათ, პროცესში ჩეტბოტებიც დაიხმაროთ… დაბოლოს, კარგად დაფიქრდით, რადგან თუ ამ სამ კითხვაზე სწორ პასუხებს იპოვით, თქვენს გუნდსაც იხსნით გამოფიტვისგან…